ევროისტორია: 1968 – ოქროს მონეტა

უეფამ ტურნირის მასპინძელი ტრადიციულად, ნახევარფინალისტების გამოვლენის შემდეგ დაასახელა – ეს პატივი იტალიას ხვდა წილად.
ასევე განიხილებოდა ინგლისის, შოტლანდიის და ესპანეთის ვარიანტები, თუმცა იმის გამო, რომ ესპანეთი და შოტლანდია ნახევარფინალისტთა შორის ვერ მოხვდნენ, ხოლო ინგლისმა ორი წლით ადრე უმასპინძლა ნიკეს ოქროს თასის გათამაშებას, არჩევანი იტალიაზე შეჩერდა.

გადაწყდა რომ ნახევარფინალები ნეაპოლსა და ფლორენციაში გაიმართებოდა, III ადგილისთვის მატჩს და ფინალს კი რომის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებდა.

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს საბჭოთა კავშირის ნაკრებს იტალიასთან ნახევარფინალური პაექრობის წინ რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე დააკლდა: ვალერი ვორონინი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს, იგორ ჩისლენკო, ვიქტორ ანიჩკინი და კაპიტანი მურთაზ ხურცილავა კი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან ოლიმპიური თამაშების შესარჩევ მატჩში დაშავდნენ. უნდა ითქვას, რომ სსრკ ოლიმპიური გუნდი იგივე პირველი ნაკრები იყო, ეგაა მხოლოდ რომ სახელი ჰქონდა სხვა. საბჭოთა ოლიმპიელები ჩეხოსლოვაკიელებს იტალიასთან ევრონახევარფინალამდე ოთხი დღით ადრე ეთამაშნენ. სსრკ საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელთა ასეთმა დაუდევრობამ საბოლოოდ ის მოიტანა, რომ პირველმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო, ოლიმპიური ნაკრები კი მეხიკოს თამაშებზე ვერ მოხვდა.

ნეაპოლში, გადაჭედილ სან პაოლოზე იტალიელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში: ჯანი რივერა, პიერინო პრატი, სანდრო მაცოლა და დაცვის ბურჯი ჯაჩინტო ფაკეტი არაერთხელ დაემუქრნენ პშენიჩნიკოვის კარს, თუმცა გოლის გატანა ვერც პირველ ტაიმში შეძლეს და ვერც შესვენების შემდეგ.

ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. დამატებითი ნახევარი საათიც უგოლოდ გაილია, თუმცა უკანასკნელ, 120ე წუთზე კინაღამ ორი გოლი გავიდა: ჯერ იყო და ევრიუჟიხინმა შეაზანზარა დინო ძოფის კარის ძელი, რამდენიმე წამში კი ანჯელო დომენგინის ძალიან ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სსრკ ნაკრების კარის ხარიხამ აისხლიტა.

დამატებითი დროის დასრულებისთანავე გერმანელმა არბიტრმა კურტ ჩეშნერმა კაპიტნები – ჯაჩინტო ფაკეტი და ალბერტ შესტერნიოვი – თავისთან იხმო. მათთან ერთად მსაჯთა ოთახში შევიდა უეფას მაღალჩინოსანი აგუსტინ პუხოლიც. ამ ოთხეულს, წესდებით, ფინალისტი მონეტის აგდებით უნდა გამოევლინა.

საბჭოთა კავშირის მთავარი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი წლების შემდეგ წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიწვალე, იმ ოთახში შესვლა მაინც შევძელი. ვხედავ პუხოლი შესტერნიოვს ეკითხება, მონეტის რომელი მხარე გინდა? ალბერტს ვეუბნები, პორტრეტი აირჩიე, პორტრეტი აირჩიე! ის კი გახევებული დგას. ისევ გავუმეორე დროზე აირჩიე-მეთქი, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია… ესპანელი ფაკეტის მიუბრუნდა და უთხრა, შენ აირჩიეო. მანაც დაუფიქრებლად თქვა, პორტრეტიო! აგუსტინ პუხოლმა მონეტა ააგდო და ძირს რომ დავარდა, ფაკეტიმ არაადამიანურად იღრიალა! იტალია ფინალში გავიდა“…

ევროპის ჩემპიონატის ფინალის მონაწილე ფრანგულმა ათფრანკიანმა მონეტამ გამოავლინა, პირველად და უკანასკნელად ტურნირის ისტორიაში.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა და უეფას მომავალმა თავკაცმა არტემიო ფრანკიმ თქვა: „ჩვენმა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნაკრები წაგებას ნაღდად არ იმსახურებდა“.

მეორე 1/2ფინალი სამი საათით გვიან დაიწყო: მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის და იუგოსლავიის პაექრობას ფლორენციაში 22ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო.

ერთადერთი გოლი დრაგან ჯაიჩმა გაიტანა 45ე წუთზე: გრძელი პასის შემდეგ ბურთი მინდორზე დაუშვებლად, ერთი დარტყმით გაახვია გორდონ ბექსის კარში – 1:0.

ინგლისელები მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ათნი დარჩნენ: ალან მალერიმ დობრივოე ტრივიჩის წინააღმდეგ ძალიან იუხეშა და მსაჯმა გააძევა. ის გახდა პირველი ევროპირველობების ისტორიაში, ვინც მინდვრიდან მიაბრძანეს. მალერი ასევე პირველი მოთამაშე იყო ინგლისის ნაკრების 105წლიან ისტორიაში, დროზე ადრე რომ დაატოვებინეს მოედანი.

აუცილებლად უნდა ითქვას იუგოსლავიის ნაკრების დებიუტანტ მიროსლავ მირკო პავლოვიჩზე – მას მწვრთნელმა ბობი ჩარლტონის მეურვეობა დააკისრა და ბელგრადის ცრვენა ზვეზდას ფეხბურთელმაც ჩინებულად გაართვა თავი დავალებას. იუგოსლავიის ნაკრები რვაწლიანი შესვენების შემდეგ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

წინა ორი ტურნირისგან განსხვავებით, იტალიაში ბრინჯაოს და ოქროს მედლები ერთ დღეს გათამაშდა და თან, ერთ სტადიონზე: ოლიმპიკო ორივე მატჩზე შეივსო!

III ადგილი ინგლისმა მოიგო: ბობი ჩარლტონმა და ჯეფრი ჰერსტმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს პშენიჩნიკოვს.

ფინალი

რაც შეეხება ფინალს, წესით გამარჯვებული იმ დღეს უნდა გარკვეულიყო, თუმცა კონტინენტის ახალი ჩემპიონი მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 10 ივნისს გამოვლინდა. საქმე ისაა, რომ 8 ივნისს გამართული გადამწყვეტი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ჯერ იუგოსლავიელები დაწინაურდნენ – 39ე წუთზე ჯაიჩმა დაარტყა ზუსტად, იტალიელებმა კი მხოლოდ 81ე წუთზე შეძლეს საპასუხო გოლის შეგდება: ანჯელო დომენგინიმ ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

იუგოსლავიელებმა გოლი გააპროტესტეს – აქაოდა, დომენგინიმ სასტვენამდე გაიტანა გოლიო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა, შვეიცარიელმა გოტფრიდ დინსტმა გადაწყვეტილება არ შეცვალა – 1:1.

თამაშის უკანასკნელ წუთზე დინო ძოფმა გაიბრწყინა – ჯაიჩს მეორე და გადამწყვეტი გოლის გატანა არ დაანება.

ორი დღის შემდეგ მეტოქეებმა ნახევრად ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს: თუ პირველ ფინალს 68 817 გულშემატკივარი დაესწრო, იმ დღეს ოლიმპიკოზე მხოლოდ 32 886 ქომაგი მივიდა.

განმეორებით ფინალში იტალიელთა უპირატესობა აშკარა იყო, რაც სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელის ვალკარეჯის გაბედული გადაწყვეტილებით თუ აიხსნება: მან ხუთი მოთამაშე შეცვალა! ახალწვეულთა შორის იყო სანდრო მაცოლაც, რომელიც იტალიის პირველი ევროტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი შეიქნა.

მე13 წუთზე მასპინძლები კალიარის თავდამსხმელმა ლუიჯი რივამ დააწინაურა – 1:0. მან შესარჩევ ჯგუფში 3 მატჩში 6 გოლი მიითვალა და საერთოდ, დღემდე სკუადრას მთავარი გოლეადორია.

32ე წუთზე ტიფოზებმა მეორედ გაიხარეს: პიეტრო ანასტაზიმ დაარტყა ზუსტად – 2:0.

მეტი გოლი აღარ გასულა და იტალიაც ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველად და, ჯერჯერობით ბოლოჯერ.

ეს იყო სკუადრა აძურას პირველი ტიტული 1938 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

ევრო 1968
იტალია, 5-10 ივნისი
1/2ფინალი: იტალია 0:0 (დდ) სსრკ (მონეტის აგდებით); იუგოსლავია 1:0 ინგლისი
მატჩი III ადგილისთვის: ინგლისი 2:0 სსრკ

ფინალი
8 ივნისი, 1968. იტალია, რომი, ოლიმპიკო. 68 817
იტალია 1:1 იუგოსლავია
გოლები: 0:1 დრაგან ჯაიჩი (39), 1:1 ანჯელო დომენგინი (81)
იტალია: დინო ძოფი, ტარციზიო ბურგნიჩი, ჯაჩინტო ფაკეტი (კაპ), ჯორჯო ფერინი, არისტიდე გუარნერი, ერნესტო კასტანო, ანჯელო დომენგინი, ანტონიო იულიანო, პიეტრო ანასტაზი, ჯოვანი ლოდეტი, პიერინო პრატი
მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
იუგოსლავია: ილია პანტელიჩი, მირსად ფაზლაგიჩი (კაპ), მილან დამიანოვიჩი, ბლაგოიე პაუნოვიჩი, დრაგან ჰოლცერი, მიროსლავ პავლოვიჩი, ილია პეტკოვიჩი, იოვან აჩიმოვიჩი, ვაჰიდინ მუსემიჩი, დობრივოე ტრივიჩი, დრაგან ჯაიჩი
მწვრთნლი: რაიკო მიტიჩი
მსაჯი: გოტფრიდ დინსტი (შვეიცარია)

განმეორებითი ფინალი
10 ივნისი, 1968. იტალია, რომი, ოლიმპიკო. 32 886
იტალია 2:0 იუგოსლავია
გოლები: 1:0 ლუიჯი რივა (13), 2:0 პიეტრო ანასტაზი (32)
იტალია: დინო ძოფი, ტარციზიო ბურგნიჩი, ჯაჩინტო ფაკეტი (კაპ), რობერტო როსატო, არისტიდე გუარნერი, ალესანდრო სალვადორე, ანჯელო დომენგინი, სანდრო მაცოლა, პიეტრო ანასტაზი, ჯანკარლო დე სისტი, ლუიჯი რივა
მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი
იუგოსლავია: ილია პანტელიჩი, მირსად ფაზლაგიჩი (კაპ), მილან დამიანოვიჩი, ბლაგოიე პაუნოვიჩი, დრაგან ჰოლცერი, მიროსლავ პავლოვიჩი, იდრის ჰოშიჩი, იოვან აჩიმოვიჩი, ვაჰიდინ მუსემიჩი, დობრივოე ტრივიჩი, დრაგან ჯაიჩი
მწვრთნლი: რაიკო მიტიჩი
მსაჯი: ხოსე მარია ორტის დე მენდებილი (ესპანეთი)

ჩემპიონი: იტალიის ნაკრები
მეკარეები: 1.ენრიკო ალბერტოზი (02.11.1939; ფლორენციის ფიორენტინა), 21.ლიდო ვიერი (16.07.1939; ტორინო), 22.დინო ძოფი (28.02.1942; ნაპოლი)
მცველები: 3.ანჯელო ანკილეტი (25.04.1943; მილანი), 4.ჯანკარლო ბერსელინო (09.10.1941; ტურინის იუვენტუსი), 5.ტარციზიო ბურგნიჩი (25.04.1939; მილანის ინტერი), 7.ერნესტო კასტანო (02.05.1939; ტურინის იუვენტუსი), 10.ჯაჩინტო ფაკეტი (18.07.1942; მილანის ინტერი), 12.არისტიდე გუარნერი (07.03.1938; ბოლონია), 19.რობერტო როსატო (18.08.1943; მილანი), 20.ალესანდრო სალვადორე (29.11.1939; ტურინის იუვენტუსი)
ნახევარმცველები: 6.ჯაკომო ბულგარელი (24.10.1940; ბოლონია), 8.ჯანკარლო დე სისტი (13.03.1943; ფლორენციის ფიორენტინა), 11.ჯორჯო ფერინი (18.08.1939; ტორინო), 13.ანტონიო იულიანო (01.01.1943; ნაპოლი), 19.ჯანი რივერა (18.08.1948; მილანი)
თავდამსხმელები: 2.პიეტრო ანასტაზი (07.04.1948; ვარეზე), 9.ანჯელო დომენგინი (25.08.1941; მილანის ინტერი), 14.ჯოვანი ლოდეტი (10.08.1942; მილანი), 15.ალესანდრო მაცოლა (08.11.1942; მილანის ინტერი), 16.პიერინო პრატი (13.12.1946; მილანი), 17.ლუიჯი რივა (07.11.1944; კალიარი)
მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი

უეფას სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
მეკარე: დინო ძოფი (იტალია)
მცველები: მირსად ფაზლაგიჩი (იუგოსლავია), ალბერტ შესტერნიოვი (სსრკ) ბობი მური (ინგლისი), ჯაჩინტო ფაკეტი (იტალია)
ნახევარმცველები: ანჯელო დომენგინი (იტალია), ივიცა ოსიმი (იუგოსლავია), ალესანდრო სანდრო მაცოლა (იტალია)
თავდამსხმელები: დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია), ჯეფრი ჰერსტი (ინგლისი), ლუიჯი რივა (იტალია)

ბომბარდირი
დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია) – 2 გოლი

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian