ევროჩანახატები გერმანიიდან: მომავლის კაპიტანი
მოდი გიორგი ქოჩორაშვილზე დავწერ. არ ვიცი ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიას გუნდიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ მე რომ „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელი ვიყო, სამკლავურს გიორგი ქოჩორაშვილს გადავცემდი.
მსმენია, რომ ბევრი კაპიტნის არჩევის უფლებას გუნდს ანდობს, მაგრამ არაერთი სპეციალისტის სიტყვებიც მახსოვს: „კაპიტანს მე ვასახელებ, რადგან ის არის ჩემი მთავარი დასაყრდენი მოედანზე“. მე ამ უკანასკნელებს ვემხრობი – გუნდისთავს ერთპიროვნულად ავირჩევდი. მაგრამ ისიც მგონია, რომ ბიჭები ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდნენ.
გიორგი ქოჩორაშვილი მომავლის კაპიტნად იმიტომ მესახება, რომ მის ფეხბურთში საოცარ მონდომებას, შეუპოვრობას და სითამამეს ვხედავ. 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში მის მიერ შესრულებულ პირველ დარტყმას – იდეალურ პენალტს კი ვერასდროს დავივიწყებ. იმ გამბედაობას, რაც გიორგიმ გამოიჩინა იმ დალოცვილ საღამოს, ძალიან ბევრი გამოცდილი მოთამაშე ინატრებდა. არადა 26 მარტს მან მხოლოდ მეშვიდედ ითამაშა ნაკრებში. მიუხედავად ამისა, სამაგალითოდ მშვიდად მივიდა ბურთთან და, როგორც ძველი გულშემატკივრები იტყვიან, აუღებელი დაარტყა.
გუშინაც, დორტმუნდის სიგნალ იდუნა პარკზე, ქოჩორაშვილი გამორჩეული იყო. წამით არ გაჩერებულა და საგოლე გადაცემა ხომ შეასრულა – მიქაუტაძემ მისი პასით შეაგდო ისტორიული გოლი, ორი ყველაზე სახიფათო მომენტიც შექმნა. პირველზე ლამის გული გადამიტრიალდა: სწორედ იმ წამებში, როცა თურქი გულშემატკივრები ანთებული ტელეფონებით ხარობდნენ არდა გიულერის ზღაპრულ გოლს, მე კი მათ გაჩუმებაზე ვოცნებობდი, ქოჩორაშვილი საჯარიმოში შეიჭრა და ორ მცველთან ჭიდილში დაარტყა. დასანანია, რომ ბურთი ხარიხამ ზევით აისხლიტა. მეორე მომენტში კი, სულ ბოლოს, დამატებით დროში, მიქაუტაძეს მისთვის რომ დაეთმო დარტყმა, ვინ იცის, ეგებ, დღეს სადებიუტო ქულაზე დაგვეწერა…
როცა გიორგის შესახებ პირველად წავიკითხე, ის ახალი გადასული იყო ესპანეთში. მერე და მერე, კოვიდ-პანდემიის შემდეგ, მსოფლიომ თვალებში რომ გამოიხედა და ტრიბუნებს გულშემატკივრებიც დაუბრუნდნენ, ქართველმა ჟურნალისტებმა მის შესახებ წერას მოუხშირეს, თუმცა ეროვნული ნაკრების კარი მისთვის მაინც გვიან გაიღო.
ვილი სანიოლმა ლევანტეს 24 წლის ფეხბურთელს ათი თვის წინ, აგვისტოს მიწურულს უხმო, როცა ნაკრებმა ოსლოში, ნორვეგიასთან გასვლითი მატჩისთვის მზადება დაიწყო. იმ მატჩში დებიუტანტი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მას შემდეგ ყველა, ცხრავე თამაშში სასტარტო შემადგენლობაშია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში. ამ მოკლე პერიოდში, არასრულ წელიწადში, გიორგი ლიდერებს შორის დამკვიდრდა, პირადად ჩემთვის კი ახლო მომავლის ნაკრების იმედად იქცა.
ჰოდა, მომავლის საქართველოს კაპიტნად სწორედ მას ვისურვებდი: ბიჭს, რომელიც პირველიდან ბოლო წამამდე იხარჯება და, შედეგის მიუხედავად, მინდორს ვალმოხდილი და თავაწეული ტოვებს.
ლაშა გოდუაძე
2024 წლის 19 ივნისი
დორტმუნდი, გერმანია