ევროფეხბურთი – თამაში ბანკნოტებით

რომელი კლუბია ყველაზე მომგებიანი?
ვის აქვს საუკეთესო შემოსავალი?
რამდენი მილიონი გამოიმუშავა ბაიერნმა სპონსორებთან კონტრაქტებით?
რატომ დატოვა იუვენტუსმა უმდიდრესი კლუბების პირველი ათეული?
დღეს, ფეხბურთის არნახული კომერციალიზაციის დროს, ასეთი კითხვები აღარავის უკვირსთანამედროვე ფეხბურთში მძლავრი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე უდიდეს გამარჯვებებზე ფიქრია უტოპიაა და მეტი არაფერი. სახელგანთქმული კლუბები მომგებიან კომპანიებად გადაიქცნენმათი წლიური ბრუნვა უკვე რვანულიანი რიცხვებით იზომება.
აუდიტორულმა კომპანია დელოიტმა ტრადიციულად შეაჯამა საფეხბურთო წელიწადი და 2011 წლის ფინანსური ლიგაც მიმოიხილა.

 

მადრიდის რეალს, რომელმაც შარშან მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო, კვლავაც არ ჰყავს ბადალი საერთო შემოსავლის მხრივ: სამეფო კლუბის საბანკო ანგარიშებზე 479,5 მილიონი ევრო ჩაირიცხა!

სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, მადრიდელთა შემოსავალი გასულ სეზონებში ისედაც აჭარბებდა ასმილიონიან ზღვარს, თუმცა შარშან Mediapro-სთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაფორმდა და წლიური შემოსავალიც 24 მილიონით გაიზარდა. ამას დაერთო ცალკეულ სპონსორებთან კონტრაქტებით გათვალისწინებული პრემიებიც – 8-წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლამ უკვალოდ არ ჩაიარა.

რეალის უახლოესი მდევარი ბარსელონაა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი ბოლო წლებში უამრავ ტიტულს იგებს, ფინანსურ ასპარეზზე მცირედით, მაგრამ მაინც ჩამორჩება რეალს – ბარსელონას შემოსავალი 451 მილიონი ევროა.

დელოიტის სიაში 367 მილიონით მესამეა მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შედეგებით ოლდტრაფორდული კლუბი პირველ სამეულს გამოეთხოვება – ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადასვლა უარყოფითად აისახება ამერიკელი მილიარდერის მალკოლმ გლეიზერის კლუბის ფინანსებზე.

დელოიტის საგაისო ფინანსურ ლიგაში ყველაზე შემოსავლიანი კლუბების მოწინავე სამეულში მოხვედრის საუკეთესო შანსი ბაიერნს აქვს, რომელიც 321,4 მილიონით მეოთხეა. გერმანიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა 2011 წელს მხოლოდ სპონსორებისგან 177,7 მილიონი ევრო მიიღო – ამ მხრივ ბავარიელებს ბადალი არ ჰყავთ!

საგულისხმოა, რომ ბუნდესლიგაში არცთუ დამაჯერებელი თამაშის და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მარცხის და ალიანც არენის ასაგებად აღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გადახდის მიუხედავად, ბაიერნმა ზედიზედ მეთორმეტედ დაასრულა ფინანსური წელიწადი პლუსით – სუფთა მოგებამ 1,3 მილიონი ევრო შეადგინა.

დელოიტის დასკვნით, უმდიდრესი კლუბებიდან შემოსავლის 3 მთავარი წყაროს – თამაშის დღე (ეგრეთ წოდებული Match Day Income), მედიაუფლებები, სპონსორები – საუკეთესო ბალანსით მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედი გამოირჩევა.

ოლდტრაფორდული კლუბის საერთო შემოსავლის 33% – 120,3 მილიონი, თამაშის დღეზე მოდის. 36% (132,2 მილიონი), სატელევიზიო უფლებების გაყიდვაზე, დარჩენილი 31% (114,5 მილიონი) კი სპონსორებთან კონტრაქტებზე.

გლეიზერების მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების საუკეთესო ათეულის ნაცადი წევრია, აი, ქალაქის მეორე გუნდი – სიტი კი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. და თუ გუნდის მფლობელის შეიხ მანსურის ამბიციებს და საბანკო ანგარიშებს გავითვალისწინებთ, რამდენიმე წელიწადში სიტის ლიდერთა შორის გამოჩენა არ უნდა გაგვიკვირდეს.

განვლილ წელს რაც შეეხება, მანჩესტერ სიტის შემოსავლები 22%-ით გაიზარდა და 169,6 მილიონი ევრო შეადგინა. 2010 წელთან შედარებით 27%-ით მოიმატა მედიაუფლებების გასხვისებით მიღებულმა შემოსავალმა – ინგლისის თასის მოგებას და ჩემპიონთა ლიგაში დებიუტს, ცხადია, უკვალოდ არ ჩაუვლია.

წინასწარი გათვლებით, 2012 წელს სიტის შემოსავალი ისევ გაიზრდება, რაც სპონსორებთან სარფიანი კონტრაქტების წყალობით მოხდება – მარტო Etihad Airways კლუბს 10 წლის მანძილზე წელიწადში 40 მილიონს გადაუხდის!

თუმცა, სიტის ხელმძღვანელებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ: შემოსავალი თამაშის დღეს – 29,5 მილიონი – უკეთესის სურვილს ტოვებს.

დელოიტი ვარაუდობს, რომ დაახლოებით 5 წელიწადში რეალის და ბარსელონას შემოსავლები ნახევარმილიარდიან ნიშნულს გადაცდება. და ასეთი რამ პირველად მოხდება ფეხბურთის ისტორიაში. ორივე ესპანური გრანდი წლებია მყარად დგას უმდიდრესი კლუბების სათავეში. გარდა ამისა, ისინი მწვანე მინდორზეც ლიდერები არიან, გამარჯვებები და ტიტულები კი ფინანსურ ანგარიშებში სათანადოდ აისახება.

აუდიტორული კომპანია სამეფო კლუბის და ბარსას ბოლო 5 წლის მონაცემებსაც აქვეყნებს. 2007 წელთან შედარებით რეალის შემოსავალი 128,5 მილიონით, 351-დან 479,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შედარებისთვის: კატალონიური გრანდის ფინანსურმა ზრდამ იმავე პერიოდში 161 მილიონი შეადგინა – 290-დან 451-მდე.

რითაა განპირობებული მათი ბრწყინვალე ფინანსური მდგომარეობა? საარაკო სარეკლამო კონტრაქტები და ჩინებულად გაყიდულ მედიაუფლებები! საგულისხმოა, რომ სატელევიზიო ხელშეკრულებებით ეს ორი კლუბი უფრო მეტს იღებს, ვიდრე პრიმერადივიზიონის დანარჩენი 18 გუნდი ერთად აღებული!

თამაშის დღის შემოსავალზე არაფერს ვამბობთ: საშინაო მატჩებზე ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ და კამპ ნოუ, დელოიტის მონაცემებით, 92,3%-ით ივსება!

კვლევის მიხედვით, გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის ბორუსია სპონსორებზე ყველაზე ძლიერ დამოკიდებული კლუბია – საერთო შემოსავლის 57% სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის. საინტერესოა, რომ ამ მხრივ ბორუსიამ ბაიერნსაც აჯობა – მიუნხენელთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 56%-ს უდრის.

საგაისოდ ჩრდილოგერმანული კლუბი ფინანსურ ლიგაში აუცილებლად დაწინაურდება, რადგან ხელმძღვანელობამ მხარდამჭერ კომპანიებთან – Evonik და Signal Iduna – გრძელვადიან და მრავალმილიონიან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

პირველის ლოგო მაისურს ამშვენებს, მეორის სახელი კი სტადიონს ეწოდა. სხვათა შორის, 2010-11 წლების სეზონში ბორუსიას საშინაო არენა 80 708 ტევადობით ერთადერთი იყო მსოფლიოში, რომელიც ჩემპიონატის ყველა მატჩზე მთლიანად შეივსო!

აი იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ტურინის იუვენტუსმა კი მოწინავე ათეული დატოვა: ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცუდად თამაში და სერია ა-ში მე-7 ადგილი ანიელების ოჯახის კლუბზე ლოგიკურად აისახა – შემოსავლები 51,1 მილიონით შემცირდა. საინტერესოა, რომ ევროპის ლიგაზე ასპარეზობით კლუბმა მხოლოდ 1,8 მილიონი მიიღო – ჯგუფში ყველა, ექვსივე თამაში ფრედ დაასრულა.

რაც შეეხება შემოსავალს თამაშის დღეს, საერთო ჯამში ტურინელებმა 11,6 მილიონი მიიღეს, რაც იუვენტუსის დარი კლუბისთვის კატასტროფაა. თუმცა, ამას ახსნაც აქვს: გუნდი ახალი სარბიელის მშენებლობის გამო გასულ სეზონში 28-ათასიან, ძველისძველ სტადიო ოლიმპიკოზე თამაშობდა…

დღეს სტადიო იუვე (41 000) იტალიაში საუკეთესო საფეხბურთო არენაა და დელოიტის მონაცემებით, 91,2%-ით ივსება. გარდა ამისა, გუნდიც უკეთესად თამაშობს, ეს ყველაფერი კი საგაისო მონაცემებში აუცილებლად აისახება.

დელოიტის ფინანსური ლიგის ახალი ანგარიში 2013 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian