ევროჩანახატები გერმანიიდან: პირველი ევროქულა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდ საფეხბურთო ტურნირებზე პირველი ქულა მოიპოვა. დღეს, შუადღით, ჰამბურგის ვოლკსპარკშტადიონზე, ჩვენი ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ქართველებმა და ჩეხებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშია დიდებული და მით უმეტეს, ქულა, რომელიც ახალ თავს ხსნის ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში.
ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, თამაშის დასრულებიდან ხუთი წუთია გასული და უეფამ ეს-ესაა დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი მამარდაშვილი. სამართლიანი გადაწყვეტილებაა! ქართველი გოლკიპერი დიდებული იყო და დღევანდელ, ისტორიულ ქულაში მისი წილი ყველაზე დიდია.
გიორგის მშვენიერ თამაშთან ერთად კი ვერასდროს დავივიწყებ საბა ლობჟანიძის უკანასკნელ დარტყმას. დიახ, ქართველებს შეეძლოთ ამ თამაშის მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, იოლად არაფერი მოდის და ყველაფერს დამსახურება უნდა.
ქულა გვაქვს, ესე იგი გავიზარდეთ საამისოდ. მგონი, გუნდი სწორ გზაზე დგას. მოგება? მოგების დროც მოვა!
ისევე, როგორც თურქეთთან მატჩის შემდეგ დაწერილ ჩანახატში, თამაშის ანალიზისგან ახლაც თავს შევიკავებ და მხოლოდ იმ მომენტებს შეგახსენებთ, განვლილ საათნახევარში რომ ჩავიწერე.
მე-3 წუთი: არეულობა ჩვენი გუნდის დაცვაში, გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ ორჯერ თამაშობს საიმედოდ, მესამედ კი კუთხურზე იგერიებს ბურთს. ჩეხების შეტევა კარისკენ მორიგი დარტყმით გაგრძელდა და მამარდაშვილმა ზედიზედ მეოთხე დარტყმა მოიგერია.
მე-10 წუთი: ზურიკო დავითაშვილი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, პოზიციური ორთაბრძოლა მოუგო მარცხენა ცენტრალურ მცველ ლადისლავ კრეშლს, თუმცა ეს უკანასკნელი ტანით ჩაუწვა ბურთს და, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი შემტევი მინდორზე დავარდა, მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩეხმა გონივრულად ითამაშა, შეტევაც შეაჩერა და თან ჯარიმასაც გადაურჩა.
მე-17 წუთი: საქართველოს ნაკრების კონტრიერიში ვლადიმირ კუფალმა ჩაშალა. ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელია უხეშად შეაჩერა და გერმანელმა არბიტრმა დანიელ ზიბერტმაც ყვითელი ბარათი უჩვენა.
23-ე წუთი: არეულობა ჩვენ საჯარიმოში, ოთარ კაკაბაძეს ადამ ჰლოზეკმა დაასწრო, რომლის დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა ასხლეტილი ბურთი კვლავ ჩეხ თავდამსხმელს მოხვდა და კარში შევარდა. არბიტრმა ცენტრისკენ მიუთითა. საბედნიეროდ, მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და იმის გამო, რომ ჰლოზეკს ბურთი ხელზე მოხვდა და ასე შევარდა კარში, გოლი გაუქმდა, 0:0!
35-ე წუთი: საქართველოს ნაკრების მეორე, ყველაზე სახიფათო შეტევა გიორგი ქოჩორაშვილმა დაიწყო ბურთის ართმევით, შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში დავითაშვილს გადააწოდა. ჩაწოდება ახლო ძელთან და… კუთხური.
36-ე წუთი: ყვითელი ბარათი ჩვენი გუნდის კაპიტანს. კუთხურისთვის მეტოქის ნახევარზე გადასული გურამ კაშია საჯარიმოსთან უხეშად ეთამაშა ჩეხეთის გუნდისთავს ტომაშ სოუჩეკს.
მე-40 წუთი: თამაში უხეშდება, ჩეხებმა კიდევ ერთი კონტრშეტევა ჩაშალეს – ლუკაშ პროვოდმა მოედნის ცენტრთან გიორგი მიქაუტაძე წააქცია. არბიტრმა მესამედ ააფრიალა ყვითელი ბარათი. აშკარაა, რომ ტაიმის მეორე ნახევარი და გამორჩევით ბოლო წუთები ვილი სანიოლის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობს.
44-ე წუთი: მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში კრეშლი კიდევ ერთხელ არღვევს თამაშის წესს. საჯარიმო დარტყმას ხვიჩა კვარაცხელია ასრულებს, ბურთს დაახლოებით პენალტის ნიშნულთან აწვდის, იქ კი არეულობა და… კაშია რეალურ საგოლე მომენტს ვერ იყენებს, მეკარეს ვერ ჯობნის. წამში მსაჯს VAR-ის ოთახიდან უკავშირდებიან და შესაძლო ხელით თამაშის შესახებ ატყობინებენ. დანიელ ზიბერტი მოედნის კიდესთან დადგმულ მონიტორთან მიდის და ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილებას იღებს – თერთმეტმეტრიანი! დარტყმას გიორგი მიქაუტაძე ასრულებს და ევრო 2024-ის ზედიზედ მეორედ თამაშში გააქვს გოლი – 1:0!
45-ე წუთი: პირველივე საპასუხო შეტევაში ჩეხები ანგარიშის გათანაბრების დიდებულს შანსს ვერ იყენებენ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ დავწერ, რომ მამარდაშვილი კიდევ ერთხელ თამაშობს დიდებულად. ამჯერად მან ევროპის წინა ჩემპიონატის თანაბომბარდირს, პატრიკ შიკს ახლო მანძილიდან არ გაატანინა ბურთი.
ჩანაწერი შესვენებაზე: უეფას ოფიციალურ გვერდზე პირველი ტაიმის სტატისტიკას დავხედე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩეხეთის ნაკრები მცირე უპირატესობას ფლობდა, თუმცა ზოგიერთ კომპონენტში ჩამორჩენის მიუხედავად, მთავარია რომ მიქაუტაძის ზუსტი პენალტით ტაიმი საქართველომ მოიგო. სხვა მხრივ კი ასეთი მონაცემებია: ბურთს „ჯვაროსნები“ უფრო დიდხანს ფლობდნენ – 52%-48%; კუთხურების რაოდენობა ტოლია – 4; ჩეხებმა 58,1 კილომეტრი ირბინეს, ქართველებმა – 54,1; მეტოქემ 177 ზუსტი გადაცემა შეასრულა, ვილი სანიოლის გუნდმა – 144; ჩვენებმა 24-ჯერ მოიპოვეს ბურთი, ჩეხეთის ნაკრებმა 18-ჯერ…
რაც შეეხება კარში დარტყმას, ეს მონაცემი ნათელს ხდის, რომ პირველი ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია – მან შვიდი დარტყმა მოიგერია!
47-ე წუთი: თამაშის განახლება და ჩეხების უხეშობა ლამის ერთია! მიქაუტაძესთან უწესო თამაშის გამო მსაჯმა ამჯერად დავიდ იურაშეკი გააფრთხილა.
53-ე წუთი: მეოთხე გაფრთხილება ჩეხებს, კვარაცხელიას აკრძალული წესით შეჩერებისთვის და შეტევის მიზანმიმართული ჩაშლისთვის ზიბერტმა ტომაშ ჰოლეშს უჩვენა ყვითელი ბარათი.
57-ე წუთი: „ჯვაროსნებმა“ უპირატესობის გაზრდის მშვენიერი შანსი გაანიავეს, კვარაცხელიას პასის შემდეგ ანზორ მექვაბიშვილს შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
59-ე წუთი: ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტის გამოუყენებლობის გამო ჩვენი გუნდი ძალიან მალე დაისაჯა. მამარდაშვილის კარი შიკმა დალაშქრა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა – მარჯვენა ძელიდან მეტრში, მეურვის გარეშე, 1:1. ეს პატრიკ შიკის მეოცე სანაკრებო გოლია და რიგით მეექვსე კონტინენტის პირველობების ფინალურ ეტაპზე.
62-ე წუთი: ლადისლავ კრეშლის თავური უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, ჩეხები დაწინაურდებოდნენ. იმ მომენტში ჩვენი კარი გადარჩა, მამარდაშვილი არც გადამხტარა.
77-ე წუთი: მოიმირ ჩიტილმა გურამ კაშიას დაასწრო, ვარდნაში დაარტყა თავით. ბურთი კარს აცდა.
81-ე წუთი: არბიტრმა ჩეხეთის ნაკრების კაპიტანიც გააფრთხილა. ტომაშ სოუჩეკმა ცენტრში კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა. ვილი სანიოლმა მალევე შეცვალა ხვიჩა.
83-ე წუთი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე უხეში თამაშია. არბიტრმა რამდენიმე წამის ინტერვალით ორი ქართველი გააფრთხილა: გიორგი გველესიანი მინდორზე ნაადრევად შესვლის გამო, მექვაბიშვილი კი წესების დარღვევისთვის. ყვითელი ბარათების რაოდენობა რვამდე გაიზარდა! გველესიანის თამაშში ჩართვით სანიოლი დაცვის გაძლიერებას ცდილობს, რადგან ჩეხები, მეკარის გარდა, მთლიანად ჩვენ ნახევარზე დაბანაკდნენ.
95-ე წუთი: საქართველოს ნაკრების ელვისებური კონტრიერიში, გიორგი ჩაკვეტაძის პასი, ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირაა… დარტყმა!.. ბურთი კარს გადასცდა!..
ამ მომენტს ვერასდროს დავივიწყებ!
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 22 ივნისი
ჰამბურგი, გერმანია
ფოტო: ეროვნული ნაკრები