ევროისტორია: 2000 – საქართველო
ეროვნულმა ნაკრებმა 1997 წელი თბილისში პოლონეთთან 3:0 გამარჯვებით დახურა და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ქართველებს პოლონელთა კარში ერთით მეტი გოლი რომ გაეტანათ, მესამე ადგილზე გავიდოდნენ…
თამაშის წინა დღეს, ოფიციალური პრესკონფერენციის შემდეგ, ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა გაზეთ სარბიელის კორესპონდენტს განუცხადა, რომ პოლონეთთან თამაში, შედეგის მიუხედავად, მისი უკანასკნელი მატჩი იქნებოდა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. არადა ყიფიანი ერთი წლის მისული გახლდათ ქვეყნის მთავარ გუნდში – 1997 წლის დასაწყისში დაინიშნა თანამდებობაზე.
ასე იყო თუ ისე, 1998 წელს საქართველო ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდა – გუნდი დიდი დინამოს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა ვლადიმერ გუცაევმა ჩაიბარა.
ყიფიანის წასვლის შემდეგ გუცაევი მთავარი მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატი იყო, რადგან მისმა მომზადებულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მშვენივრად ითამაშა და ტურნირი ჯერ იტალიასთან რუსთავში (2:0), შემდეგ კი თბილისში პოლონელთა 5:1 განადგურებით დაასრულა.
ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ვლადიმერ გუცაევმა მშვენივრად დაიწყო: 1998 წლის თებერვალში ქართველებმა მალტის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეს და ზედიზედ სძლიეს ლატვიას, ალბანეთს და მასპინძელთა გუნდს.
მალტის ტურნირზე ტრიუმფი ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველი, და სამწუხაროდ დღემდე ერთადერთია.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის ერთხელ გია იმნაძის ხელმძღვანელობით და 5 სექტემბრის თბილისურ მატჩს, ალბანეთის ნაკრებთან, მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდა.
ბელგია-ნიდერლანდები 2000ის პირველი ოფიციალური შეხვედრა გუცაევის გუნდმა კი მოიგო (შეცვლაზე შესულმა არჩილ არველაძემ გაიტანა ერთადერთი გოლი), მაგრამ კარგად ნაღდად ვერ ითამაშა.
10 და 14 ოქტომბერს ქართველებს ორი გასვლითი თამაში ელოდათ, ჯერ რიგაში, რევაზ ძოძუაშვილის მომზადებულ ლატვიის ნაკრებთან, შემდეგ კი ათენში საბერძნეთის არცთუ ძლიერ გუნდთან.
პირველ შეხვედრაში მძიმე მოგების მიუხედავად, ოქტომბრის პაექრობების წინ გუნდიც და გულშემატკივრებიც იმედიანად იყვნენ, მაგრამ შედეგმა ყველა გააოგნა – 0:1 რიგაში და 0:3 ათენში. განსაკუთრებით მტკივნეული საბერძნეთში განადგურება გამოდგა – ეს იყო ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსახური თამაში.
გუნდმა 1999 წელიც არასახარბიელოდ დაიწყო: მარცხი შინ, ამხანაგურში უკრაინასთან, ვერმოგებული საშინაო შესარჩევი თამაში სლოვენიასთან – 1:1…
მწვრთნელსა და რამდენიმე მოთამაშეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ყველაფერი კი მორიგ ოფიციალურ თამაშში, 28 აპრილს თბილისში ნორვეგიასთან კატასტროფით დასრულდა – 1:4!
38ე წუთისთვის საქართველოს ნაკრები ოთხი გოლით აგებდა:
მე16 წუთზე გელა შეყილაძემ საკუთარ კარში გაიტანა გოლი…
27ე წუთზე ტორე ანდრე ფლომ გააორმაგა უპირატესობა…
35ე წუთზე ოლე-გუნარ სულშერმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა…
38ე წუთზე კი ფლომ დუბლი გაიფორმა.
მოსკოვის ლოკომოტივის ლიდერმა ზაზა ჯანაშიამ ზედიზედ მეორე ოფიციალურ თამაშში გამოიჩინა თავი, მაგრამ ეს იყო და ეს – 1:4.
ვლადიმერ გუცაევი გუნდიდან წავიდა, ფეხბურთის ფედერაციამ კი, რომელსაც პრობლემები ისედაც არ აკლდა, მცირე ხნის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – იოჰან ბოსკამპი.
ნიდერლანდელი გახდა პირველი უცხოელი სპეციალისტი, რომელმაც ნაკრები ჩაიბარა. მცირე ხანში მას თბილისის დინამოც ანდეს.
ბოსკამპს პირველი გამოცდა ნორვეგიასთან უნდა ჩაებარებინა, 30 მაისს, ოსლოში. სკანდინავიაში სტუმრობის შემდეგ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან საშინაო თამაშიც ელოდა.
იოჰან ბოსკამპის პირველი სანაკრებო შეკრება სკანდალით დაიწყო და დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ფრაზაც – ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ! – იმ დღეებს უკავშირდება.
მწვრთნელის გაბრაზება და ხსენებული სიტყვები კი ზაზა ჯანაშიამ გამოიწვია, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე მოსკოვიდან… ავტომობილით გამოეშურა! დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მისული თავდამსხმელი მთავარმა მწვრთნელმა შეკრებიდან ხმაურით დაითხოვა.
თბილისური 1:4ის შემდეგ ოსლოში ყველა მორიგ განადგურებას ელოდა, თამაშის დასაწყისიც მწარე გამოდგა – სტეფან ივერსენმა მე3 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ბოსკამპის მომზადებულმა გუნდმა მეტი აღარ გაუშვა, მხოლოდ 0:1 წააგო და ეს შედეგი, სამწუხაროდ, წარმატებად ჩაითვალა.
5 ივნისს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მთავარმა მწვრთნელმა ორი დებიუტანტით დაიწყო თამაში – 17 წლის ოთარ ხიზანეიშვილმა და 27 წლის ბადრი ახვლედიანმა პირველად მოირგეს მთავარი გუნდის მაისური, მეორე ტაიმში კი ეს უკანასკნელი კიდევ ერთმა თინეიჯერმა, დიდი დინამოს ერთ-ერთი გამორჩეული მცველის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟმა, ასევე 17 წლის ზურაბმა შეცვალა.
თემურ ქეცბაიამ 55ე წუთზე გახსნა ანგარიში, მეტოქემ კი მხოლოდ 85ე წუთზე შეაგდო საპასუხო გოლი – მორიგი იერიშის შემდეგ ბურთი დებიუტანტ ხიზანიშვილს მოხვდა და ასე შევარდა დავით გვარამაძის კარში. 89ე წუთზე ნიკოს მახლასმა, ვინც იმხანად ამსტერდამის აიაქსის შეტევათა ლიდერი იყო, გამარჯვების ბურთი შეაგდო – 1:2…
უკანასკნელ სამ თამაშში ბოსკამპის გუნდმა მხოლოდ ქულა აიღო: 1:2 სლოვენიასა და ალბანეთში და 2:2 თბილისში, ლატვიასთან. შოთა არველაძის და მიხეილ ყაველაშვილის გოლებით საქართველო უკანასკნელ წუთამდე იგებდა, მაგრამ მაინც ფრე და მხოლოდ მეხუთე ქულა მეათე შესარჩევ მატჩში.
ცხრა შესარჩევი ჯგუფის ბოლოადგილოსანთა შორის ვლადიმერ გუცაევის და იოჰან ბოსკამპის საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი – ხუთი ქულა მოაგროვა, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო.
2000 წლის სეზონს ქვეყნის მთავარი გუნდი ამჯერად უკვე ორი მთავარი მწვრთნელით შეხვდა – ფეხბურთის ფედერაციამ ლატვიიდან წამოსულ რევაზ ძოძუაშვილს და დავით ყიფიანს ერთდროულად უხმო…
(II ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: ავტორის არქივი