ევროისტორია: 2000 – ტრეზეგოლი

1999 წლის 12 დეკემბერს, ბრიუსელში, ეიზელის რაიონში მდებარე საგამოფენო პავილიონში ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ბელგიიდან ცერემონიის მასპინძელი კვლავ პოლ ვან ჰიმსტი გახლდათ, ნიდერლანდებიდან კი მას ამჯერად მეორე დიდი ექსფეხბურთელი იოჰან ნეესკენსი დაეხმარა.
წილისყრის დაწყებამდე სცენაზე მიიწვიეს ყველა ჩემპიონი გუნდის წარმომადგენელი, რომლებმაც სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულ საბჭოთა კავშირის ნაკრებს ვიქტორ პონედელნიკი წარადგენდა, 1964 წლის ესპანეთს – ლუის სუარესი, იტალიას ჯაჩინტო ფაკეტი, ჩეხოსლოვაკიას ანტონინ პანენკა, საფრანგეთს – მიშელ პლატინი, გერმანიას ფრანც ბეკენბაუერი და თომას ჰელმერი…

ევრო 2000ის 16 მონაწილე ასე გადანაწილდა:
A – გერმანია, რუმინეთი, პორტუგალია, ინგლისი
B – ბელგია, შვედეთი, თურქეთი, იტალია
C – ესპანეთი, ნორვეგია, იუგოსლავია, სლოვენია
D – ნიდერლანდები, ჩეხეთი, საფრანგეთი, დანია

ფინალური ეტაპის დაწყებამდე თვენახევრით ადრე კოსოვოელმა ალბანელებმა უეფას მიმართეს და იუგოსლავიის ნაკრების ჩემპიონატიდან მოხსნა მოითხოვეს. გარდა ამისა, ისინი იმ სამ მილიონ შვეიცარიულ ფრანკსაც ითხოვდნენ, რომელიც იუგოსლავიის ფეხბურთის ფედერაციას ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის დაერიცხა. კოსოვოელთა მოთხოვნა საფუძველს მოკლებული იყო და ცხადია არ დაკმაყოფილდა.

პირველი ოთხეული სიკვდილის ჯგუფად მოინათლა. ძლიერი შემადგენლობის მიუხედავად, ფავორიტებად გერმანია და ინგლისი მიიჩნეოდნენ, მაგრამ პირველივე ტურში გამოჩნდა, რომ პორტუგალიის და რუმინეთის დაუფასებლობა დიდი შეცდომა იყო.

პორტუგალიის და ინგლისის ნაკრებთა მატჩი ჩემპიონატის მშვენებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კევინ კიგანის ბიჭები პოლ სქოულზის და სტივ მაკმანამანის ზუსტი დარტყმებით მე18 წუთისთვის იგებდნენ, მაინც დამარცხდნენ – 2:3.

ბრწყინვალე გოლი გაიტანა გამარჯვებულთა ლიდერმა ლუიშ ფიგუმ, რომელმაც დევიდ სიმენის კარი შორეული, ეფექტური დარტყმით დალაშქრა. შესვენებამდე ჟოაუ პინტუმ გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი ფერნანდუ ნუნო გომეშმა მესამედ დაამწუხრა ინგლისი.

მეორე ტურში პორტუგალიამ რუმინეთთან რევანში აიღო. საკვალიფიკაციო ეგიდით გამართულ ორ მატჩში კარპატელებმა ერთი მოიგეს და ერთხელაც ფრედ ითამაშეს, მაგრამ ამჯერად კოშტინიას გვიანი გოლით დამარცხდნენ – 0:1.

მესამე ტურში პორტუგალიელებმა სერჟიუ კონსეისაუს ჰეთ-თრიქით გერმანია 3:0 გაანადგურეს. ევროპის სამგზის ჩემპიონი ბუნდესნაკრები ტურნირს უსახელოდ, ზედიზედ სამი თამაშის წაგებით დაემშვიდობა და 1984 წლის შემდეგ, პირველად დაასრულა დიდი საფეხბურთო შეჯიბრება საწყის ეტაპზე.

„ნახევარ საუკუნეზე მეტია ფეხბურთში ვარ და გერმანელების ასეთი სუსტი ფეხბურთი არასდროს მინახავს“, – განაცხადა ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რინუს მიხელსმა.

გერმანიასთან ერთად ჯგუფში ჩარჩა ინგლისიც, რომელმაც პორტუგალიასთან წაგების შემდეგ შირერის გოლით გერმანიას კი სძლია, მაგრამ რუმინეთთან გადაწყვეტი მატჩში 2:3 წააგო.

გენერალ ანგელ იორდანესკუს გაწვრთნილმა გუნდმა 89ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო – თერთმეტმეტრიანი განეამ გაიტანა, საჯარიმო დარტყმა კი ფილ ნევილის მხრიდან ვიორელ მოლდოვანის წინააღმდეგ წესების დარღვევის შემდეგ დაინიშნა.

ევრო 2000 მეორე ჯგუფის თამაშით გაიხსნა: 10 ივნისს ბელგიამ მეფე ბოდუინის სახელობის სტადიონზე შვედეთს უმასპინძლა და გოორისა და მპენზას გოლებით 2:1 გაიმარჯვა.

მეორე დღეს, არნემის საოცარ სტადიონ ხელხერდოუმზე დინო ძოფის იტალიამ დიდი ძალისხმევით სძლია თურქეთს – 2:1. აღსანიშნავია ანტონიო კონტეს ულამაზესი გოლი – მან რუშთუ რექბერის კარი მაკრატელათი დალაშქრა.

14 ივნისს ბელგია ბრიუსელში იტალიასთან 0:2 დამარცხდა: ანგარიში მე6 წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ გახსნა, 66ე წუთზე კი სტეფანო ფიორემ უპირატესობა გააორმაგა. მატჩის წინა დღით მეტოქეთა კაპიტნებმა ყვავილებით შეამკეს სტადიონის ერთ-ერთ კედელზე დამონტაჟებული მემორიალური დაფა, 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის წინ დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთათვის მიძღვნილი. გეცოდინებათ: მეფე ბოდუინის სტადიონი ეიზელის სახელს ატარებდა და სწორედ იქ გაითამაშეს ჩემპიონთა თასი იუვენტუსმა და ლივერპულმა…

მესამე ტურში იტალიამ შვედეთსაც აჯობა და სამი მოგებით გავიდა მეოთხედფინალში, თურქეთმა კი ბელგიას მეორე მარცხი აგემა და ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ბელგია პირველი მასპინძელი გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც ჯგუფიდან ვერ გავიდა.

საკვალიფიკაციო ტურნირის საოცარ სტილში მომგებმა ესპანეთმა მესამე ჯგუფი ნორვეგიასთან სენსაციური წაგებით დაიწყო – 0:1, მაგრამ მომდევნო ტურებში ჯერ სლოვენიას, შემდეგ კი იუგოსლავიას მოუგო და პირველი ადგილით შეაღო ფლეი-ოფის კარი.

განსაკუთრებით თვალსასეირო გამოდგა 21 ივნისს ბრიუგეში, იან ბრეიდელის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება იუგოსლავიასთან.

90ე წუთისთვის ბალკანელები იგებდნენ – 3:2 და კამაჩოს ესპანეთიც ჯგუფში რჩებოდა, მაგრამ ჯერ იყო და გაისკა მენდიეტამ პენალტით გაათანაბრა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ალფონსო პერესმა გამარჯვების ბურთი გაიტანა და ნორვეგიაც ჯგუფში ჩარჩა.

ამ ჯგუფის მატჩებიდან იუგოსლავია-სლოვენიის პაექრობაც უნდა გამოვარჩიო. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი სლოვენია ზლატკო ზაჰოვიჩის დუბლით და მილან პავლინის ზუსტი დარტყმით 57ე წუთისთვის სამი უპასუხო ბურთით იგებდა, მაგრამ 67-73ე წუთებზე, ექვსი წუთის ინტერვალით, ვუადინ ბოშკოვის გუნდმა სამი ბურთი გაიტანა და ქულა გადაარჩინა.

იუგოსლავიელთა მთავარმეგოლე სავო მილოშევიჩმა სლოვენიელებს ორი გოლი გაუტანა, ჯგუფი კი ოთხი ზუსტი დარტყმით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

IV ჯგუფში ასპარეზობდა ჩემპიონატის თანამასპინძელი ნიდერლანდები. ნარინჯისფერთა მთავარი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იყო. პირველი ჯგუფისგან განსხვავებით ორივე ფავორიტი გავიდა ფლეი-ოფში, ყველა, ათივე შესარჩევის მომგებ ჩეხეთს და ევრო 92ის ტრიუმფატორ დანიას კი ძალიან არ გაუმართლათ. სკანდინავიელებმა განსაკუთრებით ცუდად იასპარეზეს – ყველა მატჩი წააგეს და გოლიც ვერ გაიტანეს.

პირველი ნახევარფინალისტები 24 ივნისს გამოვლინდნენ: იტალიამ რუმინეთს, ხოლო პორტუგალიამ თურქეთს ორი უპასუხო გოლით მოუგეს. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – წყვილების გამარჯვებულები ლამის ყველამ გამოიცნო.

25 ივნისის მეოთხედფინალები გაცილებით საინტერესო გამოდგა: ფრანკ რაიკაარდის ნიდერლანდებმა იუგოსლავია არ დაინდო – 6:1. ბოშკოვის გუნდმა პატრიკ კლუივერტი ვერ შეაჩერა – ბარსას ცენტრფორვარდმა ოთხი გოლი გაიტანა, მაგრამ მატჩის ოფიციალურ ოქმში მის ანგარიშზე ჰეთ-თრიქი ჩაიწერა. საქმე ისაა, რომ კლუივერტის ერთი გოლი გოვედარიცას ავტოგოლად გაფორმდა.

მშვენიერი ბურთები შეაგდო მარკ ოვერმარსმაც, სავო მილოშევიჩმა კი ზედიზედ მეოთხე თამაშში გამოიჩინა თავი და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ ამ გოლით მოიპოვა ტურნირის თანაბომბარდირის წოდება.

ბრიუგეში, იან ბრეიდელზე მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა ესპანეთს ძალიან დაძაბული და დრამატული თამაში მოუგო.

როჟე ლემერის საფრანგეთი ზინედინ ზიდანმა 32ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ 38ე წუთზე გაისკა მენდიეტამ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა. პირველი ტაიმი მაინც ფრანგებმა მოიგეს – 44ე წუთზე იური ჟორკაეფმა მეორე გოლი გაუტანა სანტიაგო კანისარესს.

ესპანელთა თავკაცმა ხოსე ანტონიო კამაჩომ ვალენსიის ლიდერი მენდიეტა 57ე წუთზე ცენტრფორვარდ ისმაელ ურსაისით შეცვალა და როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, სწორედ იქ წააგო თამაში. როგორ? 90ე წუთზე ესპანელებმა პენალტი მოიპოვეს და რადგან მენდიეტა გასული იყო, ნიშნულთან რაული მივიდა. ნაკრების საუკეთესო გოლეადორმა ნერვები ვერ მოთოკა და ანგარიშის გათანაბრების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვა – 1:2.

28 ივნისს, ბრიუსელში, პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ისევე როგორც 1984 წელს, ერთმანეთის პირისპირ საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები დადგნენ და ისევე როგორც მაშინ, ფრანგებმა კვლავ დამატებით დროში გაიმარჯვეს.

51ე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო. ნუნო გომეშის მიერ მე19 წუთზე გატანილი ბურთი ტიერი ანრიმ გაქვითა.

117ე წუთზე კი ზინედინ ზიდანმა ოქროს პენალტი გაიტანა. საჯარიმო დარტყმა ფრანგთა ერთ-ერთ ბოლო იერიშს მოჰყვა, რომელიც სილვენ ვილტორმა კარში დარტყმით დააგვირგვინა. ბურთი მცველმა აბელ შავიერმა კუთხურზე მოიგერია. ფრანგები ჩასაწოდებლად მოემზადნენ, მაგრამ სლოვაკმა თანამსაჯმა იგორ შრამკამ ავსტრიელი არბიტრი გიუნტერ ბენკო თავისთან იხმო და წესის დარღვევის შესახებ აცნობა – აღმოჩნდა, რომ შავიერმა ბურთი ხელით მოიგერია. ზიდანმა აუღელვებლად დაარტყა, ბაიას ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა – 2:1.

გაცილებით დრამატულად დასრულდა 29 ივნისს, ნიდერლანდებსა და იტალიას შორის ამსტერდამში გამართული ნახევარფინალი – 0:0 ძირითად და დამატებით დროში, პენალტების სერიაში კი აპენინელებმა იყოჩაღეს – 3:1.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია: 120 წუთში და პენალტების სერიაში მასპინძლებმა ხუთი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს! აღსანიშნავია ისიც, რომ 34ე წუთიდან იტალია ათი ფეხბურთელით თამაშობდა – გერმანელმა არბიტრმა მარკუს მერკმა ჯანლუკა ძამბროტა გააძევა.

38ე წუთზე ნიდერლანდებმა პირველი პენალტი ვერ გაიტანა: ფრანკ დე ბურის დარტყმა ფრანჩესკო ტოლდომ მოიგერია. ტურნირის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ნაკრების ძირითადი გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი დაშავდა, ევროპირველობაზე ვერ გაემგზავრა და ტოლდოც ამიტომ ჩადგა კარში.

70ე წუთზე რაიკაარდის გუნდმა მეორე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ნირწამხდარი დე ბურის ნაცვლად ბურთთან კლუივერტი მივიდა, მაგრამ ტოლდოს ამჯერად კარის ძელი დაეხმარა – 0:0.

რაც შეეხება საფეხბურთო ლატარეას, იქ ნიდერლანდები საკუთარ თავს არ ჰგავდა – ფრანკ დე ბურმა კიდევ ერთხელ ვერ აჯობა ტოლდოს, იააპ სტამმა ბურთი კარს გადააცილა, 3:1ზე კი პოლ ბოსველტის დარტყმა ისევ ტოლდომ მოიგერია და იტალიაც ევროფინალში გავიდა, პირველად 1968 წლის შემდეგ!

აქვე გეტყვით, რომ სკუადრა აძურამ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე პენალტების სერია მეხუთე ცდიდან  პირველად მოიგო.

1980 წელს, საშინაო ევროჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალია ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდა; 1990 წლის მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში, ასევე შინ, ნეაპოლში – არგენტინასთან; 1994 წელს მსოფლიოს ფინალი დათმო ბრაზილიის წინააღმდეგ, 1998 წელს კი მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან.

ფინალი
ევრო 2000ის გამარჯვებული 2 ივლისს, როტერდამში, დე კუიპზე გამოვლინდა.

საფრანგეთმა დამატებით დროში, დავიდ ტრეზეგეს ოქროს გოლით მოიგო და გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.

55ე წუთზე მარკო დელ ვეკიომ ჯანლუკა პესოტოს ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა და იტალია დააწინაურა – 1:0.

და როცა ფინალის დასრულებამდე ზუსტად 13 წამი(!) რჩებოდა, სილვენ ვილტორმა ანგარიში გათანაბრა – მისი დარტყმული ბურთი ტოლდოს გაუძვრა – 1:1.

დამატებით დროში შოკირებული იტალია საკუთარ თავს არ ჰგავდა, ხოლო ფრანგები პირიქით, აშკარად უკეთ თამაშობდნენ.

103ე წუთზე კი მოხდა ის, რასაც ბევრი ელოდა: მორიგი იერიშის შემდეგ ტრეზეგემ მარცხენა მოიქნია და ტოლდოს კარის ბადე კინაღამ გაგლიჯა – 2:1.

საფრანგეთმა მეორედ მოიგო ანრი დელონეს სახელობის თასი!

ევროპირველობის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ზინედინ ზიდანმა წლის ბოლოს მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა, დავიდ ტრეზეგე კი ევრო 2000ის დასრულებიდან მცირე ხანში სერია აში, იტალიის ყველაზე ტიტულიან კლუბში, ტურინის იუვენტუსში გადავიდა…

ევრო 2000
ბელგია-ნიდერლანდები, 10 ივნისი – 2 ივლისი
A ჯგუფი: გერმანია 1:1 რუმინეთი; პორტუგალია 3:2 ინგლისი; რუმინეთი 0:1 პორტუგალია; ინგლისი 1:0 გერმანია; ინგლისი 2:3 რუმინეთი; პორტუგალია 3:0 გერმანია
B ჯგუფი: ბელგია 2:1 შვედეთი; თურქეთი 1:2 იტალია; იტალია 2:0 ბელგია; შვედეთი 0:0 თურქეთი; თურქეთი 2:0 ბელგია; იტალია 2:1 შვედეთი
C ჯგუფი: ესპანეთი 0:1 ნორვეგია; იუგოსლავია 3:3 სლოვენია; სლოვენია 1:2 ესპანეთი; ნორვეგია 0:1 იუგოსლავია; იუგოსლავია 3:4 ესპანეთი; სლოვენია 0:0 ნორვეგია
D ჯგუფი: საფრანგეთი 3:0 დანია; ნიდერლანდები 1:0 ჩეხეთი; ჩეხეთი 1:2 საფრანგეთი; დანია 0:3 ნიდერლანდები; დანია 0:2 ჩეხეთი; საფრანგეთი 2:3 ნიდერლანდები
1/4ფინალი: თურქეთი 0:2 პორტუგალია; იტალია 2:0 რუმინეთი; ნიდერლანდები 6:1 იუგოსლავია; ესპანეთი 1:2 საფრანგეთი
1/2ფინალი: საფრანგეთი 2:1 პორტუგალია (დდ); იტალია 0:0 (პენ 3:1) ნიდერლანდები

ფინალი
2 ივლისი, 2000. ჰოლანდია, როტერდამი, დე კუიპი. 48 200
საფრანგეთი 2:1 (დდ, ოქროს გოლი) იტალია
გოლები: 0:1 მარკო დელ ვეკიო (55), 1:1 სილვენ ვილტორი (90), 2:1 დავიდ ტრეზეგე (103, ოქროს გოლი)
საფრანგეთი: ფაბიენ ბარტეზი, ლილიან ტურამი, მარსელ დესაი, ლორან ბლანი, ბიქსენტ ლიზარაზუ (რობერ პირესი 86), პატრიკ ვიეირა, დიდიე დეშამი (კაპ), იური ჟორკაეფი (დავიდ ტრეზეგე 76), ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, კრისტოფ დიუგარი (სილვერ ვილტორი 58)
მწვრთნელი: როჟე ლემერი
იტალია: ფრანჩესკო ტოლდო, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, მარკ იულიანო, პაოლო მალდინი (კაპ), ჯანლუკა პესოტო, დემეტრიო ალბერტინი, ლუიჯი დი ბიაჯო (მასიმო ამბროზინი 66), სტეფანო ფიორე (ალესანდრო დელ პიერო 53), ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელ ვეკიო (ვინჩენცო მონტელა 86)
მწვრთნელი: დინო ძოფი
გაფრთხილება: ლუიჯი დი ბიაჯო, ფაბიო კანავარო, ლილიან ტურამი, ფრანჩესკო ტოტი
მსაჯი: ანდერს ფრისკი (შვედეთი)
ფინალის საუკეთესო მოთამაშე: ფრანჩესკო ტოტი

ჩემპიონი: საფრანგეთის ნაკრები
მეკარეები: 1.ბერნარ ლამა (07.04.1963; პარი სენ-ჟერმენი), 16.ფაბიენ ბარტეზი (28.06.1971; მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), 22.ურლიხ რამე (19.09.1972; ბორდო)
მცველები: 2.ვინსენ კანდელა (24.10.1973; რომა, იტალია), 3.ბიქსენტ ლიზარაზუ (09.12.1969; მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), 5.ლორან ბლანი (19.11.1964; მილანის ინტერი, იტალია), 8.მარსელ დესაი (07.09.1968; ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 15.ლილიან ტურამი (01.01.1972; პარმა, იტალია), 18.ფრანკ ლებეფი (22.01.1968; ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
ნახევარმცველები: 4.პატრიკ ვიეირა (23.06.1976; ლონდონის არსენალი, ინგლისი), 6.იური ჟორკაეფი (09.03.1968; კაიზერსლაუტერნი, გერმანია), 7.დიდიე დეშამი (15.10.1968; ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 10.ზინედინ ზიდანი (23.06.1972; ტურინის იუვენტუსი, იტალია), 11.რობერ პირესი (29.10.1973; მარსელის ოლიმპიკი), 14.იოან მიკუ (24.07.1973; ბორდო), 17.ემანუელ პეტი (22.09.1970; ლონდონის არსენალი, ინგლისი), 19.ქრისტიან კარამბე (03.12.1970; მადრიდის რეალი, ესპანეთი)
თავდამსხმელები: 9.ნიკოლა ანელკა (14.03.1979; მადრიდის რეალი, ესპანეთი), 12.ტიერი ანრი (17.08.1977; ლონდონის არსენალი, ინგლისი), 13.სილვენ ვილტორი (10.05.1974; ბორდო), 20.დავიდ ტრეზეგე (15.10.1977; მონაკო), 21.კრისტოფ დიუგარი (24.03.1972; ბორდო)
მწვრთნელი: როჟე ლემერი

უეფას სიმბოლური ნაკრები
მეკარეები: ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი), ფრანჩესკო ტოლდო (იტალია)
მცველები: ლორან ბლანი (საფრანგეთი), მარსელ დესაი (საფრანგეთი), ლილიან ტურამი (საფრანგეთი), პაოლო მალდინი (იტალია), ფაბიო კანავარო (იტალია), ალესანდრო ნესტა (იტალია), ფრანკ დე ბური (ნიდერლანდები)
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი), დემეტრიო ალბერტინი (იტალია), ედგარ დავიდსი (ნიდერლანდები), მანუელ რუი კოშტა (პორტუგალია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი)
თავდამსხმელები: სავო მილოშევიჩი (იუგოსლავია), ტიერი ანრი (საფრანგეთი), ფრანჩესკო ტოტი (იტალია), პატრიკ კლუივერტი (ნიდერლანდები), ფერნანდუ ნუნო გომეში (პორტუგალია), რაული (ესპანეთი)

საუკეთესო ფეხბურთელი: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
ბომბარდირები: პატრიკ კლუივერტი (ნიდერლანდები), სავო მილოშევიჩი (იუგოსლავია) – 5 გოლი

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian