ევროისტორია: 1964 – აღმართზე

ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშების მთავარი შედეგი იყო ის, რომ კონტინენტური სანაკრებო ფეხბურთი ერთ ჭერქვეშ გაერთიანდა. ტურნირის ორგანიზებით ევროპული ფეხბურთის განვითარების საქმეში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.
1959 წელს, ჯერ კიდევ პირველი გათამაშების მერვედფინალების მსვლელობის დროს, უეფას პრეზიდენტი ებე შვარცი ეჭვობდა, რომ წამოწყება ვერ გაამართლებდა. ის ფიქრობდა, რომ მომდევნო ტურნირში, 1962-64 წლებისთვის რომ იყო დანიშნული, მაქსიმუმ 20 გუნდი თუ მიიღებდა მონაწილეობას.

საბედნიეროდ შვარცის ვარაუდი არ გამართლდა: იმ დროისთვის უეფაში შემავალი 32 ქვეყნიდან მხოლოდ სამმა იუარა მეორე გათამაშებაში მონაწილეობა. და ეს დიდი გამარჯვება იყო.

ფინელებმა და შოტლანდიელებმა უარი ასე ახსნეს: ტურნირის ჩატარების განრიგი საერთაშორისო კალენდართან შეთანხმებული არ არის და ამის გამო ფეხბურთელებს თამაშს ვერ დავავალებთო.

რაც შეეხება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას – დასავლეთ გერმანიას, ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა მონაწილეობა ზედიზედ მეორედ იმიტომ იუარა, რომ პირველი ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა – ბუნდესლიგამ 1963 წელის 1 აგვისტოს აიღო სტარტი.

გერმანელთა უართან დაკავშირებით ასეთი ვერსიაც არსებობს: ბუნდესნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი ზეპ ჰერბერგერი (1954 წელს მან გუნდს ფიფას ოქროს თასი მოაგებინა), რომელსაც იმ დროისთვის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტი ჰელმუტ შიონისთვის დაეთმო, მკაცრად ითხოვდა ყველა რესურსი მხოლოდ და მხოლოდ შიდა პირველობის განვითარებას მოხმარებოდა, ქვეყნის მთავარი გუნდი კი კონტინენტურ შეჯიბრებებში მხოლოდ მაშინ ჩართულიყო, როცა სათანადოდ იქნებოდა მზად…

საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის ნაკრებთა ფინალური მატჩიდან ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სასტუმრო სენტ-გოტარდში ევროპის ერთა თასის II გათამაშების წილისყრა მოეწყო. უეფას მაღალჩინოსნებს ფიფას გენერალური მდივანი ჰელმუტ კეეზერი ეხმარებოდა, რომელიც სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

იმ შეხვედრაზევე ნათელი გახდა, რომ უეფას დანიელი პრეზიდენტი ებე შვარცი, უამრავი ოპონენტის გამო, მალე დატოვებდა თანამდებობას. მართლაც, სამ თვეში ის შვეიცარიელმა გუსტავ ვიედერკერმა შეცვალა.

იმის გამო, რომ მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, მერვედფინალისტების დასადგენად საკვალიფიკაციო ეტაპის გამართვა გადაწყდა. თავდაპირველად 29 გუნდიდან 26 დააწყვილეს, თასის მფლობელი სსრკ ნაკრები კი პირდაპირ მერვედფინალში დაუშვეს.

საბჭოთა ფეხბურთელთა მსგავსად, ამავე ეტაპზე თამაში გაინაღდეს ავსტრიამ და ლუქსემბურგმა, რომლებსაც წილისყრით ერგოთ ეს პატივი.

ბოლოს გამოავლინეს ოთხი ყველაზე სუსტი გუნდი – ალბანეთი, აღმოსავლეთ გერმანია (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა), ისლანდია და მალტა. ისინი შედარებით ძლიერ მეტოქეებთან განთესეს.

ყველაზე ძალიან საბერძნეთის ნაკრები დაზარალდა, რომელსაც მეტოქედ ალბანეთი ერგო. საქმე ისაა, რომ იმ წლებში ამ ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ალბანეთის ფეხბურთის მაღალჩინოსნები ნეიტრალურ მინდორზე თამაშს დათანხმდნენ, თუმცა ბერძნებმა ეს ვარიანტი იუარეს. მეტიც: ისინი მეტოქედ სხვა გუნდს ითხოვდნენ. მოლაპარაკება 1963 წლის იანვრამდე გაგრძელდა, შემდეგ კი, როცა ვერაფერს გახდა, უეფამ საბერძნეთის ნაკრები გათამაშებიდან მოხსნა. ალბანეთი უბრძოლველად გავიდა 1/8ფინალში.

მთავარი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ უნდა ითქვას, ესაა: უმრავლეს წყვილში დაძაბული თამაშები გაიმართა. გამონაკლისად მხოლოდ იტალია-თურქეთის და დანია-მალტის დაპირისპირებები უნდა მივიჩნიოთ – იტალიამ შინ 6:0 სძლია მეტოქეს, სტუმრად კი 1:0 მოგებით დაკმაყოფილდა. არანაკლებ დამაჯერებლად იმარჯვეს დანიელებმა – შინ 6:1 სძლიეს კუნძულელებს, სტუმრად – 3:1. აქვე გეტყვით, რომ სკუადრა აძურას თავდამსხმელი ალბერტო ორლანდო გახდა პირველი, ვინც ევროჩემპიონატის ეგიდით პოკერის შესრულება შეძლო – 6:0 მოგებულ მატჩში თურქები ოთხჯერ დასაჯა!
საკვალიფიკაციო ეტაპზე მოულოდნელობებიც დაფიქსირდა: წინა გათამაშების მესამეადგილოსანი ჩეხოსლოვაკია და… ინგლისის ნაკრები დამარცხდნენ!

ევროპის ერთა თასზე ინგლისელთა დებიუტი თამამად შეიძლება შევადაროთ მათ გამოჩენას ფიფას მსოფლიო თასზე. 1950 წელს, ბრაზილიაში, მსოფლიოს IV პირველობაზე ინგლისი ტურნირს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან სენსაციური მარცხის შემდეგ გამოეთიშა – 0:1.

კონტინენტური პირველობა მათთვის არანაკლებ მტკივნეულად დასრულდა – გუნდს საფრანგეთთან მოეცარა ხელი. არადა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც 1963 წელს საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავდა, იმედოვნებდა, რომ მრგვალ თარიღს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც დაემატებოდა.

ინგლისელებმა ფრანგებს პირველ მატჩში შეფილდში, ჰილსბროზე უმასპინძლეს – ფრე 1:1. ეს პაექრობა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, უოლტერ უინტერბოთომისთვის უკანასკნელი გამოდგა – ის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გუნდს და ამ თამაშის შემდეგ გუნდიდან წავიდა.

ასოციაციამ, ასზე მეტი კანდიდატურის განხილვის შემდეგ, საბოლოო არჩევანი 43 წლის ალფ რემსიზე შეარჩია – საფრანგეთში საპასუხო მატჩზე გუნდი სწორედ მან წაიყვანა. მის სასარგებლოდ იფსვიჩ თაუნში მიღწეული შედეგები მეტყველებდა – მეორე დივიზიონის საშუალო დონის გუნდი ახალგაზრდა მწვრთნელმა სამ წელიწადში ქვეყნის ჩემპიონად აქცია!

მაგრამ ინგლისის მთავარ გუნდში მისი დებიუტი კატასტროფით დასრულდა – 2:5!

„საფრანგეთის ნაკრებს ლამაზ გამარჯვებას ვულოცავ და თასის მოგებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემ გუნდს, ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს – 3 წლის შემდეგ ფიფას ოქროს თასი უნდა მოვიგოთ. მზადებას კი ახლავე ვიწყებთ“! – თქვა რემსიმ.

მაშინ მისი სიტყვები პრესას სასაცილოდ არ ეყო, თუმცა გავიდა სამი წელიწადი და ინგლისელებმა მართლაც მოიგეს უდიდესი საფეხბურთო ტურნირი. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, დედოფალმა ელიზაბეტ II მას რაინდის წოდება უბოძა…

წინა გათამაშების ბრინჯაოსმედალოსან ჩეხოსლოვაკიას მეტოქედ მაჩანჩალებს შორის მოხვედრილი გდრის ნაკრები ერგო. გამარჯვებას ყველა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა უნგრელი კაროი შოოშის გაწვრთნილმა აღმოსავლეთგერმანელებმა ბებერ კონტინენტს უდიდესი სიურპრიზი შესთავაზეს.

პირველ შეხვედრას ბერლინმა უმასპინძლა. მასპინძლებმა დიტერ ერლერის და კურტ ლიბრეხტის გოლებით 2:1 მოიგეს.

პრაღაში გამართულ საპასუხო თამაშში ჩეხოსლოვაკიელები აქტიურობდნენ, 66ე წუთზე ვაცლავ მაშეკმა გოლიც გაიტანა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე პეტერ დუკემ ანგარიში გაათანაბრა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა – სტუმართა ფორვარდმა გამოცდილი მცველის იან პოპლუხარის და მეკარე ვლადიმირ მოკროხაისკის უხეში შეცდომით ისარგებლა.

ბულგარეთის და პორტუგალიის ნაკრებთა პაექრობისას, ტურნირის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა: გამაჯვებულის გამოსავლენად პირველად დაინიშნა მესამე მატჩი! სოფიასა და ლისაბონში მასპინძლებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვეს, დამატებით შეხვედრაში კი აღმოსავლეთევროპელებმა ყველა დროის საუკეთესო ბულგარელის, გეორგი ასპარუხოვის ერთადერთი და გვიანი, 86ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. სათქმელია, რომ პირველ მატჩში ასპარუხოვმა დუბლი შეასრულა.

სხვა წყვილებს რაც შეეხება, შვედებმა მეზობელი ნორვეგიელები დაამარცხეს (2:0, 1:1), ირლანდიელებმა ისლანდია ჩამოიშორეს გზიდან (4:2, 1:1), ჩრდილოირლანდიელებმა პოლონელებს ორჯერ სძლიეს ერთნაირი ანგარიშით (2:0, 2:0), ესპანელებმა უპრობლემოდ აჯობეს რუმინელებს (6:0, 1:3), კონტინენტის ვიცე-ჩემპიონმა იუგოსლავიამ ბელგია შეაჩერა (3:2, 1:0), ხოლო ნიდერლანდებმა – შვეიცარია (3:1, 1:1).

1/8ფინალის წილისყრა 1963 წლის მარტში გაიმართა. თასის მფლობელი სსრკ ნაკრები ტიტულის დაცვას სწორედ აქედან შეუდგა – მეტოქედ იტალია ერგო. სხვა წყვილები კი ასე დაკომპლექტდა: ესპანეთი-ჩრდილოეთ ირლანდია, იუგოსლავია-შვედეთი, დანია-ალბანეთი, ლუქსემბურგი-ნიდერლანდები, ავსტრია-ირლანდია, ბულგარეთი-საფრანგეთი, გდრ-უნგრეთი.

ჩილეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც კონტინენტის უძლიერესმა გუნდმა საბჭოთა კავშირმა შინაურ დიდმოხელეთა აზრით არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, მთავარმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა კიდევ ერთხელ დატოვა თანამდებობდა.

საბჭოთა სპორტის მაღალჩინოსნები მისი შემცვლელის მოძებნას არ ჩქარობდნენ – 1963 წლის ივლისამდე გუნდი უთავკაცოდ იყო, შემდეგ კი რჩეული ფეხბურთელების მომზადება კონსტანტინ ბესკოვს დაავალეს. თანაშემწეებად მას ნიკოლაი გლებოვი და ნიკიტა სიმონიანი შეურჩიეს.

სსრკ ნაკრების მეტოქე იმ დროისთვის ცნობილი იყო – იტალია. ასევე ცხადი იყო ბესკოვის მთავარი მიზანი: გუნდი ინგლისში, 1966 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესოდ უნდა მომზადებულიყო. სკუადრა აძურასთან კარსმომდგარი პაექრობა ერთ-ერთ საამისო ეტაპად განიხილებოდა.

ევროპის თასის მფლობელმა იტალიასთან პირველ მატჩამდე 7 შეხვედრა გამართა: ნორვეგიის, თურქეთის, დანიის, უნგრეთის და რუმინეთის კლუბების ნაკრებ გუნდებთან წაივარჯიშა და ცხადია გაიმარჯვა, ოდესაში იაპონია გაასწორა მიწასთან – 8:0, მოსკოვში კი უნგრეთთან 1:1 ითამაშა.

ჩილეში განცდილი კრახის შემდეგ მონდომებით ემზადებოდა იტალიაც – აპენინელებმა ამხანაგურ შეხვედრებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ბრაზილიას 3:0 სძლიეს (მილანში გამართულ თამაშში ფეხბურთის მეფე პელე გააძევეს მინდვრიდან), მცირე ხანში კი არგენტინელებიც დაამარცხეს.

სკუადრა აძურასთან პირველ მატჩში, მოსკოვში, ბესკოვმა ნაკრების კარი ქუთაისის ტორპედოს ტანმაღალ მეკარე რამაზ ურუშაძეს ანდო. მწვრთნელის გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო, თუმცა წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში, მთავარმა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდ გამოსვლაში იაშინს ადანაშაულებდნენ, ძალიან ცუდი პრესა ჰქონდა, ყველა აკრიტიკებდა და მინდოდა ეს აგრესია ცოტათი მაინც გამენელებინაო…

მასპინძლებმა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში, რაც იტალიისთვის მოულოდნელობა იყო. 42ე წუთისთვის სტუმრები ორი ბურთით აგებდნენ: ჯერ ვიქტორ პონედელნიკმა, შემდეგ კი იგორ ჩისლენკომ გამოიჩინეს თავი. სკუადრა აძურას სახელგანთქმულმა დაცვის ხაზმა – ჩეზარე მალდინი, ჯოვანი ტრაპატონი, ჯაჩინტო ფაკეტი, ალესანდრო სალვადორე, არისტიდე გუარნერი – მასპინძელთა თავდასხმასთან ვერაფერი გააწყო. სათქმელია, რომ იტალიელებმა ცხრა ფეხბურთელით დაასრულეს თამაში: ენძიო პასკუტი მსაჯმა გააძევა, ანჯელო-ბენედიქტო სორმანიმ კი ტრავმის გამო დატოვა მინდორი.

საპასუხო თამაშში მასპინძელთა თავკაცმა ედმონდო ფაბრიმ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა, ყველას ბოლომდე ბრძოლა მოსთხოვა და ფეხბურთელებმაც კარგად დაიწყეს თამაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული ლევ იაშინი იმ დღეს სასწაულებს ახდენდა: I ნახევარში ჯერ ანჯელო დომენგინის არ გაატანინა 5 მეტრიდან – საოცარი ნახტომით მოიგერია ბურთი კუთხურზე, შესვენებამდე მცირე ხნით ადრე კი ფაკეტის სახიფათო თავური დარტყმა უკუაგდო.

33ე წუთზე პირთამდე სავსე რომის ოლიმპიური სტადიონი დადუმდა: პონედელნიკის ნაცვლად თავდასხმაში გამწესებულმა გენადი გუსაროვმა გამოცდილ ტრაპატონის აჯობა და მეკარე ჯულიანო სარტის შანსი არ დაუტოვა – 0:1.

57ე წუთზე შვეიცარიელმა მსაჯმა დანიელ მერემ იაშინის კარში პენალტი დანიშნა: ალბერტ შესტერნიოვი ჯაკომო ბულგარელის წინააღმდეგ უხეშობაში დაადანაშაულა. ბურთთან არავინ მიდიოდა, საბოლოოდ კი კაპიტანმა სალვადორემ მილანის ინტერის ამომავალ ვარსკვლავს სანდრო მაცოლას დაავალა 11მეტრიანის შესრულება. და იაშინმა მისი დარტყმული ბურთიც მოიგერია!

ფაბრის გუნდმა მარცხს მხოლოდ ბოლო წამებზე დააღწია თავი – ჯანი რივერამ გაათანაბრა ანგარიში, მატჩის გმირ იაშინს კი რამდენიმე დღეში ოფიციალურად უხმეს მსოფლიოს ნაკრებში – 1963 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა და მოსკოვის დინამოს კარის დარაჯმაც უემბლიზე, უდიდესი ვარსკვლავების მხარდამხარ იასპარეზა…

სსრკ-იტალიის დაპირისპირება, ეჭვგარეშეა, ყველაზე საინტერესო მერვედფინალური პაექრობა იყო, თუმცა ყველაზე სენსაციური – არავითარ შემთხვევაში.

თუ რამეზე ითქმის მოულოდნელი, ეს ლუქსემბურგელების მიერ ნიდერლანდელთა ძლევაა: შინ 1:1ის შემდეგ ევროპის ჯუჯა სახელმწიფოს რჩეული მოთამაშეები ტიტების ქვეყანას ეწვივნენ და ცხვირაწეულ მასპინძლებს სილა გააწნეს – 2:1!

როტერდამული თამაშის გმირად სტუმართა ცენტრფორვარდი კამირ დიმერი იქცა: მან ორად ორი შეტევა ამდენივე ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – მე20 წუთზე ანგარიში გახსნა, 70ზე კი გამარჯვებისა შეაგდო! ლუქსემბურგის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ეს იყო და ეს – მომდევნო ევრომატჩი მათ მხოლოდ 35 წლის შემდეგ მოიგეს.

გდრის და უნგრეთის პირველი თამაში, რომელშიც სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს, იმითაა გამორჩეული, რომ პირველი დარტყმა, სიმბოლური, პირველმა კოსმონავტმა ქალმა ვალენტინა ტერეშკოვამ შეასრულა – ის სახელგანთქმულ იური გაგარინთან ერთად ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში მოგზაურობდა და იმ თამაშსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო… საპასუხო პაექრობა 3:3 დასრულდა. უნგრელთა ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ფერენც ბენემ ორივე შეხვედრაში თითო გოლი გაიტანა.

საფრანგეთმა ბულგარეთს ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია: სოფიაში მასპინძლებმა იმარჯვეს 1:0, პარიზში მამლებმა – 3:1. საგულისხმოა, რომ ეს გუნდები მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბულგარელები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ…

თუ ირლანდიელებმა ავსტრიელებს სძლიეს (0:0, 3:2), ჩრდილოირლანდიელები ესპანელებთან დამარცხდნენ – 1:1, 0:1. პირენეელებმა შინ ვერ მოახერხეს გამარჯვება – ამანსიო ამაროს გოლი ირვინმა გაქვითა. სამაგიეროდ ესპანელებმა ბელფასტში გაიხარეს: რეალის ლეგენდარულმა გარემარბმა ფრანსისკო პაკო ხენტომ 66ე წუთზე ერთადერთი ბურთი შეაგდო.

პირველი გათამაშების ფინალისტი იუგოსლავია შვედეთთან დამარცხდა. პირველი შეხვედრა ბელგრადში 0:0 დასრულდა, მალმიოში კი სკანდინავიელებმა 3:2 გაიმარჯვეს მიუხედავად იმისა, რომ 23ე წუთისთვის აგებდნენ – ერიან პერსონმა დუბლი მიითვალა, გამარჯვების გოლი კი ჰარი ბილდმა შეაგდო.

სათქმელია, რომ ფრანს ფუტბოლმა შვედეთის ნაკრები 1963 წლის შედეგებით კონტინენტის უძლიერეს გუნდად დაასახელა. სკანდინავიელებმა იმ წელს 9 შეხვედრა გამართეს და ერთიც არ წააგეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, უნგრეთის, იუგოსლავიის და საბჭოთა ნაკრებებს კი სძლიეს.

1/4ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: დანია-ლუქსემბურგი, ესპანეთი-ირლანდია, საფრანგეთი-უნგრეთი და სსრკ-შვედეთი.

მერვედფინალში ალბანეთის მძლეველმა დანიამ (4:0, 0:1) პირველმა მოიპოვა ბოლო, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. დანიის და ლუქსემბურგის ფეხბურთის მამებმა მეოთხედფინალები 1964 წლის გაზაფხულის ნაცვლად, 1963 წლის დეკემბერში გამართეს.

პირველი მატჩი 3:3 დასრულდა – დინამიტების (დანიის ნაკრების მეტსახელი) თავდამსხმელმა ულე მადსენმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მეორედ ამ გათამაშებაში (პირველი მალტასთან). სკანდინავიაში კვლავ ფრე, 2:2 – მადსენმა ამჯერად დუბლი მიითვალა.

მესამე და გადამწყვეტ მატჩში მოედნის არჩევის უფლება ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციას ერგო და მათაც ამსტერდამის ოლიმპიური სტადიონი დაასახელეს. დათოვლილ მოედანზე დანიელებმა, როგორც იქნა, გატეხეს მოწინაამდეგე – 1:0. გოლი, ძნელი გამოსაცნობი არაა რომ კვლავ ულე მადსენმა შეაგდო. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ის 11 ზუსტი დარტყმით საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ლუქსემბურგელთა კარში გატანილი 6 ბურთის გარდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ოთხჯერ დაამწუხრა მალტელები, მერვედფინალში კი ალბანელებსაც გაუტანა.

ევროპის II ჩემპიონატის დანარჩენი სამი ფინალისტი 1964 წლის გაზაფხულზე გაირკვა.

ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ახალი მწვრთნელის ხოსე ვილიალონხას ხელში სულ უფრო ძლიერდებოდა, ირლანდია არ დაინდო: სევილიაში 5:0 გაანადგურა (ამანსიო ამაროს და მარსელინიო მარტინესის დუბლები), დუბლინში კი საბალიას გოლებით 2:0 მოიგო. გუნდის თავკაცმა ნაკრებში აღარ უხმო ხენტოს – ჩათვალა, რომ სამეფო კლუბის გარემარბი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის უკვე ასაკოვანი იყო.

საფრანგეთის და უნგრეთის დაპირისპირებაში ფავორიტად აღმოსავლეთევროპელები ითვლებოდნენ და ეს შემთხვევითი რომ არ იყო, დამტკიცდა: ლაიოშ ბაროტის გუნდმა პარიზში 3:1 მოიგო – დიდებულად ითამაშა ბუდაპეშტის ფერენცვაროშის ლიდერმა ფლორიან ალბერტმა, შინ კი 2:1 – ფერენც ბენემ კვლავ გამოიჩინა თავი.

ჩემპიონს, სსრკ ნაკრებს მეტოქედ 1962 წლის სექტემბრის შემდეგ დაუმარცხებელი შვედეთი ერგო.

სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლენარტ ნიუმანმა მეოთხედფინალური მატჩებისთვის გუნდში დააბრუნა ვეტერანი ფორვარდი, 33 წლის კურტ ჰამრინი, ვინც იმ დროს ჩინებულად თამაშობდა ფლორენციის ფიორენტინაში. არანაკლებ კარგ ფორმაში იყვნენ რომას თავდამსხმელი ორვარ ბერგმარკი და მადრიდის რეალში მოხვედრილი აგნე სიმონსონი.

პირველი მატჩი სტოკჰოლმში, რასუნდაზე შედგა და 1:1 დასრულდა. გოლები შესვენების შემდეგ გავიდა: 62ე წუთზე ვალენტინ ივანოვმა არვიდსონს აჯობა და ანგარიში გახსნა, 87ე წუთზე კი ჰამრინმა გაათანაბრა – მარტინსონის დარტყმის შემდეგ მცველები და მეკარე შეცდნენ და გამოცდილმა ფორვარდმაც ყველას დაასწრო.

საპასუხო მატჩამდე, რომელიც ორი კვირის თავზე გაიმართა, სსრკ და შვედეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დაუპირისპირდა ერთმანეთს: ქვეყნის ფეხბურთის კავშირის 75 წლის იუბილე უეფას და სკანდინავიის ნაკრებთა მატჩით აღინიშნა. რჩეულ ევროპელთა შორის ლევ იაშინმა და ვალერი ვორონინმა იასპარეზეს, სკანდინავიის ნაკრებში კი შვედებმა იოჰანსონმა, რუსანდერმა, ებერგმა და ბილდმა ითამაშეს…

27 მაისს, მოსკოვში, ვ.ი.ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 100 ათასზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა. თამაშის წინ იაშინს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ოქროს ბურთი გადასცეს – მოსკოვის დინამოს ლეგენდარული მეკარე ფრანს ფუტბოლის მთავარმა რედაქტორმა მაქს იურბინმა დააჯილდოვა (იაშინი დღემდე ერთადერთი მეკარეა, ვინც ეს პრიზი მოიგო).

მასპინძელთა თავკაცმა ბესკოვმა ზუსტად იგივე ტაქტიკური განლაგება აირჩია, რაც მერვედფინალში იტალიასთან – ძირითადში 5 ფორვარდი გაამწესა!

რისკმა სასურველი შედეგი მოიტანა – მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს და გარდა იმისა, რომ კვლავ მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე, შვედების დაუმარცხებელი სერიაც დაასრულეს.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 აპრილი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian