ევროჩანახატები გერმანიიდან: ქართველი ბენჯამენ ბატონი
გერმანია 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. ევროპირველობის ერთადერთი დებიუტანტი საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ მესამედ ითამაშებს – ვილი სანიოლის გუნდი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ამ წუთისთვის ვიცით, რომ ჩემპიონი იტალია, რომელმაც გუშინ ხორვატიასთან მატჩი ბოლო წამს გადაარჩინა და მერვედფინალში გავიდა, 29 ივნისს ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე შვეიცარიას დაუპირისპირდება. იმავე დღეს ითამაშებს მასპინძელი გერმანიაც. ჯულიან ნაგელსმანის გუნდის მეტოქე დღეს, C ჯგუფის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ბუნდესგუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებას დორტმუნდში, ჩვენთვის ნაცნობ ვესტფალენშტადიონზე შეეცდება.
30 ივნისს, კიოლნის რაინენერგიზე ითამაშებს ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთი, ჩემი აზრით ამ ევროს ყველაზე ძლიერი გუნდი. ყოველ შემთხვევაში, ჯგუფური ეტაპის თამაშებით და შედეგებით ასე ვფიქრობ. ესპანელთა მეტოქე D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანი იქნება. ქართველების ხვალინდელი მეტოქე პორტუგალია კი მერვედფინალურ შეხვედრას ფრანკფურტში, ვალდშტადიონზე ჩაატარებს. რობერტო მარტინესის მოწინააღმდეგეც ერთ-ერთი მესამეადგილოსანი იქნება, A, B ან C ჯგუფიდან. რაც შეეხება ინგლისის, საფრანგეთის და ნიდერლანდების ნაკრებ გუნდებს, ისინიც მერვედფინალისტები არიან, თუმცა ამ წუთისთვის უცნობია თუ ვის შეხვდებიან, როდის და სად.
განვლილი თერთმეტი დღის განმავლობაში ჩატარებულ 28 თამაშში 67 გოლი გავიდა. ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი, მაგრამ იმის თქმაც შეცდომა იქნება, რომ ევროპირველობა საინტერესოდ არ მიმდინარეობს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჩემპიონატია და დიდი იმედი მაქვს, მეორე ნახევარი უკეთესი იქნება.
გერმანიაში არაერთი საინტერესო რეკორდი ვიხილეთ. მაგალითად, ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 16 წლის და 338 დღის ლამინე იამალი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ფინალურ ეტაპზე ითამაშა. იამალმა ისტორია პირველივე შეხვედრაში დაწერა, ხორვატებთან 3:0 მოგებულ მატჩში.
თავის მხრივ, ხორვატების ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი ლუკა მოდრიჩი იტალიასთან გატანილი ბურთით ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა, 38 წლისა და 289 დღის.
ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ ევროჩემპიონატების ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო. გემახსოვრებათ: სკუადრა აძურასთან სასტარტო მატჩში მან 23-ე წამზე გახსნა ანგარიში.
41 წლის კეპლენ ლავერან დე ლიმა ფერეირა, იგივე პეპე კი ევროჩემპიონატების ყველაზე ასაკოვანი მონაწილეა. პორტუს ვეტერანი მცველის აქტივში 139 სანაკრებო კეპია და დიდი შანსია ქართველებთან 140-ედ მოირგოს ნაკრების მაისური.
პეპეს საკითხი მარტინესს მივანდოთ. პორტუგალიელთა თავკაცმა, შესაძლოა, სულაც დაასვენოს ვეტერანი, ხოლო ჩვენ გუნდს მინდორზე გურამ კაშია რომ გაუძღვება, ამაში ეჭვი არ მეპარება. საერთოდ, უკვე იმასაც ვფიქრობ, კაშია „ჯვაროსნების“ ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი ხომ არ არის. ამ საკითხზე უფრო დეტალურად მაშინ იყოს, როცა გურამი სანაკრებო კარიერას დაასრულებს, მანამდე კი მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ: 36 წლის მცველი, რომელიც სულ მალე, 4 ივლისს იზეიმებს მორიგ დაბადების დღეს, რეკორდსმენია 115 თამაშით. და ამ მაჩვენებლით საერთაშორისო სცენაზე ისეთი მოთამაშეების გვერდით დგას, როგორებიც, მაგალითად, დევიდ ბექემი, რობერტო აიალა, მირალემ პიანიჩი და გეორგე პოპესკუ არიან.
115 თამაში ნაკრებში ფეხბურთელის სამაგალითო სპორტულ ფორმაზეც მიგვანიშნებს და ზუსტად ამ თემას ეხმიანება ნიდერლანდურ Elv Voetbal-ში გამოქვეყნებული წერილიც, სადაც გურამი „ქართველ ბენჯამენ ბატონადაა“ მოხსენიებული. Elv Voetbal-ის სპეციალური გამოშვება, მიმდინარე ევროპირველობას რომ ეძღვნება, გუშინ შევიძინე ამსტერდამში.
ჟურნალი, მეტწილად, ნიდერლანდურ ამბებს ეთმობა: ვრცელი ჩანახატი ვირჯილ ვან დაიკზე; ინტერვიუ ევრო 1988-ის ერთ-ერთ ჩემპიონთან, ბენი ვან ერლესთან; დიდი წერილი ევროპის „ოქროს ბუცის“ 1979 წლის გამარჯვებულ კეეს კისტზე… და იქვეა გუს ჰეტერშიდის სტატიაც „გურამ კაშია – სპორტში აღარაფერზე ვოცნებობ“, რომლის შესავალშიც ავტორი ქართველთა გუნდისთავს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის იმ ცნობილი მოთხრობის მთავარ გმირს ადარებს. მე ეს მიგნება მომეწონა. წლები გადის, კაშია კვლავ მშვენიერ ფორმაშია და რა გასაკვირია, რომ ნიდერლანდელ ჟურნალისტს ბენჯამენ ბატონი გაახსენდა?!
საბერძნეთთან მოგებული ფლეი ოფის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში გურამმა თქვა, 26 მარტს რომ წაგვეგო, ნაკრებიდან კი არა, ფეხბურთიდან წავიდოდიო. ჰოდა, ძალიანაც კარგი, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგო! ასეთ ფორმაში მყოფი ფეხბურთელის წასვლა დასანანი იქნებოდა.
ქართული ფეხბურთის ისტორიას ვინც კარგად იცნობს, ისიც მშვენივრად ემახსოვრება, რომ ოცდაათს მიტანებული ბევრი კარგი მოთამაშე ნაადრევად „გააცილეს“ გუნდიდან. ჯერ ასაკი დაუწუნეს, შემდეგ კი კარისკენ მიუთითეს. ასეთი ამბები საბჭოთა წლებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საბედნიეროდ, ახლა სხვა დროა და ნელ-ნელა ჩვენშიც აფასებენ შრომისმოყვარე და მონდომებულ ხალხს.
გურამ კაშია მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში სწორედ ამ თვისებებით გამოირჩეოდა და ამიტომაც ენდობოდნენ ყველგან, თბილისის დინამო იქნებოდა ეს, არნემის ვიტესი, სან ხოსე თუ ბრატისლავის სლოვანი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე აღარაფერს ვამბობ. ოცდათექვსმეტი წლის კაპიტანი თხუთმეტი წელიწადია ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშობს.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 25 ივნისი
ობერჰაუზენი, გერმანია
ფოტო: Elv Voetbal