ევროისტორია: 1960 – ტრიუმფი

საბჭოთა კავშირსა და ესპანეთს შორის წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრისთანავე, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპის ერთა თასის I გათამაშების ბოლო, ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა დაასახელა – საფრანგეთი.

არადა 1960 წლის მარტში უეფა ფინალური ეტაპის ჩატარებას ესპანეთში ფიქრობდა. საფრანგეთი და ავსტრია მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდა. ამ სამი ქვეყნის ნაკრებიდან ნახევარფინალში მხოლოდ ფრანგები გავიდნენ და ამიტომაც, ბოლო ოთხი მატჩის მასპინძლობის უფლებაც მათ ხვდათ წილად.

თამაშებს პარიზმა და მარსელმა უმასპინძლა: ფრანგები პარიზში, პარკ დე პრინსესზე იუგოსლავიელებს დაუპირისპირდნენ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მარსელში კი საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიას შეხვდა.

წესდებით ორივე ნახევარფინალი ერთდროულად უნდა დაწყებულიყო, თუმცა მარსელში თამაში 15 წუთით დაგვიანდა. სათქმელია, რომ სსრკ ნაკრების მარჯვენა მცველ ვლადიმერ კესარევს ზედ მატჩის წინ ბრმა ნაწლავის შეტევა დაემართა და სასწრაფოდ საავადმყოფოში დააწვინეს, ფინალური ეტაპის წინ გუნდის სათავეში დაბრუნებულმა გავრილ კაჩალინმა კი მის ნაცვლად თბილისის დინამოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველს და კაპიტანს გივი ჩოხელს უხმო.

ფავორიტად საბჭოთა კავშირის ნაკრები მიიჩნეოდა და სპეციალისტთა შეფასება გადაჭარბებული რომ არ იყო, პირველმა ტაიმმაც დაადასტურა: ჩეხოსლოვაკიას, მეტწილად, კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უწევდა.

ანგარიში 34ე წუთზე გაიხსნა: მოსკოვის ტორპედოელი ვალენტინ ივანოვი ელვის სისწრაფით შევარდა საჯარიმოში, ბურთი ვიქტორ პონედელნიკს გაუთამაშა და ძალიან ძლიერად დაარტყა – 1:0.

შესვენების შემდეგ მეტოქემ თამაშის გათანაბრება სცადა, ერთი პირობა დაეუფლა კიდეც უპირატესობას, მაგრამ გოლები კვლავ მათ კარში გავიდა: 56ე წუთზე იმავე ივანოვმა კარიდან გამოსული მეკარე ვილიამ შროიფი მოატყუა და ზუსტად დაარტყა – 2:0, 64ე წუთზე კი პონედელნიკმა მესამეც შეაგდო – 3:0.

68ე წუთზე იტალიელმა მსაჯმა იონიმ ლევ იაშინის კარში პენალტი დანიშნა – ცენტრალური მცველი ანატოლი მასლიონკინი ბუბერნიკთან ორთაბრძოლისას წესების დარღვევაში დაადანაშაულა. თავდამსხმელმა იოზეფ ვოიტამ გოლი მაინც ვერ გაიტანა – ბურთი კარს ააცილა.

ჩეხოსლოვაკიასთან მატჩში გივი ჩოხელი მილან დოლინსკის მეურვეობდა. მეორე დღეს რუსული პრესა წერდა: „საბჭოთა კავშირის ნაკრების დებიუტანტი გივი ჩოხელი შესვენების შემდეგ დამშვიდდა და გამოცდილ მებრძოლს დაემსგავსა. მას დოლინსკის თამაშიდან გამოთიშვა დაავალეს და ჩოხელმაც ივარგა – მოწინააღმდეგეს სისწრაფეშიც აჯობა და გამძლეობაშიც“.

გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალი – მიუხედავად იმისა, რომ თამაში ფრანგების უპირატესობით წარიმართა, ფინალის საგზურს იუგოსლავიის ნაკრები დაეუფლა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა სამი ლიდერი მოისაკლისეს – მსოფლიოს 1958 წლის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი ჟიუსტ ფონტენი (შვედეთში მის მიერ გატანილი 13 გოლი დღემდე რეკორდია), იმავე წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული რაიმონ კოპა და თავდამსხმელი როჟე პიანტონი.

მე11 წუთზე იუგოსლავიელები მილან გალიჩმა დააწინაურა, რომელმაც მეკარე ჟორჟ ლამიას შორი დარტყმით გაუტანა – 0:1.

ერთ წუთში ანგარიში გათანაბრდა: მარიან ვისნესკის გადაცემით ჟან ვენსანმა შეაგდო – 1:1.

43ე წუთზე ფრანგებმა მეორე ბურთი შეაგდეს: იმავე ვისნესკიმ რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მაშინ, როცა ვლადიმირ დურკოვიჩმა მისი წაქცევა სცადა, ბურთი ფრანსუა ეტს დაუგორა. ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმა და – 2:1.

53ე წუთზე მამლებმა (საფრანგეთის ნაკრების მეტსახელი) კიდევ ერთი გოლი გაიტანეს: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ვისნესკიმ მილუტინ შოშკიჩის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა – 3:1.

სამ წუთში იუგოსლავიელთა მცველ ანტე ჟანეტიჩს ერთი საპასუხო გოლი გააქვს, მაგრამ 62ე წუთისთვის მასპინძელთა უპირატესობა კვლავ ორბურთიანია: ეტის დარტყმა და 4:2!

მეოთხე გოლის შემდეგ მასპინძლები რატომღაც მოდუნდნენ და მალევე დაისანჯნენ: იუგოსლავიამ ზედიზედ გაიტანა სამი გოლი! განსაკუთრებით გულსატკენი გამოდგა სტუმართა ბოლო ბურთი: კოსტიჩის დარტყმის შემდეგ ლამიამ ბურთი ხელში კი დაიჭირა, მაგრამ გაუვარდა და იქვე მდგარმა დრაჟენ ერკოვიჩმაც არ დაახანა – 4:5! იუგოსლავიის ნაკრები ფინალში გავიდა!

გადამწყვეტ მატჩამდე ერთი დღით ადრე, მარსელში 9 ივლისს, დამარცხებულები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს ფსიქოლოგიურად განადგურებული ფრანგების ძლევა არ გაუჭირდა – 2:0. ვლასტიმირ ბუბნიკის და ლადისლავ პავლოვიჩის გოლებმა რუდოლფ ვიტლაჩილის გუნდს ბრინჯაოს მედლები მოუტანა. გაივლის ორი წელიწადი და ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს…

ფინალი
ევროპის ერთა თასის I გათამაშების გადამწყვეტ მატჩს პარიზის პარკ დე პრინსესი ნახევრად ცარიელი ტრიბუნებით შეხვდა.

გარდა იმისა, რომ ფრანგებს დიდად არც აღელვებდათ საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის ნაკრებთა პაექრობა, იმ დღეს გაწვიმდა, რამაც სტადიონზე წასვლის სურვილი კიდევ არაერთს გაუქრო.

მე17 წუთი: ლევ იაშინმა მილან გალიჩის ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.

22ე წუთი: იაშინმა ამჯერად იუგოსლავიელთა კაპიტანი ბორივოე კოსტიჩი დაამწუხრა – საჯარიმოდან არ გაატანინა.

27ე წუთი: ვალენტინ ივანოვმა ვიქტორ პონედელნიკი მეკარე ბლაგოიე ვიდინიჩთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ როსტოვის არმიის სპორტული კლუბის თავდამსხმელმა შანსი ხელიდან გაუშვა.

და როცა ტაიმის დასრულებას ორი წუთი უკლდა, ანგარიში გაიხსნა: დრაჟენ ერკოვიჩმა ანატოლი მასლიონკინი ჩამოიშორა, ბურთი იაშინის საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ სსრკ ნაკრების კაპიტანმა იგორ ნეტომ ცუდად ითამაშა, ბურთი მილან გალიჩს მიუვიდა და ბელგრადის პარტიზანის ფორვარდმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.

შესვენების შემდეგ გავრილ კაჩალინის გუნდი გააქტიურდა და 49ე წუთზე გაათანაბრა კიდეც ანგარიში: ვალენტინ ბუბუკინის უძლიერესი დარტყმა ვიდინიჩმა ცუდად მოიგერია, ბურთთან პირველი სლავა მეტრეველი გაჩნდა და – 1:1!

მეტრეველს კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, მიხეილ მესხმაც ვერ გამოიყენა კარგი შანსი, ივანოვმა კი სულაც ოთხი მეტრიდან ააცილა.

ძირითადი დრო ასეც დასრულდა, 112ე წუთზე კი ისტორიული ბურთი გავიდა: მიხეილ მესხმა ჩვეულად შეუტია ფლანგიდან და პონედელნიკი მოძებნა, რომელმაც დაქანცულ მცველებს ადვილად აჯობა – 2:1!

რამდენიმე წუთში ინგლისელმა მსაჯმა არტურ ელისმა ფინალი დაასრულა, კიდევ ცოტა ხანში კი საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანმა იგორ ნეტომ ევროპის ერთა თასი აღმართა!

აქვე ორი საინტერესო ამბავიც:

პირველი – დამატებითი დროც ფრედ რომ დასრულებულიყო, ფინალი 13 ივლისს გადათამაშდებოდა. პენალტების სერია წესდებით არ იყო გათვალისწინებული.

მეორე – არტურ ელისი, გარდა იმისა, რომ ამ ტურნირის პირველი გადამწყვეტი მატჩი იმსაჯა, ევროპის ჩემპიონთა პირველი ფინალის მთავარი არბიტრიც გახლდათ იმავე პარკ დე პრინსესზე გამართულ შეხვედრაში, 1956 წელს მადრიდის რეალსა და საფრანგეთის სტად დე რეიმსს შორის…

ევროპის ერთა თასის I გათამაშების გამარჯვებულებს საბჭოთა ფეხბურთის მამებისგან წოდების და სამახსოვრო დიპლომების გარდა არაფერი ერგოთ.

წლების შემდეგ სლავა მეტრეველი ერთ-ერთ ინტერვიუში იგონებდა, რომ ფინალის მეორე დღეს გუნდში გავრცელდა ხმა, თითქოს პრემიად თითოეულ მოთამაშეს 200 დოლარი უნდა მიეღო, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელთა გამარჯვებისა საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტში არავის სჯეროდა და შესაბამისად, ბიუჯეტში პრემია არც გაუთვალისწინებიათ…

საბჭოთა დელეგაციის მესვეურებმა მოულოდნელი ტრიუმფი ეიფელის კოშკის რესტორანში აღნიშნეს.

ქართველ ქომაგებში პოპულარული ლეგენდის თანახმად, სწორედ იქ, ეიფელის რესტორანში ინახულა ევროპის ერთა თასის პირველი მფლობელები იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა სანტიაგო ბერნაბეუმ. სამეფო კლუბის მმართველმა საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელს მიმართა და ნაკრების ქართველი გარემარბების სლავა მეტრეველის და მიხეილს მესხის დათმობა სთხოვა, მაღალჩინოსანს საბანკო ჩეკიც კი გაუწოდა თანხის ჩასაწერად, მაგრამ…

მაშინ სხვა დრო იყო და დასავლეთის ქვეყნებში საბჭოთა სპორტსმენის გადასვლაზე არათუ საუბარი, ფიქრიც კი ზედმეტი იყო.

სხვა მხრივ, ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშებით უეფამ კონტინენტზე ფეხბურთის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა – ტურნირის მატჩებს, საერთო ჯამში, მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ანრი დელონეს ხორცშესხმული ნააზრევი ბებერ კონტინენტზე ულაპარაკოდ მიიღეს.

ევრო 1960
საფრანგეთი, 6-10 ივლისი
1/2ფინალი: საფრანგეთი 4:5 იუგოსლავია; სსრკ 3:0 ჩეხოსლოვაკია
მატჩი III ადგილისთვის: საფრანგეთი 0:2 ჩეხოსლოვაკია

ფინალი
10 ივლისი, 1960. საფრანგეთი, პარიზი, პარკ დე პრინსესი. 17 966
სსრკ 2:1 (დდ) იუგოსლავია
გოლები: 0:1 მილან გალიჩი (43), 1:1 სლავა მეტრეველი (49), 2:1 ვიქტორ პონედელნიკი (112)
სსრკ: ლევ იაშინი, გივი ჩოხელი, ანატოლი კრუტიკოვი, ანატოლი მასლიონკინი, იური ვოინოვი, იგორ ნეტო (კაპ), სლავა მეტრეველი, ვალენტინ ივანოვი, ვიქტორ პონედელნიკი, ვალენტინ ბუბუკინი, მიხეილ მესი
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი
იუგოსლავია: ბლაგოიე ვიდინიჩი, ვლადიმირ დურკოვიჩი, ფაჰრუდინ იუსუფი, ანტე ჟანეტიჩი, იოვან მილადინოვიჩი, ჟელკო პერუშიჩი, დრაგოსლავ შეკულარაცი, დრაჟან ერკოვიჩი, მილან გალიჩი, ჟელკო მატუში, ბორა კოსტიჩი (კაპ)
მწვრთნელთა საბჭო: ლიუბომირ ლოვრიჩი, დრაგომირ ნიკოლიჩი, ალექსანდრ ტირნანიჩი
მსაჯი: არტურ ელისი (ინგლისი)

ჩემპიონი: საბჭოთა კავშირის ნაკრები

მეკარეები: ლევ იაშინი (22.10.1929; მოსკოვის დინამო), ვლადიმერ მასლაჩენკო (05.03.1936; მოსკოვის ლოკომოტივი)
მცველები: ვლადიმერ კესარიოვი (26.02.1930; მოსკოვის დინამო), ანატოლი მასლიონკინი (29.06.1930; მოსკოვის სპარტაკი), გივი ჩოხელი (27.06.1937; თბილისის დინამო), ანატოლი კრუტიკოვი (21.09.1933; მოსკოვის სპარტაკი)
ნახევარმცველები: ვიქტორ ცარიოვი (02.06.1931; მოსკოვის დინამო), იური ვოინოვი (29.11.1931; კიევის დინამო), იგორ ნეტო (09.01.1930; მოსკოვის ტორპედო)
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი (30.05.1936; მოსკოვის ტორპედო), ვიქტორ პონედელნიკი (22.05.1937; როსტოვის ასკ), ვალენტინ ივანოვი (19.11.1934; მოსკოვის ტორპედო), ვალენტინ ბუბუკინი (23.04.1933; მოსკოვის ლოკომოტივი), მიხეილ მესხი (12.01.1937; თბილისის დინამო), გერმან აპუხტინი (12.06.1936; მოსკოვის ცსკა), ზაურ კალოევი (24.03.1931; თბილისის დინამო), იური კოვალიოვი (06.02.1934; კიევის დინამო)
მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი

უეფას სიმბოლური ნაკრები (2-3-5)
მეკარე: ლევ იაშინი (სსრკ)
მცველები: ვლადიმირ დურკოვიჩი (იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკი (ჩეხოსლოვაკია)
ნახევარმცველები: იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია), იგორ ნეტო (სსრკ), ვალენტინ ივანოვი (სსრკ)
თავდამსხმელები: დრაგოსლავ შეკულარაცი (იუგოსლავია), სლავა მეტრეველი (სსრკ), მილან გალიჩი (იუგოსლავია), ბორა კოსტიჩი (იუგოსლავია), ვიქტორ პონედელნიკი (სსრკ)

ბომბარდირები
ვალენტინ ივანოვი და ვიქტორ პონედელნიკი (ორივე სსრკ), მილან გალიჩი და დრაჟენ ერკოვიჩი (ორივე იუგოსლავია), ფრანსუა ეტი (საფრანგეთი) – 2 გოლი

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 აპრილი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian