ევროისტორია: 1972 – ტორტიც, თასიც

უეფამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადაწყვიტა, რომ თუ ბელგია მეოთხედფინალურ ბარიერს დაძლევდა, დამაგვირგვინებელ ეტაპსაც მიიღებდა. სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდა ინგლისი და იტალია.
ბელგიამ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალია ჩამოიშორა გზიდან და ქვეყანამაც კონტინენტის პირველობისთვის მზადება დაიწყო.

ევროჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალები ერთსა და იმავე დროს დაიწყო: ბელგიელები დასავლეთგერმანელებს ანტვერპენში, ბოსიოლზე დაუხვდნენ, ბრიუსელის ემილ ვერსეზე კი საბჭოთა კავშირის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა. ზუსტად ამ მიზეზით ბრიუსელურ პაექრობას მხოლოდ 1 659 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ევროჩემპიონატების ფინალური ეტაპის ანტირეკორდია.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უნგრეთთან წარმატებული მატჩების სერია განაგრძო და ისევ გაიმარჯვა. ჩინებულად ითამაშა დაცვამ მურთაზ ხურცილავას და რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით.

სსრკ ნაკრებმა ანგარიშის გახსნამდე არაერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ 53ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა – ბაიდაჩნიმ ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი, უნგრელთა მცველმა პანჩიჩმა კი ის ცუდად მოიგერია და კონკოვმაც შეუჩერებლად დაარტყა – 1:0.

65ე წუთზე თამაშში ჩაერთო კიდევ ერთი თბილისის დინამოელი – გივი ნოდია, რომელმაც ანატოლი ბანიშევსკი შეცვალა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სსრკ ნაკრების კარში 11მეტრიანი დაინიშნა – აღმოსავლეთგერმანელმა არბიტრმა გლიონკერმა ჩათვალა, რომ ძოძუაშვილმა ფლორიან ალბერტთან ორთაბრძოლისას წესები დაარღვია და ამიტომ მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. ცნობისათვის: ევროპის 1967 წლის რჩეულ ფეხბურთელად აღიარებული ალბერტი სულ ბოლოს მოხვდა ფინალური ეტაპის განაცხადში…

პენალტის შესრულება შანდორ ზამბომ ითავა. დარტყმა სუსტი გამოდგა – ფეხბურთელი იმედოვნებდა, რომ მეკარე ბურთს ვერ მისწვდებოდა, მაგრამ რუდაკოვმა კუთხეც გამოიცნო და კარიც იხსნა…

ანტვერპენში გამართულ ნახევარფინალში არანაკლებ დრამატული ბრძოლა გაიმართა და, მიუხედავად იმისა რომ მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ მოგებას, საბოლოოდ ჰელმუტ შიონის გუნდმა გაიხარა – 2:1. ორივე გოლი გერდ მიულერმა შეაგდო.

III ადგილისთვის მატჩი 17 ივნისს შედგა ლიეჟში, მორის დეფრანის სახელობის სარბიელზე. გერმანელებთან წაგების შემდეგ ბელგიელ ქომაგებს ფეხბურთზე გული აუცრუვდათ და ამიტომაც, იმ თამაშს მხოლოდ 6 184 გულშემატკივარი დაესწრო. რაიმონ გუტალსის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და პირველად მოხვდა დიდი საფეხბურთო ტურნირის პრიზიორთა შორის.

მურთაზ ხურცილავა

მურთაზ ხურცილავა ერთადერთი ქართველია, რომელიც დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალში გუნდის კაპიტნის სტატუსით მონაწილეობდა

ფინალი

ევრო 72ის უკანასკნელი თამაში 18 ივნისს კი გაიმართა, მაგრამ სანამ გადამწყვეტ შეხვედრაზე დავწერ, მეტოქეთა ბოლო დაპირისპირებას შეგახსენებთ – იმავე წლის მაისში, მიუნხენში, ოლიმპიაშტადიონი გაიხსნა, მიუნხენი 72ის მთავარი მასპინძელი არენა და გერმანელებმა იმ თამაშისთვის სწორედ საბჭოთა ნაკრები მიიპატიჟეს.

ამხანაგური დაპირისპირება ბუნდესგუნდმა 4:1 მოიგო, გერდ მიულერმა კი 16 წუთში… 4 გოლი გაიტანა! თამაშის შემდეგ, ბანკეტზე, მეტოქეთა კაპიტნებმა ფრანც ბეკენბაუერმა და მურთაზ ხურცილავამ ოლიმპიაშტადიონის ფორმის ტორტიც გაჭრეს.

და იმ ამხანაგურიდან ერთი თვის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდები კვლავ ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ამჯერად ფსონი გაცილებით დიდი იყო – ევროპის ჩემპიონის წოდება.

ფავორიტად ჰელმუტ შიონის გუნდი ითვლებოდა და სრულიად სამართლიანად, 1972 წელს გფრის ნაკრებზე ძლიერი არავინ იყო და ეს ფინალურ საათნახევარშიც გამოჩნდა – 3:0 გერმანელთა სასარგებლოდ.

მომავალმა ჩემპიონებმა პირველად 27ე წუთზე გაიხარეს: ფრანც ბეკენბაუერმა დაცვიდან თავდასხმაში წაიწია და ბურთი გიუნტერ ნეტცერს მიაწოდა, რომელმაც თვალის დახამხამებაში დაარტყა. ევგენი რუდაკოვის კარი ხარიხამ იხსნა, ბურთი კი იქვე მდგომ იუპ ჰაინკესს მიუვიდა, რომელმაც ასევე უმალ გაისროლა. ამჯერად რუდაკოვმა იყოჩაღა, მაგრამ მიულერის დამატებულთან მეკარეც ვერას გახდა – 1:0.

მეორე ტაიმის სტარტზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა თითქოს გამოასწორა თამაში, მაგრამ მალე გერმანელთა ორ საპასუხო შეტევას ამდენივე გოლი მოჰყვა და თასის მფლობელიც საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე გაირკვა – ვიმერის და მიულერის მეორე გოლის შემდეგ ბრძოლა შეწყდა.

0:3ზე ხურცილავამ ხარიხას მოარტყა ბურთი, თუმცა თამაშის სცენარზე თბილისის დინამოელის ყუმბარისებურ დარტყმას დიდად არ უმოქმედია.

ავსტრიელი არბიტრის მარშალის საფინალო სასტვენმა ევროპას ახალი ჩემპიონის ვინაობა ამცნო!

ევრო 72ის საუკეთესო მოთამაშედ გიუნტერ ნეტცერი დასახელდა. მიონხენგლადბახის ბორუსიის ლიდერმა მცირედით აჯობა კაპიტანს, ფრანც ბეკენბაუერს და ფინალური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირს გერდ მიულერს – ნორდლინგელი დათუნია (მიულერის მეტსახელია) გახდა პირველი, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა.

სამშობლოში დაბრუნებული გერმანელები საფეხბურთო კავშირმა 25 ათასი მარკით და მერსედესის ავტომობილებით დააჯილდოვა, საბჭოთა ნაკრების წევრები კი პრესამ მიწასთან გაასწორა…

ევრო 1972
ბელგია, 14-18 ივნისი
1/2ფინალი: ბელგია 1:2 გფრ; სსრკ 1:0 უნგრეთი
მატჩი III ადგილისთვის: ბელგია 2:1 უნგრეთი

ფინალი
18 ივნისი, 1972. ბელგია, ბრიუსელი, ეიზელი. 43 066
გფრ 3:0 სსრკ
გოლები: 1:0 გერდ მიულერი (27), 2:0 ჰერბერტ ვიმერი (52), 3:0 გერდ მიულერი (58)
გფრ: ზეპ მაიერი, ფრანც ბეკენბაუერი (კაპ), ჰორსტ-დიტერ ჰიოტგესი, ჰანს-გეორგ შვარცენბეკი, პაულ ბრაიტნერი, ჰერბერტ ვიმერი, ული ჰიონესი, გიუნტერ ნეტცერი, იუპ ჰაინკესი, ერვინ კრემერსი, გერდ მიულერი
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
სსრკ: ევგენი რუდაკოვი, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა (კაპ), ვლადიმირ კაპლიჩნი, იური ისტომინი, ვლადიმირ ტროშკინი, ვიკტორ კოლოტოვი, ანატოლი კონკოვი (ოლეგ დოლმატოვი 46), ანატოლი ბაიდაჩნი, ანატოლი ბანიშევსკი (ედუარდ კოზინკევიჩი 66), ვლადიმერ ონიშჩენკო
მწვრთნელი: ალექსანდრ პონომარიოვი
გაფრთხილება: ვლადიმირ კაპლიჩნი, მურთაზ ხურცილავა
მსაჯი: ფერდინანდ მარშალი (ავსტრია)

ჩემპიონი: გფრის ნაკრები
მეკარეები: 1.ზეპ მაიერი (28.02.1944; მიუნხენის ბაიერნი), 22.ვოლფგანგ კლეფი (16.11.1946; მიონხენგლადბახის ბორუსია), 25.პიტერ კუნტერი (28.04.1941; ფრანკფურტის აინტრახტი)
მცველები: 2.დიტერ ჰიოტგესი (10.09.1943; ბრემენის ვერდერი), 3.პაულ ბრაიტნერი (05.09.1951; მიუნხენის ბაიერნი), 4.ჰანს-გეორგ შვარცენბეკი (03.04.1948; მიუნხენის ბაიერნი), 5.ფრანც ბეკენბაუერი (11.09.1945; მიუნხენის ბაიერნი), 14.ბერტი ფოგთსი (30.12.1946; მიონხენგლადბახის ბორუსია), 19.მიხაელ ბელა (29.09.1945; დუისბურგი), 21.კარლ-ჰაინც შნელინგერი (31.03.1939; მილანი, იტალია)
ნახევარმცველები: 6.ჰერბერტ ვიმერი (09.11.1944; მიონხენგლადბახის ბორუსია), 8.ული ჰიონესი (05.01.1952; მიუნხენის ბაიერნი), 10.გიუნტერ ნეტცერი (14.09.1944; მიონხენგლადბახის ბორუსია), 12.ვოლფგანგ ოვერატი (29.09.1943; კიოლნი), 15.რაინერ ბონჰოფი (29.03.1952; მიონხენგლადბახის ბორუსია), 16.ჰაინც ფლოე (28.01.1948; კიოლნი), 18.ჰორსტ კიოპელი (17.05.1948; შტუტგარტი), 24.ვილი ნოიბერგერი (15.04.1946; ბრემენის ვერდერი)
თავდამსხმელები: 7.იურგენ გრაბოვსკი (07.07.1944; ფრანკფურტის აინტრახტი), 9.იუპ ჰაინკესი (09.05.1945; მიონხენგლადბახის ბორუსია), 11.ერვინ კრემერსი (24.03.1949; გელზენკირხენის შალკე 04), 13.გერდ მიულერი (03.11.1945; მიუნხენის ბაიერნი), 17.იოჰანეს ლიორი (05.07.1942; კიოლნი), 20.ზიგფრიდ ჰელდი (07.08.1942; ოფენბახის კიკერი), 23.ბერნდ ჰოლცენბაინი (09.03.1946; ფრანკფურტის აინტრახტი)
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი

უეფას სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
მეკარე: ევგენი რუდაკოვი (სსრკ)
მცველები: ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), პაულ ბრაიტნერი (გფრ), მურთაზ ხურცილავა (სსრკ), რევაზ ძოძუაშვილი (სსრკ)
ნახევარმცველები: ული ჰიონესი (გფრ), გიუნტერ ნეტცერი (გფრ), ჰერბერტ ვიმერი (გფრ)
თავდამსხმელები: გერდ მიულერი (გფრ), იუპ ჰაინკესი (გფრ), როლ ლამბერტი (ბელგია)

ბომბარდირი
გერდ მიულერი (გფრ) – 4 გოლი


ლაშა
გოდუაძე (2021 წლის 9 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian