ევროძიუდო: 4 ქართული ისტორია

ხვალიდან 18 აპრილის ჩათვლით ქართველი ძიუდოისტები წლის პირველ დიდ ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
კონტინენტის პირველობას პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი მასპინძლობს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, მედლებისთვის 45 ქვეყნის 362 სპორტსმენი იჭიდავებს, რომელთაგან 212 ვაჟია, 150 კი გოგონა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა პორტუგალიისთვის ასეთი შემადგენლობა შეარჩია: თემურ ნოზაძე (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100კგ).

გია თენაძის მომზადებული გუნდიდან გოგონათა შორის იასპარეზებენ: ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი (ორივე 52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), მარიამ ჭანტურია (70კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

სამდღიანი ტურნირის ფორმატი უცვლელია: პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟთა 2 და გოგონათა 3 წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები, 17 აპრილს 2-2 წონაში გამოვლინდებიან ჩემპიონები და პრიზიორები, კვირას კი ვაჟთა ბოლო 3 და გოგონათა 2 წონითი კატეგორიის ძიუდოკები გავლენ ტატამზე.

ევროპირველობა 2021 წლის პირველი დიდი ტურნირია. ტოკიოს ოლიმპიადამდე ქართველები მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ პლანეტის პირველობას უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 6-13 ივნისს მიიღებს.

ახლა რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.

თუ მხოლოდ ოლიმპიურ სახეობებს გავითვალისწინებთ, ქართველებს ევროპის ჩემპიონატების 100ზე მეტი მედალი მხოლოდ ორ სახეობაში აქვთ მოგებული და მათ შორის ყველაზე მეტი, 160 – ძიუდოში! აქედან 46 ოქროა, 53 ვერცხლი, 61 კი ბრინჯაო. შედარებისთვის გეტყვით, რომ თავისუფალი სტილის ფალავნებმა გაცილებით ნაკლები მედალი მოიპოვეს – 103.

შარშან ევროპის ჩემპიონატი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა იქ 6 მედალი მოიგო – ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ჩემპიონი გახდა, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ლუკა მაისურაძემ (81კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

ევროპის ერთ ჩემპიონატზე მოგებული 6 მედალი მეორე საუკეთესო შედეგია ჩვენი ძიუდოს ისტორიაში. რეკორდი კი 7 ჯილდოა: 2013 წელს ბუდაპეშტში და 2019 წელს მინსკში, ევროპის II თამაშებზე, რომელიც კონტინენტის პირველობის სტატუსსაც ატარებდა. გაიწევენ თუ არა გუჯეჯიანის მომზადებული ბიჭები რეკორდზე, ამას ერთად ვნახავთ.

ეს რაც შეეხებოდა ზოგად ამბებს, სხვა საინტერესო ისტორიებიდან კი ვარლამ ლიპარტელიანთან დაკავშირებულ 2 ფაქტს გამოვარჩევ:

1: ჩვენი ნაკრების კაპიტანი ერთ ძალიან საინტერესო რეკორდს მიუახლოვდა – ევროპის ჩემპიონატებზე 9 მედალი აქვს (მხოლოდ პირადში) და ამ მხრივ ნესტორ ხერგიანთან ერთად ყველაზე ტიტულიანია.
თუმცა, თუ ლიპარტელიანმა ლისაბონში მედალი აიღო, ძიუდოისტთა რეკორდსმენი გახდება და სპორტის საჭიდაო სახეობებში ლუკა კურტანიძის (თავისუფალი ჭიდაობა) აბსოლუტურ რეკორდსაც გაიმეორებს. კურტანიძემ კარიერა 10 ევრომედლით დახურა.

2: ლიპარტელიანი წონის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. თუ მოხდა და ჩემპიონობით გაგვახარა, ანზორ კიკნაძის რეკორდს გაიმეორებს.
ქართველთაგან ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი 4ჯერ მხოლოდ კიკნაძემ მოიპოვა: 1962 წელს ესენში, 1964-65-66 წლებში კი, შესაბამისად, ბერლინში, მადრიდსა და ლუქსემბურგში. ყველა შემთხვევაში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.ვარლამ ლიპარტელიანი კი ევროპის ჩემპიონი პირველად 2012 წელს გახდა ჩელიაბინსკში, 2014 წელს მონპელიეში, 2016 წელს კი ყაზანში. სამივე შემთხვევაში ის 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლისაბონში გაშლილ ტატამზე კვირას, 18 აპრილს გავა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 აპრილი)
ფოტო: IJF.org

ka_GEGeorgian