ევროისტორია: 2008 – საქართველო
შესარჩევი ეტაპის წილისყრას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერიც დაესწრო.
ჩვენ გუნდს, პირდაპირ უნდა ითქვას, ძალიან ძლიერი მეტოქეები ერგო: უძლიერესთა კალათიდან საფრანგეთი, შემდეგ იტალია, უკრაინა, შოტლანდია, ლიეტუვა და ფარერის კუნძულები. აქედან სამს, საფრანგეთს, შოტლანდიას და ფარერის კუნძულებს ჩვენი გუნდი პირველად ხვდებოდა.
B ჯგუფის წევრებმა მონტროშივე სცადეს კალენდარზე შეთანხმება, მაგრამ უკრაინის დელეგაცია ვერაფერზე დაიყოლიეს. მეორე ცდაც წარუმატებლად დასრულდა, რის გამოც უეფამ ბრმა კენჭისყრა მოაწყო და განრიგიც მხოლოდ ამის შემდეგ შედგა.
ოფიციალური მატჩების დაწყებამდე კი მსოფლიო ჩემპიონატი იყო – 2006 წლის ზაფხულში გერმანიის საუკეთესო სტადიონებზე პლანეტის უძლიერესი საფეხბურთო გუნდი გამოვლინდა და ეს ტიტული სკუადრა აძურამ მოიგო, ისტორიაში მეოთხედ.
მარჩელო ლიპის გუნდმა ფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მეტოქეს სძლია, საფრანგეთს, ხოლო ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მესამე მონაწილე უკრაინამ, ვინც უდიდესი საფეხბურთო ტურნირის დებიუტანტი გახლდათ, მეოთხედფინალში ითამაშა – 0:3 იტალიასთან.
2006 წლის გაზაფხულზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება ამხანაგური მატჩის თაობაზე და წლის ბოლოს ნაკრებისთვის, ოფიციალურის გარდა, ორი დიდებული ამხანაგურიც დაიგეგმა: ჯერ გერმანიაში სტუმრობა, შემდეგ კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ურუგვაის მასპინძლობა.
იმ შემოდგომით თბილისში მსოფლიოს ოთხმა ჩემპიონმა ითამაშა ერთმანეთის მიყოლებით (საფრანგეთმა და იტალიამ შესარჩევის ეგიდით), რაც არც მანამდე მომხდარა და, სამწუხაროდ, არც მას შემდეგ.
ევრო 2008თვის მზადება კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა გაზაფხულიდან დაიწყო, მსოფლიო ჩემპიონატის წინ გერმანია 2006ის ფინალისტებს, ახალი ზელანდიის და პარაგვაის ნაკრებ გუნდებსაც გაეჯიბრა და 16 აგვისტოს ფარერის კუნძულებზე დაგეგმილ პირველ შესარჩევ მატჩს მშვენიერ ფორმაში შეხვდა.
6:0 – ამ ანგარიშით გაიმარჯვა საქართველომ და პირველად და ბოლოჯერ მოექცა სატურნირო ცხრილს სათავეში.
ტოფტირის სვანგასკარდზე გამართულ შეხვედრაში შოთა არველაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი დავით მუჯირმა, ალექსანდრე იაშვილმა და კალაძის არყოფნაში გუნდის კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა (პენალტით) შეაგდეს.
ფარერული ტრიუმფიდან ეს ამბავია გამოსარჩევი: არველაძის ჰეთ-თრიქი მხოლოდ და მხოლოდ მეორე იყო ეროვნულის ისტორიაში. პირველიც შოთას ეკუთვნოდა, 1997 წლის გაზაფხულზე თბილისში სომხეთთან 7:0 მოგებულ ამხანაგურში.
2 სექტემბერს, ფრანგების სტუმრობამდე, ბორის პაიჭაძის სახელობის განახლებული სტადიონი გაიხსნა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაათვალიერა არენა, თან ჩვენი ფეხბურთის ვეტერანები იახლა და ეროვნულ გუნდს წარმატება უსურვა.
ყველა ბილეთი კი გაიყიდა, მაგრამ მაყურებელმა მხოლოდ ერთი გუნდის დიდებული თამაში იხილა – რაიმონ დომენეკის ბიჭებმა იმ დღეს შეუდარებლად იასპარეზეს და 3:0 გაიმარჯვეს.
6 სექტემბერს საქართველო კიევში დამარცხდა უკრაინასთან – 2:3, არადა მე60 წუთისთვის შოთა არველაძის და გიორგი დემეტრაძის გოლებით იგებდა.
ოქტომბრის დასაწყისში ეროვნული გუნდი გერმანიას ესტუმრა. ბუნდესგუნდთან როსტოკში ამხანაგურამდე ტოპმიოლერის ბიჭები ჰანზას დაუპირისპირდნენ, 11 ოქტომბერს კი საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოს ჩემპიონი იტალია ესტუმრა. სკუადრა აძურას იმ დროს რობერტო დონადონი წვრთნიდა, რომელმაც ლეგენდარული მარჩელო ლიპი შეცვალა.
დანიელე დე როსიმ მე18 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ რვა წუთში ტაბლოზე 1:1 ენთო – გიორგი შაშიაშვილმა დიდებული გოლი გაუტანა ბუფონს. საჯარიმოს მიახლოვებულმა მოჭრილი დარტყმით დალაშქრა მსოფლიოს ჩემპიონთა კარი.
მაგრამ სამი ქულა მაინც მეტოქეს დარჩა – შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კონცენტრაცია დაკარგა და ჯერ მაურო კამორანეზიმ, შემდეგ კი სიმონე პეროტამ დალაშქრეს გიორგი ლომაიას კარი – 1:3.
შესარჩევი ტურნირის 2006 წლის თამაშები ამით დასრულდა, 2007 წლის რვა ოფიციალურ მატჩს კი მხოლოდ იმედგაცრუება ეთქმის და სხვა არაფერი – ტოპმიოლერის გუნდი ზედიზედ დამარცხდა შოტლანდიაში, ლიეტუვაში, საფრანგეთში…
შედეგების გაუარესებასთან ერთად კრიტიკამაც იმატა, ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე განუდგა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა და ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილზე აისახა – ბოლოსწინა, VI ადგილი და თორმეტ თამაშში მოპოვებული მხოლოდ ათი ქულა.
ტოპმიოლერის და მისი სამწვრთნელო გუნდის ქართული პერიოდი კრახით დასრულდა. გერმანელ სპეციალისტს ვერც 17 ოქტომბრის გამარჯვებამ უშველა, როცა ქართველებმა ჯგუფის ლიდერ შოტლანდიას თბილისში 2:0 სძლიეს.
ცუდი შედეგის მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტოპმიოლერს მაინც გაუხანგრძლივა ხელშეკრულება, მაგრამ მსოფლიოს 2010 წლის საკვალიფიკაციო ტურნირს გუნდი სხვა სპეციალისტის ხელში შეხვდა – ტოპმიოლერმა საქართველო 2008 წლის გაზაფხულზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ამხანაგურში 1:4 განადგურების შემდეგ დატოვა…
(II ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია