ევროისტორია: 2012 – ახალი კაცი

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპის XIV ჩემპიონატის მასპინძელი 2007 წლის 18 აპრილს დაასახელა: კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ტურნირი პოლონეთს და უკრაინას ერგო.
ბელგია-ნიდერლანდების (2000)
და ავსტრია-შვეიცარიის (2008) შემდეგ პოლონეთი და უკრაინა ევროპირველობის მესამე თანამასპინძლები გახდნენ.

ევრო 2012თან დაკავშირებით უეფამ შვიდი ქვეყნის ხუთი პროექტი განიხილა. პოლონეთ-უკრაინის გარდა ტურნირის ორგანიზება ხორვატიის და უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციებს ერთად, იტალიას, თურქეთს და საბერძნეთს კი დამოუკიდებლად სურდათ.

თურქეთისა და საბერძნეთის წინადადება მალევე გამოირიცხა და უეფამ მხოლოდ პოლონეთ-უკრაინას, ხორვატია-უნგრეთს და იტალიას შეუნარჩუნა შანსები.

მასპინძელი 2006 წლის 8 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ უეფას მაღალჩინოსანთა თქმით, კანდიდატებს პროექტის სრულფასოვნად მოსამზადებლად დამატებით რამდენიმე თვე მიეცათ.

2007 წლის აპრილში კი უეფას უკვე ახალი ხელმძღვანელობა ჰყავდა და 2012 წლის ტურნირის მიმღები სულ სხვა პირებმა აირჩიეს.

აუცილებლად უნდა შევეხო რამდენიმე თვით ადრე, 2007 წლის 26 იანვარს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ლეგენდარულმა ფრანგმა მიშელ პლატინიმ შვედი ლენარტ იუჰანსონი მცირე უპირატესობით დაამარცხა – 27:23.

იუჰანსონი 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა ევროპის საფეხბურთო კავშირს და ბევრის აზრით, 2007 წლისთვის ძველმოდურად მართავდა ორგანიზაციას. არაერთი სპეციალისტი აცხადებდა, რომ უეფა მმართველობასა თუ სხვადასხვა საკითხებში აღმოსავლეთის ქვეყნების უფრო მეტად ჩართვას საჭიროებდა.

შექმნილ სიტუაციას კარგად აუღო ალღო პლატინიმ და იუჰანსონს სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების მხარდაჭერით სძლია. უეფას შედარებით ახალი წევრი-ფედერაციების გულის მოგება პლატინიმ, ცხადია, სხვადასხვა დაპირებებით შეძლო.

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის ტრიუმფში გამორჩეული როლი ითამაშა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა, რომელიც დიუსელდორფში, ასე ვთქვათ, აღმოსავლელ მოკავშირეთა ერთ-ერთ ხელმძღვანელად იქცა. სათქმელია ისიც, რომ ახალკაცის აქტიურობა იუჰანსონს და მის გუნდს შეუმჩნეველი არ დარჩენია და სფფს პრეზიდენტს განცალკევებითაც გაესაუბრნენ.

უეფას სათავეში პლატინის მისვლისთანავე ბევრმა სოლიდურმა გამოცემამ ივარაუდა, რომ ევრო 2012ს პოლონეთ-უკრაინას ან ხორვატია-უნგრეთს ანდობდნენ. იტალიის გამარჯვებისა არავის სჯეროდა.

უელსის დედაქალაქ კარდიფში უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 18 აპრილს შეიკრიბა. ინტერესთა კონფლიქტი რომ გამოერიცხათ, აღმასკომის იტალიელი და უკრაინელი წევრები მასპინძლის გამოსავლენ კენჭისყრაში არ დაუშვეს. სასურველი კანდიდატი თორმეტმა მაღალჩინოსანმა დაასახელა: პოლონეთ-უკრაინას 8 ხმა აღმოაჩნდა, იტალიას 4, ხორვატია-უნგრეთი კი ხმის გარეშე დარჩა. და რადგან ერთმა პროექტმა ხმების უმრავლესობა მიიღო, მეორე ტური აღარ გაიმართა.

კარდიფშივე ითქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს პოლონეთიდან დედაქალაქი ვარშავა, ასევე გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი უმასპინძლებდა, უკრაინიდან კი კიევი, დონეცკი, ლვოვი და დნიპროპეტროვსკი. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ხარკოვმა შეცვალა, სათადარიგო ქალაქებად კი პოლონეთიდან კრაკოვი და ხოჟუვი, ხოლო უკრაინიდან ოდესა დასახელდა.

უეფამ იცოდა, რომ პოლონეთის და უკრაინის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ლამის ძირეულად გასაახლებელი იყო. ამიტომაც შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ორ თვეში ერთხელ მოგზაურობდა ორივე ქვეყანაში და უეფას პრეზიდენტსა და აღმასრულებელ კომიტეტს ამომწურავ ინფორმაციებს აწვდიდა.

უნდა ითქვას, რომ მიშელ პლატინი საორგანიზაციო კომიტეტების მუშაობით საწყის ეტაპზე უკმაყოფილო იყო. 2009 წელს მან პირველად განაცხადა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას მეტი მონდომებით უნდა ემუშავა. იმ დროს არაერთხელ დაიწერა, რომ ევრო 2012ის ფინალისთვის შერჩეული კიევის ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქცია საპროექტო ვადებს ძალიან ჩამორჩებოდა.

2010 წლის მაისში, ერთ-ერთ გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში პლატინიმ განაცხადა, რომ თუ პოლონეთის და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციები უმოკლეს ვადებში არ შეცვლიდნენ საკითხისადმი მიდგომას, უეფას აღმასკომი ევრო 2012ს გერმანიას და უნგრეთს გადაულოცავდა. იმავე პერიოდში ბრიტანულ პრესაში კონტინენტის პირველობის შოტლანდიაში გადატანაზეც დაიწერა.

2011 წლის აგვისტოში, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიშელ პლატინის მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ევროპული ფეხბურთის მმართველმა განაცხადა: „კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ევროპის საგაისო ჩემპიონატს პოლონეთი და უკრაინა მიიღებენ. დღეს შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ორივე ქვეყანამ ყველა საკითხი დადებითად გადაჭრა“.

მაგრამ ფინალური ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კიდევ ერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა: უკრაინის ქალაქებში სასტუმროების ფასებმა არნახულად მოიმატა! პლატინი ძალიან გაღიზიანდა: „ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მიუღებელია! სასტუმროს მეპატრონეებისგან ფანების ძარცვას ვერ შევეგუებით“.

ლამის გაათმაგებულ ფასებს უკრაინის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სასტუმროების მფლობელები უკან არ დაიხევდნენ, შესაძლოა, სახელმწიფოს სპეციალური კანონით თავად დაეწესებინა ფასები. აპრილში სიტუაცია მოგვარდა და ივნისის დასაწყისიდან უკრაინის და პოლონეთის ქალაქები უცხოელი გულშემატკივრებით გაივსო.

ცნობისათვის: პოლონეთ-უკრაინა 2012 უკანასკნელი 16გუნდა ევროპის ჩემპიონატი იყო, საერთო და საშუალო დასწრებით კი საუკეთესო: ფინალური ეტაპის 31 მატჩს 1 440 896 ქომაგი დაესწრო, საშუალოდ თამაშს – 46 481.

2010 წლის 7 თებერვალს, ვარშავის მეცნიერებისა და კულტურის სასახლემ ევრო 2012ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას უმასპინძლა. პოლონეთის და უკრაინის გარდა, საზეიმო ცერემონიაში უეფას 51 წევრი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მონაწილეობდა.

უეფამ გუნდები კოეფიციენტის მიხედვით ექვს კალათში გადაანაწილა. საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათში მოხვდა მონტენეგროს, ალბანეთის, ესტონეთის, მოლდოვის, ისლანდიის, სომხეთის, ყაზახეთის და ლიხტენშტაინის გუნდებთან ერთად.

საბოლოოდ მონაწილენი ცხრა ჯგუფში გადანაწილდნენ: ექვსში ექვსი ნაკრები მოხვდა, სამში კი ხუთი. პოლონეთ-უკრაინის საგზურს პირველადგილოსნების გარდა საუკეთესო მეორეადგილოსანი იღებდა, მეორე ადგილზე გასული დანარჩენი რვა კი ფლეი-ოფში გაარკვევდა დარჩენილი ოთხი საგზურის მფლობელს.

A შესარჩევ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა: ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გერმანია. იოახიმ ლიოვის გუნდმა ყველა, ათივე საკვალიფიკაციო თამაში დიდი უპირატესობით მოიგო და მეორეადგილოსან თურქეთს 13 ქულით აჯობა!

B ჯგუფში რუსეთმა გაიმარჯვა, ფლეი-ოფის საგზური კი ირლანდიას ერგო. რუსეთმა პოლონეთ-უკრაინაში თამაში დუბლინში 3:2 მოგებით გაიფორმა – 23 ქულა დააგროვა და კონკურენტს ორი ქულით აჯობა.

C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა იტალიამ, რომელიც 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფიფას ოქროს თასის გათამაშებაში ჩემპიონის სტატუსით ჩაერთო, მაგრამ ძალიან შერცხვა – ჯგუფში ჩარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატზე კრახით გაბრაზებულმა სკუადრა აძურამ საკვალიფიკაციო ტურნირში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, სერბეთთან საშინაო შეხვედრაში კი ტექნიკური მოგება – 3:0 ჩაეთვალა. მიზეზი სტუმარი ქომაგების უსაქციელობაა – გენუაში, ლუიჯი ფერარისზე, ისინი იმდენად ამაზრზენად იქცეოდნენ, რომ არბიტრმა თამაში 35ე წუთზე შეწყვიტა.

ფლეი-ოფის საგზური ესტონეთს ერგო, რომელმაც სერბებს ბელგრადში 3:1 აჯობა, საბოლოოდ კი ქულით გაასწრო მეტოქეს.

D ჯგუფში საფრანგეთმა გაიმარჯვა – 21 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსანი ბოსნია-ჰერცეგოვინა ქულით ჩამოიტოვა. ევრო 2012ის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ მთავარი სენსაცია სწორედ ამ ექვსეულს უკავშირდება: ფრანგები შინ დამარცხდნენ ბელარუსთან – 0:1.

E ჯგუფიდან ორი გუნდი მოხვდა ფინალურ ეტაპზე: გამარჯვებული ნიდერლანდები და მეორე ადგილზე გასული შვედეთი.

შესარჩევის ორი საინტერესო მიღწევაც ამავე ჯგუფს უკავშირდება: 2011 წლის 2 სექტემბერს ნიდერლანდელებმა ეინდჰოვენში 11:0 გაანადგურეს სან მარინო, ამ უკანასკნელმა კი ჯგუფი ბურთების კატასტროფული შეფარდებით დაასრულა – 0:53!

F საკვალიფიკაციო ჯგუფიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობდა, ფინალურ ეტაპზე საბერძნეთი გავიდა, მეორე ადგილზე გასულმა ხორვატიამ კი ფლეი-ოფში გააგრძელა ბრძოლა. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი უსახური შესარჩევი ჯგუფი იყო.

G, H და I ჯგუფებში 5-5 გუნდი მოხვდა. ინგლისმა, დანიამ და ესპანეთმა პირველი ადგილები დაიკავეს, მონტენეგრომ, პორტუგალიამ და ჩეხეთმა კი ფლეი-ოფში გადაინაცვლეს. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა, გერმანიის დარად, ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა – რვავე საკვალიფიკაციო თამაში მოიგო!

ფლეი-ოფი 11 და 15 ნოემბერს გაიმართა: ხორვატიამ თურქეთი ჩამოიშორა; ესტონეთის წინააღმდეგ ირლანდია თავიდანვე ფავორიტი იყო და მოულოდნელი არაფერი მომხდარა; ჩეხეთმა მონტენეგროს ორივე შეხვედრაში აჯობა, პორტუგალიამ კი საპასუხო თამაშში 6:2 გაანადგურა ბოსნია-ჰერცეგოვინა.

შესარჩევი ტურნირის საუკეთესო გოლეადორი ნიდერლანდელი კლაას-იან ჰუნტელაარი გახდა, რომელმაც 12 გოლიდან 5 სან მარინოს გაუტანა.

 

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian