ევროისტორია: 1988 – მარკოს გოლი
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ფინალური ეტაპის წილისყრა პირდაპირ ეთერში გადაიცა! დიუსელდორფის კონგრესების და სავაჭრო ურთიერთობათა დარბაზში მიმდინარე სანახაობას, დასავლეთ გერმანიის უდიდესი ტელეკომპანია ZDFის საშუალებით, არა მხოლოდ ევროპა, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაც თვალს ადევნებდა.
დარბაზში ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ეკავათ გერმანიის ფეხბურთის კავშირის მიერ მიპატიჟებულ სტუმრებს – თითოეული ფინალისტის პატივსაცემად მიწვეულნი იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები. მაგალითად, საბჭოთა კავშირიდან ცერემონიას ევროპის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ლევ იაშინი დაესწრო, ნიდერლანდებიდან კი იოჰან კრუიფი.
წილისყრის წინ ორი გუნდი განთესეს: პირველი, როგორც მასპინძელს, გფრს ერგო, ხოლო ინგლისი მეხუთე ნომრად დადგინდა. საბოლოოდ გუნდები ასე განაწილდნენ: Aში მასპინძლებთან ერთად იტალიელები, დანიელები და ესპანელები მოხვდნენ, Bში კი ინგლისის, ნიდერლანდების, სსრკ და ირლანდიის ნაკრები გუნდები.
სამწუხაროდ, პირველი თამაში, მასპინძელთა და აპენინელთა დაპირისპირება, არ გამოდგა სანახაობრივი: იტალიელები, მეტწილად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ანგარიში 53ე წუთზე გაიხსნა – რობერტო მანჩინიმ სეხნია დონადონის დროული პასის შემდეგ გაიტანა გოლი. გერმანელთა კარის დარაჯი აიკე იმელი უძლური იყო.
მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ სასარგებლოდ შეცდა ინგლისელი არბიტრი კიტ ჰეკეტი: მსაჯმა იტალიელთა მეკარე ვალტერ ძენგა საჯარიმო მოედანში ზედმეტი ნაბიჯის გადადგმაში „ამხილა“ და საჯარიმო დარტყმა დანიშნა. სანამ იტალიელები მსაჯს ეკამათებოდნენ, პიერ ლიტბარსკიმ ანდრეას ბრემეს გაუგორა ბურთი, რომელმაც შეაგდო კიდეც – 1:1.
იტალიელთა თავკაცმა აძელიო ვიჩინიმ განაცხადა: „ეს სკანდალია! არ მახსოვს ასეთი მაღალი დონის სხვა შეხვედრა, სადაც არბიტრმა მეკარე გარბენისთვის დააჯარიმა“. რაც შეეხება ვიჩინის კოლეგა ფრანც ბეკენბაუერს, კაიზერ-ფრანცი ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „ასეთ თამაშში ფრე ჩვენთვის მისაღებია. თან, ტურნირი ჯერ მხოლოდ იწყება“.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში გულშემატკივრებმა უკეთესი სანახაობა იხილეს: ისევე როგორც ევროპის წინა ჩემპიონატზე, ესპანელებმა კვლავ სძლიეს დანიას. ორი წლით ადრე, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე, ესპანეთმა 5:1 გაანადგურა მეტოქე და მაშინ ემილიო ბუტრაგენიომ პოკერი შეასრულა, ამჯერად კი რეალის ცენტრფორვარდი ორი გოლით დაკმაყოფილდა.
მეორე ტურში ფავორიტებად მიჩნეულმა გუნდებმა გაიმარჯვეს. გელზენკირხენში, გფრს და დანიის ნაკრებთა პაექრობის წინ პრებენ ელკიაერ-ლარსენმა განაცხადა: „უკანასკნელ ტურნირზე ვთამაშობ და მინდა, რომ ნაკრებს კარგად გამოვეთხოვო. გამეხარდება თუ ნახევარფინალში გავალთ, საამისოდ კი დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ“.
დანიელთა კარში ახალგაზრდა პეტერ შმეიხელი გამოჩნდა, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ სამშობლოში, ბრონდბიუს რიგებში თამაშობდა. მან არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია და ზეპ პიონტეკის გუნდი დიდი ანგარიშით რომ არ დამარცხდა, სწორედ მისი დამსახურებაა.
გერმანიამ 2:0 გაიმარჯვა: ჯერ იურგენ კლინსმანმა გაიტანა, შემდეგ კი ოლაფ ტონმა. გამარჯვებულთა დამრიგებელი ფრანც ბეკენბაუერი პრესკონფერენციაზე დიდხანს არ გაჩერდა და ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულებისთანავე ვერტმფრენით გაეშურა ფრანკფურტში, სადაც იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა თამაში იყო დანიშნული.
მეორე ტურში იტალიამ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა: მატჩის ერთადერთი გოლი ჯანლუკა ვიალიმ შეაგდო. ის იმ პერიოდში მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლებოდა რუუდ გულიტის და ემილიო ბუტრაგენიოს შემდეგ…
მესამე ტურში ბუნდესნაკრებმა რუდი ფიოლერის დუბლით ესპანეთი დაამარცხა. „როგორც იქნა! ჩვენ ვიხილეთ გერმანიის ნაკრების ნამდვილი თამაში. ყოჩაღ ფრანც! ეს შენი საუკეთესო შეხვედრა იყო“! – დაწერა ყოველკვირეულმა კიკერმა, ბეკენბაუერი კი, თავის მხრივ, ნაკრების მეკარე აიკე იმელს აქებდა.
გფრ-ესპანეთის პარალელურად გაიმართა იტალია-დანიის მატჩი, რომელსაც კიოლნში 60 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. და აქედან 30 ათასი იტალიელი გახლდათ, 20 ათასი კი დანიელი.
სკუადრა აძურამ ალესანდრო ალტობელის და ლუიჯი დე აგოსტინის ზუსტი დარტყმებით გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ალტობელიმ მოედანზე შესვლიდან მე40 წამზე გამოიჩინა თავი! ის მანჩინის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
„მინიმუმი უკვე გავაკეთეთ – ჯგუფიდან გავედით. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ყველა ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს დავალებას… მჯერა რომ ორი წლის შემდეგ, მსიოფლიო ჩემპიონატზე, ჩემი იტალია ერთ-ერთი ფავორიტი იქნება“, – აძელიო ვიჩინი.
B ჯგუფი სენსაციით დაიწყო: ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ბობი რობსონის გუნდი ირლანდიასთან დამარცხდა. ცნობისათვის: 1949 წლის შემდეგ ინგლისმა პირველად წააგო მეზობელთან.
ისტორიული გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ჯეკი ჩარლტონი გახლდათ, სამყურების დამრიგებელი: „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთებია“!
რაც შეეხება ბობი რობსონს, ის გაწბილებული იყო: „1982 წლის 22 სექტემბრიდან ვწვრთნი გუნდს და ასე ცუდად არასდროს გვითამაშია. თურქეთთან იმ ავადმოსაგონარ მატჩშიც, უგოლოდ რომ დასრულდა, ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით“.
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გარი ლინეკერს სამი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ყველა შანსი ხელიდან გაუშვა.
ამ მატჩს ირლანდიის მთავრობის ხუთი წევრი დაესწრო. მათ ისე გაუხარდათ ინგლისელებთან გამარჯვება, რომ ნაკრების სრული შემადგენლობა თავისთან, სასტუმრო გრაფ ცეპელინში მიიპატიჟეს…
მეორე შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ვასილი რაცის ერთადერთი გოლით ნიდერლანდები დაამარცხა. თენგიზ სულაქველიძე, რომელიც ერთადერთი თბილისის დინამოელი იყო ნაკრებში, თამაშის მიწურულს გამოჩნდა მინდორზე – ალექსანდრ ზავაროვი შეცვალა.
რინუს მიხელსმა ევრო 88ის მომავალი გმირი მარკო ვან ბასტენი მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ ჩართო თამაშში. მილანის გოლეადორს ტრავმის გამო საკმაო პერიოდი გაუცდა და ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ დაბრუნდა, თუმცა სათადარიგოთა შორის მისი დატოვება სხვა მიზეზითაც იყო განპირობებული – ჯონი ბოსმანი იდეალურ ფორმაში შეხვდა ევროპირველობას.
მეორე ტურში, ინგლისელთა წინააღმდეგ, მიხელსმა სასტარტო თერთმეტეულში გაამწესა ვან ბასტენი და ცენტრფორვარდმაც გაიბრწყინა – 3:1 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა!
მარკო ვან ბასტენი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეორე, რომელმაც ინგლისის ნაკრებს ერთ მატჩში სამი გოლი გაუტანა! პირველი უნგრელი ნანდორ ჰიდეგკუტი გახლდათ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შორეულ 1953 წელს, უემბლიზე 6:3 მოგებულ მატჩში შეასრულა…
ბობი რობსონმა ვან ბასტენის მეურვეობა ლონდონის არსენალის იმედისმომცემ მცველს ტონი ადამსს დაავალა, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერას გახდა. აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდელთა წინააღმდეგ ნაკრებში საიუბილეო, მე100 მატჩი ჩაატარა პიტერ შილტონმა, თუმცა მარკომ მასაც ჩაუმწარა იუბილე.
„საუკეთესო მე კი არა, რუუდ გულიტი იყო – ყველა გოლი მისი პასით გავიტანე! ვფიქრობ, ერთ გოლს ისიც იმსახურებდა“, – ასეთი იყო ვან ბასტენის კომენტარი.
იმავე დღეს სსრკ ნაკრებმა ირლანდიას ვერ სძლია. მეტიც, თამაში გადასარჩენი გაუხდა – უელანის ულამაზესი გოლი ოლეგ პროტასოვმა თამაშის მიწურულს გაქვითა – 1:1. იმ დღეს, 15 ივნისს, სულაქველიძემ პირველად და უკანასკნელად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში…
ინგლისელები მესამე ტურშიც დამარცხდნენ – 1:3 საბჭოელებთან და ევროპირველობაც დაასრულეს. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ნახევარფინალში გასასვლელად ნარინჯისფერებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ და მათაც პირველივე წუთიდან შეუტიეს ირლანდიელთა კარს.
მძიმე თამაში გამოდგა და მიხელსის ბიჭებმა დიდი ძალისხმევით გაიმარჯვეს. ირლანდიელთა დაცვა მეკარე პატ ბონერის ხელმძღვანელობით ჩინებულად თამაშობდა, მაგრამ მასირებულ შეტევებს ბოლომდე ვერ გაუძლო და ვიმ კიფტმაც 82ე წუთზე ნანატრი გოლი შეაგდო – რონალდ კუმანის ჩაწოდებულ ბურთს ზუსტად შეაგება თავი.
„პირველად დავმარცხდით და მაინც გამოვეთიშეთ ტურნირს. ეს ტრაგედიაა. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ვფიქრობ, მომავალმა ჩემპიონმა მოგვიგო“, – ასეთი იყო ირლანდიელთა თავკაცის ჯეკი ჩარლტონის კომენტარი.
ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: მასპინძელ გერმანიას მეზობელი ნიდერლანდები ერგო, ვალერი ლობანოვსკის ნაკრებს კი სკუადრა აძურა.
21 ივნისს, ჰამბურგში, მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის ფინალის „მეორე სერია“ დაიდგა და ამჯერად მიხელსის გუნდმა გაიმარჯვა – 2:1.
ისევე როგორც 1974 წელს, გერმანია კვლავ 11მეტრიანით დაწინაურდა – ლოთარ მათეუსმა უშეცდომოდ დაარტყა პენალტი. საჯარიმო კი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ფრენკ რაიკაარდი იურგენ კლინსმანს ეუხეშა.
როგორც თოთხმეტი წლის წინ, ანგარიში კვლავ პენალტით გათანაბრდა: იურგენ კოლერმა ვან ბასტენის წინააღმდეგ დაარღვია წესები, იმხანად ჯერ კიდევ პსვ ეინდჰოვენში მოთამაშე რონალდ კუმანმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.
და 1974 წლის მსგავსად, გამარჯვების გოლი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა გაიტანა. მაშინ ეს გერდ მიულერი იყო, რომელმაც გერმანელები გაახარა, ახლა კი ვან ბასტენმა დალაშქრა მასპინძელთა კარი და ბუნდესგუნდს ფინალისკენ მიმავალი გზა მოუჭრა – 2:1.
„მეტოქემ გუნდური თამაშით არა, მხოლოდ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელით გვაჯობა. ვან ბასტენი, გულიტი და კუმანი დღეს შეუდარებელნი იყვნენ“, – განაცხადა დამარცხებულთა მთავარმა მწვრთნელმა ფრანც ბეკენბაუერმა.
რაც შეეხება მიხელსს, მან თქვა: „ბოლოს და ბოლოს დავივიწყებ იმ კოშმარს“. მწვრთნელმა მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის ფინალი იგულისხმა, როცა ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ…
მეორე ნახევარფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ერთი თავით აჯობა იტალიას: მთელ მოედანზე პრესინგი შესთავაზა, პირველიდან ბოლო წუთამდე მაღალ ტემპში ითამაშა და სამართლიანად გაიმარჯვა – 2:0.
გოლები ორი წუთის ინტერვალით გავიდა: 61ე წუთზე მოედნის ცენტრში შესანიშნავად ითამაშა ოლეგ კუზნეცოვმა, მეტოქეს ბურთი აართვა და შეტევა წამოიწყო. იქვე გაჩნდა ალექსეი მიხაილიჩენკო, რომელმაც ბურთი გენადი ლიტოვჩენკოს დაუტოვა, მან კი უძლიერესად დაარტყა. ვალტერ ძენგამ კარი გოლისგან ვერ იხსნა – 1:0. ორ წუთში ოლეგ პროტასოვმა უპირატესობა გაზარდა – 2:0.
არადა ნახევარფინალის წინ ყველა იტალიის გამარჯვებას ელოდა. რატომ? რამდენიმე თვით ადრე იტალიამ საბჭოეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა დიდი ანგარიშით – 4:1…
„ეს იყო სუპერშემტევი თამაში, საბჭოთა ნაკრებისგან ასეთ ფეხბურთს ნამდვილად არ ველოდი“, – ეს სიტყვები ბრემენის ვერდერის მწვრთნელს ოტო რეჰაგელს ეკუთვნის. წლების შემდეგ ეს გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი საბერძნეთის ნაკრებს ჩაიბარებს და 2004 წელს ევროპის ჩემპიონატს მოიგებს…
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ანრი დელონეს სახელობის თასს ის გუნდები გაითამაშებდნენ, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ფინალი
25 ივნისს, მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ იმ ზაფხულს ევროპაში მათზე ძლიერი არავინ იყო.
32ე წუთზე რუუდ გულიტმა თავურით გახსნა ანგარიში – 1:0.
54ე წუთზე მარკო ვან ბასტენმა მეორე და ზღაპრული გოლი გაიტანა – 2:0!
ეს საუკუნის გოლი იყო! – იტყვის ფინალის შემდეგ ფრანც ბეკენბაუერი.
ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბურთია! – კაიზერ-ფრანცს ფეხბურთის მეფე პელეც დაეთანხმება.
და მათ აზრს მილიონობით გულშემატკივარი გაიზიარებს – მარკო ვან ბასტენის ის გოლი დღემდე სალაპარაკო თემაა.
თუ არ გინახავთ, გირჩევთ იხილოთ იმ მომენტის ჩანაწერი: ვან ბასტენმა წარმოუდგენელი კუთხიდან დალაშქრა საბჭოელთა კარის ბადე!
ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ისევე როგორც ოთხი წლით ადრე საფრანგეთმა, ნარინჯისფერებმაც პირველი დიდი საფეხბურთო ტიტული ევროპის ჩემპიონატზე მოიგო.
რინუს მიხელსმა მეორე ცდით თავაწეულმა დატოვა ოლიმპიაშტადიონი, მეკარე ჰანს ვან ბრეკელენი, მცველი რონალდ კუმანი, ნახევარმცველები უუბ ვან არლე და გერალდ ვანენბურგი, ასევე თავდამსხმელი ვიმ კიფტი კი იშვიათი „პოკერის“ ავტორები გახდნენ: ერედივიზიეს და ნიდერლანდების თასის, ასევე ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს!
საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო მარკო ვან ბასტენს ერგო, რომელმაც წლის ბოლოს ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთიც აღმართა.
პოპულარული გამოცემის რეფერენდუმში პირველი სამი ადგილი ევროპის ჩემპიონებმა დაიკავეს: ვან ბასტენის შემდეგ რუუდ გულიტი დადგა, ფრენკ რაიკაარდი კი მესამე იყო.
ევრო 1988
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 10-25 ივნისი
A ჯგუფი: გფრ 1:1 იტალია; დანია 2:3 ესპანეთი; გფრ 2:0 დანია; იტალია 1:0 ესპანეთი; გფრ 2:0 ესპანეთი; იტალია 2:0 დანია
B ჯგუფი: ინგლისი 0:1 ირლანდია; ჰოლანდია 0:1 სსრკ; ინგლისი 1:3 ჰოლანდია; ირლანდია 1:1 სსრკ; ინგლისი 1:3 სსრკ; ირლანდია 0:1 ჰოლანდია
1/2ფინალი: გფრ 1:2 ჰოლანდია; სსრკ 2:0 იტალია
ფინალი
25 ივნისი, 1988. გფრ, მიუნხენი, ოლიმპიაშტადიონი. 62 770
ნიდერლანდები 2:0 სსრკ
გოლები: 1:0 რუუდ გულიტი (32), 2:0 მარკო ვან ბასტენი (54)
ნიდერლანდები: ჰანს ვან ბრეკელენი, ბერი ვან არლე, ფრენკ რაიკაარდი, რონალდ კუმანი, ადრი ვან ტიგელენი, ჯერალდ ვანენბურგი, იან ვოუტერსი, არნოლდ მიურენი, ერვინ კუმანი, რუუდ გულიტი (კაპ), მარკო ვან ბასტენი
მწვრთნელი: რინუს მიხელსი
სსრკ: რინატ დასაევი, ანატოლი დემიანენკო, სერგეი ალეინიკოვი, ვაგიზ ხიდიატულინი, ვასილი რაცი, გენადი ლიტოვჩენკო, ალექსანდრ ზავაროვი, ალექსეი მიხაილიჩენკო, სერგეი გოცმანოვი (სერგეი ბალტაჩა 68), ოლეგ პროტასოვი (ვიკტორ პასულკო 71), იგორ ბელანოვი
მწვრთნელი: ვალერი ლობვანოვსკი
გაფრთხილება: ანატოლი დემიანენკო, გენადი ლოტოვჩენკო, იან ვოუტერსი, ვაგიზ ხიდიატულინი, ბერი ვან არლე
მსაჯი: მიშელ ვოტრო (საფრანგეთი)
ჩემპიონი: ნიდერლანდების ნაკრები
მეკარეები: 1.ჰანს ვან ბრეკელენი (04.10.1956; პსვ ეინდჰოვენი), 16.იოოპ ჰილე (25.12.1958; როტერდამის ფეიენოორდი)
მცველები: 2.ადრი ვან ტიგელენი (16.06.1957; ბრიუსელის ანდერლეხტი, ბელგია), 3.სიააკ ტროოსტი (28.08.1959; როტერდამის ფეიენოორდი), 4.რონალდ კუმანი (21.03.1963; პსვ ეინდჰოვენი), 6.ბერი ვან არლე (08.12.1962; პსვ ეინდჰოვენი), 15.ვიმ კუვერმანსი (28.06.1960; სიტარდის ფორტუნა), 17.ფრენკ რაიკაარდი (30.09.1962; სარაგოსას რეალი, ესპანეთი), 18.ვილბერტ სურვიინი (26.10.1962; კერკრადეს როდა)
ნახევარმცველები: 5.არონ ვინტერი (01.03.1967; ამსტერდამის აიაქსი), 7.ჯერალდ ვანენბურგი (05.03.1964; პსვ ეინდჰოვენი), 8.არნოლდ მიურენი (02.05.1951; ამსტერდამის აიაქსი), 11.ჯონი ვან თსხიპი (30.12.1963; ამსტერდამის აიაქსი), 13.ერვინ კუმანი (20.09.1961; მეხელენი, ბელგია), 19.ჰენდრი კრიუზენი (24.11.1964; ჰერტოგენბოშის დენ ბოში), 20.იან ვოუტერსი (17.07.1960; ამსტერდამის აიაქსი)
თავდამსხმელები: 9.ჯონი ბოსმანი (01.02.1965; ამსტერდამის აიაქსი), 10.რუუდ გულიტი (01.09.1962; მილანი, იტალია), 12.მარკო ვან ბასტენი (31.10.1964; მილანი, იტალია), 14.ვიმ კიფტი (12.11.1962; პსვ ეინდჰოვენი)
მწვრთნელი: რინუს მიხელსი
უეფას სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
მეკარე: ჰანს ვან ბრეკელენი (ნიდერლანდები)
მცველები: რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), ფრენკ რაიკაარდი (ნიდერლანდები, პაოლო მალდინი (იტალია), ჯუზეპე ბერგომი (იტალია)
ნახევარმცველები: იან ვოუტერსი (ნიდერლანდები), ჯუზეპე ჯანინი (იტალია), ლოთარ მათეუსი (გფრ)
თავდამსხმელები: მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები), რუუდ გულიტი (ნიდერლანდები), ჯანლუკა ვიალი (იტალია)
ბომბარდირი:
მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) – 5 გოლი
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი