ევროისტორია: 2012 – საქართველო
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საშინლად დაასრულა.
არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ათ მატჩში მხოლოდ სამჯერ ითამაშა ფრედ, შვიდჯერ დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირებში თამაშის მანძილზე პირველად დაიკავა უკანასკნელი, ამ შემთხვევაში მეექვსე ადგილი.
კუპერმა რა თქმა უნდა დატოვა ნაკრები, მაგრამ მისი და მისი გუნდის წასვლით ქართულ ფეხბურთში ცვლილებები არ დასრულებულა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი თანამოაზრეებთან ერთად გადადგა, ორგანიზაციის სათავეში კი ზვიად სიჭინავა მივიდა, ვინც ქართულ ფეხბურთში ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ბაიას საწვრთნელი ბაზის აშენება-კეთილმოწყობით გამოჩნდა.
ფეხბურთის ფედერაციაში ზვიად სიჭინავას მისვლიდან მცირე ხანში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც დასახელდა: 2005 წლის შემდეგ პირველად, ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ქართველმა სპეციალისტმა, ნაკრების ყოფილმა წევრმა და კაპიტანმა თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა.
საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა იმ დროისთვის პერსპექტიული სპეციალისტის სახელი დაიმსახურა. მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტას ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგაში მოხვდა და გახდა კვიპროსის პირველი კლუბი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში იასპარეზა.
ევრო 2012ის შესარჩევი ტურნირის წილისყრას თემურ ქეცბაია ზვიად სიჭინავასთან და იმხანად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ რევაზ არველაძესთან ერთად დაესწრო, საქართველოს ნაკრების მეტოქეებად კი საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელის, ლატვიის და მალტის გუნდები დასახელდა, როგორც მაშინ ითქვა, არცთუ რთული გუნდები.
2010 წლის 3 სექტემბერს, ათენის გარეუბან პირეოსში, გეორგიოს კარაისკაკისის სახელობის სტადიონზე საქართველომ პოლონეთ-უკრაინისკენ სვლა დაიწყო – 1:1 მასპინძელთა ნაკრებთან.
ალექსანდრე იაშვილის მიერ მესამე წუთზე გატანილი გოლით ქეცბაიას გუნდი კარგა ხანს იგებდა, მაგრამ 72ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ნიკოს სპიროპულოსმა ზუსტად დაარტყა და საბერძნეთი მარცხისგან იხსნა.
„ვულოცავ ფეხბურთელებს! მათ არაფერი დაუთმეს ძლიერ მეტოქეს და დამსახურებულ შედეგს მიაღწიეს. ობიექტური ვიქნები – შედეგი სამართლიანია“, – ასეთი იყო ქეცბაიას შეფასება.
ოთხ დღეში საქართველომ ისრაელს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლა. ისევ ფრე, ამჯერად 0:0. ქეცბაიას გუნდი მეტოქეს კი სჯობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და ორი ტურის შემდეგ მეოთხე-მეხუთე ადგილებზე დამკვიდრდა საბერძნეთთან ერთად.
მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდს უკეთეს მინდვრის საფარზე რომ ეთამაშა, აუცილებლად მოიგებდა: „შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ ყანაში გიწევს თამაში“. ქეცბაიას ამ შეფასებას საფეხბურთო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა…
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა – 1:0. 2007 წლის შემოდგომით, ევრო 2008ის შესარჩევში თბილისში შოტლანდიასთან 2:0 მოგების შემდეგ ეს პირველი გამარჯვება იყო ოფიციალურ შეხვედრაში. სამხრეთ აფრიკა 2010ის შესარჩევი ტურნირი გუნდმა, როგორც გითხარით, მოგების გარეშე დაასრულა.
მძიმე თამაში გამოდგა: მალტა მთელი გუნდით დაცვაში იდგა და კონტრშეტევების იმედად იყო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნუკრი რევიშვილმა ორჯერ იხსნა გუნდი, თუმცა მთავარი ისაა, რომ სამი ქულა მაინც საქართველოს ნაკრებს დარჩა – კახა კალაძის ჩაწოდებულ ბურთს შეცვლაზე შესულმა დავით სირაძემ თავი შეაგება და 38 ათასი ქომაგი უზომოდ გაახარა. იმ დროს მსაჯის წამზომი 92ე წუთს უჩვენებდა…
საქართველო ზედიზედ მეორე გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, რიგაში, სკონტოს სტადიონზე 90ე წუთისთვის ისევ სირაძის ზუსტი დარტყმით უგებდა ლატვიას, მაგრამ მასპინძლებმა თავი დაიძვრინეს: ალექსანდრს ცაუნიამ რევიშვილს ეფექტური დარტყმით გაუტანა – 1:1.
2010 წელი ჩვენი ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა 17 ნოემბერს, სლოვენიის ქალაქ კოპერში მასპინძლებთან მოგებული ამხანაგურით დაასრულა. ქეცბაიას ბიჭებმა ნაკრების დებიუტანტის, სანდრო გურულის (პირველი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გია გურულის ვაჟი) და ჯანო ანანიძის გოლებით 2:1 მოიგეს.
ეროვნულის ისტორიაში პირველად, გუნდმა წელიწადი წაუგებლად დაასრულა!
2011 წლის 26 მარტს ჯვაროსნებმა ევრო 2012ის შესარჩევი ტურნირი დიდებული გამარჯვებით განაახლეს: თბილისში ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით სძლიეს სლავენ ბილიჩის გაწვრთნილ ხორვატიას, რომელიც იმ დროს ჯგუფის ლიდერი იყო.
საგოლე შეტევა ჯაბა კანკავამ დაიწყო, რომელმაც ბურთი ოთარ მარცვალაძეს გადააწოდა. მარცვალაძე, ვინც კარგა ხნის შემდეგ პირველად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, ეფექტურად გასცდა ხორვატთა ვეტერანს, დარიო სრნას და ბურთი ლევან კობიაშვილს გადააწოდა, ნაკრების რეკორდსმენმა კი უძლიერესად დაარტყა – 1:0!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იმ დღეს ფიფას რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფ გუნდს მოუგო და ხუთი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ქეცბაიას გუნდი პოლონეთსა და უკრაინაში თამაშის შანსს ინარჩუნებდა, რადგან ჯგუფის ლიდერი საბერძნეთი მხოლოდ ორი ქულით იყო წინ და თან, შემოდგომით თბილისში უნდა ეთამაშა.
რამდენადაც კარგი იყო საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ, იმდენად ცუდად ითამაშა გუნდმა 29 მარტს, თელ ავივში, ისრაელთან – ბენ ჰაიმის გოლი ერთადერთი გამოდგა და ქეცბაიამაც პირველი თამაში წააგო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
„ხორვატიასთან მოგების შემდეგ ძალები ვერ აღვიდგინეთ, რამაც მეორე ტაიმში თავი იჩინა. თან, უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან გულდასაწყვეტი წაგებაა“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
3 ივნისს, სპლიტის ჰაიდუკზე ქართველები ჯაბა კანკავას მიერ მე17 წუთზე გატანილი ბურთით კარგა ხანს იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატების ზეწოლას ვერ გაუძლეს და სამწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი მიიღეს: 76ზე ჯერ მარიო მანჯუკიჩმა დაასრულა სამსვლიანი კომბინაცია, 78ზე კი ნიკოლა კალინიჩმა მეორედ შეარხია სტუმართა კარის ბადე.
ამ ორ გოლს დარიო სრნას ორი საჯარიმო დარტყმა უსწრებდა – ერთხელ ბურთი ძელმა აისხლიტა, ერთხელაც გიორგი ლორიამ ითამაშა საიმედოდ.
ეროვნულის პოზიციები საკმაოდ შეირყა, მაგრამ საშემოდგომო სამი თამაშის წინ ბევრი მაინც იმედიანად იყო: ლატვიასთან და საბერძნეთთან შინ, მალტასთან კი სტუმრად უნდა გვეთამაშა. ამ მატჩებში ცხრა ქულის მოპოვება სულაც არ იყო უტოპია.
მაგრამ ოცნებები საპნის ბუშტივით გასკდა და თან, პირველივე საშინაო შეხვედრაში: 2 სექტემბერს ქართველები ლატვიასთან… 0:1 დამარცხდნენ. როგორ წააგო ქეცბაიას გუნდმა ის მატჩი, დღემდე რთული ასახსნელია – ბალტიისპირელებმა ერთადერთხელ დაარტყეს კარში, ისიც ლამის აუტის ხაზიდან, მაგრამ გოლი მაინც გაიტანეს: ალექსანდრს ცაუნიამ მეორე შეხვედრაშიც დალაშქრა ჯვაროსნების კარი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მისი გოლი გიორგი ლორიას უხეში შეცდომის შედეგი უფრო იყო.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას კი, ეროვნულს ფსიქოლოგი ხომ არ სჭირდებაო, გაღიზიანებულმა ქეცბაიამ ასე უპასუხა: „ნაკრებს ფსიქოლოგი კი არა, მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება“. იმ დროისთვის ყველამ იცოდა, რომ ნაკრებში დაძაბული სიტუაცია იყო – ქეცბაია რამდენიმე ფეხბურთელს გაუარესებული ურთიერთობის გამო საერთოდ აღარ იწვევდა…
ლატვიასთან შერცხვენას მალტაზე 1:1 მოჰყვა. ქეცბაიამ ლორია რევიშვილით შეცვალა, კანკავამ კიდევ ერთხელ დააწინაურა ნაკრები, მაგრამ მალტამ თავი დაიძვრინა: კაპიტანმა მაიკლ მიფსუდმა იმ დღეს 30ე გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით.
საქართველომ საკვალიფიკაციო ტურნირი 11 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაასრულა საბერძნეთთან 1:2 მარცხით.
მატჩის წინ უეფას სპეციალური ჯილდო – კეპი და სამახსოვრო მედალი გადაეცა ლევან კობიაშვილს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა იმ დღეს საიუბილეო, მეასე შეხვედრა ჩაატარ ნაკრებში.
რაც შეეხება მატჩს, ჯვაროსნებს ნაღდად არ უთამაშიათ ურიგოდ, დავით თარგამაძის გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ გუნდმა კიდევ ერთხელ ჩააფლავა ბოლო წუთები და საბერძნეთმა, რომელმაც 70 წუთი დაცვაში გაატარა და ხეირიანი არაფერი უკეთებია, გაიმარჯვა.
სათქმელია ისიც, რომ მასპინძლებმა მატჩი ათი ფეხბურთელით დაასრულეს, თუმცა არა იმიტომ რომ არბიტრმა რომელიმე ქართველი გააძევა: 69ე წუთზე თარგამაძე დაშავდა და თამაში ვეღარ განაგრძო, ქეცბაიას კი იმ დროისთვის სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა…
ათი თამაში, ათი ქულა და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილი. ათიდან ცხრა ქულა გუნდმა საწყის ხუთ, წაუგებელ მატჩში მოიპოვა, ხორვატებთან გამარჯვების შემდეგ კი ქეცბაიას ბიჭები მხოლოდ ქულას შეწვდნენ.
მშვენიერი დასაწყისი და საშინელი დასასრული, მხოლოდ ასე თუ შეფასდება ნაკრების გამოსვლა ევრო 2012ის საკვალიფიკაციოში. და ბარემ აქვე გეტყვით, რომ იმ შესარჩევში მონაწილე 51 გუნდს შორის საქართველო 7 გოლით 37ე ადგილზე აღმოჩნდა. ასე ცოტა ბურთი ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციოებში პირველად გაიტანა.
შესარჩევი ტურნირის დასრულებიდან ზუსტად ერთ კვირაში, 2011 წლის 18 ოქტომბერს, ლელოში ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის დავით მუჯირის ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ის ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე და ეროვნულის თავკაცსა და ფეხბურთელებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე წერდა.
ცუდი შედეგების და საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, ფეხბურთის ფედერაციამ ქეცბაია ეროვნულის მთავარ მწვრთნელად დატოვა, მომდევნო ოფიციალურმა ტურნირმა – ბრაზილია 2014ის საკვალიფიკაციო ეტაპმა კი, დასამალი არაფერია, არაერთი უსიამოვნების და მწვრთნელ-ფეხბურთელების პაექრობის ფონზე ჩაიარა…
(II ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია; ავტორის არქივი