ევროისტორია: 1988 – დიდი საფრანგეთის დასასრული

ევროპის VIII ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა საბოლოო რაოდენობა 1985 წლის 28 თებერვალს დადგინდა. წინა ტურნირის მსგავსად, შეჯიბრებაში 33 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. კვლავ განზე გადგა ლიხტენშტაინი, რომლის უძლიერესი კლუბები ავსტრიისა და შვეიცარიის ქვედა დივიზიონებში თამაშობდნენ.
შესარჩევი ტურნირის წილისყრამდე უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა დაესახელებინა.
არასდროს ყოფილა მასპინძლობისთვის ისეთი დავა, როგორიც 1988 წლის ევროჩემპიონატის წინ: გათამაშების მიღების სურვილი რვა ქვეყანამ გამოთქვა! საინტერესოა, რომ თუ ინგლისი, ნიდერლანდები, საბერძნეთი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დამოუკიდებლად აპირებდნენ შეჯიბრების მიღებას, დანიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და შვედეთმა ერთობლივი პროექტი წარადგინეს.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში სკანდინავიელთა წინადადება არც განიხილეს. მაშინდელი წესდებით, ოთხი ქვეყნის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში ამ ქვეყნების გუნდები საკვალიფიკაციო თამაშების გარეშე უნდა დაეშვათ ფინალურ ეტაპზე, რაც მიუღებელი იყო.

ევროპირველობის მასპინძლობისთვის ბრძოლას პირველად საბერძნეთი გამოეთიშა, 1985 წლის 15 მარტს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ უეფას XVIII კონგრესზე კი ტურნირი დასავლეთ გერმანიას ერგო.

უეფას გადაწყვეტილებას რამდენიმე პოლიტიკოსის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ძირითადად სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან. მათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას მკაცრად მოსთხოვეს ფინალური ეტაპის მატჩები არ დაენიშნა ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, როგორც ეს მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის დროს მოხდა. მიზეზი წმინდა პოლიტიკური იყო: იმხანად ბერლინს ჯერ კიდევ შუაზე კვეთდა ავადსახსენებელი კედელი.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელმა და, იმავდროულად, ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჰერმან ნოიბერგერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროჩემპიონატის თამაშები ბერლინში არ გაიმართებოდა.

საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 1986 წლის 14 თებერვალს შედგა ფრანკფურტში, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სახელობის ოპერის დარბაზში: 32 ქვეყნის ნაკრები შვიდ შესარჩევ ჯგუფში განაწილდა. ევრო 84ის მსგავსად, ცერემონიის დაწყების წინ გუნდები ძალების მიხედვით განთესეს – საფრანგეთში გამართულ ევროპირველობაზე და მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ნაჩვენები შედეგები გაითვალისწინეს.

უძლიერესთა შვიდეულში, პირველ კალათში მოხვდნენ ინგლისი, დანია, ესპანეთი (ამ გუნდის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო და 1500ს უტოლდებოდა), ნიდერლანდები, პორტუგალია, ბელგია და საფრანგეთი.

მსოფლიოს ჯერაც მოქმედი ჩემპიონი იტალია ბოლოსწინა, მეოთხე კალათში აღმოჩნდა. სკუადრა აძურას კოეფიციენტი ძალზე დაბალი იყო – 625. საქმე ისაა, რომ ევრო 84ზე იტალიელები საერთოდ ვერ გავიდნენ, მექსიკა 1986ის საკვალიფიკაციო ტურნირიდან კი, მაშინდელი წესის მიხედვით, თავისუფლები იყვნენ, რადგან ფიფას ოქროს თასს სწორედ ისინი ფლობდნენ.

მეხუთე, ყველაზე სუსტებს შორის ისლანდიის, კვიპროსის, ლუქსემბურგის და მალტის ნაკრები გუნდები დასახელდნენ.

ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზე დაწყებული ტრადიცია გერმანელებმაც აიტაცეს: კონტინენტის პირველობის მესამე თილისმა მხიარული ბაჭია გახდა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მისი შექმნა უოლტ დისნეის სტუდიას დაუკვეთა, მოთხოვნა კი ერთადერთი იყო – თილისმის მაისური გერმანიის დროშის ფერებში (შავი, წითელი, ყვითელი) უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. სახელი ბერნი ბაჭიას მხოლოდ იმიტომ დაანათლეს, რომ იმხანად უეფას სათავო ოფისი სწორედ ამ პატარა შვეიცარიულ ქალაქში მდებარეობდა.

საკვალიფიკაციო ტურნირი 1986 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და პირველი დიდი სენსაციაც მოხდა: ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა საფრანგეთმა ისლანდიაში ვერ გაიმარჯვა!

ფრანგი ჟურნალისტები ჯერ კიდევ ისლანდიაში გამგზავრებამდე წერდნენ, რომ სამფეროვნებს შორის ყველაფერი რიგზე არ იყო, გაზეთ ეკიპის მიმომხილველი კი მიიჩნევდა, რომ თაობათა ცვლილებას გუნდი მძიმედ გადაიტანდა. საქმე ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მცველმა მაქსიმ ბოსიმ, ნახევარმცველმა ალენ ჟირესმა და თავდამსხმელმა დომინიკ როშტომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადეს, ხოლო გუნდის ლიდერმა მიშელ პლატინიმ კარგა ხნით ადრე თქვა, რომ პირველ შესარჩევ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

0:0 მაინც მოულოდნელი შედეგი იყო. არავინ ელოდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გუნდი კუნძულიდან მხოლოდ ქულით დაბრუნდებოდა. საგულისხმოა, რომ ისლანდიამ ევროპის 1976 წლის საკვალიფიკაციო ტურნირშიც უმასპინძლა საფრანგეთს და მაშინდელი დაპირისპირებაც 0:0 დასრულდა. ათი წლის ინტერვალით გამართულ ორ შეხვედრაში ისლანდიელთაგან მხოლოდ ასგეირ სიგურვინსონმა ითამაშა, საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ანრი მიშელმა კი 1976 წელს ფეხბურთელის რანგში ითამაშა ისლანდიელთა წინააღმდეგ.

ისლანდიამ მომდევნო შესარჩევ შეხვედრაშიც ქულა მოიპოვა – 1:1 საბჭოთა კავშირთან.

1986 წლის 11 ოქტომბერს საბჭოელები პარიზს ეწვივნენ და პარკ დე პრინსესზე ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. თბილისის დინამოელთა კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე პირველიდან ბოლო წუთამდე ძირითადში იყო, თუმცა კაპიტნის სამკლავური კიევის დინამოელ ანატოლი დემიანენკოს ებარა.

იმ წაგებამ მიშელ პლატინის საბოლოოდ აუცრუა გული ნაკრებზე. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მსოფლიო ჩემპიონატზეც ოქროს გარეშე დარჩა და გულგატეხილი გახლდათ, ცუდად დაწყებული შესარჩევის შემდეგ კი ნაკრების დატოვებაც გადაწყვიტა.

პლატინის წასვლის შემდეგ ნაკრების კაპიტანი 80იანი წლების კიდევ ერთი დიდი ფრანგი ნახევარმცველი ჟან ტიგანა გახდა, მაგრამ 1987 წლის 16 ივნისს, ნორვეგიასთან სტუმრად 0:2 წაგების შემდეგ მანაც დატოვა ქვეყნის პირველი გუნდი. სხვათა შორის, ეს იყო საფრანგეთის ნაკრების პირველი მარცხი ნორვეგიის წინააღმდეგ 1968 წლის შემდეგ.

ევრო 88ის საკვალიფიკაციო ტურნირით დასრულდა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ისტორია, რომელმაც დაახლოებით რვა წელიწადს გასტანა და რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება დაიტია.

ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ ანრი მიშელმა თქვა: „გუნდი გადაიღალა და ძირეული ცვლილებებია საჭირო. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა ნაკრებში წარმატებას დანატრებული ბიჭები ითამაშებენ“.

თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი გუნდს საკმაოდ გაუგრძელდა და სამფეროვნები დიდ საფეხბურთო ჩემპიონატს მხოლოდ 1992 წელს დაუბრუნდნენ, იქამდე კი მსოფლიოს 1990 წლის პირველობაც გამოტოვეს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგზური კი საბჭოთა კავშირს ერგო, რომელმაც ფრანგებთან გამარჯვების შემდეგ სიმფეროპოლში ნორვეგიას უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა მეტოქე.

სსრკ, ევროჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, ფინალურ ეტაპს თექვსმეტწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა!

ამ მატჩიდან თვენახევარში ფრანს ფუტბოლმა ევროპის 1986 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა – ოქროს ბურთი კიევის დინამოელ იგორ ბელანოვს ერგო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა უკრაინული კლუბის ისტორიაში მეორე ევროტრიუმფში, ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატზე კი უნგრეთთან 6:0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქითაც გამოირჩა…

პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში ძირითადი ბრძოლა ესპანელებსა და რუმინელებს შორის წარიმართა, ავსტრიის და ალბანეთის ნაკრების გუნდები კი სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ.

რუმინელებმა ძლიერად დაიწყეს და 1986 წლის 10 სექტემბერს ბუქარესტში 4:0 გაანადგურეს ავსტრია. ერთ თვეში კარპატელები სევილიას ესტუმრნენ და 0:1 დამარცხდნენ ბენიტო ვილიამარინზე, 1987 წლის 1 აპრილს კი ესპანელებმა ძალიან მძიმე გამარჯვება მოიპოვეს ვენაში, პრატერშტადიონზე – 3:2.

ესპანეთმა ევროჩემპიონატის საგზური ოფიციალურად 1987 წლის 18 ნოემბერს დაისაკუთრა, როცა ალბანეთი 5:0 დაამარცხა. ეს იყო მიგელ მუნიოსის ორმოცდამეათე მატჩი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. იმ შეხვედრაში ჰეთ-თრიქით გამოირჩა ხოსე მარია ბაკერო, რომელიც 90იან წლებში იოჰან კრუიფის დიდი ბარსას კაპიტანიც გახლდათ…

მეორე შესარჩევ ჯგუფში იტალიის მეტოქეებად პორტუგალია, შვეიცარია, შვედეთი და მალტა დასახელდნენ. აღორძინების გზაზე დამდგარ სკუადრა აძურას წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია და იტალიელებმა უპრობლემოდ მოიპოვეს ევრო 88ის საგზური – მხოლოდ სამი ქულა დაკარგეს.

სანამ ამ ჯგუფის თამაშებზე გეტყვით, იმ სკანდალს შეგახსენებთ, რომელმაც ძალიან დააზარალა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ცუდი გამოსვლის შემდეგ ფედერაციის მაღალჩინოსნებმა ნაკრების ერთბაშად რვა წევრს მიუსაჯეს სამუდამო დისკვალიფიკაცია, მათ შორის ლისაბონის ბენფიკის და ქვეყნის მთავარი გუნდის კარის დარაჯ ბენტუს, რომელიც ევროპის წინა პირველობაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. საფეხბურთო სამყაროში შექმნილი მძიმე სიტუაციის განსამუხტად პორტუგალიის პარლამეტის რამდენიმე წევრის აქტიურობაც გახდა საჭირო…

იტალიის ნაკრებს დავუბრუნდები: მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრები აძელიო ვიჩინიმ ჩაიბარა, რომელიც 1982 და 1986 წლების უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ენცო ბეარზოტის თანაშემწე გახლდათ.

ახალმა თავკაცმა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთაგან მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი დატოვა: ახალი კაპიტანი ჯუზეპე ბერგომი, ფერნანდო დი ნაპოლი, თავდამსხმელი ალესანდრო ალტობელი და სალვატორე ბანი. ნაკრებში ახალი თაობა გამოჩნდა, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ ფორვარდები ჯანლუკა ვიალი, სკუადრა აძურას ამჟამინდელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი და მილანის დაცვის ვარსკვლავი პაოლო მალდინი.

იტალიამ პირველი შესარჩევი მატჩი 1986 წლის 15 ნოემბერს ჩაატარა მილანში – ალესანდრო ალტობელის დუბლით 3:2 სძლია შვეიცარიას. წლის ბოლოს ვიჩინის ბიჭებმა 2:0 მოუგეს მალტას, ალტობელიმ კი ორი 11მეტრიანი… ვერ გაიტანა – ჯერ მეკარე ბონელომ აჯობა, შემდეგ კი ბურთი კარს გადააცილა!

1987 წელი სკუადრა აძურამ კვლავ გამარჯვებით დაიწყო – 5:0 მალტასთან, 14 ნოემბერს კი იტალიამ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო შვედეთს: ნეაპოლში, სან პაოლოზე ჯანლუკა ვიალის დუბლით 2:1 გაიმარჯვა. ამ გუნდების სტოკჰოლმური დაპირისპირება სკანდინავიელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა…

შვედეთთან მოგების შემდეგ ვიჩინის სკუადრა აძურამ პორტუგალიაც დაამარცხა და ევროპირველობაზე თამაში გაინაღდა.

მეოთხე ჯგუფში ინგლისი გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ და გართულების გარეშე დაასრულა შესარჩევი ტურნირი. ბობი რობსონის ძალიან კარგ გუნდს ჩრდილოეთ ირლანდიის, თურქეთის და იუგოსლავიის ნაკრებებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

აქვე გეტყვით, რომ ამ საკვალიფიკაციოში ყველაზე მეტი გოლი – 19, სწორედ ინგლისელებმა გაიტანეს. ამას გარდა, რობსონის ინგლისი ერთადერთი ფინალისტი გამოდგა, რომელმაც მეორეადგილოსანს – იუგოსლავია – ორივე თამაში მოუგო.

ბელგრადში გამართული პირველი პაექრობა ინგლისმა უძლიერესად დაიწყო და 24ე წუთისთვის ოთხი ბურთით იგებდა – მე4 წუთზე პიტერ ბერდსლიმ, მე17 წუთზე ჯონ ბარნსმა, მე20 წუთზე გუნდის კაპიტანმა ბობი რობსონმა, ხოლო 24ე წუთზე ტონი ადამსმა გაახარეს ფანები.

„რაც ნაკრებს ვხელმძღვანელობ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაშია“! – რობსონი ძალიან გახარებული იყო.

მთელ საკვალიფიკაციო ტურნირში მისმა გუნდმა ერთადერთი ბურთი გაუშვა და სწორედ ამ თამაშში – სრეჩკო კატანეცმა დაარტყა ზუსტად. აქვე შეგახსენებთ, რომ ევრო 2000ის შესარჩევში საქართველო სლოვენიას დაუპირისპირდა და იმ გუნდს სწორედ კატანეცი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გაიყვანა კიდეც გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე…

V ჯგუფში ნიდერლანდები, უნგრეთი, საბერძნეთი, პოლონეთი და კვიპროსი მოხვდნენ. ოფიციალური მატჩების წინ ნარინჯისფერები ლეგენდარულმა რინუს მიხელსმა ჩაიბარა, რომელმაც მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე გუნდს ვერცხლის მედლები მოუტანა.

გენერლის თავკაცობით მისი ბიჭები ძალიან ძლიერად ათამაშდნენ და ზედიზედ სძლიეს უნგრეთს, კვიპროსს და პოლონეთს.

1987 წლის 28 ოქტომბერს, კვიპროსთან შეხვედრაში, გულშემატკივრებმა ნაკრები კინაღამ დააღალატეს: მე4 წუთზე ტრიბუნიდან ბოთლი ისროლეს, რომელიც სტუმართა კარის დარაჯს, ხარიტუს მოხვდა და შესაცვლელი შეიქნა. მის ნაცვლად კარჩი ჩამდგარ კლეფტისსაც არ დააკლეს – კვიპროსელს მაშხალა ესროლეს…

ნიდერლანდებმა 8:0 გაიმარჯვა, ჯონი ბოსმანმა 5 გოლი გაიტანა, მაგრამ კვიპროსმა ფანების უსაქციელობა უეფაში გააპროტესტა. ევროპული ფეხბურთის მამებმა მომხდარი დაწვრილებით განიხილეს და მიხელსის ბიჭებს… 0:3 წაგება ჩაუთვალეს! მოგვიანებით, მასპინძელთა პროტესის შემდეგ, უეფაში გადაწყვეტილება შეცვალეს: გადათამაშება დაინიშნა, ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირს კი 70 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრა. ამავდროულად, კვიპროსის დელეგაციის მეორე ვიზიტის ყველა ხარჯიც მასპინძლებს უნდა დაეფარათ.

გადათამაშება 9 დეკემბერს გაიმართა. მიხელსის გუნდმა მაინც დიდი ანგარიში მოიგო, ამჯერად მხოლოდ 4:0, ბოსმანი კი ჰეთ-თრიქით დაკმაყოფილდა.

ერთ კვირაში გუნდი საბერძნეთს ეწვია, მოტივაციადაკარგულ მასპინძლებს 3:0 აჯობა და რვაწლიანი შესვენების შემდეგ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

მეექვსე საკვალიფიკაციო ჯგუფი დანიის, უელსის, ფინეთის და ჩეხოსლოვაკიის ნაკრები გუნდებით დაკომპლექტდა. ზეპ პიონტეკის დანიური დინამიტი ძველებურად ფეთქებადი არ იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ.

დანიელებმა გერმანიის საგზური ექვს მატჩში გატანილი… 6 გოლით მოიპოვეს! საინტერესოა, რომ ასევე 6 ბურთი გაიტანა ბოლოადგილოსანმა ფინეთმა, თუმცა მათგან განსხვავებით თეთრ-წითლებმა სამი თამაში 1:0 მოიგეს.

1987 წლის 9 სექტემბერს დანია უელსში 0:1 დამარცხდა. იმავე დღეს ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ფინეთს ესტუმრა და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე აღზევდებოდა, მაგრამ მატჩი მოულოდნელი შედეგით და ანგარიშით დასრულდა – მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. ეს იყო ფინეთის პირველი გამარჯვება ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ!

დანია ევროჩემპიონატზე უელსთან გამარჯვების წყალობით მოხვდა: დინამიტებმა კოპენჰაგენში უმასპინძლეს ბრიტანელებს და ლეგენდარული პრებენ ელკიაერ-ლარსენის ერთადერთი გოლით გაიხარეს. 80იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი არაზუსტად შეასრულა.

უკანასკნელ, VII შესარჩევ ჯგუფში ბელგიის, ბულგარეთის, ირლანდიის, შოტლანდიის და მაჩანჩალა ლუქსემბურგის გუნდები მოხვდნენ. ბულგარეთი თითქმის მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა ჯგუფს, მაგრამ უკანასკნელ შეხვედრაში წაიფორხილა.

ირლანდიამ ბოლო, რიგით მერვე შესარჩევი მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართა და 2:0 გაიმარჯვა. რვა შეხვედრაში ოთხი მოგებით და სამი ფრეს წყალობით გუნდს 11 ქულა დაუგროვდა და I ადგილზე იყო, მაგრამ ბულგარეთს შოტლანდიისთვის უნდა ემასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში გერმანიაში თამაშს გაინაღდებდა.

შოტლანდია არ იყო ძლიერი – სქოთებმა საკვალიფიკაციო ტურნირში უსახური ფეხბურთი აჩვენეს და მხოლოდ ლუქსემბურგს გადაასწრეს, მაგრამ როგორც ხშირად მომხდარა, კარი მაინც გაიჯახუნეს – ბულგარეთში 1:0 მოიგეს და უზომოდ გაახარეს ირლანდიელები.

წითელი ეშმაკები, რომლებმაც მექსიკაში გამართული უდიდესი საფეხბურთო ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, ირლანდიას ორი, ბულგარეთს კი ქულით ჩამორჩნენ. შოტლანდიაში 0:2 მარცხი რომ არა, ვინ იცის, ევროჩემპიონატზე, ეგებ, ბელგიელებს ეთამაშათ.

ამ გუნდის ქომაგები მხოლოდ ერთი ფაქტით თუ ინუგეშებდნენ თავს: ნიკო კლასენმა 7 გოლი შეაგდო და ალესანდრო ალტობელისთან ერთად საკვალიფიკაციო ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian