ევროჩანახატები გერმანიიდან: თექვსმეტი წლის წინ

ზეგ, 26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გელზენკირხენის მშვენიერ არენა აუფშალკეზე დაასრულებს. ჩვენი გუნდის მეტოქე ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტი და, ახლა უკვე თამამად შეიძლება ამის თქმა, F ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალიაა.

რობერტო მარტინესის ბიჭებმა ჯგუფი მოიგეს. ვერ გეტყვით ამიტომ, თუ სხვა მიზეზით, გულშემატკივრების ნაწილს სჯერა, რომ უკანასკნელ, „არაფრისმომცემ“ მატჩში „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ პორტუგალიის მეორე შემადგენლობა ითამაშებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევა გაუადვილდება. „სასურველ შედეგში“ გამარჯვებას ვგულისხმობ.

ეს ღიმილისმომგვრელი ფიქრია. ჯერ ერთი, არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს პორტუგალიელთა თავკაცი. მეორეც: ქართველი ქომაგების ნაწილის მოლოდინი რომც გამართლდეს და მეტოქემ ლიდერების გარეშე ითამაშოს, ეს ჩვენი გუნდის შანსს სულაც არ ზრდის. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნებისმიერი თავმოყვარე სპორტსმენი უკეთეს შედეგზეა ორიენტირებული და სათადარიგო პორტუგალიელი ფეხბურთელიც არასდროს გაუშვებს ძირითად შემადგენლობაში დაწინაურების შანსს. ქართველებს პორტუგალიასთან ურთულესი თამაში ელით და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ათამაშებს მარტინესი ზეგ.

დღევანდელი ევროჩანახატი მხოლოდ ვარაუდებს რომ არ დაეთმოს, მოდით საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებთა ერთადერთ მატჩს გავიხსენებ. ის ჩვენი ფეხბურთისთვის რთულ პერიოდში გაიმართა, მაგრამ მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრის თანამშრომელი გახლდით და ყველაფერი ნათლად მახსოვს.

2008 წლის 26 მარტს „ჯვაროსნები“ ბელფასტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშო 1:4 განადგურდნენ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან. ჩვენი სპორტული მედია ეროვნული გუნდის იმდროინდელ თავკაცს, კლაუს ტოპმიოლერს მანამდეც ძალიან აკრიტიკებდა, ბელფასტში განადგურება კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაციამ გერმანელი სპეციალისტი ძალიან მალე დაითხოვა. ტოპმიოლერის გაშვებიდან მცირე ხანში ჩვენი ფეხბურთის მესვეურებმა დროებითი თავკაცი წარადგინეს, ხორვატი პეტარ სეგრტი, რომელიც საქართველოს ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა და ტოპმიოლერსაც ეხმარებოდა.

მაისის მიწურულს სფფ-მ ორი ამხანაგური თამაში დაგეგმა ესტონეთსა და პორტუგალიაში. იმ მატჩებში ნაკრებს სწორედ სეგრტმა უხელმძღვანელა. პირველი თამაში ტალინში 1:1 დასრულდა, 31 მაისს კი ქართველები ვიზეუში, ესტადიუ დუ ფონტელუზე დაუპირისპირდნენ პორტუგალიელებს. მეტოქე ევრო 2008-თვის ემზადებოდა და მას მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მომგები ბრაზილიელი ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნიდა.

პორტუგალია მაშინაც კარგი გუნდი იყო. კაპიტანი ლისაბონის ბენფიკის ცენტრფორვარდი ფერნანდუ ნუნო გომეში გახლდათ, ყველაზე გამოცდილი მეკარე რიკარდუ იყო, ოცდასამი წლის კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, დეკუ ბარსელონის დირიჟორი გახლდათ, პეპე კი მადრიდის რეალის ახალწვეული იყო და ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ მესამედ მოირგო ნაკრების მაისური.

და ქართველები? სეგრტმა ექსპერიმენტული შემადგენლობა იახლა. მაგალითად, კაპიტნის სამკლავური ბლექბერნ როვერსში მოთამაშე ზურაბ ხიზანიშვილს ანდო, ვინც ტოპმიოლერთან კონფლიქტის გამო ნაკრებში აღარ თამაშობდა; კარში თბილისის დინამოელი გიორგი ლორია ვიხილეთ; სფფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი კი შალკე 04-ში თამაშობდა, იმ ქალაქის სტადიონზე, სადაც ზეგ ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

უფერული თამაში გამოდგა, მასპინძლებმა პირველი ტაიმი ჟოაუ მოუტინიუს და სიმაუ საბროსას პენალტით მოიგეს და მეორე ნახევარში თავი აღარ შეუწუხებიათ. ჩვენი გუნდი კი თამაშს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ახლაც მახსოვს მაშინდელი შთაბეჭდილება – ფეხბურთელები ერთმანეთს ვერ უგებდნენ. და მივხვდი, რომ მწვრთნელს ძალიან ბევრი უნდა ეშრომა, იმ შემადგენლობიდან ნორმალური გუნდი რომ შეექმნა.

ვიზეუში გამართული ამხანაგური თამაშის შემდეგ პორტუგალიის ნაკრები ავსტრია-შვეიცარიაში გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც A ჯგუფში ითამაშა ჩეხეთის, თურქეთის და თანამასპინძელი შვეიცარიის ნაკრებ გუნდებთან ერთად. სკოლარის ბიჭებმა ჯგუფი მოიგეს, ევრო 2008 კი მეოთხედფინალში დაასრულეს გერმანიასთან დრამატული 2:3 მარცხით.

რაც შეეხება საქართველოს და იმ ზაფხულს: მალე შოთა არველაძის გამოსათხოვარი თამაში გაიმართა ეროვნულ სტადიონზე, იმავე პერიოდში World Soccer-ის ქართულ ენაზე გამოცემა დაიწყო, ივნისში ოცდაათი წლის გავხდი და ეს თარიღი მყინვარწვერზე ასვლით აღვნიშნე… დიდი იმედით ველოდი პეკინის ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებას, მაგრამ აგვისტოში ქვეყანას უბედურება დაატყდა თავს და ყველაფერმა აზრი დაკარგა. პორტუგალიასთან წაგებული ამხანაგური თამაში პეტარ სეგრტისთვის უკანასკნელი გამოდგა. მალე ხორვატი ექტორ რაულ კუპერმა ჩაანაცვლა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

კიდევ რა მახსენდება პირველი ქართულ-პორტუგალიური ჯახიდან და ის, რომ მაისის ამხანაგურებში გუნდს თან ახლდა გადამღები ჯგუფი, რომელმაც ნაკრების შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოამზადა. პრემიერა ვაკის პარკის ღია კინოთეატრში შედგა ევროპის ჩემპიონატის დღეებში, თუმცა მას შემდეგ ის ფილმი აღარ მინახავს. მეტიც, ვერსად მივაგენი. ჰოდა, თუ ოდესმე სადმე აღმოჩნდება და ვნახავ, ზუსტად ისე გავიხარებ, როგორც 26 ივნისს პორტუგალიასთან კარგი თამაშით და კარგი შედეგით.

წარმატებები ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ნაკრებს!

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 24 ივნისი
ობერჰაუზენი, გერმანია
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian