ევროჩანახატები გერმანიიდან: არნახულის მოლოდინში

283 საერთაშორისო თამაშის, 91 გამარჯვების და 343 გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები 284-ე მატჩისთვის, 92-ე მოგებისთვის და 344-ე და მომდევნო გოლებისთვის ემზადება.

ხვალ, დორტმუნდში, მრავლისმნახველ სიგნალ იდუნა პარკზე „ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან. ამ თამაშით იწყება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი, რომელსაც გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მწვრთნელები, სხვანაირად რომ ვთქვა „დიდი ქართული საფეხბურთო ოჯახი“, ათწლეულების განმავლობაში ელოდა.

საკუთარ თავსაც ამ ოჯახის წევრად მოვიაზრებ და, ამდენად, ხვალინდელი მატჩი პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. განვლილი წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი გუნდის არაერთი თამაშის შესახებ დავწერე, თუმცა ერთია ამხანაგური და შესარჩევი ეტაპის მატჩები და სულ სხვაა დიდი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრა. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რომ ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე აკრედიტებული ვარ და მთავარი თამაშების სანახავად ვემზადები?

ეს ყველაფერი არნახულ მოლოდინს შობს. აბსოლუტურად ყველაფერი უცხოა და, ამავდროულად, დიდი ხნის ნანატრი. ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სხვა გუნდს ვგულშემატკივრობდი და იქ ჩვენების ნახვაზე მხოლოდ ვოცნებობდი. ახლა კი ამ დღესასწაულში ვარ ჩაბმული, მეც ევროპის ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილე ვარ!

ჩვენი ეროვნული გუნდი დიდხანს მოდიოდა 2024 წლის 18 ივნისამდე. ხვალინდელ დაპირისპირებას წინ უძღოდა მსოფლიოს შვიდი და ევროპის რვა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელთაგან წარმატებით მხოლოდ უკანასკნელი დასრულდა.
21 და 26 მარტის თბილისური თამაშები ჩვენთვის დიდებული შედეგით დამთავრდა, მთელმა საქართველომ არნახულად გავიხარეთ, თუმცა ის შეხვედრები უკვე ისტორიაა, რამდენიმე საათში კი ყველანაირი გაგებით ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის – F ჯგუფის სადებიუტო თამაში, ქართველები თურქეთის წინააღმდეგ.

ვილი სანიოლის ნაკრები ერთადერთი დანაკლისით ხვდება მეზობლებთან პაექრობას. გუშინვე დაიწერა, რომ თურქეთთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ოთარ კიტეიშვილი. გრაცის შტურმის 28 წლის ნახევარმცველი, რომელიც განვლილ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა, 9 ივნისს პოდგორიცაში, მონტენეგროსთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა. გემახსოვრებათ, სანიოლმა კიტეიშვილი 50-ე წუთზე შეცვალა ნიკა კვეკვესკირით. ოფიციალური ინფორმაციით, ოთარის ტრავმა საშიში არ არის და მომდევნო, ჩეხეთთან მატჩისთვის ის მზად იქნება. საბედნიეროდ, ყველა სხვა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

ზევით აღვნიშნე, რომ ეროვნული გუნდის არ იყოს, ევრო 2024 ჩემთვისაც პირველი დიდი საფეხბურთო შეჯიბრებაა, რომელსაც უშუალოდ მასპინძელი ქვეყნიდან ვაშუქებ. ამდენად, მეპატიება, თუ პირველი გერმანული ევროჩანახატი უფრო ემოციურია, ვიდრე ამას საქმე მოითხოვს. ხვალინდელი თამაშის შემდეგ, ვიმედოვნებ, გულიც დამშვიდდება და გონებაც. და, რაც მთავარია, კარგ ამბებზე გესაუბრებით.

სადებიუტო ევროწერილის ბოლო კი ასეთი იყოს: 18 ნოემბრის შემდეგ თურქეთის ნაკრებს თამაში არ მოუგია – ორი ფრე და სამი წაგება. დიდი იმედი მაქვს მეტოქის უსიამოვნო სერია დორტმუნდშიც გაგრძელდება. ამით ხომ მცირედით მაინც გაუმჯობესდება მათთან პაექრობების სტატისტიკა – ერთადერთი გამარჯვება ხუთ საერთაშორისო შეხვედრაში.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 17 ივნისი
დორტმუნდი, გერმანია
ფოტო: UEFA Media

ka_GEGeorgian