ევროისტორია: 1964 – ათიანში
გათამაშებას ესპანეთი რომ უმასპინძლებდა, ნახევარფინალის წილისყრამდე გაცხადდა: უეფამ ცერემონიის ხელმძღვანელად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ესპანური მხარის თავმჯდომარე აგუსტინ პუხოლი დანიშნა.
გაირკვა, რომ თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს ბარსელონაში, კამპ ნოუზე ჩაატარებდა, ამავე ეტაპის მეორე დაპირისპირება კი მადრიდში, განახლებულ ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართებოდა.
დედაქალაქში ასპარეზობის პატივი, ცხადია, ესპანეთის ნაკრებს ხვდა წილად – უნგრეთს დაუხვდა.
მასპინძლებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს თამაში: სუარესი და ამანსიო ზედიზედ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს და თუ გოლი ვერ გაიტანეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ უნგრელთა მეკარის ატილა სენტმიხაის ჩინებული თამაშის გამო.
36ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა: იმ წლების ევროპის უძლიერესი კლუბის, მილანის ინტერის ერთ-ერთმა ლიდერმა ლუის სუარესმა დროული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა პერედა და მანაც ზუსტად დაარტყა – 1:0.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები უფრო გააქტიურდნენ, შესვენების შემდეგ უნგრელებმა თამაში გაათანაბრეს, ფლორიან ალბერტმა გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, 85ე წუთზე კი ფერენც ბენემ საპასუხო ბურთი მაინც შეაგდო – 1:1.
დამატებით დროში მას კიდევ ორჯერ შეეძლო ხოსე ანხელ ირიბარის კარის დალაშქვრა, თუმცა საბოლოოდ მაინც მასპინძლებმა გაიხარეს: 112ე წუთზე ამანსიო მეურვეს დაუსხლტა და თავი არ შეირცხვინა – 2:1.
მეორე ნახევარფინალი, რომელშიც სსრკ ნაკრები ფინალური ეტაპის მონაწილეთაგან უსუსტეს დანიას დაუპირისპირდა, მადრიდული პაექრობის დასრულებიდან ორსაათნახევარში დაიწყო.
პირველი წყვილისგან განსხვავებით, რომელშიც გამარჯვებულის გამოცნობა ჭირდა, აქ ყველა საბჭოელთა ზეობას ელოდა. ოთხი წლის წინანდელის დარად, სსრკ ნაკრებმა ნახევარფინალი კვლავ დამაჯერებლად მოიგო: ვალერი ვორონინის, ვიქტორ პონედელნიკის და ვალენტინ ივანოვის გოლებს პაულ პეტერსენის გუნდმა ვერაფრით უპასუხა – 3:0.
ბრინჯაოს მედლები 20 ივნისს ბარსელონაში გათამაშდა. უნგრელებმა დანიური დინამიტის გატეხვა მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს: დეშო ნოვაკმა 107ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი და კიდევ ერთხელ დააწინაურა გუნდი – 2:1, 4 წუთში კი მანვე მესამე და ბოლო გოლი გაუტანა ლეიფ ნილსენს – 3:1.
ფინალი
ევროპის ერთა თასის მეორე გათამაშების გადამწყვეტი მატჩი 21 ივნისს შედგა: სანტიაგო ბერნაბეუს ტრიბუნები მთლიანად შეივსო – ფინალის ხილვა თითქმის 80 ათასმა გულშემატკივარმა ისურვა. და მათ შორის იყო კაუდილიოც – დიქტატორი ფრანკო.
ისევე როგორც ნახევარფინალი, ესპანელებმა გადამწყვეტი მატჩიც იერიშებით დაიწყეს: ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ლევ იაშინს ზედიზედ მოუხდა თამაშში ჩართვა, თუმცა მე7 წუთზე ხესუს მარია პერედას დარტყმისგან კარი მაინც ვერ იხსნა – 1:0. ბურთი მეკარის საჯარიმოში ლუის სუარესმა ჩაჰკიდა, შესტერნიოვი და შუსტიკოვი მოგერიებისას შეცდნენ – პირველს ბურთი თავზე გადაევლო, მეორეს ფეხზე მოხვდა, კარის წინ მეურვის გარეშე დარჩენილ პერედას კი ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია.
რამდენიმე წამში ყველაფერი თავიდან დაიწყო: ედუარდ მუდრიკის ჩაწოდების შემდეგ გალიმზიან ჰუსაინოვმა ძლიერად დაარტყა, ბურთი ხოსე ანხელ ირიბარს ფეხებშუა გაუძვრა და… – 1:1. ესპანელებმა კვლავ შეუტიეს, იაშინმა ზედიზედ დაამწუხრა ლაპეტრა, მარტინესი, ამანსიო, პერედა…
თამაშის დასრულებას ზუსტად 6 წუთი უკლდა, როცა ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა იხუვლეს: პერედას ჩაწოდების შემდეგ მარსელინიო მარტინესმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო – 2:1!
რამდენიმე წუთში ევროპის ერთა თასის II გათამაშების გამარჯვებულიც გაირკვა: ესპანეთი.
22 ივნისს ტრიუმფატორებს და ვერცხლისმედალოსნებს ესპანეთის მეფემ უმასპინძლა, შინ დაბრუნებულ საბჭოთა კავშირის ნაკრებს კი სპორტკომიტეტის მაღალჩინოსნებმა ფრანკოს ესპანეთში მარცხის გამო „აღმზრდელობითი ლექცია“ წაუკითხეს.
რაც შეეხება ნაკრების მთავარ მწვრთნელ კონსტანტინ ბესკოვს, მას, საბჭოთა ტრადიციისამებრ, თანამდებობა დაატოვებინეს. იმ დღეებში არავის ახსოვდა 1962 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვით ბესკოვს გუნდი მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადებინა და ევრო 64 მიზნისკენ სავალ გზაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეტაპი იყო…
ევრო 1964
ესპანეთი, 17-21 ივნისი
1/2ფინალი: ესპანეთი 2:1 (დდ) უნგრეთი; სსრკ 3:0 დანია
მატჩი III ადგილისთვის: უნგრეთი 3:1 (დდ) დანია
ფინალი
21 ივნისი, 1964. ესპანეთი, მადრიდი, სანტიაგო ბერნაბეუ. 79 115
ესპანეთი 2:1 სსრკ
გოლები: 1:0 ხესუს მარია პერედა (7), 1:1 გალიმზიან ჰუსაინოვი (8), 2:1 მარსელინიო მარტინესი (84)
ესპანეთი: ხოსე ანხელ ირიბარი, ფელისიანო რივილია, ისაკიო კალიეხა, იგნასიო სოკო, ფერან ოლიველია (კაპ), ხოსეპ მარია ფუსტე, კარლოს ლაპეტრა, ლუის სუარესი, მარსელინიო მარტინესი, ხესუს მარია პერედა, ამანსიო ამარო
მწვრთნელი: ხოსე ვილიალონხა
სსრკ: ლევ იაშინი, ედუარდ მუდრიკი, ვიკტორ შუსტიკოვი, ალბერტ შესტერნიოვი, ვიკტორ ანიჩკინი, ალექსეი კორნეევი, ვალერი ვორონინი, იგორ ჩისლენკო, ვალენტინ ივანოვი (კაპ), ვიქტორ პონედელნიკი, გალიმზიან ჰუსაინოვი
მწვრთნელი: კონსტანტინ ბესკოვი
მსაჯები: არტურ ჰოლანდი (ინგლისი)
ჩემპიონი: ესპანეთის ნაკრები
მეკარეები: ხოსე ანხელ ირიბარ კარტახარენა (01.03.1943; ბილბაოს ატლეტიკი), სალვადორ სადურნი ურპი (03.04.1941; ბარსელონა)
მცველები: ფელისიანო რუის რივილია მუნიოსი (21.08.1935; მადრიდის ატლეტიკო), ფერნანდო ოლიველია პონსი (22.06.1936; ბარსელონა), ისასიო კალიეხა გარსია (08.04.1932; მადრიდის ატლეტიკო), სევერინო რეიხა ვასკესი (25.11.1938; სარაგოსას რეალი), იგნასიო სოკო ესპარსა (31.07.1939; მადრიდის რეალი)
ნახევარმცველები: ფრანსისკო ფერნანდეს როდრიგეს გალიეგო (03.03.1944; სევილია), ლუის მირამონტე სუარესი (02.05.1939; მილანის ინტერი, იტალია), ლუის დელ სოლ კასახარესი (15.04.1935; ტურინის იუვენტუსი, იტალია), ხოსე მარია ფუსტე ბლანკი (14.04.1941; ბარსელონა), ხუან მანუელ ვილია გუტიერესი (27.09.1938; სარაგოსას რეალი), ფრანსისკო გარსია გომეს პაკიტო (14.02.1938; ვალენსია)
თავდამსხმელები: მარსელინიო მარტინეს კაო (29.04.1940; სარაგოსას რეალი), კარლოს ლაპეტრა კოაროსა (29.11.1938; სარაგოსას რეალი), ხესუს მარია პერედა ლუის დე ტერმინიო (15.06.1938; ბარსელონა), ამარო ვარელა ამანსიო (17.10.1939; მადრიდის რეალი), პედრო საბალია-ბარკინი (29.07.1938; ბარსელონა)
მწვრთნელი: ხოსე ვილიალონხა ლიორენტე
უეფას სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
მეკარე: ლევ იაშინი (სსრკ)
მცველები: დეშო ნოვაკი (უნგრეთი), ფელისიანო რუის რივილია მუნიოსი (ესპანეთი), ფერნანდო ოლიველია პონსი (ესპანეთი), იგნასიო სოკო ესპარსა (ესპანეთი)
ნახევარმცველები: ამარო ვარელა ამანსიო (ესპანეთი), ლუის მირამონტე სუარესი (ესპანეთი), ვალენტინ ივანოვი (სსრკ)
თავდამსხმელები: ფერენც ბენე (უნგრეთი), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), ხესუს მარია პერედა (ესპანეთი)
ბომბარდირები
ხესუს მარია პერედა (ესპანეთი), დეშო ნოვაკი და ფერენც ბენე (ორივე უნგრეთი) – 2 გოლი
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 აპრილი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com