ევროჩანახატები გერმანიიდან: საქართველოს გაუმარჯოს!
მეგობრებმა გერმანიაში წასვლა რომ გადავწყვიტეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯერ კიდევ არ იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე. მეტიც, შესარჩევი ტურნირიც არ იყო დასრულებული. მარტში კი ჩვენი გუნდის გამარჯვებებით გავიხარეთ და სამეგობროს გეგმაც გაცილებით ფასეული გახდა.
ივნისის ეს ორი კვირა, ბელგიაში რომ დაიწყო, ნიდერლანდებში შესეირნებით რომ გაგრძელდა და გერმანიაში ხეტიალით რომ დასრულდა, არასდროს დამავიწყდება. ამაზე სასიამოვნო საფეხბურთო ამბავი ცხოვრებაში არ გადამხდენია და მივხვდი, რომ ნაღდი გულშემატკივრობაც სწორედ ეს არის. აქამდე ყველა თავს ვიტყუებდით, როცა „ჩვენი“ იტალიის, გერმანიის, ბრაზილიის, არგენტინის ან საფრანგეთის თასებით ვხარობდით.
ნაღდი სიხარული ეს სიხარულია, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რომ მოგვანიჭა ამ ოთხ თამაშში. ზოგ შეხვედრაში მხოლოდ გოლებით, ჩეხეთთან – დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოპოვებული პირველი ქულით, პორტუგალიასთან – პირველი გამარჯვებით და მერვედფინალში გასვლით…
არაფერი შეედრება ამ, პატარა ქართულ სიხარულებს! მერე რა, რომ ჩვენთვის ევრო 2024 უკვე დასრულდა და თასისთვის სხვები აგრძელებენ ბრძოლას? მერე რა, რომ ფინალამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა, ბიჭები კი მალე დაბრუნდებიან სამშობლოში.
ჩვენ მთავარს გავუგეთ გემო: თუ რას ნიშნავს, როცა საყვარელი გუნდი დიდ ტურნირზე თამაშობს და მხოლოდ ოლიმპიური დევიზითაც არ კმაყოფილდება, მთავარი რომ მონაწილეობაა და არა გამარჯვება.
რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ის საღამოები დამავიწყდეს, გერმანიაში გამგზავრებას როცა ვგეგმავდით?
ან ულამაზესი და დახატული ბრიუსელის, გენტის და ბრიუგეს ქუჩებში ხეტიალით მოგვრილი სიამოვნება რამ უნდა გაახუნოს?
უეფასგან აკრედიტაციის მიღების სიხარულსაც ბევრი არაფერი შეედრება – როცა მივხვდი, რომ ოცნება ამიხდა და ევროპის ჩემპიონატზე ჩემი საყვარელი გუნდის თამაშები გაშუქების უფლება მივიღე!
მზიან ამსტერდამში გატარებულ ზაფხულის იმ ერთ დღესაც ვერასდროს დავივიწყებ, ამ ულამაზესი ქალაქის არხებში ძმაბიჭებთან ერთად ნავით რომ გავისეირნე…
გერმანიაზე ხომ აღარაფერს ვამბობ: ობერჰაუზენი, ვუპერტალი, დორტმუნდი, ესენი, ჰამბურგი, დუისბურგი, გელზენკირხენი, დიუსელდორფი… დილიდან საღამომდე ამ ქალაქებს შორის ვმგზავრობდი და დალოცვილი დოიჩებანი, იქაური რკინიგზა, ჩემი მეორე სახლი გახდა, გამცილებლებმა ლამის შვილები მომანათლინეს, ისეთი დიდი სითბოთი და მოკითხვით ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს…
18 ივნისი: თავსხმა დორტმუნდში და ფიქრი, რომ საქართველოს და თურქეთის ნაკრებთა მატჩი, შესაძლოა, გადაიდოს…
20 ივნისი: დაუვიწყარი საღამო გელზენკირხენში, როცა ესპანეთის და იტალიის ძალიან მაგარ მატჩს დავესწარი…
22 ივნისი: ულამაზესი ჰამბურგი, ფრე ჩეხეთთან და ორი ძმაკაცის იუბილე ამ მშვენიერი ქალაქის ერთ კოხტა მოედანზე…
26 ივნისი: 2:0 პორტუგალიასთან, როცა თავი ზღაპარში მეგონა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით…
დიდებული თავგადასავალი იყო და ამ დღეებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვიგონებ. და ასევე სიამაყით გადავშლი ბელგია-ნიდერლანდები-გერმანიიდან წამოღებულ ყველა საფეხბურთო ჟურნალს, სადაც ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე დანარჩენი ოცდახუთი ქვეყნის გუნდის მხარდამხარაა აღბეჭდილი. ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ეს ისტორიული ამბავია!
იმიტომ, რომ არც კი მახსოვს რამდენჯერ მიოცნებია, კიკერის, გუერინ სპორტივოს, უორლდ სოკერის, ფრანს ფუტბოლის, ფიფა-უეფას ან ამა თუ იმ ტურნირის ოფიციალურ გამოცემებში საქართველოს ნაკრების შესახებ გამოქვეყნებული მასალებიც მეხილა. ამ ზაფხულს ეს ოცნება ამიხდა და ჩემთვის, როგორც გულშემატკივრისთვის და, მით უმეტეს, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს ძალიან საამაყო ამბავია.
ჰოდა, ივლისის ამ პირველ დილას მინდა, რომ ჩვენ გუნდს ამ თავგადასავლისთვის დიდი მადლობა ვუთხრა! ყველას: ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გუნდის გარშემო ტრიალებდა და თავისი წვლილი შეჰქონდა საერთო საქმეში.
ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი!
ამ წამს მხოლოდ ერთს ვისურვებ: რომ ევროდებიუტი სათანადოდ გაგრძელდეს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალში არასდროს დააკლდეს ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებს, რომ კიდევ ათიათასობით ქართველი ვიხილო უცხოეთში, თეთრ-წითელ მაისურებში სტადიონისკენ მიმავალი და რომ მე და ჩემმა მეგობრებმა კიდევ ბევრი საფეხბურთო თავგადასავალით გავიხაროთ.
წმინდა სათამაშო დეტალებზე კი მოვიანებით დავწერ, როცა ემოცია განელდება და გული და გონება დამშვიდდება.
ახლა კი: საქართველოს გაუმარჯოს!
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 1 ივლისი
ფოტო: ეროვნული ნაკრები