ევროჩანახატები: სენიორ ლუისი

ევრო 2024-ის დასრულებამდე ოთხი დღე და ორი თამაშია დარჩენილი. ჰოდა, სანამ მეორე ფინალისტი გამოვლინდება, იმ კაცზე დავწერ, რომელმაც გერმანიაში საუკეთესო გუნდი ჩაიყვანა.

ლუის დე ლა ფუენტეს შექმნილი ესპანეთის ნაკრების ძალა, ჩვენი ბიჭები რომ არ ვახსენო (შესარჩევის ჩათვლით ქართველები სამჯერ დაუპირისპირდნენ ამ გუნდს – 1:7, 1:3, 1:4), მსოფლიოს სამმა ჩემპიონმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ვერცერთი ვერას გახდა: ჯერაც მოქმედი ევროჩემპიონი იტალია უშანსოდ დამარცხდა ჯგუფში – 0:1; მასპინძელ გერმანიას მეოთხედფინალში მოეცარა ხელი – 1:2; მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა საფრანგეთმა კი იგივე ანგარიშით დათმო ნახევარფინალი.

მოკლედ, ძალიან ძლიერი და კარგი გუნდი ჩამოაყალიბა სენიორ ლუისმა. ამიტომაც ვამჯობინე მასზე დაწერა და არა, ვთქვათ, ლამინე იამალზე, ნიკო ვილიამსზე, ფაბიან რუისზე, დანი ოლმოზე, მარკ კუკურეიაზე ან ჩემ ფავორიტ როდრიზე. ამ ბიჭების შესახებ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავთ და ბევრს მოვისმენთ, სენიორ ლუისს კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი ოთხ დღეში, 14 ივლისს, ფინალის დასრულებისთანავე ეწურება და ვინ იცის…

კი ბატონო, ესპანეთს სუპერ ბიჭები ჰყავს, მაგრამ გუნდის მთავარი ძალა მოედნის კიდეზე მდგარი 63 წლის სათვალიანი ბასკი მგონია, კაცი, ვინც ათ წელიწადზე მეტია ნაკრებ გუნდებს ხელმძღვანელობს და ვინც წლიდან წლამდე ზრდიდა ამ გუნდის ლიდერებს.

როგორც მოთამაშე, ის მხოლოდ ბასკური ფეხბურთის მოყვარულებს თუ ემახსოვრებათ. ლუის დე ლა ფუენტე კასტილიო იმ ბილბაოს ატლეტიკის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, რომელმაც 1983 და 1984 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ლა ლიგა, თითოჯერ კი ესპანეთის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი. რაც შეეხება სანაკრებო ფეხბურთს, მისი საუკეთესო მიღწევა ის ტურნირია, სადაც გელა კეტაშვილმა ოლიმპიური ოქრო მოიგო – 1988 წელი, სეულის ოლიმპიადა და ერთადერთი მატჩი ესპანეთის ოლიმპიურ გუნდში.

ხოლო როგორც მწვრთნელმა, სენიორ ლუისმა უკვე მიაღწია უფრო დიდ გამარჯვებებს: 2015 წელს 19-წლამდელთა, 2019 წელს კი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები მოიგო, 2021 წელს კი მისმა ესპანეთმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ითამაშა, ვერცხლს დასჯერდა. შარშან, ივნისის დასაწყისში, ნიდერლანდებში მოგებული ევროპის ერთა ლიგა კი ბევრს გემახსოვრებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სამი მედალი ასაკობრივ ტურნირებშია მოგებული, უეფას ერთა ლიგის თასი კი ჯერაც არ ითვლება პირველხარისხოვან შეჯიბრებად, ჩამონათვალი მაინც დასაფასებელია. თუმცა, ამ თასებზე მეტად ლუის დე ლა ფუენტეს მთავარ გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ სწორედ მის ხელში გაიკვლიეს გზა ეროვნულ გუნდამდე უნაი სიმონმა, ფაბიან რუისმა, პედრიმ, როდრიმ, მარკ კუკურეიამ, დანი ოლმომ, მარტინ სუბისმენდიმ, მიკელ ოიარსაბალმა… თითოეული დე ლა ფუენტეს გაწვრთნილი ასაკობრივი გუნდების წევრი გახლდათ, ყველა მათგანმა მოიგო ოქროს თუ ვერცხლის მედალი, უნაი სიმონი და მიკელ მერინო კი, შეიძლება ითქვას, მწვრთნელს შვილებად ეკუთვნის – 19-წლამდელებით დაწყებული, ოლიმპიურით და 21-წლამდელებით გაგრძელებული, ისინი მუდმივად მის განკარგულებაში არიან.

ევრო 2024-ის პირველივე ტურიდან ესპანეთი საუკეთესო ფეხბურთს გვთავაზობს. სათამაშო დეტალებს რომ თავი დავანებო, დე ლა ფუენტე პირველი მწვრთნელი გახდა ევროს ისტორიაში, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალამდე ყველა, ექვსივე თამაში მოიგო! იმასაც ხომ გააჩნია როგორ? ჯგუფში სამი მატჩი გოლის გაუშვებლად, ფლეი ოფში ამდენივე შეხვედრა ჩამორჩენის შემდეგ…

ამასთანავე, სწორედ ესპანეთმა გაიტანა ყველაზე მეტი გოლი – ცამეტი! ერთი ბურთიც და დე ლა ფუენტეს ბიჭები საფრანგეთის 1984 წლის დიდებული გუნდის ევრორეკორდს გაიმეორებენ. სხვათა შორის, ევრო 84-ის ფინალში „მამლებმა“ სწორედ ესპანელებს სძლიეს, მაგრამ რადგან ამ პატარა ჩანახატში დე ლა ფუენტეს და მის ნაკრებს ვაქებ, იმ უცნაურ დამთხვევაზე გეტყვით, რომელიც დიდი ეჭვი მაქვს, არ გეცოდინებათ. 2015 წლის 19-წლამდელთა და 2019 წლის 21-წლამდელთა ევროჩემპიონატის ნახევარფინალში ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთმა, ისევე როგორც გუშინ, საფრანგეთი დაამარცხა! 2015 წელს – 2:0, 2019 წელს – 4:1.

ცრუმორწმუნეები ამ ცნობას, ალბათ, ნიშნად მიიღებენ, მაგრამ ჩემთვის ასეთ ამბებზე მეტყველი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთია, უდავოდ საუკეთესო ამ ევროზე. ჰოდა, ძალიან გამიკვირდება კვირას, 14 ივლისს, თასი სენიორ ლუის დე ლა ფუენტემ რომ არ აღმართოს.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 10 ივლისი
ფოტო:
UEFA Media

ka_GEGeorgian