ევროჩანახატები გერმანიიდან: ზღაპარი გრძელდება
ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტი საქართველო მერვედფინალშია! 2:0 ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიასთან, ოთხი ქულით დაკავებული მესამე ადგილი და ზღაპარი გრძელდება! 30 ივნისს, კიოლნში, „ჯვაროსნები“ ესპანელებს დაუპირისპირდებიან.
ვაღიაროთ, რომ ასეთ შედეგს ყველაზე ოპტიმისტი ქართველიც არ ელოდა. მთელი ქვეყანა ვფიქრობდით, რომ ჩვენების ევროზაფხული 26 ივნისს დასრულდებოდა, რეალობა კი უკეთესი გამოდგა!
და როცა ამას ვწერ, მხოლოდ ფლეი ოფში გასვლას არ ვგულისხმობ. დიახ, საქართველოს ნაკრებს დიდებულად ეხმიანებიან სხვადასხვა ქვეყნის პოპულარული გამოცემები, აქებენ ვილი სანიოლის გუნდის თამაშს… რაღა შორს წავიდე და პირადად მე, მატჩის მსვლელობისას, 90-იანი წლების საუკეთესო შოტლანდიელი ფორვარდის ალი მაკკოისტის კომენტარიც შემომხვდა: „საქართველოს ნაკრების თამაში დიდებულადაა ორგანიზებული“…
სასიამოვნო ისაა, რომ გუნდურთან ერთად ჩვენები ინდივიდუალურადაც მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი გოლი ქართველ ფეხბურთელს აქვს გატანილი! გიორგი მიქაუტაძემ სამივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა სიას. მიქაუტაძემ პორტუგალიასთან საგოლე გადაცემაც მიითვალა, ეს კი დამატებით უპირატესობას აძლევს შესაძლო კონკურენტებთან. სამი გოლი და შედეგიანი პასი სადებიუტო ევროპირველობაზე, მოკითხვა ამსტერდამის აიაქსის სელექციონერებს და სამწვრთნელო შტაბს!
მაგრამ მიქაუტაძე ჩვენი ერთადერთი სიამაყე არ არის. საბედნიეროდ, ევროჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო გოლკიპერიც ქართველია. მოგერიებული შეტევებით გიორგი მამარდაშვილი აქამდეც საუკეთესო იყო, კრიშტიანუ რონალდუს და მისი მეგობრების წინააღმდეგ დიდებული თამაშით კი მისი პირადი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა.
სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ მამარდაშვილს ამ შეხვედრაშიც საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებდნენ, მაგრამ უეფას ტექნიკურმა კომისიას სხვა გადაწყვეტილება მიიღო – ვერცხლისფერი პრიზი ხვიჩა კვარაცხელიას უბოძა. ალალია ეს ჯილდო მასზე! დორტმუნდში, თურქეთთან მატჩის პირველი წუთიდან ველოდი, რომ ხვიჩა თავისებურად გაიელვებდა და თუ მან საწყის ორ შეხვედრაში ვერ გაგვახარა, 26 ივნისს, როგორც იქნა, გაიბრწყინა!
საქართველოს ეროვნული ნაკრების სამ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ორ ქართველს ხვდა წილად. მგონი საამაყო ამბავია!
მიქაუტაძესთან, მამარდაშვილთან და კვარაცხელიასთან ერთად კი სხვებიც უნდა ვახსენოთ, რადგან გუშინ პორტუგალიასთან მშვენივრად ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ, ფლანგის მცველებმა ოთარ კაკაბაძემ და ლუკა ლოჩოშვილმა, საიმედო იყო გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილის გამოჩენით კი ჩვენი გუნდის თამაში აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა. მთავარი კი მაინც ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდებული გუნდური ფეხბურთი აჩვენა და სწორედ ამის ხარჯზე დაამარცხა მეტოქე.
იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ არენა აუფშალკეზე და მის გარშემო ხდებოდა, უბრალოდ შეუძლებელია. მე თუ მკითხავთ, არცაა საჭირო, რადგან ეს იყო ემოციების ზღვა და მას სრულად მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, თუ იქვე ხარ, სტადიონზე.
პირადად მე საქართველოს ნაკრების თამაშით და გამარჯვებით ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. 26 ივნისის გამარჯვებამ 26 მარტის საღამოც გადაფარა. სულ რაღაც სამი თვის ინტერვალით ერთ მწვერვალს მეორე მოჰყვა და რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის. განსაკუთრებით კი ვილი სანიოლს, რომელსაც, ეგებ, ხშირად და ბევრ რამეს ვუწუნებთ, მაგრამ ფაქტი უნდა ვაღიაროთ – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ მისი ხელმძღვანელობით აჩვენა – ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი!
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ესპანეთთან პაექრობა, ევრო 2024 ქართული ფეხბურთის ისტორიაში მაინდ უდიდეს წარმატებად ჩაიწერება. ხოლო იმაზე, რომ დღევანდელ წარმატებას გაგრძელება სჭირდება, მოგვიანებით ვისაუბროთ. ამის დრო ნაღდად გვექნება.
ამ წუთებში კი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დავტკბეთ და ეს დაუვიწყარი წამები შევირგოთ.
გილოცავთ პორტუგალიასთან მოგებას!
გილოცავთ „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლას!
ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!
* * *
მე-2 წუთი: საქართველოს ნაკრებმა მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, გიორგი მიქაუტაძემ მარცხნივ, ორ პორტუგალიელს შორის მოძებნა ხვიჩა კვარაცხელია და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელმაც უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0!
ეს ხვიჩას მე-16 გოლია ნაკრებში და ამ შედეგით მან ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ალექსანდრე იაშვილს გადაასწრო. წინ მხოლოდ შოთა არველაძე (26) და თემურ ქეცბაია (17) არიან.
რამდენიმე წუთში უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ ხვიჩას მიერ წუთსა და 34 წამში გატანილი გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, ამ დროით ის მოწინავე ხუთეულშია. უეფამ ისიც დაწერა, რომ ხუთი ყველაზე ნაადრევი გოლიდან სამი გერმანიაში ვიხილეთ.
მე-16 წუთი: ოთარ კიტეიშვილმა ფრანსისკუ კონსეისაუს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. საჯარიმო დარტყმა პორტუგალიელთა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა, თუმცა მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-18 წუთი: დიეგო დალოტი არაზუსტად ურტყამს, მისი თავურის შემდეგ ბურთი კარს ცდება.
23-ე წუთი: ჟოაუ პალინიას ძლიერ დარტყმას მამარდაშვილი ადგილზე დახვდა. ამ წუთისთვის პორტუგალიის ნაკრების უპირატესობა აშკარაა, თამაში მთლიანად ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობს.
28-ე წუთი: კრიშტიანუ რონალდუ პენალტს ითხოვს, შვეიცარიელ მსაჯს წესების დარღვევაზე მიუთითებს, თვლის, რომ ქართველები მაისურზე ქაჩავდნენ. გოლეადორი პროტესტს აშკარად ზედმეტად ემოციურად გამოხატავს და სამართლიანად იღებს ყვითელ ბარათს.
30-ე წუთი: ჟოაუ ფელიშის უძლიერესი დარტყმა! ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
33-ე წუთი: მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ კვარაცხელია მარჯვენა ფლანგიდან უტევს მეტოქის კარს, თუმცა ბურთი გარედან ხვდება ბადეს.
44-ე წუთი: აშკარა სიმულაციისთვის მსაჯი პედრუ ნეტუს აფრთხილებს, არადა პორტუგალიელები სახიფათოდ გვიტევდნენ.
45-ე წუთი: გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთხელ იგერიებს ჟოაუ ფელიშის დარტყმას. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში ქართველი გოლკიპერი ძალიან საიმედოდ თამაშობს.
45+2 წუთი: ნეტუმ პირდაპირ კუთხურიდან სცადა ბურთის კარში ჩახვევა, მაგრამ მამარდაშვილი ახლო ძელთან ყურადღებით დგას. „ჯვაროსნებმა“ ტაიმი 1:0 მოიგეს.
47-ე წუთი: პორტუგალიელები ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ აწვდიან კუთხურს. პირველად კრიშტიანუ რონალდუმ დაარტყა და ბურთი მცველს მოხვდა, მეორე დარტყმა კი კარს ასცდა.
50–ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა, მეტოქე დაცვაში შეცდა და კვარაცხელიამ მშვენიერი პოზიციიდან ცუდად დაარტყა. ხვიჩას დუბლის შესრულება შეეძლო.
53-ე წუთი: არბიტრი მესამე პორტუგალიელს აფრთხილებს, რუბენ ნევეშმა მოედნის ცენტრში ხელით შეაჩერა გიორგი ჩაკვეტაძე და ქართველების შეტევა ჩაშალა.
57-ე წუთი: წუთის წინ ჩავლილი მომენტის გადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა. პორტუგალიელთა 24-ე ნომერმა ანტონიო სილვამ საჯარიმოში უხეშად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილის წინააღმდეგ. გიორგი მიქაუტაძე, ისევე როგორც ჩეხეთთან მატჩში, კვლავ მეკარისგან მარცხენა კუთხეში არტყამს, ისევ ზუსტად და ანგარიში 2:0-ია! საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი პირველია ამ ევროზე, რომელმაც სამი გოლი გაიტანა, თან ზედიზედ სამ შეხვედრაში! არენა აუფშალკეზე საოცარი ატმოსფეროა, თავი ზღაპარში მგონია!
66-ე წუთი: რობერტო მარტინესმა გაფრთხილებული და აშარად განერვიულებული კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გაიყვანა. ევროჩემპიონატების რეკორდსმენის ნაცვლად თამაშში გონსალო რამოსი ჩაერთო.
72-ე წუთი: მშვენიერი კონტრშეტევა ქართველების შესრულებით, ჩვენ ნახევარზე მოპოვებული ბურთი და ორ პასში გაშლილი შეტევა! გიორგი ჩაკვეტაძე წამებში უახლოვდება პორტუგალიელთა კარს და არტყამს, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა.
74-ე წუთი: უეფას ოფიციალურ გვერდზე ლეგენდარული შოტლანდიელი ბომბარდირის ალი მაკკოისტის კომენტარი მხვდება: „ქართველების დაცვა უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული“.
85-ე წუთი: ყვითელი ბარათი ანზორ მექვაბიშვილს შეტევის ჩაშლის მცდელობის გამო. წამში გიორგი მიქუტაძის ეფექტური ცრუმოძრაობა და მშვენიერი გარღვევა მარცხენა ფლანგზე, პასი დავითაშვილს… ბურთი გარედან ხვდება ბადეს.
90+4 წუთი: საქართველო მერვედფინალშია! ზღაპარი გრძელდება!
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 27 ივნისი
გელზენკირხენი, გერმანია
ფოტო: ეროვნული ნაკრები