ევროისტორია: 2004 – საქართველო
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, უნგრეთთან სტუმრად 1:4 წაგების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დავით ყიფიანის და რევაზ ძოძუაშვილის წყვილთან ხელშეკრულება გაწყვიტა, მცირე ხანში კი ეროვნული გუნდი ალექსანდრე ჩივაძეს ანდო, პირველად 1996 წლის შემდეგ.
ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ნაკრებში მეორე გამოჩენა დიდებულად დაიწყო – 2001 წლის 15 აგვისტოს საქართველომ ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრები სტუმრად 3:0 დაამარცხა.
ჩივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრებშიც ჩინებულად გამოიყურებოდა – 3:1 უნგრეთთან, 2:0 ლიეტუვასთან, ფრე რუმინეთში, 4:1 გამარჯვება სამხრეთი აფრიკის ნაკრებთან…
გულშემატკივრები იმედიანად იყვნენ, მაგრამ ზედ საკვალიფიკაციო თამაშების წინ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა: 2002 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტრაბზონში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ თურქეთს ესტუმრა და გარდა იმისა, რომ საშინლად ითამაშა, 0:3 განადგურდა.
პირველ ოფიციალურ მატჩამდე, 8 სექტემბერს ბაზელში შვეიცარიასთან, ჩივაძემ და მისმა გუნდმა მძიმე მდგომარეობის შეცვლა ვერ შეძლო და გუნდიც ზედიზედ მეორედ დამარცხდა დიდი ანგარიშით – 1:4.
გადამწყვეტი გამოდგა 62ე და 63ე წუთები. ჯერ იყო და შოთა არველაძემ თავურით გაათანაბრა ანგარიში – ალექსანდრ ფრაის გოლი გაქვითა, მაგრამ განაახლეს თუ არა თამაში შვეიცარიელებმა, პირველივე შეტევა გოლით დააგვირგვინეს. ქართველთა დაცვა უხეშად შეცდა, ჰაკან იაკინმა კი დავით გვარამაძეს შანსი არ დაუტოვა – 1:2. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა თამაში ვეღარ გამოასწორა, მასპინძლებმა კი კიდევ ორჯერ გაახარეს გულშემატკივრები.
12 ოქტომბერს თბილისს რუსეთის ნაკრები ეწვია. ვლადიმერ გაზაევის გუნდმა შესარჩევი ირლანდიასთან მშვენიერი გამარჯვებით დაიწყო და, სიმართლე რომ ვთქვა, თბილისური მატჩის წინ ფავორიტადაც ითვლებოდა.
ამ თამაშის სანახავად ლოკომოტივის სტადიონს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ეწვია, მაგრამ ვერც ქვეყნის პირველმა პირმა და ვერც ათასობით გულშემატკივარმა თამაშის დასასრული ვერ იხილა – შესვენებისას, როცა ანგარიში 0:0 იყო, სტადიონზე შუქი ჩაქვრა, ტექნიკურმა ჯგუფმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხა და თამაშიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
იმ დღეებში ისიც ითქვა, რომ უეფა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და სფფს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას უეფაში მორიგი ვიზიტის შემდეგ მატჩის ახალი თარიღიც დადგინდა – 2003 წლის 30 აპრილი.
რუსების მეორე სტუმრობამდე ჯვაროსნებმა სამჯერ ითამაშეს შინ და ერთხელაც ვერ გაიმარჯვეს.
12 თებერვალს, მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ორჯერ იგებდა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა – 2:2.
29 მარტს თბილისს ირლანდია ეწვია. ბრაიან კერის გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე უცვლელი შემადგენლობით ითამაშა და მძიმე ჯახი გარი დოჰერტის გვიანი გოლით მოიგო. მანამდე ორი გოლი გავიდა: დემიენ დაფის ზუსტი დარტყმით სამყურები მე18 წუთზე დაწინაურდნენ, 62ე წუთზე კი ლევან კობიაშვილმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.
სწორედ ამ შეხვედრაში მოხდა ის, რის გამოც უეფამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რუსეთთან მატჩის მაყურებლების გარეშე ჩატარება უბრძანა – ვიღაც ვაიგულშემატკივარმა ერთ-ერთ ირლანდიელს გახსნილი ჯიბის დანა ესროლა, მსაჯმა კი ყოველივე ოფიციალურ ოქმში დააფიქსირა.
2 აპრილს, შვეიცარიის ნაკრებთან გამართული კიდევ ერთი მძიმე დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ალექსანდრე ჩივაძემ ჩათვალა, რომ გუნდში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი რუსეთთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – პრინციპული დაპირისპირება ახლოვდებოდა, ახალი მწვრთნელის მოსაძებნად კი დრო ძალიან ცოტა იყო.
შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის დინამოსთან ხანმოკლე მოლაპარაკება გამართა და დინამოს ხორვატ თავკაცს, ივო შუშაკს ნაკრები ორი თამაშით ანდო – 30 აპრილს, თბილისში რუსეთთან და 11 ივნისს, დუბლინში ირლანდიასთან ეროვნულ გუნდს სწორედ ბალკანელი სპეციალისტი მოამზადებდა. დადებითი შედეგის შემთხვევაში მხარეები არც კონტრაქტის გახანგრძლივებას გამორიცხავდნენ.
„ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ქართველი ხალხისთვის რუსეთთან დაპირისპირება. მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ – რამდენიმე წლის წინ, როცა ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს ვხელმძღვანელობდი, იუგოსლავიას დავუპირისპირდით და ისევე როგორც ახლა, მაშინაც ნათლად ვგრძნობდი საფეხბურთო მატჩის ფარულ, პოლიტიკურ მხარეს“, – განაცხადა შუშაკმა რუსეთთან მატჩის წინ.
თამაშის წინა დღით გაირკვა, რომ შუშაკი საუკეთესო ბომბარდირ შოთა არველაძეს ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებდა და გლაზგო რეინჯერსის ფორვარდმაც ნაკრები დატოვა. ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთადერთი უსიამოვნო ფაქტი იყო რუსეთთან თამაშის წინ, სხვა მხრივ კი 30 აპრილის თამაშისთვის მთელი ქვეყანა ემზადებოდა და მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომლის მზარდი გუნდი შემოდგომით დანიშნული არჩევნების წინ სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებდა.
ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით, უეფამ ნაწილობრივ შეამსუბუქა სასჯელი და რუსეთთან მატჩისთვის ქართულ მხარეს 11 ათასი ბილეთის გაყიდვის უფლება მისცა. ცარიელ ტრიბუნებზე კი, საინიციატივო ჯგუფის მონდომებით, ხუთჯვრიანი დროშები გამოიფინა.
იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელიც შუშაკმა რუსეთთან ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, ნაკრებში 50 ან მეტი შეხვედრა მხოლოდ გუნდის კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს ჰქონდა ჩატარებული, მეორე ყველაზე გამოცდილი კი მილანის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე გახლდათ 34 კეპით. უმეტესობას ათი მატჩიც კი არ უმაგრებდა ზურგს, ხოლო მალხაზ ასათიანი, ვინც თამაშის გმირად იქცა, სულაც მესამედ თამაშობდა ქვეყნის მთავარ გუნდში.
საქართველოს ნაკრებს ძლიერად არ უთამაშია. მატჩი, როგორც ძველი თაობის ტელეკომენტატორებს უყვარდათ თქმა – გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პრინციპული დაპირისპირება მოიგო – 1:0.
მე11 წუთზე გიორგი დემეტრაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, მალხაზ ასათიანი კი მეურვის გარეშე აღმოჩნდა და შანსიც დიდებულად გამოიყენა – ვენიამინ მანდრიკინის კარი თავურით დალაშქრა!
მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა და ათასობით ადამიანის ქუჩებში გამოსვლა ერთი იყო – რუსეთთან 1:0 მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ საქართველოში იზეიმეს.
შესაძლოა გახსოვდეთ: გამარჯვების მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილმა თბილისში იმ ფეხბურთელთა სახელობის მინი-მოედნების მოწყობაც დააანონსა, რომლებმაც რუსეთთან ძირითად შემადგენლობასა და შეცვლაზე ითამაშეს…
11 ივნისს საქართველო დუბლინში 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი კალაძე გახლდათ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ევროპის ჩემპიონთა თასი აღმართა – მანჩესტერულ ფინალში მისმა მილანმა პენალტების სერიაში სძლია იუვენტუსს. სამწუხაროდ, დუბლინურ შეხვედრაში კალაძე და ნაკრების დაცვა გარი დოჰერტის და რობი კინის წყვილთან ვერას გახდა – ჯერ ერთმა გაიტანა, შემდეგ მეორემ.
ივო შუშაკმა კი ნაკრები ამ შეხვედრის შემდეგ დატოვა. მაშინ დაიწერა, რომ ხორვატ სპეციალისტს გუნდში დარჩენა სურდა, თუმცა თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ მისი კლუბსა და ნაკრებში ერთდროულად მუშაობა მიუღებლად მიიჩნია.
მომდევნო შესარჩევ მატჩამდე ლამის სამი თვე იყო და სფფს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ახალი მწვრთნელის მოსაძიებლად დრო ითხოვა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 6 სექტემბერს, თბილისში ალბანეთთან მატჩის წინ ეროვნული გუნდი ახალმა მწვრთნელმა კი არა, მან შეკრიბა – ქართული ფეხბურთის მეთაურმა შესარჩევის ბოლომდე ჩაიბარა გუნდი.
ჟორდანიას დებიუტი დიდებულად დასრულდა – შოთა არველაძის დუბლით და მიხეილ აშვეთის გოლით საქართველომ 3:0 გაიმარჯვა.
მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ბოლო გასროლა იყო: დარჩენილ მატჩებში, ტირანასა და მოსკოვში რომ გაიმართა, ჯვაროსნები 1:3 დამარცხდნენ.
ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით დაწყებულ, ივო შუშაკით გაგრძელებულ და მერაბ ჟორდანიას თავკაცობით დასრულებულ შესარჩევში საქართველო ბოლო, მეხუთე ადგილზე გავიდა.
და როგორც მაშინ დაიწერა ერთ კარგ გაზეთში: გუნდისგან, რომელსაც არც თავი ჰქონდა და არც სახე უჩანდა, სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი.
(II ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი