ევროისტორია: 1996 – ახალი ევროპა

XX საუკუნის ბოლო ათწლეულის პოლიტიკური ცვლილებები ბებერი კონტინენტის ჩემპიონატსაც შეეხო – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია იძულებული გახდა შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა.
ეთნიკური ომების და რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ ევროპაში ახალი სახელმწიფოები შეიქმნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალი ქვეყნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შევიდნენ, უეფას წევრთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
იმდენი ცვლილება, რამდენიც უეფამ ევროპის X ჩემპიონატის წინ შეიტანა წესდებაში, ერთად აღებული ყველა წინა ტურნირის მსვლელობისას არ ყოფილა. ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისში გამართული ევროჩემპიონატი ასე ვთქვათ ახალი სიტყვა იყო კონტინენტის მთავარი ტურნირის ისტორიაში.

ჯერ კიდევ 1992 წლის ჩემპიონატისას უეფაში სამი ბალტიისპირული ქვეყანა შევიდა: ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. იმავე წლის ნოემბერში უეფას ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭათ აზერბაიჯანის და მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციებს.

1993 წლის 17 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, უეფას მეშვიდე საგანგებო კონგრესზე, ევროპულ საფეხბურთო ოჯახში გაწევრდნენ საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის, რუსეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, უკრაინის, ხორვატიის და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციები.

უეფას შეემატა ისრაელიც: 1956 წლიდან ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში ირიცხებოდა, თუმცა ფიფას რჩევით, ისრაელმა უეფაში გადაინაცვლა.

ერთი სიტყვით, ევროპული სანაკრებო და საკლუბო ტურნირების მონაწილეთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა: თუ 1992 წლის ჩემპიონატის შესარჩევში 34 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, 1996 წელს მათი რიცხვი 47მდე გაიზარდა.

კონტინენტის პირველობის მასპინძლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 1992 წლის მაისში გაჩაღდა. ამ უფლებისთვის ინგლისის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციები იბრძოდნენ.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, ლისაბონში, ინგლისის დელეგაციამ ერთი თავით აჯობა კონკურენტებს – როგორც უეფას პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა განაცხადა, კენჭისყრის დროს ინგლისის პროექტს აბსოლუტურად ყველა დელეგატმა მისცა ხმა.

მას შემდეგ, რაც მასპინძელი ქვეყანა გამოვლინდა, დღის წესრიგში დადგა ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობის საკითხი. არაერთხელ დაიწერა, რომ საჭირო იყო ფინალისტთა რაოდენობის გაზრდა, რადგან ბებერი კონტინენტი უკვე აღარ იყო ისეთი მცირეეროვანი, როგორც თუნდაც ოთხი წლის წინ.

1992 წლის 12 ნოემბერს, ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატების კომისიის სხდომაზე, პირველად ითქვა ფინალური ეტაპის მონაწილეთა გაორმაგების შესახებ – რვის ნაცვლად თექვსმეტი! იმ სამუშაო შეხვედრაში, ხსენებული კომისიის წევრების გარდა, უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი, გენერალური მდივანი გერჰარდ აიგნერი და ევრო 96ის დირექტორი გლენ კირტონიც მონაწილეობდნენ.

საბოლოო გადაწყვეტილება უეფამ 1992 წლის 20 ნოემბერს მიიღო: სტამბოლში საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისში რვის ნაცვლად 16 გუნდი იბრძოლებდა.

1994 წლის 14 იანვარს უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლება დართო მაკედონიას, რომელსაც მცირე ხნით ადრე ფიფას ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა. იმავე დღეს უეფამ დაადასტურა, რომ კონტინენტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ვერ ითამაშებდა იუგოსლავიის ნაკრები, რადგან ეს ქვეყანა გაეროს მიერ კვლავ სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

1994 წლის 21 იანვარს, შესარჩევი ტურნირის წილისყრამდე ერთი დღით ადრე, უეფამ ოფიციალურდ განაცხადა: ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე, მასპინძლის გარდა, მონაწილეობას მიიღებდნენ რვა შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები, ასევე მეორე ადგილზე გასული ოთხი საუკეთესო გუნდი და ფლეი-ოფში გამარჯვებული ერთი ნაკრები. ეს უკანასკნელი მეორეადგილოსანთა შორის ორი უარესი შედეგის მქონე გუნდების დაპირისპირებაში გამოვლინდებოდა.

სიახლე იყო ისიც, რომ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გამარჯვებისთვის გუნდებს სამი ქულა მიენიჭებოდათ, ხოლო ფრე კვლავ ქულად შეფასდებოდა. ეს წინადადება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ წამოაყენა და უეფამ მისი გამოცდა თავდაპირველად ერთი ჩემპიონატით ინება, მაგრამ სიახლემ გაამართლა და ცვლილება სამუდამოდ ამოქმედდა.

1994 წლის 22 იანვარს, შაბათს, მანჩესტერში, გრანადა თელევიჟენ სტუდიოს დიდ დარბაზში ევროჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა მოეწყო – საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება დიდ საერთაშორისო ტურნირში!

47 მონაწილე (ინგლისი, როგორც მასპინძელი, საკვალიფიკაციო ტურნირიდან თავისუფალი იყო) ძალის მიხედვით ექვს კალათში გადაანაწილეს. უეფამ გუნდების შეფასების დროს ევროპის წინა და მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ნაჩვენები შედეგები, ასევე ევროთასებზე კლუბების მიღწევები გაითვალისწინა.

I კალათში, უძლიერესთა შორის მოხვდნენ: ნიდერლანდები, დანია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი.
II კალათა – საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, უკრაინა, უელსი, შვეიცარია.
III – ბელგია, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, ჩეხეთი, შოტლანდია.
IV – ავსტრია, ბელარუსი, საქართველო, ისრაელი, ისლანდია, ლიეტუვა, მაკედონია, ფინეთი.
V – ალბანეთი, კვიპროსი, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, თურქეთი, ფარერის კუნძულები, ესტონეთი.
VI – აზერბაიჯანი, სომხეთი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო, სლოვაკეთი.

იმავე დღეს კიდევ ერთი ახალი წესი გაცხადდა: გუნდებს თამაშის მსვლელობისას სამი ფეხბურთელის შეცვლის უფლება მიეცათ. შეგახსენებთ, რომ მანამდე მხოლოდ ორი მოთამაშის ცვლილება იყო ნებადართული.

რაც შეეხება ჩემპიონატის თილისმას, ინგლისელებმა კურდღელი ბერნი აღარ ისურვეს და ახლის შექმნა დიზაინერულ სტუდია MCVის დაავალეს. საბოლოოდ ევრო 96ის თილისმა გახდა ლომი, რომელიც ბრწყინვალედ ეხამებოდა კონტინენტის ჩემპიონატის არაოფიციალურ ჰიმნს – სამი ლომი. რაც შეეხება ოფიციალურს, მას პოპულარული ჯგუფი სიმფლი რედი ასრულებდა, თუმცა გულშემატკივრებში სამი ლომი გაცილებით პოპულარული იყო…

შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა 1994 წლის 20 აპრილს გაიმართა VI ჯგუფში: ბელფასტში ჩრდილოირლანდიელებმა ევროჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დებიუტანტ ლიხტენშტაინს უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს. საინტერესოა, რომ ლიხტენშტაინს მეტი გოლი აღარც გაუტანია, ასე რომ ჰასლერის ის ბურთი ისტორიული გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ ლიხტენშტაინელებმა 40 გოლი გაუშვეს, ყველაზე ბევრი!

I საკვალიფიკაციო ჯგუფში საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ისრაელის, სლოვაკეთის და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. დებიუტანტი აზერბაიჯანი დანარჩენი მონაწილეებისთვის ქულათა მარაგის შესავსებად მისწრებად იქცა. სათქმელია ისიც, რომ აზერბაიჯანში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო ნაკრებმა ოთხი საშინაო შეხვედრა თურქეთში ჩაატარა და მხოლოდ პოლონეთს უმასპინძლა ბაქოში. აზერბაიჯანელებმა სწორედ პოლონელებთან მოიპოვეს ერთადერთი ქულა, მანამდე კი მიჯრით ცხრა(!) თამაში წააგეს.

ჯგუფის ფავორიტად რუმინელები ითვლებოდნენ, რომლებმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. რაც შეეხება საფრანგეთს, მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის უკანასკნელ მატჩში, ბულგარეთთან შინ სენსაციური წაგების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად ემე ჟაკე დაინიშნა. გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით (80იან წლებში მისი ბორდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო საფრანგეთსა და ევროპაში) ფრანგებმა მძიმედ დაიწყეს და პირველი წრის დასრულების შემდეგ ფინალურ ეტაპს მიღმა რჩებოდნენ…

რუმინეთსა და საფრანგეთს შორის პრინციპული დაპირისპირება 1995 წლის 11 ოქტობერს შედგა ბუქარესტში, სტიაუაზე. ჟაკეს გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და როცა გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, მათი უპირატესობა ორბურთიანი იყო – კრისტიან კარამბემ და იური ჟორკაეფმა გაიტანეს გოლები. მეორე ტაიმში ვეტერანმა მარიუს ლაკატუშმა და ფრანგული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ზინედინ ზიდანმა გაცვალეს ზუსტი დარტყმები, საბოლოოდ კი საფრანგეთმა 3:1 გაიმარჯვა.

მოგვიანებით ფრანგებმა ისრაელიც დაამარცხეს და 20 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. მეორეადგილოსანთა შორის მათ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდათ და ინგლისის საგზურსაც დაეუფლნენ.

II საკვალიფიკაციო ჯგუფში ესპანეთის, დანიის, ბელგიის, კვიპროსის, მაკედონიის და სომხეთის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. ბელგიელები ღრმა კრიზისში იყვნენ, ამიტომ მთავარი ბრძოლა ესპანეთსა და დანიას შორის წარიმართა.

ესპანელი ჟურნალისტები გუნდის თავკაც ხავიერ კლემენტეს გენიალურ კომბინატორს უწოდებდნენ – ათ შესარჩევ თამაშში კლემენტემ 24 ფეხბურთელი გამოსცადა. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ხელისუფლებას მწვრთნელი გულზე არ ეხატებოდა, შედეგები მწვრთნელის სასარგებლოდ მეტყველებდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ესპანელებმა მეორე ადგილზე გასულ დანიას 5 ქულით აჯობეს.

კლემენტეს ინიციატივით ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო. ვეტერანებიდან მწვრთნელი მხოლოდ ანდონი სუბისარეტას ენდო, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ. სწორედ ბასკი სპეციალისტის დროს დამკვიდრდნენ ნაკრებში ლუის ენრიკე, მიგელ ანხელ ნადალი, ხოსე ლუის პერეს კამინერო, იულენ გერერო, ალფონსო პერესი…

რაც შეეხება დანიის ნაკრებს, მთავარი სიახლე იყო ის, რომ გუნდს მიქაელ ლაუდრუპი დაუბრუნდა, რომელიც ჩინებულ ფორმაში იყო.

ჯგუფის ლიდერთა პირველი დაპირისპირება, რომელიც 1994 წლის 16 ნოემბერს გაიმართა, ესპანელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების შემდეგ ყველაზე ცოტა გოლი, ოთხი, სწორედ ესპანელებმა გაუშვეს.

III ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის უნგრეთის, ისლანდიის, შვეიცარიის, შვედეთის და თურქეთის ნაკრები გუნდები იბრძოდნენ. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი შვედეთი ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ დაიწყო საკვალიფიკაციო მატჩები და ნათელი გახდა, რომ ტომი სვენსონის გუნდისგან აჩრდილიღა იყო დარჩენილი.

სკანდინავიელთა კრიზისით შესანიშნავად ისარგებლა თურქეთმა – ზღვისპირელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ჯგუფი კი შვეიცარიამ მოიგო, რომელმაც ზედიზედ მეორე დიდ ტურნირზე გაინაღდა თამაში. ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, შვეიცარია 1/8ფინალში მოხვდა.

IV ჯგუფი იმით იყო საინტერესო, რომ იტალიის ნაკრების გარდა ყველა გუნდი პირველად მონაწილეობდა ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე: ხორვატია, უკრაინა, ლიეტუვა, სლოვენია და ესტონეთი.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ იტალიას, რომელსაც კვლავ არიგო საკი ხელმძღვანელობდა, სპეციალისტები იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. იტალიამ მძიმედ დაიწყო – სლოვენიაში ვერ გაიმარჯვა, ესტონეთში კი მძიმე ბრძოლით მოიპოვა სამი ქულა. შემდეგ კი, პირველ საშინაო შეხვედრაში, სკუადრა აძურა დამარცხდა – 1996 წლის 16 ნოემბერს დავორ შუკერმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს და ხორვატიას 2:1 მოაგებინა.

ხორვატთა გოლეადორი ევრო 96ის შესარჩევში ჩინებული იყო – 12 ბურთი მიითვალა და ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახდა.

და რაში მდგომარეობდა არიგო საკის პრობლემა? სკუადრა აძურას თავკაცი ექსპერიმენტებს განაგრძობდა, რაც ჟურნალისტებს ძალიან არ მოსწონდათ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ათ ოფიციალურ მატჩში საკიმ 37 ფეხბურთელი გამოსცადა, თუმცა მის რჩეულთა შორის არ იყო რობერტო ბაჯო, რომელიც მწვრთნელმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ აითვალწუნდა.

იტალიამ თუ 37 ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი, უკრაინელები უფრო შორს წავიდნენ – 44მა მოთამაშემ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისური, რაც ტურნირის რეკორდი გამოდგა. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ შესარჩევში გუნდს სამმა სპეციალისტმა უხელმძღვანელა – ოლეგ ბაზილევიჩმა, იოჟეფ საბომ და ანატოლი კონკოვმა.

მესამე ფაქტიც უკრაინელთა შესახებ: 1995 წლის 25 მარტს, ზაგრებში ხორვატიასთან 0:4 წაგებულ მატჩში პირველად გამოჩნდა ანდრეი შევჩენკო. მან ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად იასპარეზა…

V ჯგუფში ნიდერლანდების მხარდამხარ ნორვეგიის, ჩეხეთის, ბელარუსის, ლუქსემბურგის და მალტის ნაკრებები მოხვდნენ. ფავორიტად პირველი ორი გუნდი მიიჩნეოდა. ევროპის მომავალ ვიცე-ჩემპიონ ჩეხეთს სათვალავში არავინ აგდებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დუშან უჰრინის გაწვრთნილმა ჩეხეთმა მალტასთან და ლუქსემბურგთან ჯამში ოთხი ქულა დაკარგა, მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

ყველასთვის მოულოდნელად ნიდერლანდებმა ბელარუსთან წააგო, ნორვეგიამ კი ნარინჯისფერებთან და ჩეხეთთან საშინაო მატჩებშიც ვერ გაიმარჯვა.

ჯგუფის ბომბარდირი ჩეხების ლიდერი პატრიკ ბერგერი გახდა, რომელმაც რვა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა. რაც შეეხება უჰრინს, თბილისის დინამოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი 1995 წლის შედეგებით საუკეთესოდ აღიარეს.

ნიდერლანდებმა მეორე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ მეორეადგილოსანთა შორის ერთ-ერთი უარესი აღმოჩნდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის დამატებით ითამაშა. მეტოქე ირლანდია იყო, მომდევნო, VI ჯგუფის მეორეადგილოსანი. კუნძულელები პორტუგალიას ჩამორჩნენ.

VIII საკვალიფიკაციო ჯგუფი ყველაზე სუსტი გამოდგა: საბერძნეთი, რუსეთი, სან მარინო, ფარერის კუნძულები, ფინეთი და შოტლანდია.

რუსეთი ფავორიტი იყო და მეტოქეებისგან ქვა ქვაზე არ დატოვა – ათ შესარჩევ მატჩში 34 გოლი შეაგდო, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა მთლიანად ტურნირში: 3:0 საბერძნეთში, 3:0 და 5:2 ფარერის კუნძულებთან, 7:0 სან მარინოს წინააღმდეგ, 6:0 ფინეთში…

მეორე ადგილი შოტლანდიელებს ერგოთ, ჯგუფის ბომბარდირი კი… ფინელი პაატელაინენი გახდა, რომელმაც შვიდ მატჩში ამდენივე ბურთი შეაგდო.

1995 წლის 13 დეკემბერს, ლივერპულში, ენფილდ როუდზე, ევროპის ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გამოვლინდა: ნიდერლანდებმა პატრიკ კლუივერტის დუბლით 2:0 სძლია ირლანდიას და ზედიზედ მესამედ მოხვდა ფინალურ ეტაპზე.

ამ მატჩით 602დღიანი შესარჩევი მარათონი დასრულდა.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian