ევროისტორია: 1996 – საქართველო

ოფიციალური საფეხბურთო ტურნირების დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის VII შესარჩევ ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ბულგარეთის, უელსის, მოლდოვის და ალბანეთის მხარდამხარ.
ფავორიტი გერმანიის თავკაცმა ბერტი ფოგთსმა ჯერ კიდევ წილისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. რაც შეეხება უელსის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე ალან ევანსს, მან განაცხადა: „გერმანია ჯგუფის ფავორიტია, მეორე საგზურისთვის კი ბულგარეთი და ჩვენ ვიბრძოლებთ. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, მათ სერიოზულად ვერ განვიხილავ, ისინი აუტსაიდერები არიან“.

ევანსის სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია, ჩვენი საფეხბურთო ოჯახისთვის უფრო მტკივნეული ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის სიტყვები აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფის შეფასებისას თქვა: „ალბანეთის, საქართველოს, მოლდოვის და ამ დონის გუნდებმა ჯერ შესარჩევი ეტაპი უნდა ითამაშონ, რომ ჩვენთან ბრძოლის უფლება მოიპოვონ. მათთან მატჩები გერმანიის ნაკრებისთვის არაფრის მომცემია“.

1994 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო, რომ ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ ოფიციალურ თამაშს დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით მოიგებდა.

ყველა მწარედ მოტყუვდა – ფეხბურთელებიც, მთავარი მწვრთნელიც და ქომაგებიც. ჩვენსავით დებიუტანტმა მოლდოვამ პირველი ტაიმის მიწურულს ერთადერთი გოლი გაიტანა – ირაკლი ზოიძის კარი იგორ ოპრიამ დალაშქრა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, საქართველომ საკვალიფიკაციო ტურნირი მარცხით დაიწყო.

საინტერესოა, რომ ჩივაძე მხოლოდ თბილისის დინამოელებს დაეყრდნო – იმ დღეს მოედანზე გასული ცამეტი ქართველიდან თერთმეტი დინამოელი იყო, უცხოეთში მხოლოდ გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე და ვეტერანი ფორვარდი გია გურული თამაშობდნენ.

მოლდოვასთან წაგებას მხოლოდ ერთი, ასე ვთქვათ საინტერესო ფაქტის გამო თუ გავიხსენებთ: იმ დღეს ნაკრებში სამივე არველაძემ ითამაშა – რეზოს, შოთას და არჩილს ჩივაძე პირველივე წუთიდან ენდო. ასეთი რამ ევრო 96ის შესარჩევში ერთადრთხელ მოხდა.

ჩივაძის გუნდმა ვერც მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი. ქართველები სოფიაში, ვასილი ლევსკიზე 0:2 დამარცხდნენ.

იმ დროს ბულგარეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი იყო და ალბათ ამის გამო, მასპინძლები ხუთი-ექვსი ბურთის სხვაობით გამარჯვებას იმედოვნებდნენ. „ქართველ ფეხბურთელებს ჩვენ დაკრულზე ვაცეკვებთ“ – დაწერა ერთ-ერთმა ბულგარულმა გაზეთმა.

პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლები მიხვდნენ, რომ არასწორად შეაფასეს მეტოქე, თუმცა შესვენების შემდეგ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და დანიელ ბორიმიროვის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ემილ კოსტადინოვმა მალევე გახსნა ანგარიში. მოგვიანებით ბულგარელებმა მეორედაც გაიხარეს. საბოლოოდ 0:2.

1994 წლის 16 ნოემბერს საქართველომ უელსს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები მოლდოვაში 2:3 დამარცხდნენ, ქართველ ქომაგებს გამარჯვებისა ნაკლებად სჯეროდათ.

არადა იმ დღეს გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა – უელსთან 5:0 არათუ ჩვენი ჯგუფის, ზოგადად, მთელი საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია გამოდგა! 1953 წლის შემდეგ უელსი პირველად დამარცხდა 0:5 – ქართველებმა დრაკონებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწარე მარცხი აგემეს!

ისტორიული, პირველი ოფიციალური გოლი თემურ ქეცბაიამ შეაგდო – მარცხენა ფლანგიდან მოჭრილი დარტყმით დალაშქრა ნევილ საუთჰოლის კარი. შემდეგ გიორგი ქინქლაძის, კვლავ ქეცბაიას, გოჩა გოგრიჭიანის და შოთა არველაძის ჯერი დადგა…

დეკემბერში საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური თამაში უკვე მეტოქის მოედანზე მოიგო – ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ქემალ სტაფაზე შოთა არველაძის ერთადერთი გოლით მოიპოვა სამი ქულა.

ჩივაძის გუნდმა ოფიციალური ტურნირი 1995 წლის გაზაფხულზე, 29 მარტს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან საშინაო თამაშით განაახლა. იმის გამო, რომ ეროვნული სტადიონი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, გერმანელებმა საჭირო ტექნიკა თავად ჩამოიტანეს საქართველოში, მათ შორის დამატებითი განათება და მაღალი ხარისხის ტელერეპორტაჟისთვის აუცილებელი აპარატურა.

რამდენი ბილეთი გაიყიდა იმ დღეს, ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ: ეროვნული სტადიონი პირთამდე გაივსო და გულშემატკივრებმა სექტორებს შორის კიბეებიც აითვისეს. გამოთქმა „ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ მოიძებნებოდა“, 29 მარტისთვის ზედგამოჭრილი იყო.

გერმანელებმა კაპიტნის, იურგენ კლინსმანის ბრწყინვალე თამაშით და დუბლით მოიგეს. კლინსმანი იმხანად ტოტენჰემ ჰოთსფურში თამაშობდა და უბრალოდ შეუდარებელ ფორმაში იყო.

ბუნდესგუნდის თავკაცმა ბერტი ფოგთსმა თამაშის შემდეგ თქვა: „როცა გადავსებული ტრიბუნები დავინახე, ვიფიქრე რომ ბიჭებს ქართველები ბევრ პრობლემას შეუქმნიდნენ, მაგრამ ტრიბუნების სიმშვიდემ სასიამოვნოდ გამაოცა. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ქართველებს, ვხედავდი, რომ ისინი ძალიან ნერვიულობდნენ“.

გერმანელთა ისტორიული ვიზიტის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მიჯრით ორი ოფიციალური თამაში მოიგო: ჯერ ალბანეთს უმასპინძლა და 2:0 სძლია, ივნისში კი უელსს ესტუმრა და გიორგი ქინქლაძის დიდებული გოლით 1:0 გაიმარჯვა.

1995 წლის 6 სექტემბერს გერმანიამ საქართველოს ნიურნბერგში უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა. თემურ ქეცბაიას გასროლის შემდეგ ქართველები იგებდნენ, თუმცა მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ნიურნბერგის პროცესი – ასე დაასათაურა გაზეთმა სარბიელმა იმ თამაშის მიმოხილვა.

1995 წლის 11 ოქტომბერს ჩივაძის გუნდმა კიდევ ერთი სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – თბილისში 2:1 დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთი.

საკვალიფიკაციო ტურნირის დასასრული კი, სტარტის მსგავსად, გულდასაწყვეტი გამოდგა – 2:3 მოლდოვაში. ყველა ფიქრობდა, რომ ჩივაძის გუნდი თბილისური შერცხვენისთვის რევანშს აიღებდა, მაგრამ მოლდოველებმა ქართველებთან კიდევ ერთხელ გაიხარეს.

საბოლოოდ ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა VII შესარჩევი ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა, ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი გერმანიის და ბულგარეთის ნაკრები გუნდები დაეუფლნენ.

მას შემდეგ საქართველო ევროშესარჩევში მესამე ადგილზე აღარ გასულა და არც ტურნირი დაუსრულებია ბურთების დადებითი სხვაობით.

 

(II ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian