ევროისტორია: 1984 – პლატინიადა
ევროპის მეშვიდე ჩემპიონატში მონაწილე რვა გუნდი A და B ჯგუფებში 1984 წლის 10 იანვარს გადანაწილდა. წილისყრის ცერემონია პარიზში, სასტუმრო ჰილტონის დიდ დარბაზში, დორფეიში გაიმართა.
ღონისძიებას უეფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანგი ჟაკ ჟორჟი გაუძღვა. საქმე ისაა, რომ არტემიო ფრანკი 1983 წლის 12 აგვისტოს, სიენასთან მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.
უეფას XVII კონგრესამდე, რომელიც 1984 წლის ივლისში იყო დანიშნული, უეფას ჟორჟი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩიეს.
წილისყრის წინ ოთხი ნაკრები განითესა: პირველი ნომერი ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს ერგო, მეორე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ გერმანიას, რომელიც ამავდროულად ევროპის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, მეოთხე – იუგოსლავიას, ხოლო მერვე – ესპანეთს. ამ უკანასკნელთ ეს პატივი მხოლოდ იმიტომ ერგოთ, რომ ორი წლით ადრე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს.
საბოლოოდ A ჯგუფში საფრანგეთი, ბელგია, დანია და იუგოსლავია მოხვდნენ, ხოლო Bში გფრ, ესპანეთი, დანია და პორტუგალია.
წილისყრის პარალელურად უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღო.
წინა ტურნირისგან განსხვავებით, როცა ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში გადიოდნენ, ამჯერად გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის შანსი I-II ადგილოსნებს ჰქონდათ: ოთხი საუკეთესო გუნდის გზა ნახევარფინალში იკვეთებოდა და ფინალისტები მხოლოდ ამის შემდეგ ვლინდებოდნენ. რაც შეეხება III ადგილისთვის მატჩს, ის, როგორც ევრო 80ის შემდეგ ითქვა, გაუქმდა.
ამას გარდა: გუნდებს ოფიციალურ განაცხადში 22ის ნაცვლად მხოლოდ 20 მოთამაშის შეყვანის უფლება მისცეს.
სიახლე იყო ისიც, რომ ჯგუფებში მატჩები ერთსა და იმავე დღეს ტარდებოდა. თუ პირველ ორ ტურში თამაშები სხვადასხვა დროს იყო დანიშნული, მესამე ტურში მატჩები პარალელურად უნდა დაწყებულიყო. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე, გფრ-ავსტრიის საშინელი თამაშით იყო ნაკარნახევი.
ახლავე უნდა ვთქვა, რომ ევრო 1984 ტურინის იუვენტუსის და საფრანგეთის ნაკრების ლიდერის მიშელ პლატინის ბენეფისად იქცა: ფრანგთა დიდებულმა ათიანმა, რომელმაც 1983 წელს პირველად მოიგო ევროპის რჩეული ფეხბურთელისთვის დაწესებული ოქროს ბურთი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა!
პირველ მატჩში საფრანგეთი ზეპ პიონტეკის დანიას დაუპირისპირდა. რთული თამაში გამოდგა, მაგრამ მიშელ იდალგოს გაწვრთნილმა გუნდმა მაინც მოიგო – ერთადერთი ბურთი 78ე წუთზე გაიტანა… პლატინიმ.
ცნობისათვის: 43ე წუთზე დანიელთა ლიდერი ალან სიმონსენი დაშავდა. მოვიანებით დადგინდა, რომ მან ფეხი მოიტეხა და შედეგად, ევროპის 1977 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა.
ჯგუფის მეორე მატჩში ევრო 80ის ფინალისტმა ბელგიამ 2:0 აჯობა იუგოსლავიას. საინტერესოა, რომ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა გი ტისმა საფრანგეთში შესანიშნავი მცველები არ იახლა – ერიკ გერეტსი და ვალტერ მეუვსი. ბელგიის საფეხბურთო კავშირმა ისინი სხვადასხვა სახის მაქინაციებში ამხილა, მათ გარდა კი კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაისაჯა…
A ჯგუფის მეორე ტურის თამაშებში 10(!) გოლი გავიდა: სამფეროვნებმა 5:0 გაანადგურეს ბელგია (მიშელ პლატინის ჰეთ-თრიქი), დანიამ კი ამავე ანგარიშით სძლია იუგოსლავიას, რომელიც… პირველი გამოეთიშა ევროჩემპიონატს.
III ტურშიც 10(!!) გოლი გავიდა და ამ შემთხვევაშიც ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით დასრულდა: საფრანგეთმა იუგოსლავია, ხოლო დანიამ ბელგია 3:2 დაამარცხა.
პლატინი დიდებული იყო: ისევ ჰეთ-თრიქი მიითვალა! ის დღემდე ერთადერთია, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე ორჯერ გაიტანა თამაშში 3 გოლი…
დანიაზე კი კარგის მეტი არაფერი ითქმის: 38ე წუთისთვის გუნდი ორი ბურთით აგებდა, მაგრამ მოახერხა და თამაში გადაარჩინა – მე40 წუთზე ფრენკ არნესენმა პენალტით შეამცირა ჩამორჩენა, მე60 და 84ე წუთებზე კი პრებენ ელკიაერ-ლარსენმა შეასრულა დუბლი.
პირველ ოთხეულთან შედარებით B ჯგუფის მატჩები ნაკლებად საინტერესო გამოდგა და როგორც ეკიპმა დაწერა, ეს იყო ჯგუფი, რომელიც… ისვენებდა. ჩემპიონატის მთავარ მოულოდნელობად გერმანიის ნაკრების ძალიან ცუდი გამოსვლა იქცა: მესამე ტურში იუპ დერვალის გუნდი ესპანეთთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა!
ნახევარფინალისტები სწორედ მესამე ტურში გამოვლინდნენ და ისიც ბოლო ათ წუთში: ნანტის სტად ბოჟუარზე, პორტუგალია-რუმინეთის მატჩში სამხრეთელებმა ნენეს მიერ 81ე წუთზე გატანილი ბურთით გაინაღდეს ნახევარფინალში თამაში, პარიზში, პარკ დე პრინსესზე გფრ-ესპანეთის მატჩის ბედი კი 90ე წუთზე გადაწყდა, როცა მასედამ ერთადერთი გოლი გაუტანა ტონი შუმახერს. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იმას თუ ვიტყვი, რომ 45ე წუთზე კარასკოს პენალტი მოიგერია…
ნახევარფინალები დიდებული გამოდგა: 23 ივნისს, მარსელის ველოდრომზე ფრანგებმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, დამატებით დროში 3:2 სძლიეს პორტუგალიელებს, ერთი დღის შემდეგ კი ესპანეთმა დანიას პენალტების სერიაში აჯობა 1:1ის შემდეგ.
მარსელში გამართულ ნახევარფინალს ორი გმირი ჰყავდა: ტულუზის მცველი ჟან-ფრანსუა დომერგი, რომელმაც დუბლი შეასრულა და მიშელ პლატინი, ვინც 119ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი.
„როცა ჟორდანმა მეორე გოლი გაგვიტანა, სევილიური კოშმარი გამახსენდა და ვიფიქრე, რომ ახლაც იგივე დაგვემართებოდა, მაგრამ მალე ტიგანა ფლანგზე გაიჭრა, მერე ბურთი მომაწოდა და… უბედნიერესი წამები იყო, ახლაც მახსოვს ის ემოცია“! – იტყვის წლების შემდეგ პლატინი.
რაც შეეხება სევილიურ კოშმარს, ლეგენდარულმა ათიანმა მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი იგულისხმა, როცა მისი საფრანგეთი დამატებით დროში გერმანიას უგებდა (3:1), მაგრამ საბოლოოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.
ფინალი
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, გადამწყვეტ მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა: ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი.
მიშელ იდალგოს გუნდი გაცილებით შთამბეჭდავი თამაშით მივიდა ფინალამდე და რაც მთავარია, სწორედ მისი მაისურით თამაშობდა იმ წლების მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელი – მიშელ პლატინი.
პირველი გოლი, რომელიც ესპანელთა კარში დანიშნულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, იუვენტუსის ათიანმა შეაგდო. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ მიშელ პლატინის ძალიან გაუმართლა: ესპანელთა მეკარე ლუის არკონადამ თითქოს შეიმაგრა კიდეც ბურთი, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, წამში ხელქვეშ გაუძვრა და კარში შეგორდა – 1:0.
პარკ დე პრინსესზე შეკრებილმა 48 ათასამდე გულშემატკივარმა მეორე გოლი მხოლოდ 90ე წუთზე იხილა: მონაკოს თავდამსხმელმა ბრუნო ბელონმა დაარტყა ზუსტად – 2:0.
ამას საფინალო სასტვენი მოჰყვა და ევროპის ჩემპიონატების ერთ-ერთი საუკეთესო გათამაშებაც დასრულდა.
28 ივნისს, ფინალის მეორე დღეს, ფრანს ფუტბოლი წერდა: „ჩვენ მოვიგონეთ მსოფლიო ჩემპიონატი… ჩვენ მოვიგონეთ ჩემპიონთა თასი… ჩვენ მოვიგონეთ ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ აქამდე ერთი თასიც ვერ მოვიგეთ. ბოლოს და ბოლოს გვეღირსა: ფრანგი ფეხბურთელები საუკეთესონი არიან“!
საფრანგეთის ნაკრებმა პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი მოიგო, მიშელ პლატინიმ კი რეკორდების წიგნში შეაბიჯა: 9 გოლით ის დღემდე ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია (დღეს უკვე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად).
ამას გარდა, პლატინი დღემდე ერთადერთია, რომელმაც ევროჩემპიონატის ოქროს ბუცი 9 გოლით მოიგო!
წლის ბოლოს ფრანგმა ყველა ინდივიდუალური ჯილდო ირგუნა ონზ მონდიალით დაწყებული ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთით დასრულებული.
ვერაფერს იტყვის, იმსახურებდა.
ევრო 1984
საფრანგეთი, 12-27 ივნისი
A ჯგუფი: საფრანგეთი 1:0 დანია; ბელგია 2:0 იუგოსლავია; საფრანგეთი 5:0 ბელგია; დანია 5:0 იუგოსლავია; საფრანგეთი 3:2 იუგოსლავია; დანია 3:2 ბელგია
B ჯგუფი: გფრ 0:0 პორტუგალია; რუმინეთი 1:1 ესპანეთი; გფრ 2:1 რუმინეთი; პორტუგალია 1:1 ესპანეთი; გფრ 0:1 ესპანეთი; პორტუგალია 1:0 რუმინეთი
1/2ფინალი: საფრანგეთი 3:2 (დდ) პორტუგალია; ესპანეთი 1:1 (პენ 5:4) დანია
ფინალი
27 ივნისი, 1984. საფრანგეთი, პარიზი, პარკ დე პრინსესი. 47 368
საფრანგეთი 2:0 ესპანეთი
გოლები: 1:0 მიშელ პლატინი (59), 2:0 ბრუნო ბელონი (90)
საფრანგეთი: ჟოელ ბატსი, პატრიკ ბატისტონი (მანუელ ამორო 73), მაქსიმ ბოსი, ივონ ლე რუ, ჟან-ფრანსუა დომერგი, ლუის ფერნანდესი, ალენ ჟირესი, ჟან ტიგანა, მიშელ პლატინი (კაპ), ბერნარ ლაკომბი (ბერნარ ჟენგინი 80), ბრუნო ბელონი
მწვრთნელი: მიშელ იდალგო
ესპანეთი: ლუის არკონადა (კაპ), სანტიაგო ურკიახა, რიკარდო გალიეხო, სალვა (რობერტო 85), ხოსე ანტონიო კამაჩო, ვიქტორ მუნიოსი, ხუან სენიორი, ხულიო ალბერტო (მანუელ სარაბია 75), ფრანსისკო, სანტილიანა, ფრანსისკო ხოსე კარასკო
მწვრთნელი: მიგელ მუნიოსი
გაფრთხილება: რიკარდო გალიეხო, ფრანსისკო ხოსე კარასკო, ლუის ფერნანდესი, ივონ ლე რუ, ივონ ლე რუ
გაძევება: ივონ ლე რუ (85)
მსაჯი: ვოიცეხ ხრისტოვი (ჩეხოსლოვაკია)
ჩემპიონი: საფრანგეთის ნაკრები
მეკარეები: 1.ჟოელ ბატსი (04.01.1957; ოსერი), 19.ფილიპ ბერჟერო (13.01.1954; ტულუზი), 20.ალბერ რუსტი (10.10.1953; სოშო)
მცველები: 2.მანუელ ამორო (01.02.1962; მონაკო), 3.ჯან-ფრანსუა დომერგი (23.06.1957; ტულუზი), 4.მაქსიმ ბოსი (26.06.1955; ნანტი), 5.პატრიკ ბატისტონი (12.03.1957; ბორდო), 15.ივონ ლე რუ (19.04.1960; მონაკო), 18.ტიერი ტუსო (19.01.1958; ბორდო)
ნახევარმცველები: 6.ლუის ფერნანდესი (02.10.1959; პარი სენ-ჟერმენი), 7.ჟან-მარკ ფერერი (26.12.1962; ოსერი), 8.დანიელ ბრავო (09.02.1963; მონაკო), 9.ბერნარ ჟენგინი (18.01.1958; მონაკო), 10.მიშელ პლატინი (21.06.1955; ტურინის იუვენტუსი, იტალია), 11.ბრუნო ბელონი (14.03.1962; მონაკო), 12.ალენ ჟირესი (02.08.1952; ბორდო), 13.დიდიე სიქსი (21.08.1964; მულუზი), 14.ჟან ტიგანა (23.06.1955; ბორდო)
თავდამსხმელები: 16.დომინიკ როშტო (14.01.1955; პარი სენ-ჟერმენი), 17.ბერნარ ლაკომბი (15.08.1952; ბორდო)
მწვრთნელი: მიშელ იდალგო
უეფას სიმბოლური ნაკრები (4-5-1)
მეკარე: ჰარალდ ტონი შუმახერი (გფრ)
მცველები: მორტენ ოლსენი (დანია), ჟოაუ პინტუ (პორტუგალია), ანდრეას ბრემე (გფრ), კარლ-ჰაინც ფიორსტერი (გფრ)
ნახევარმცველები: მიშელ პლატინი (საფრანგეთი), ალენ ჟირესი (საფრანგეთი), ჟან ტიგანა (საფრანგეთი), ფრენკ არნესენი (დანია), ფერნანდუ შალანა (პორტუგალია)
თავდამსხმელი: რუდი ფიოლერი (გფრ)
ბომბარდირი:
მიშელ პლატინი (საფრანგეთი) – 9 გოლი
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი