ევროისტორია: 2008 – წითელი ხარები
ჩემპიონატის თანამასპინძელი შვეიცარია A ჯგუფში მოხვდა პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
იაკობ კუნის გუნდმა ყველა შეხვედრა ბაზელში, წმინდა იაკობის სტადიონზე გამართა, მაგრამ ფლეი-ოფში გასვლის შანსი მეორე ტურშივე დაკარგა. გახსნის მატჩში შვეიცარიას ჩეხეთმა აჯობა, შემდეგ კი თანამასპინძლები თურქეთთანაც დამარცხდნენ და ბოლო ტურის მატჩმა პორტუგალიასთან აზრი დაკარგა.
თავის მხრივ, ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ გაინაღდა მეოთხედფინალში თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსნებმა პირველ ტურში თურქეთს სძლიეს, მეორე შეხვედრაში კი ჩეხეთსაც სამი ქულა აართვეს.
შვეიცარიის წინააღმდეგ სკოლარიმ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა, კობი კუნის გუნდი კი პირიქით, მთელი სერიოზულობით მოეკიდა თამაშს და 2:0 მოგებით კარი გაიჯახუნა.
მთავარი ამბები ჟენევაში, პარალელურად მიმდინარე თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებთა შეხვედრაში ვითარდებოდა. ჩემპიონატის წესდებიდან გამომდინარე, ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, დიდი საფეხბურთო ტურნირების ისტორიაში პირველად, ფლეი-ოფის მონაწილე პენალტების სერიაში გამოვლინდებოდა, რადგან მეტოქეებს ყველა ძირითადი მაჩვენებელი თანაბარი ჰქონდათ.
მაგრამ ისტორიული მოვლენა არ შედგა: ფათიჰ თერიმის გუნდმა დრამატული მატჩი 3:2 მოიგო და ავსტრია-შვეიცარიაში დარჩა, ჩეხები კი შინ დაბრუნდნენ.
ეს ევრო 2008ის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში გამოდგა: 62ე წუთისთვის ჩეხები ორი ბურთით იგებდნენ – გოლიათმა იან კოლერმა და იაროსლავ პლასილმა დაარტყეს ზუსტად. მაგრამ ბოლო თხუთმეტ წუთში თურქებმა საოცრება მოახდინეს, მეტიც – გმირობა, რადგან თერიმის გუნდმა მატჩი ათი ფეხბურთელით დაასრულა:
75ე წუთზე არდა თურანმა შეამცირა სხვაობა – 1:2, 87ე წუთზე კი პეტრ ჩეხი ძალიან უხეშად შეცდა – ბურთი ნიჰათ ქაჰვეჩის ლამის მიართვა და ამ უკანასკნელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2. 89ე წუთზე კი თურქებმა მესამედ გაიხარეს – იმავე ქაჰვეჩიმ დალაშქრა ჩეხების კარი – 3:2!
მეექვსე დამატებულ წუთზე არბიტრმა თურქების მეკარე ვოლქან დემირელი გააძევა (იან კოლერთან უხეშობის გამო) და ის… თუნჩაი შანლიმ შეცვალა…
B ჯგუფი ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყნების ნაკრებებით დაკომპლექტდა: გერმანია კონტინენტის სამგზის ჩემპიონი გახლდათ, ხორვატიამ ევროპირველობაზე ჯერ კიდევ 1996 წელს ითამაშა, აი ავსტრია და პოლონეთი კი ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდნენ.
შვეიცარიის არ იყოს, ავსტრიაც ჯგუფში ჩარჩა და ტურნირის ისტორიაში პირველად, თანამასპინძლებმა ფლეი-ოფში ვერ გააღწიეს. 2000 წელს, გემახსოვრებათ, ბელგია ვერ გავიდა მეოთხედფინალში, მაგრამ მეორე მასპინძელმა ნიდერლანდებმა ნახევარფინალში გააღწია.
ჯგუფი ხორვატებმა მოიგეს: სლავენ ბილიჩის გუნდმა ძლიერი და შთამბეჭდავი თამაში ფინალურ ეტაპზეც განაგრძო და ევრო 2008ის მონაწილეთაგან პირველი გახდა, რომელმაც ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი აიღო.
ბალკანელებმა ჩემპიონატი ავსტრიასთან არცთუ სანახაობრივი თამაშის მოგებით დაიწყეს – ლუკა მოდრიჩის მიერ მეოთხე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანი ერთადერთი გოლი გამოდგა.
მეორე ტურში, კლაგენფურტში, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გერმანია დაამარცხეს – 2:1. დარიო სრნამ და ივიცა ოლიჩმა ტაიმებში თითო გოლი გაუტანეს იენს ლემანს, ბუნდესგუნდიდან კი მხოლოდ ლუკას პოდოლსკიმ დაარტყა ზუსტად, ისიც 0:2ზე.
16 ივნისს, კლაგენფურტში, ხორვატიამ პოლონეთიც დაამარცხა – ივან კლასნიჩმა გაიტანა ერთადერთი ბურთი. იმავე დღეს, ვენაში, სახელგანთქმული ავსტრიელი მწვრთნელის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე იოახიმ ლიოვის გერმანიამ მიხაელ ბალაკის გოლით სძლია ძველ მეტოქეს და მეოთხედფინალში ხორვატიას შეუერთდა…
ფინალური ეტაპის წილისყრის დასრულებისთანავე მესამე ოთხეული სიკვდილის ჯგუფად მოინათლა. თავად განსაჯეთ: C ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და ფიფას რეიტინგის მიხედვით ევროპის საუკეთესო ათეულში შემავალი ნიდერლანდები და რუმინეთი მოხვდნენ.
საოცარი შემადგენლობის მიუხედავად, ამ ოთხეულის ერთი წარმომადგენელიც ვერ გავიდა ნახევარფინალში: მომავალმა ჩემპიონმა ესპანეთმა იტალიას პენალტების სერიაში აჯობა, ნარინჯისფერები კი მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთთან.
არადა მარკო ვან ბასტენის გუნდი ჯგუფში უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ და სამივე თამაში მოიგო!
9 ივნისს, ბერნში, ვან ბასტენის ბიჭებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს მსოფლიოს ჩემპიონები და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს! რუუდ ვან ნისტელროი, უესლი სნეიდერი და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი – ჯანლუიჯი ბუფონის კარი მათ დალაშქრეს.
საინტერესოა, რომ ეს ნიდერლანდები პირველი გამარჯვება იყო იტალიასთან ბოლო 30 წლის განმავლობაში!
13 ივნისს, კვლავ ბერნში, ვან ბასტენის ბიჭებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთიც დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 4:1. დირკ კიუიტის, რობინ ვან პერსის, არიენ რობენის და უესლი სნეიდერის დარტყმებს მხოლოდ ტიერი ანრიმ უპასუხა.
მარკოს გუნდი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაშიც ჩაეწერა – სამფეროვნებმა ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მწარე მარცხი იწვნიეს!
იმავე დღეს იტალია რუმინეთთან გადარჩა: ჯერ იყო და კრისტიან პანუჩიმ უპასუხა ადრიან მუტუს გოლს, 81ე წუთზე კი ჯანლუიჯი ბუფონმა იმავე მუტუს თერთმეტმეტრიანი მოიგერია – 1:1.
17 ივნისს დანიშნული უკანასკნელი ტურის წინ ფლეი-ოფის საგზურისთვის სამი გუნდი იბრძოდა: მსოფლიოს ჩემპიონი იტალია, ფინალისტი საფრანგეთი და რუმინეთი. ამ უკანასკნელებს ნიდერლანდებთან უნდა მოეგოთ, მაგრამ კლაას-იან ჰუნტელაარის და რობინ ვან პერსის დარტყმული ბურთები გაუშვეს და 0:2 დამარცხდნენ.
ციურიხის ლეციგრუნდზე კი გერმანია 2006ის გადამწყვეტი მატჩი გადათამაშდა. შესარჩევი ტურნირის შემდეგ იტალიამ და საფრანგეთმა ამჯერად ჯგუფში გაარკვიეს ურთიერთობა. და თუ საკვალიფიკაციოში სკუადრა აძურამ მხოლოდ ქულა აართვა მეტოქეს, ამჯერად გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
მძიმე თამაში გამოდგა, 24ე წუთიდან კი ფრანგები საშინელ დღეში აღმოჩნდნენ – ლუკა ტონისთან უხეშობის გამო სლოვაკმა არბიტრმა ლუბოშ მიხელმა ერიკ აბიდალი გააძევა და პენალტი დანიშნა. ანდრეა პირლომ ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 1:0.
62ე წუთზე რობერტო დონადონის გუნდის უპირატესობა გაიზარდა: დანიელე დე როსის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ფრანგს მოხვდა და გრეგორი კუპეს კარში შევარდა – 2:0. აქვე გეტყვით, რომ დე როსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ჯგუფში ჩარჩენის მიუხედავად, რაიმონ დომენეკი კვლავ საფრანგეთის ნაკრების სათავეში დარჩა…
ევროპის მომავალმა ჩემპიონმა ესპანეთმა D ჯგუფში ითამაშა რუსეთის, შვედეთის და ანრი დელონეს სახელობის თასის მფლობელ საბერძნეთთან ერთად. საინტერესოა, რომ ევროპის წინა ჩემპიონატზე ესპანეთი, რუსეთი და საბერძნეთი ასევე ერთ ჯგუფში იყვნენ… მასპინძელ პორტუგალიასთან ერთად.
ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის არაგონესმა მსოფლიოს 2006 წლის შემდეგ ახალი გუნდის შენება დაიწყო და განაცხადა, რომ რაულის და ფერნანდო მორიენტესის ადგილი აღარ იყო.
მადრიდის რეალის ვარსკვლავების დათხოვნის გამო მწვრთნელს ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა ფინალური ეტაპი ფურია როხამ ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და საყვედურებიც გაქრა – ინსბრუკში ესპანეთმა 4:1 სძლია რუსეთს! დავიდ ვილიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, სესკ ფაბრეგასმა კი დამატებულ დროში გაიტანა.
მეორე ტურში, 14 ივნისს, ესპანელებმა ბოლო წამებზე მოუგეს შვედეთს: ძირითადი დრო 1:1 დასრულდა – ფერნანდო ტორესის გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაქვითა. მეორე დამატებულ წუთზე კი საჯარიმოში შეჭრილმა ვილიამ ბოლომდე იბრძოლა და ნანატრი ბურთიც შეაგდო – 2:1. იმავე დღეს რუსეთმა საბერძნეთს სძლია და ესპანეთმაც მეოთხედფინალი გაინაღდა.
18 ივნისს, საბერძნეთის წინააღმდეგ, ლუის არაგონესმა თითქმის მთლიანად გადაახალისა შემადგენლობა, მაგრამ სათადარიგო ესპანელები მაინც ბერძნებზე ძლიერები აღმოჩნდნენ – 2:1.
შვედებმა კი შანსი ხელიდან გაუშვეს – ლარს ლაგერბაკის გუნდს ფლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ რუსეთმა 2:0 მოიგო. რომან პავლიუჩენკოს და ანდრეი არშავინის გოლებს სკანდინავიელებმა ვერაფრით უპასუხეს…
ახალი წესის მიხედვით A და B ჯგუფის გუნდები, ასევე C და D ჯგუფებიდან გასულები ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. ეს გადაწყვეტილება ერთ მიზანს ემსახურებოდა – ფინალისტებისთვის ძალების აღსადგენად თანაბარი დრო რომ მიეცათ. მეორე მხრივ, ახალი წესით გაიზარდა იმის შანსი, რომ გუნდებს ჯგუფის გარდა ფლეი-ოფშიც ეთამაშათ, რაც მოხდა კიდეც.
კიდევ ერთი სიახლე ყვითელ ბარათს უკავშირდებოდა: ჯგუფში ან მეოთხედფინალში გაფრთხილება სათვალავში არ მიიღებოდა და ნახევარფინალში ყვითელის შემთხვევაში ფეხბურთელი ფინალში თამაშის შანსს ინარჩუნებდა. თუმცა თუ მოთამაშე ჯერ ჯგუფში, შემდეგ კი მეოთხედფინალში მიიღებდა ყვითელს, ის ნახევარფინალს გამოტოვებდა. ახალი წესით, ფეხბურთელი მხოლოდ ნახევარფინალში გაძევების შემთხვევაში ტოვებდა ფინალს.
საორგანიზაციო კომიტეტმა ფლეი-ოფის შვიდი მატჩისთვის მხოლოდ ორი სტადიონი შეარჩია – ბაზელის სენტ-იაკობი და ვენის ერნსტ ჰაპელი. ესეც სიახლე იყო.
პირველი ნახევარფინალისტი 19 ივნისს, ევროპის ვიცე-ჩემპიონის და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორის დაპირისპირებაში გამოვლინდა. გერმანიამ, ისევე, როგორც ორი წლით ადრე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, კვლავ სძლია პორტუგალიას – 3:2.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი დასახელდა, რომელმაც 22ე წუთზე გახსნა ანგარიში, ოთხ წუთში კი საგოლე შეტევა წამოიწყო, რაც მიროსლავ კლოზეს ზუსტი დარტყმით დასრულდა. უპრიანია შეგახსენოთ, რომ სწორედ შვაინშტაიგერმა შეაგდო ორივე გოლი გერმანია 2006ის მცირე ფინალში.
ბუნდესნაკრები თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში. 2000 და 2004 წლებში გერმანია, გემახსოვრებათ, ჯგუფში ჩარჩა.
იოახიმ ლიოვის გუნდის მეტოქე 20 ივნისს, ძალიან დრამატულ თამაშში გამოვლინდა: თურქეთმა გერმანიასთან პაექრობის უფლება ხორვატებთან პენალტების სერიაში გამარჯვებით მოიპოვა – 3:1.
ჯერ ის ვთქვათ, რომ თურქეთის ნაკრების კარში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე რუშთუ რექბერი გამოჩნდა, რომელმაც დისკვალიფიცირებული ვოლქან დემირელი შეცვალა. ეს ფაქტი კი იმითაა საინტერესო, რომ რექბერმა ევროჩემპიონატზე ჯერ კიდევ 1996 წელს ითამაშა, სადაც შედგა კიდეც ხორვატიის ნაკრების დებიუტი კონტინენტის პირველობებზე. და მაშინ ბალკანელთა დაცვის ცენტრს სლავენ ბილიჩი ამაგრებდა, ვინც ავსტრია-შვეიცარიაში უკვე ხორვატთა მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
პირველი გოლი დამატებითი დროის დასრულებამდე წუთით ადრე გავიდა – ლუკა მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ ივან კლასნიჩმა თავურით გახსნა ანგარიში. და თითქოს ხორვატიას კიდევ ერთხელ უნდა ეთამაშა გერმანიასთან, მაგრამ მეორე დამატებულ წუთზე სემი შენთურქმა ანგარიში გაათანაბრა და გამოცდილმა იტალიელმა არბიტრმა რობერტო როსეტიმ მალე თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყება ბრძანა.
თურქებმა პირველი სამი დარტყმა გამოიყენეს, ხორვატებმა კი ოთხიდან მხოლოდ ერთი – დარიო სრნა კი ზუსტი იყო, მაგრამ მოდრიჩმა, რაკიტიჩმა და პეტრიჩმა ვერ ივარგეს. შედეგად 3:1 და თურქეთის ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროჩემპიონატის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდა!
ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში, რუმინეთის წინააღმდეგ, მარკო ვან ბასტენმა ძირითადი შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაასვენა. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – რუსეთმა უკეთ ითამაშა და ნახევარფინალში გავიდა. ამ მატჩის შედეგი ევრო 2008ის მთავარი სენსაცია გამოდგა. გუუს ჰიდინკის გაწვრთნილი რუსეთი რომან პავლიუჩენკოს გოლით იგებდა და ნიდერლანდებმა მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის ძალისხმევით გაათანაბრა, ისიც 86ე წუთზე. დამატებით დროში კი დმიტრი ტორბინსკიმ და ანდრეი არშავინმა კიდევ ორჯერ გაიტანეს, ამ ბურთების გაქვითვა კი ნარინჯისფერებმა ვეღარ მოახერხეს.
პორტუგალიის და ხორვატიის შემდეგ ნიდერლანდები გახდა ჯგუფის მესამე გამარჯვებული, რომელიც ევრო 2008ს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
22 ივნისს ავსტრიის დედაქალაქმა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს უმასპინძლა: ლუის არაგონესის ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონი იტალია პენალტების სერიით შეაჩერა – 4:2 0:0ის შემდეგ. სკუადრა აძურა გამოდგა ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპის მომავალმა ჩემპიონმა ვერ დაამარცხა.
ძირითად და დამატებით დროში პირენეელები უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ ანგარიში ვერც მათ გახსნეს და ვერც იტალიელებმა. საფეხბურთო ლატარეაში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა: დავიდ ვილიამ ესპანეთი დააწინაურა – 1:0; გერმანია 2006ის ფინალში გადამწყვეტი, ოქროს პენალტის ავტორმა ფაბიო გროსომ თანაფარდობა აღადგინა – 1:1; სანტი კასორლამ ისევ წინ გაიყვანა თავისიანები – 2:1; დანიელე დე როსის იკერ კასილიასმა აჯობა – 2:1; მარკოს სენა, ვინც პირველ ტაიმში ძელი შეაზანზარა, ზუსტი იყო – 3:1; აუღელვებლად დაარტყა პენალტი მაურო კამორანეზიმაც – 3:2; ჯანლუიჯი ბუფონმა ევრო 2008ზე მეორე თერთმეტმეტრიანი მოიგერია – დანი გუისას აჯობა – 3:2; ანტონიო დი ნატალეს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ უდინეზეს ლეგენდამ კასილიასი ვერ მოატყუა – 3:2…
თუ სესკ ფაბრეგასი გაიტანდა, ესპანეთი ნახევარფინალში გავიდოდა. ლონდონის არსენალის ლიდერს ბუფონი კუთხეს კი მიუხვდა, მაგრამ სკუადრა მარცხისგან ვერ იხსნა – 2:4.
1920 წლის 2 სექტემბერს, ანტვერპენის ოლიმპიადაზე ესპანეთმა 2:0 აჯობა იტალიას და მას შემდეგ ფურია როხამ პირველი ოფიციალური თამაში მოუგო სკუადრა აძურას (თუნდაც პენალტების სერიაში)!..
პირველი ფინალისტი 25 ივნისს, ბაზელში გამოვლინდა: გერმანიამ მორიგ უხვგოლიან მატჩში 3:2 სძლია თურქეთს.
მიუხედავად იმისა, რომ ფათიჰ თერიმის გუნდმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ბრძოლისუნარიანობა და მატჩის გადარჩენაც სცადა, საბოლოოდ მაინც ბუნდესგუნდის ქომაგებმა გაიხარეს – შეტევაში ჩართულმა ფილიპ ლამმა მესამე და გამარჯვების ბურთი გაუტანა რუშთუ რექბერს. ცნობისათვის: ეს უკანასკნელი იმ დღეს კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა.
ევროპის სამგზის ჩემპიონი გერმანია მეექვსედ გავიდა კონტინენტის პირველობის ფინალში, 1996 წლის შემდეგ კი პირველად.
იოახიმ ლიოვმა მეტოქის ვინაობა 26 ივნისს შეიტყო: ესპანეთმა რუსეთს კვლავ დიდი ანგარიშით, ამჯერად 3:0 აჯობა. ლუის არაგონესის ბიჭებმა გუუს ჰიდინკის გაწვრთნილ რუსეთს ჯგუფში პირველივე თამაში 4:1 მოუგეს. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ორმა გუნდმა ჯგუფშიც ითამაშა და ფლეი-ოფშიც.
ჩავი ერნანდესი, დანი გუისა და დავიდ სილვა – მატჩის დასრულების შემდეგ ვენის სტადიონის ტაბლოზე ამ ფეხბურთელების გვარები ციმციმებდა. ესპანელებმა ყველა გოლი შესვენების შემდეგ შეაგდეს – 50ე, 73ე და 82ე წუთებზე.
ესპანეთის ნაკრები მესამედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 1984 წლის შემდეგ კი პირველად.
24 წლით ადრე პირენეელები ტურნირის მასპინძელ საფრანგეთთან 0:2 დამარცხდნენ. იმ ფინალის გმირი მიშელ პლატინი გახლდათ, რომელსაც 2008 წლის 29 ივნისს, ფინალში საპატიო მისია ელოდა – გამარჯვებულ გუნდის კაპიტანს ანრი დელონეს სახელობის ჩემპიონის თასით სწორედ ის დააჯილდოვებდა.
ფინალი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გერმანია მეოთხე ევროტიტულისთვის იბრძოდა, ესპანეთის ერთადერთი თასი კი 1964 წელს, შინ მოგებული ევროპის ჩემპიონობა იყო. მაგრამ ძველი დამსახურებებისთვის მედლებს რომ არავინ იძლევა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და იცოდა ლუის არაგონესმაც, რომლის ბიჭები ფინალში შეუდარებელნი იყვნენ.
ესპანეთი იმსახურებდა ჩემპიონობას და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალამდე დაუმარცხებლად და გაცილებით შთამბეჭდავად იარა, ვიდრე გერმანიამ. ეს გუნდი, ესპანური ფეხბურთის უდიდეს გამარჯვებებს რომ ჩაუყარა საფუძველი, ძალიან ლამაზი, ეფექტური და სახიფათო იყო.
ფინალის ერთადერთი გოლი კი 33ე წუთზე გავიდა: ჩავიმ ორ მეტოქეს შორის მოქცეულ ფერნანდო ტორესს მიაწოდა ბურთი, ელ ნინიომ ბოლომდე იბრძოლა, საჯარიმოში შეჭრილმა ბურთს ტერფი ამოჰკრა, იენს ლემანმა კი ვერაფერი იღონა – 1:0.
მატჩი ასე დასრულდა და 44 წლის შემდეგ ესპანეთმა მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი! კაპიტან იკერ კასილიასს ევროპის ჩემპიონის ახალი, დიდი და მოვერცხლილი თასი ევრო 84ის სუპერვარსკვლავმა მიშელ პლატინიმ გადასცა!
ევრო 2008ის საუკეთესო მოთამაშედ ჩავი აღიარეს, ოქროს ბუცი კი დავიდ ვილიას ხვდა წილად.
რაც შეეხება სიმბოლურ გუნდს, მასში ცხრა ესპანელი მოხვდა!
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უეფამ თითოეული მონაწილე 7,5 მილიონი ევროთი წაახალისა, ესპანეთს კი ჩემპიონობისთვის დამატებით ერთი ამდენი ერგო. შედარებისთვის: ვიცე-ჩემპიონი გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესგუნდის ფინალისტობის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო მიიღო.
ევრო 2008ის დასასრულს ყველამ იცოდა, რომ ევროპის მომავალ, XIV ჩემპიონატსაც ორი ქვეყანა უმასპინძლებდა – პოლონეთი და უკრაინა.
ევრო 2008
ავსტრია-შვეიცარია, 7-29 ივნისი
A ჯგუფი: შვეიცარია 0:1 ჩეხეთი; პორტუგალია 2:0 თურქეთი; ჩეხეთი 1:3 პორტუგალია; შვეიცარია 1:2 თურქეთი; შვეიცარია 2:0 პორტუგალია; თურქეთი 3:2 ჩეხეთი
B ჯგუფი: ავსტრია 0:1 ხორვატია; გერმანია 2:0 პოლონეთი; ხორვატია 2:1 გერმანია; ავსტრია 1:1 პოლონეთი; პოლონეთი 0:1 ხორვატია; ავსტრია 0:1 გერმანია
C ჯგუფი: რუმინეთი 0:0 საფრანგეთი; ჰოლანდია 3:0 იტალია; იტალია 1:1 რუმინეთი; ჰოლანდია 4:1 საფრანგეთი; ჰოლანდია 2:0 რუმინეთი; საფრანგეთი 0:2 იტალია
D ჯგუფი: ესპანეთი 4:1 რუსეთი; საბერძნეთი 0:2 შვედეთი; შვედეთი 1:2 ესპანეთი; საბერძნეთი 0:1 რუსეთი; საბერძნეთი 1:2 ესპანეთი; რუსეთი 2:0 შვედეთი
1/4ფინალი: პორტუგალია 2:3 გერმანია; ხორვატია 1:1 (პენ 1:3) თურქეთი; ჰოლანდია 1:3 (დდ) რუსეთი; ესპანეთი 0:0 (პენ 4:2) იტალია
1/2ფინალი: გერმანია 3:2 თურქეთი; რუსეთი 0:3 ესპანეთი
ფინალი
29 ივნისი, 2008. ავსტრია, ვენა, ერნსტ ჰაპელ შტადიონი. 51 428
ესპანეთი 1:0 გერმანია
გოლი: 1:0 ფერნანდო ტორესი (33)
ესპანეთი: იკერ კასილიასი (კაპ), სერხიო რამოსი, კარლოს მარჩენა, კარლეს პუიოლი, ჟოან კაპდევილია, მარკოს სენა, ანდრეს ინიესტა, ჩავი, სესკ ფაბრეგასი (ჩაბი ალონსო 63), დავიდ სილვა (სანტი კასორლა 66), ფერნანდო ტორესი (დანი გუისა 78)
მწვრთნელი: ლუის არაგონესი
გერმანია: იენს ლემანი, არნე ფრიდრიხი, პერ მერტესაკერი, ქრისტოფ მეცელდერი, ფილიპ ლამი (მარსელ იანსენი 46), ტორსტენ ფრინგსი, თომას ჰიცლშპერგერი (კევინ კურანი 58), ბასტიან შვაინშტაიგერი, მიხაელ ბალაკი (კაპ), ლუკას პოდოლსკი, მიროსლავ კლოზე (მარიო გომესი 79)
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
გაფრთხილება: იკერ კასილიასი, მიხაელ ბალაკი, ფერნანდო ტორესი, კევინ კურანი
მსაჯი: რობერტო როსეტი (იტალია)
ფინალის საუკეთესო მოთამაშე: ფერნანდო ტორესი
ჩემპიონი: ესპანეთის ნაკრები
მეკარეები: 1.იკერ კასილიასი (20.05.1981; მადრიდის რეალი), 13.ანდრეს პალოპი (22.10.1973; სევილია), 23.ხოსე პეპე რეინა (31.08.1982; ლივერპული, ინგლისი)
მცველები: 2.რაულ ალბიოლი (04.09.1985; ვალენსია), 3.ფერნანდო ნავარო (25.06.1982; მაიორკა), 4.კარლოს მარჩენა (31.07.1979; ვალენსია), 5.კარლეს პუიოლი (13.04.1978; ბარსელონა), 11.ჟოან კაპდევილია (03.02.1978; ვილიარეალი), 15.სერხიო რამოსი (30.03.1986; მადრიდის რეალი), 18.ალვარო არბელოა (17.01.1983; ლივერპული, ინგლისი), 20.ხუანიტო (23.07.1976; სევილიის ბეტისი)
ნახევარმცველები: 6.ანდრეს ინიესტა (11.05.1984; ბარსელონა), 8.ჩავი (25.01.1980; ბარსელონა), 10.სესკ ფაბრეგასი (04.05.1987; ლონდონის არსენალი, ინგლისი), 12.სანტი კასორლა (13.12.1984; ვილიარეალი), 14.ჩაბი ალონსო (25.11.1981; ლივერპული, ინგლისი), 19.მარკოს სენა (17.07.1976; ვილიარეალი), 21.დავიდ სილვა (08.01.1986; ვალენსია), 22.რუბენ დე ლა რედი (05.06.1985; ხეტაფე)
თავდამსხმელები: 7.დავიდ ვილია (03.12.1981; ვალენსია), 9.ფერნანდო ტორესი (20.03.1984; ლივერპული, ინგლისი), 16.სერხიო გარსია (09.06.1983; სარაგოსას რეალი), 17.დანი გუისა (17.08.1980; მაიორკა)
მწვრთნელი: ლუის არაგონესი
უეფას სიმბოლური ნაკრები
მეკარეები: იკერ კასილიასი (ესპანეთი), ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
მცველები: კარლოს მარჩენა (ესპანეთი), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), იური ჟირკოვი (რუსეთი), ჟოზე ბოსინგვა (პორტუგალია), პეპე (პორტუგალია)
ნახევარმცველები: ჩავი (ესპანეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), მარკოს სენა (ესპანეთი), მიხაელ ბალაკი (გერმანია), ლუკას პოდოლსკი (გერმანია), კონსტანტინ ზირიანოვი (რუსეთი), უესლი სნეიდერი (ჰოლანდია), ჰამიტ ალტინტოპი (თურქეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
თავდამსხმელები: დავიდ ვილია (ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (ესპანეთი), რომან პავლიუჩენკო (რუსეთი), ანდრეი არშავინი (რუსეთი)
საუკეთესო ფეხბურთელი: ჩავი (ესპანეთი)
ბომბარდირი: დავიდ ვილია (ესპანეთი) – 5 გოლი
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი