ევროისტორია: 2012 – ხარების დუბლი

პოლონეთ-უკრაინაში გამართული ევროპირველობა უკანასკნელი თექვსმეტგუნდა ჩემპიონატი იყო. და საუკეთესო, გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებით: წინა ტურნირთან შედარებით ბილეთებზე მოთხოვნა 17%ით გაიზარდა და ოფიციალური მონაცემით მილიონ 400 ათასი ბილეთის შეძენის სურვილი 12 მილიონამდე ქომაგმა გამოთქვა!ტრადიციისამებრ, უეფამ ბილეთების ნაწილი ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს გადასცა, დიდი ნაწილი დამატებით გაიყიდა პოლონეთსა და უკრაინაში, დარჩენილი რაოდენობა კი უეფას ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გასაღდა. ჯგუფური ეტაპის მატჩებზე ბილეთის მინიმალური ფასი 30 ევრო იყო, ფინალისთვის კი ფასი 600 ევრომდე გაიზარდა.

2008 წლის სიახლე – ფანზონები, პოლონეთსა და უკრაინაშიც მოეწყო. მასპინძელ ქალაქებში, მეტწილად ისტორიულ ცენტრში, გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდა (სულ 24), ლუდის ღია ბარები გაიხსნა და ქომაგთა იმ ჯგუფებმა, რომლებმაც ბილეთები ვერ შეიძინეს, მატჩებს ასეთ გარემოში უცქირეს. ყველაზე დიდი ფანზონა ვარშავის ცენტრში კეთილმოწეყო – 120 ათასი კვადრატული მეტრი!

2011 წლის დეკემბერში უეფამ შერჩეული მსაჯები და თანამსაჯთა ჯგუფები დაასახელა, რამდენიმე ცვლილების შემდეგ კი, 2012 წლის 27 მარტს, საბოლოო, 80კაციანი სია გამოქვეყნდა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, უეფამ, ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს თანხმობით, კარს უკან ორი დამხმარე თანამსაჯი გამოიყენა. ამ ექსპერიმენტს ევროფეხბურთის მამებმა პირველად გაზაფხულზე, ევროპალიგის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მიმართეს.

საერთო მოსაზრებით A ჯგუფი, რომელშიც თანამასპინძელი პოლონეთი მოხვდა, ყველაზე სუსტი იყო.

შთამბეჭდავად დაიწყო ასპარეზობა რუსეთის ნაკრებმა, რომელსაც კვლავ ნიდერლანდელი სპეციალისტი, ამჯერად დიკ ადვოკაატი წვრთნიდა (ევრო 2008ზე რუსებმა გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით ითამაშეს).

რუსებმა 4:1 აჯობეს ჩეხეთს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯგუფში ჩარჩნენ – მეორე ტურში პოლონეთთან ქულა გაიყვეს (1:1), 16 ივნისს კი ბერძენი გეორგიოს კარაგუნისის გოლს ვერაფრით უპასუხეს და ნაადრევად გაემგზავრნენ შინ.

A ჯგუფი ჩეხეთმა მოიგო. რუსებთან განადგურების შემდეგ მიხალ ბილეკის გუნდმა ჯერ საბერძნეთს აჯობა, 16 ივნისს, ვროცლავში კი პოლონეთიც დაამარცხა. მასპინძლები ამ წაგების გამო გავიდნენ ბოლო ადგილზე. მეორე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა.

ქართული ფეხბურთის ქომაგებს თბილისში ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიხალ ბილეკის გამოჩენაც ემახსოვრებათ. მან 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი, მაგრამ დინამო უსახელოდ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის აკტობესთან ორი წაგების შემდეგ დატოვა…

შესარჩევ ეტაპზე საოცარი თამაში იოახიმ ლიოვის გერმანიამ B ჯგუფშიც განაგრძო: გაცილებით დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც სძლია პორტუგალიას, ნიდერლანდებს და დანიას. მეორე ადგილზე პორტუგალია გავიდა, ნიდერლანდებმა კი სამივე თამაში დათმო.

სიკვდილის ჯგუფი ამ ოთხეულს ტყუილად არ უწოდეს – ევროპის ჩემპიონატის სტარტზე ოთხივე ნაკრები ფიფას რეიტინგის პირველ ათეულში შედიოდა.

C ჯგუფიც არანაკლებ ძლიერი იყო, პირველი მატჩი კი 10 ივნისს გდანსკში რომ შედგა, საწყისი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში გამოდგა. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთმა იმ დღეს ოცდამეათედ ითამაშა იტალიის წინააღმდეგ!

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ევრო 2012ს მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპირველობის საკვალიფიკაციოში ზედიზედ 14 წაუგებელი თამაშით შეხვდა, მაგრამ იტალიასთან მარცხს გადაურჩა – სკუადრა აძურა შეცვლაზე შესულმა ანტონიო დი ნატალემ დააწინაურა (ანდრეა პირლოს დიდებული პასის შემდეგ), პირენეელები კი სესკ ფაბრეგასმა იხსნა. გემახსოვრებათ: ევრო 2008ზე, ამავე გუნდების მეოთხედფინალში, თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა სწორედ ფაბრეგასმა შეასრულა.

„ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატიც მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ თასი ჩვენ დაგვრჩა. ანგარიშის მიუხედავად ვთვლი, რომ კარგად ვითამაშეთ და იმედია, ჩემპიონატს ბოლომდე შემოვრჩებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა“, – განაცხადა ესპანელთა ყველაფრისმომგებმა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ. იმავე დღეს ხორვატიამ მარიო მანჯუკიჩის დუბლით ირლანდიას 3:1 აჯობა.

მეორე ტურში ბალკანელები იტალიელებს შეხვდნენ და 1:1 ითამაშეს. ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი სკუადრა აძურა პირლოს გოლით იგებდა – ტურინის იუვენტუსის ლიდერმა იტალიელთა საიუბილეო, მეორასე გოლი შეაგდო ევროპის ჩემპიონატების ეგიდით გამართულ მატჩებში.

ხორვატებს მხსნელად კვლავ მანჯუკიჩი მოევლინათ, რომელმაც 72ე წუთზე გაათანაბრა. რამდენიმე საათში ესპანეთმა ირლანდია არ დაინდო – 4:0. ხარებმა სამყურების წინააღმდეგ გამართულ მე16 მატჩში მე15 გამარჯვება იზეიმეს.

მეოთხედფინალში გასულები 18 ივნისს გამოვლინდნენ: პოზნანში იტალიამ ანტონიო კასანოს და მარიო ბალოტელის ზუსტი დარტყმებით 2:0 დაამარცხა ირლანდია, გდანსკში კი ესპანეთმა 88ე წუთზე ხესუს ნავასის მიერ გატანილი გოლით სძლია ხორვატიას. და სლავენ ბილიჩის მშვენიერი გუნდი ჯგუფში ჩარჩა.

მშვენიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი D ჯგუფშიც, სადაც ტურნირის მეორე მასპინძელი უკრაინა იყო განთესილი – ოლეგ ბლოხინის გუნდი საფრანგეთს, ინგლისს და შვედეთს გაეჯიბრა.

პირველი ტურის შემდეგ უკრაინა პირველ ადგილზე იყო – მასპინძლებმა ანდრეი შევჩენკოს დუბლით შვედეთს სძლიეს, საფრანგეთი-ინგლისის პაექრობა კი 1:1 დასრულდა.

მეორე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა – ინგლისმა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 3:2 მოუგო შვედეთს, დონეცკის დონბას არენაზე კი უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩი თავსხმა წვიმის გამო კინაღამ ჩაიშალა – ნიდერლანდელმა არბიტრმა ბიორნ კუიპერსმა მე5 წუთზე გუნდები გასახდელში გაიხმო. თამაში 57 წუთში განახლდა და ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

ფლეი-ოფის მონაწილეები 19 ივნისს გამოვლინდნენ. ლორან ბლანის საფრანგეთი შვედეთთან 0:2 კი დამარცხდა, მაგრამ დონეცკში უკრაინას ინგლისმა აჯობა და მეოთხედფინალში ფავორიტები გავიდნენ. შვედებთან მარცხით საფრანგეთის ნაკრების 23მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლები კი ჯგუფში ჩარჩნენ. უკრაინელები მხოლოდ იმით თუ ინუგეშებდნენ თავს, რომ პოლონელებისგან განსხვავებით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ.

„ამ ტურნირისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ვემზადებოდით… ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მეტი შეგვეძლო“, – უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა ინგლისთან მარცხისთანავე დატოვა თანამდებობა.

პოლონეთი და უკრაინა მეორე თანამასპინძლები გახდნენ, რომლებიც ჯგუფში ჩარჩნენ – ოთხი წლით ადრე ავსტრიის და შვეიცარიის ნაკრებ გუნდებსაც იგივე დაემართათ. და ბარემ აქვე გეტყვით, რომ 2000 წლის ევროს ორი მასპინძლიდან ერთი – ბელგიაც ვერ გავიდა ჯგუფიდან.

ევრო 2012ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ფემენიც ვახსენოთ: ახალგაზრდა უკრაინელი გოგონების დიდმა ჯგუფმა სხვადასხვა აქცია-პერფორმანსებით უამრავი პრობლემა შეუქმნა საორგანიზაციო კომიტეტს.

ფემენი ხშირად ჩნდებოდა პრეზენტაციებსა თუ ოფიციალურ შეხვედრებზე და ფემინისტური ლოზუნგებით აპროტესტებდა ქალთა უფლებების დარღვევას: კიევში ანრი დელონეს თასის გამოფენა მათი გამოხდომის გამო კინაღამ ჩაიშალა; იგივე მოხდა ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ ევრო 2012ის სიმბოლოების გახსნისას; ფან-ზონებში ფემენის აქტივისტები მხოლოდ პოლიციის დახმარებით გააძევეს…

ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ნახევრადშიშველი გოგონების აქციებმაც იკლო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი შეზარხოშებული ქომაგების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ…

ევრო 2012ის პირველი ნახევარფინალისტი 21 ივნისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გამოვლინდა: პორტუგალიამ კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს გვიანი გოლით გატეხა ჩეხეთის ნაკრების მედგარი წინააღმდეგობა – 1:0. მძიმე თამაში იყო, ჩეხეთი ლამის მთელი გუნდით იცავდა თავს.

„მშვენიერი ნაკრები გვყავს! ამ ბიჭებს ნამდვილად შეუძლიათ ჩემპიონატის მოგება“! – განაცხადა პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ეუსებიომ, ვინც საპატიო სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა მატჩს თვალს და რონალდუს პატივსაცემად შვიდნომრიანი მაისური ემოსა. მას გვერდს უმშვენებდა კიდევ ერთი დიდი პორტუგალიელი – ლუიშ ფიგუ, რომელსაც ასევე რონალდუს მაისური ეცვა…

საბერძნეთის ნაკრები ევრო 2004ის ტრიუმფის გამეორებაზე ოცნებობდა, მაგრამ გდანსკის არენა მათთვის ოცნებების სასაფლაოდ იქცა – გერმანიამ შთამბეჭდავად ითამაშა და 4:2 სძლია მეტოქეს.

იოახიმ ლიოვის გუნდმა ზედიზედ მე15 ოფიციალური თამაში მოიგო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა! სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის III ადგილისთვის შეხვედრაში ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, ბუნდესნაკრებმა ევრო 2012ის საკვალიფიკაციოში ყველა, ათივე თამაშში გაიმარჯვა და ჯგუფშიც სამივე მეტოქეს სძლია.

„ვართ თუ არა ფავორიტები? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა ვართ, ჩვენი შედეგები ყველაფერზე მეტყველებს“! – გერმანელთა მთავარი მწვრთნელი თავდაჯერებული ჩანდა. მწვრთნელს საამისო საბაბი ნამდვილად ჰქონდა: მისი ფეხბურთელები შეუჩერებელნი ჩანდნენ.

გერმანელთა პირველი გოლი გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა რომ შეაგდო, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს: შეტევაში ჩართულმა მცველმა მიხალის სიფაკისს ეფექტური დარტყმით გაუტანა. ეს ლამის მეხუთე გოლი იყო 90ე სანაკრებო მატჩში, საგოლე გადაცემა კი მესუტ ოზილმა მიითვალა.

ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრების მეტოქე 23 ივნისს, დონეცკის მფრინავ თეფშზე – დონბას არენაზე გამართულ მეოთხედფინალში გამოვლინდა: ესპანეთმა ჩაბი ალონსოს დუბლით საფრანგეთი ჩამოიცილა გზიდან.

საფრანგეთი იყო ის ბოლო გუნდი, რომელმაც ესპანეთს მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე სძლია – 2006 წელს, გერმანიაში გამართული უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მერვედფინალში. მაგრამ ფრანგებმა ამჯერად იგივე ვერ მოახერხეს – დელ ბოსკეს გუნდი აშკარად უკეთესი იყო და დამსახურებულად მოიგო.

დუბლის ავტორი ჩაბი ალონსო კი ყველაზე გახარებული გახლდათ – ბასკმა ნახევარმცველმა მნიშვნელოვანი დუბლით აღნიშნა ნაკრებში ჩატარებული საიუბილეო, მეასე თამაში.

„ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, მაგრამ ასეთი დონის მატჩების წინ არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთე ორი ან ოთხი წლით ადრე. ფლეი-ოფში ყოველწამიერად უნდა დაამტკიცო რომ საუკეთესო ხარ და წინსვლას იმსახურებ. ჩვენ სწორედ ამ ფიქრით გავედით მინდორზე და მიხარია, რომ ერთი წუთითაც არ გადაგვიხვევია გზიდან. თასამდე ურთულესი ორი მატჩი გველის, მაგრამ ნაკრებს, ვინც ამდენი შეძლო, უკანასკნელი ორი ნაბიჯის გადადგმაც შეუძლია“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

24 ივნისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული ინგლისისა და იტალიის ჯახი გოლის გარეშე დასრულდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო კი გამოდგა: ნახევარფინალისტი მხოლოდ პენალტების სერიაში გამოვლინდა.

არც იტალია ითვლება თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლად და მით უმეტეს, არც ინგლისი. ამიტომაც იყო, რომ მეტოქეებმა ცხრა დარტყმიდან სამი გააფუჭეს: 1:1ზე რიკარდო მონტოლივომ ვერ გაიტანა და სკუადრა აძურას ფანები ძალიან ააღელვა.

უეინ რუნიმ ინგლისი დააწინაურა – 2:1.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ანდრეა პირლომ ანგარიში გაათანაბრა, ჯო ჰარტს ანტონინ პანენკას სტილში გაუტანა – 2:2.

შემდეგ ეშლი იანგმა გაისროლა – ბურთი ძელმა აისხლიტა, ანტონიო ნოჩერინომ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:2.

ინგლისმა ზედიზედ მეორე პენალტი ვერ გამოიყენა: ეშლი კოულს ჯანლუიჯი ბუფონმა აჯობა – 3:2.

თუ ანტონიო დიამანტი ზუსტად შეასრულებდა დარტყმას, იტალია გაიხარებდა. ასეც მოხდა: ბოლონიის შემტევმა ნახევარმცველმა აუღელვებლად გაიტანა – 4:2 და იტალია ნახევარფინალში გავიდა! ოთხი წლით ადრე სკუადრა აძურამ ასევე მეოთხედფინალში შეასრულა თერთმეტმეტრიანების სერია, მაგრამ მაშინ მეტოქემ – ესპანეთმა გაიხარა…

ჩემპიონი გუნდი ყველაფერში ჩემპიონია: გოლების გატანაში, თავდასხმაში და… დაცვაშიც. 27 ივნისს, დონბას არენაზე პორტუგალიასთან გამართულ ნახევარფინალში ესპანელებმა ისე საიმედოდ გადაკეტეს კასილიასის კარის მისადგომები, რომ კრიშტიანუ რონალდუს, უგო ალმეიდას და ნანის არაერთი ძალისხმევის მიუხედავად, საფრთხე არსაიდან შექმნილა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საიმედოდ ითამაშეს პორტუგალიელთა უკანახაზელებმაც.

დაძაბული, მაგრამ არცთუ სანახაობრივი 0:0ის შემდეგ პენალტების ჯერი დადგა.

ბურთთან პირველი ჩაბი ალონსო მივიდა. 1/4ფინალის გმირის დარტყმის შემდეგ ტაბლოზე კვლავ 0:0 ენთო.

ვერ გაიტანა ჟოაუ მოუტინიუმაც.

ანდრეს ინიესტა – 1:0, პეპე – 1:1, ჟერარ პიკე – 2:1, ნანი – 2:2, სერხიო რამოსი – 3:2…
ბრუნო ალვეშს ნერვებმა უმტყუნა – 3:2.

ისევე როგორც 2008 წელს იტალიასთან, გადამწყვეტი პენალტი სესკ ფაბრეგასმა შეაგდო – 4:2 და ესპანეთი ზედიზედ მეორედ გავიდა ევროჩემპიონატის ფინალში! კრიშტიანუ რონალდუ მეხუთე უნდა მისულიყო ბურთთან, მაგრამ ის სცენაზე აღარ გამოჩენილა…

ევრო 2008ის გადამწყვეტ მატჩში ესპანეთმა გერმანიას სძლია. 28 ივნისის ნახევარფინალის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ კიევის ოლიმპიურზე დანიშნულ ფინალშიც იგივე გუნდები გავიდოდნენ.

რატომ? იმიტომ, რომ ნახევარფინალში ლიოვის გერმანია უფრო შთამბეჭდავი თამაშით გავიდა, ვიდრე ჩეზარე პრანდელის იტალია. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ბუნდესგუნდი სამხრეთ აფრიკა 2010ის მესამეადგილოსანი გახლდათ, იტალია კი იმავე ტურნირზე ჯგუფიდან ვერ გავიდა. ყურს ჭრიდა გერმანიის ნაკრების ზედიზედ მოგებული 15 ოფიციალური მატჩიც…

მაგრამ იყო ერთი მიზეზი, რაც სკუადრა აძურას ფანებს ამშვიდებდა: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გერმანიას არასდროს მოეგო იტალიისთვის – 7 თამაში უდიდესი საფეხბურთო ტურნირებზე და არცერთი მოგება! არაგერმანული სტატისტიკა.

პირველი სახიფათო მომენტი იტალიელთა კართან შეიქმნა: ბუფონის მოგერიებული ბურთი ანდრეა ბარძალის მოხვდა, რის შემდეგაც კარის ძელს რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა.

ანგარიში მე20 წუთზე გაიხსნა: ანტონიო კასანომ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, ბალოტელიმ თავი დაჰკრა და – 1:0.

იმ დღეს იტალიელებმა ევროჩემპიონატის ნახევარფინალში მეოთხედ ითამაშეს, მაგრამ ბალოტელის ეს გოლი პირველი იყო, რომელიც ამ ეტაპზე გაიტანეს – 0:0 1968 და 2000 წლებში, შესაბამისად საბჭოთა კავშირის და ნიდერლანდების წინააღმდეგ, და 0:2 1988 წელს, იმავე საბჭოთა კავშირთან.

36ე წუთზე პრანდელის იტალია უკვე ორი ბურთით იგებდა: გერმანელები დაცვისას შეცდნენ, ნოიერთან ლამის პირისპირ გასულმა ბალოტელიმ კი საშინელი ძალით დაარტყა და კარის ბადე კინაღამ გაგლიჯა – 2:0.

გერმანიამ ერთადერთი საპასუხო გოლი მეორე დამატებულ წუთზე შეაგდო – მესუტ ოზილმა პენალტიდან გაიტანა. ანგარიში კი შეიცვალა, მაგრამ საერთო სურათი – არა. გერმანიამ მერვე ცდიდანაც ვერ აჯობა იტალიას, სკუადრა აძურა კი ექვსი წლის შემდეგ ისევ ფინალში გავიდა.

1994 წელს, აშშ 94ის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ, აპენინელებმა ევრო 2000ის ფინალში ითამაშეს. გავიდა კიდევ ექვსი წელიწადი და იტალიელებმა ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე ფიფას ოქროს თასი აღმართეს. და ახლა, ისევ ექვსი წლის შემდეგ, მათ ანრი დელონეს თასის მოგების შანსი გაუჩნდათ…

ფინალი
…მაგრამ შანსი შანსადვე დარჩა – ესპანეთმა 4:0 გაიმარჯვა.

ასეთ დასასრულს ვერავინ წარმოიდგენდა, ფურია როხას ქომაგებიც კი. ჩემპიონთა დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ პრესკონფერენციაზე თქვა კიდეც, ყველაზე დიდი მოულოდნელობა ანგარიშიაო.

იტალია იმ ყაიდის გუნდია, რომელიც უკიდურესად იშვიათად აგებს დიდი ანგარიშით, ოთხბურთიანი სხვაობით – მითუმეტეს.

მაგრამ ფეხბურთია და ხდება ასეთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პრანდელის გუნდს ცუდად არ უთამაშია, ესპანელებმა გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვეს. იმსახურებდა თუ არა ჩემპიონი ასეთ ტრიუმფს, ან იტალია 0:4 წაგებას, რთული სათქმელია, მაგრამ მოხდა და ფაქტს ვერავინ წაუვა.

დავიდ სილვა, ჟორდი ალბა, ფერნანდო ტორესი და ხუან მატა – ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლები ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს.

დავით სილვამ მე14 წუთზე, თავურით გახსნა ანგარიში. სერხიო ბუსკეტსის ბრწყინვალე თამაშსაც ნუ დავივიწყებთ – ბარსელონის ნახევარმცველმა ლამის კუთხურის ხაზიდან აუგდო ბურთი თანაგუნდელს.

41ე წუთზე ესპანეთის უპირატესობა ორამდე გაიზარდა: შეტევაში ჩართულ ალბას ჩავიმ დიდებულად დააწია ბურთი და ახალგაზრდა მცველმაც ნაკრების მაისურით პირველი გოლი ევროპირველობის ფინალში შეაგდო.

84ე წუთზე ჩავიმ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა – ფერნანდო ტორესი შეატოვა ბუფონს და ელ ნინიომაც მესამედ დაამწუხრა სკუადრა აძურას ტიფოზები.

ტორესი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ორი ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გოლი. ოთხი წლით ადრე, 2008 წელს, ესპანეთმა მისი ერთადერთი ბურთით სძლია გერმანიას.

88ე წუთზე უკვე ტორესი გახდა ასისტენტი: მოხდენილად დაუგორა ბურთი ხუან მატას და მანაც დაუცველ კარში შეაგდო.

4:0 – ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად მოიგო ჩემპიონმა ასეთი უპირატესობით. მანამდე ყველაზე დიდი სხვაობა 1972 წელს, გფრ-საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრაში დაფიქსირდა, როცა ბუნდესნაკრებმა 3:0 სძლია მეტოქეს.

ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტიტული მოიგო და როგორც ფინალის ინგლისელმა კომენტატორმა თქვა, დელ ბოსკეს ბიჭებმა ისტორიის სახელმძღვანელო გადაშალეს.

ფერნანდო ტორესი 3 გოლით და იმ ერთადერთი საგოლე გადაცემის წყალობით ევრო 2012ის ოქროს ბუცს დაეუფლა, საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი მის თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას გადაეცა.

ევრო 2012
პოლონეთი-უკრაინა, 8 ივნისი – 1 ივლისი
A ჯგუფი: პოლონეთი 1:1 საბერძნეთი; რუსეთი 4:1 ჩეხეთი; საბერძნეთი 1:2 ჩეხეთი; პოლონეთი 1:1 რუსეთი; ჩეხეთი 1:0 პოლონეთი; საბერძნეთი 1:0 რუსეთი
B ჯგუფი: ჰოლანდია 0:1 დანია; გერმანია 1:0 პორტუგალია; დანია 2:3 პორტუგალია; ჰოლანდია 1:2 გერმანია; პორტუგალია 2:1 ჰოლანდია; დანია 1:2 გერმანია
C ჯგუფი: ესპანეთი 1:1 იტალია; ირლანდია 1:3 ხორვატია; იტალია 1:1 ხორვატია; ესპანეთი 4:0 ირლანდია; ხორვატია 0:1 ესპანეთი; იტალია 2:0 ირლანდია
D ჯგუფი: საფრანგეთი 1:1 ინგლისი; უკრაინა 2:1 შვედეთი; უკრაინა 0:2 საფრანგეთი; შვედეთი 2:3 ინგლისი; ინგლისი 1:0 უკრაინა; შვედეთი 2:0 საფრანგეთი
1/4ფინალი: ჩეხეთი 0:1 პორტუგალია; გერმანია 4:2 საბერძნეთი; ესპანეთი 2:0 საფრანგეთი; ინგლისი 0:0 (პენ 2:4) იტალია
1/2ფინალი: პორტუგალია 0:0 (პენ 2:4) ესპანეთი; გერმანია 1:2 იტალია

ფინალი
1 ივლისი, 2012. უკრაინა, კიევი, ოლიმპიური სტადიონი. 63 170
ესპანეთი 4:0 იტალია
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (14), 2:0 ჟორდი ალბა (41), 3:0 ფერნანდო ტორესი (84), 4:0 ხუან მატა (88)
ესპანეთი: იკერ კასილიასი (კაპ), ალვარო არბელოა, ჟერარ პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ხუან მატა 87), ჩავი, სესკ ფაბრეგასი (ფერნანდო ტორესი 75), ჩაბი ალონსო, დავიდ სილვა (პედრო როდრიგესი 59)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი (კაპ), იგნაციო აბატე, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ფედერიკო ბალძარეტი 21), ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, რიკარდო მონტოლივო (ტიაგო მოტა 57), დანიელე დე როსი, მარიო ბალოტელი, ანტონიო კასანო (ანტონიო დი ნატალე 46)
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
გაფრთხილება: ჟერარ პიკე, ანდრეა ბარძალი
მსაჯი: პედრო პროენშა (პორტუგალია)
ფინალის საუკეთესო მოთამაშე: ანდრეს ინიესტა

ჩემპიონი: ესპანეთის ნაკრები
მეკარეები: 1.იკერ კასილიასი (20.05.1981; მადრიდის რეალი), 12.ვიქტორ ვალდესი (14.01.1982; ბარსელონა), 23.ხოსე პეპე რეინა (31.08.1982; ლივერპული, ინგლისი)
მცველები: 2.რაულ ალბიოლი (04.09.1985; მადრიდის რეალი), 3.ჟერარ პიკე (02.02.1987; ბარსელონა), 5.ხუანფრანი (09.01.1985; მადრიდის ატლეტიკო), 15.სერხიო რამოსი (30.03.1986; მადრიდის რეალი), 17.ალვარო არბელოა (17.01.1983; მადრიდის რეალი), 18.ჟორდი ალბა (21.03.1989; ვალენსია)
ნახევარმცველები: 4.ხავი მარტინესი (02.09.1988; ბილბაოს ატლეტიკი), 6.ანდრეს ინიესტა (11.05.1984; ბარსელონა), 8.ჩავი (25.01.1980; ბარსელონა), 10.სესკ ფაბრეგასი (04.05.1987; ბარსელონა), 13.ხუან მატა (28.04.1988; ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 14.ჩაბი ალონსო (25.11.1981; მადრიდის რეალი), 16.სერხიო ბუსკეტსი (16.07.1988; ბარსელონა), 20.სანტი კასორლა (13.12.1984; მალაგა), 21.დავიდ სილვა (08.01.1986; მანჩესტერ სიტი, ინგლისი), 22.ხესუს ნავასი (21.11.1985; სევილია)
თავდამსხმელები: 7.პედრო როდრიგესი (28.07.1987; ბარსელონა), 9.ფერნანდო ტორესი (20.03.1984; ლონდონის ჩელსი, ინგლისი), 11.ალვარო ნეგრედო (20.08.1985; სევილია), 19.ფერნანდო ლიორენტე (26.02.1985; ბილბაოს ატლეტიკი)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

უეფას სიმბოლური ნაკრები
მეკარეები: იკერ კასილიასი (ესპანეთი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), მანუელ ნოიერი (გერმანია)
მცველები: ჟორდი ალბა (ესპანეთი), ჟერარ პიკე (ესპანეთი), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), ფაბიო კოენტრაუ (პორტუგალია), პეპე (პორტუგალია)
ნახევარმცველები: ჩავი (ესპანეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი), ანდრეა პირლო (იტალია), დანიელე დე როსი (იტალია), სამი ხედირა (გერმანია), მესუტ იოზილი (გერმანია), სტივენ ჯერარდი (ინგლისი)
თავდამსხმელები: დავიდ სილვა (ესპანეთი), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), მარიო ბალოტელი (იტალია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
ოქროს ბუცი: ფერნანდო ტორესი (ესპანეთი) – 3 გოლი + 1 პასი (189 წუთში)
ვერცხლის ბუცი: მარიო გომესი (გერმანია) – 3+1 (282)
ბრინაჯოს ბუცი: ალან ძაგოევი (რუსეთი) – 3 (253)
*-ასევე 3 გოლი გაიტანეს კრიშტიანუ რონალდუმ (პორტუგალია), მარიო მანჯუკიჩმა (ხორვატია) და მარიო ბალოტელიმ (იტალია), ბომბარდირი, ვერცხლის და ბრინჯაოს ბუცის მფლობელები კი საგოლე გადაცემებით და მოედანზე გატარებული წუთების გათვალისწინებით გამოვლინდნენ.

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian