ევროისტორია: 2016 – მეათე ჩემპიონი

საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულების შემდეგ უეფამ ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა და ფინალური ეტაპის წილისყრამდე ევროჩემპიონატის მონაწილეები ოთხ კალათში განთესა.
წილისყრა 2015 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. საზეიმო ცერემონიას, რომელშიც უეფას მაღალჩინოსნები და 24 გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ, პარიზის კონგრესის სასახლემ უმასპინძლა.

საფრანგეთი პირველ ჯგუფში პირველ ნომრად მოხვდა, უძლიერესთა კალათში კი კიდევ ხუთი გუნდის ბურთულა ჩააგდეს: გერმანიის, ესპანეთის, ინგლისის, პორტუგალიის და ბელგიის. შედარებით ძლიერთა შორის, მეორე კალათში მოხვდნენ იტალია, რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია და უკრაინა. ჩეხეთის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის გუნდებმა მესამე კალათა დააკომპლექტეს, უსუსტესთა შორის კი თურქეთის, ირლანდიის, ისლანდიის, უელსის, ალბანეთის და ჩრდილოეთი ირლანდიის ნაკრებთა ბურთულები მოათავსეს.

წილისყრის დასრულების შემდეგ რამდენიმე მიმომხილველმა დაწერა, რომ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. ამ სიტყვებში ტურნირის ფორმატი იგულისხმეს: 1986, 1990 და 1994 წლებში ფიფას ოქროს თასი ზუსტად ასე გათამაშდა, ცხადია III ადგილის მატჩის გამოკლებით. შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს ფინალი ევროპირველობებზე 1980 წლის შემდეგ აღარ იმართება…

2016 წლის 1 მარტს უეფამ ის თვრამეტი არბიტრიც დაასახელა, რომლებიც ფინალური ეტაპისთვის შეარჩია. მათ შორის მხოლოდ ინგლისს ჰყავდა ორი წარმომადგენელი – მარტინ ატკინსონი და მარკ კლატენბურგი, რომელმაც იმსაჯა კიდეც ფინალი.

ერთი დღის შემდეგ, 2 მარტს, გუნდების მიერ შერჩეული სასტუმროების სია გამოქვეყნდა, 31 მაისს კი მონაწილეთა ოფიციალური განაცხადებიც გავრცელდა.

ევრო 2016 A ჯგუფის მატჩით დაიწყო: 10 ივნისს, სენ-დენის სტად დე ფრანსზე, 75 113 გულშემატკივრის თვალწინ, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთმა მძიმე თამაში მოუგო რუმინეთს. გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე შეაგდო დმიტრი პაიემ, რომლისთვისაც ევრო 2016 კარიერის პიკად იქცა.

ფრანგებმა ჯგუფი დაუმარცხებლად მოიგეს, მერვედფინალის მეორე საგზური კი შვეიცარიას ერგო. ზოგადად, A ჯგუფი მძიმე საყურებელი გამოდგა – ექვს მატჩში მხოლოდ ცხრა გოლი გავიდა, აქედან ოთხი საფრანგეთმა გაიტანა.

B ჯგუფიდან ფლეი-ოფში სამი გუნდი გავიდა: ჯგუფის გამარჯვებული უელსი, დაუმარცხებელი, მაგრამ მეორე ადგილზე გასული ინგლისი და სლოვაკეთი.

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა კრის კოულმენის გაწვრთნილმა უელსმა, რომელმაც სლოვაკეთს და რუსეთს სძლია, ინგლისთან კი ახლოს იყო გამარჯვებასთან.

16 ივნისს, ლანსში გამართულ ბრიტანულ დაპირისპირებას უელსი გარეთ ბეილის გოლით იგებდა, თუმცა სამი ქულა ინგლისს დარჩა. როი ჰოჯსონმა მეორე ტაიმში ჯეიმი ვარდი და დენიელ სტარიჯი ჩართო თამაშში და მათაც გაამართლეს: ლესტერ სიტის ლიდერმა 56ე წუთზე გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი სტარიჯმა გამარჯვების ბურთი შეაგდო.

რუსეთის ნაკრების თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ უელსთან 0:3 წაგებისთანავე დატოვა თანამდებობა, რუსეთის ფეხბურთის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ითქვა, რომ მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება იყო. 2018 წელს ფიფას ოქროს თასის გათამაშებას ხომ რუსეთი მასპინძლობდა.

C ჯგუფი გერმანიამ ნაკლებად ეფექტური, თუმცა შთამბეჭდავი თამაშით და გოლის გაუშვებლად მოიგო, უკრაინამ კი, თავის მხრივ, ტურნირი გოლის გარეშე დაასრულა – 0:2 გერმანიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან და 0:1 პოლონეთთან.

ყველაზე საინტერესო მატჩი 16 ივნისს გაიმართა სენ-დენიზე – გერმანია და პოლონეთი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. გემახსოვრებათ: მათ საკვალიფიკაციო ტურნირშიც მხარდამხარ ითამაშეს, საქართველოს ნაკრებთან ერთად.

ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტი ჩრდილოირლანდია ფლეი-ოფში ერთადერთი მოგებით, უკრაინასთან 2:0ით გავიდა.

ევროპის სამგზის ჩემპიონი და ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ესპანეთი D ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ტურნირი ჩეხეთთან მძიმე გამარჯვებით დაიწყო – ერთადერთი ბურთი 87ე წუთზე შეაგდო შეტევაში ჩართულმა ჟერარ პიკემ. მეორე ტურში ესპანელებმა თურქეთი არ დაინდეს (მორატას დუბლი, ნოლიტო), მაგრამ პირველი ადგილი მაინც ვერ დაიკავეს.

21 ივნისს, ბორდოში, ესპანეთის და ხორვატიის დაპირისპირებაში უნდა გარკვეულიყო ჯგუფის გამარჯვებული. დელ ბოსკემ ზედიზედ მესამე მატჩი დაიწყო უცვლელი ძირითადი შემადგენლობით და სტარტიც მშვენიერი გამოდგა – ალვარო მორატამ მეშვიდე წუთზე გახსნა ანგარიში და მესამე გოლით ბომბარდირთა დავაში გარეთ ბეილს გაუთანაბრდა.

მაგრამ როცა ხორვატიას ეთამაშები, უნდა გახსოვდეს, რომ მეტოქე შეცდომებს არ პატიობს. ბალკანელების ძალა 1996 წლიდან ბევრმა გუნდმა გამოსცადა და ბორდოში მათ რიგებს ესპანეთიც შეუერთდა: ჯერ კალინიჩმა გაათანაბრა ანგარიში, 87ე წუთზე კი ივან პერიშიჩმა გამარჯვებისა შეაგდო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ მას გადაეცა.

თუ რამე არ აწყობდა ესპანეთს, ეს მერვედფინალში მეორე ადგილით გასვლა იყო. ხორვატია-ესპანეთის წინ ცნობილი იყო, რომ დამარცხებული ფლეი-ოფში იტალიას ხვდებოდა, რომელმაც ჯგუფი ორი ტურის შემდეგ მოიგო.

ევრო 2012ის ფინალისტი სკუადრა აძურა ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა ბელგიის, შვედეთის და ირლანდიის გუნდებთან ერთად.

ანტონიო კონტემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა ნაკრები და იტალია ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მის გუნდს ჯგუფის ფავორიტად არ მიიჩნევდნენ.

ევრო 2016 იტალიელებმა 13 ივნისს, ლიონში, ბელგიასთან 2:0 გამარჯვებით დაიწყეს: ჯერ ემანუელე ჯაკერინიმ გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი გრაციანო პელემ მეორედ შეარხია ტიბო კურტუას კარის ბადე.

მომდევნო ტურში, 17 ივნისს ტულუზაში, იტალიამ ედერის გვიანი გოლით მოუგო შვედეთს და პირველი ადგილი გაინაღდა.

22 ივნისს, ირლანდიასთან, კონტემ სათადარიგო შემადგენლობა დააყენა და ევროპის ჩემპიონებთან მერვედფინალის წინ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა. ირლანდიამ 1:0 მოიგო და ბელგიასთან ერთად ასპარეზობა განაგრძო.

ბოლო, F ჯგუფი უნგრეთმა მოიგო, მეორე ადგილზე დიდი ტურნირების დებიუტანტი ისლანდია გავიდა, კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიამ კი მერვედფინალის კარი უსახური ფეხბურთით, მაგრამ დაუმარცხებლად შეაღო – 1:1 ისლანდიასთან, 0:0 ავსტრიასთან და 3:3 პორტუგალიასთან.

14 ივნისს, სენტ-ეტიენში, ისლანდიასთან მატჩში რონალდუმ 127ედ ითამაშა ნაკრებში და პორტუგალიის რეკორდი გაიმეორა – ლეგენდარულ ლუიშ ფიგუს გაუთანაბრდა.

2 ივნისს, ლიონში, უნგრეთის წინააღმდეგ მან მორიგი რეკორდი პირველივე წუთზე მიითვალა: ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მე17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა!

50ე წუთზე კი, როცა გაბორ კირალის კარში ორიდან პირველი გოლი შეაგდო, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი რეკორდი დაისაკუთრა – გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ოთხ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი! 2004 წელს, როცა კონტინენტის პირველობას მისმა სამშობლომ უმასპინძლა, სუპერფორვარდმა პირველად ითამაშა ევროჩემპიონატზე და მას შემდეგ 2008-12 წლებშიც გაახარა ქომაგები…

ცალკე უნდა ითქვას ისლანდიის მშვენიერ გუნდზე, რომელსაც გამოცდილი შვედი სპეციალისტი ლარს ლაგერბეკი და პროფესიით სტომატოლოგი და შეთავსებით მწვრთნელი ჰეიმირ ჰალგრიმსონი ხელმძღვანელობდნენ.

ფინალურ ეტაპზე გასვლა ისლანდიისთვის უკვე წარმატება იყო, მერვედფინალი კი ნაღდი სასწაული! და ეს მიღწევა კუნძულზე ეროვნულ დღესასწაულს გაუტოლდა! სათქმელია ისიც, რომ ისლანდიის მოსახლეობის თითქმის მესამედი საფრანგეთში გაემგზავრა საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად!

ისლანდიამ ფლეი-ოფში თამაში უკანასკნელ ტურში, 22 ივნისს, სტად დე ფრანსზე ავსტრიასთან არნორ ინგვი ტრაუსტასონის მიერ 94ე წუთზე შეგდებული გოლით გაინაღდა.

„ეს სიზმარია, უმშვენიერესი სიზმარი! მისია შესრულებულია, თუმცა მჯერა, რომ ტკბილი ზმანება არ დასრულებულა. ახლა ყველაფერი შესაძლებელია. თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ დანიელებს ან ბერძნებს“, – ასე გამოეხმაურა ავსტრიასთან გამარჯვებას ისლანდიელი ჟურნალისტი იოჰან ოლაფურ სიგურდსონი…

პირველი სამი მეოთხედფინალისტი 25 ივნისს გამოვლინდა: სენტ-ეტიენში პოლონეთმა პენალტების სერიაში 5:4 აჯობა შვეიცარიას (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა); პარიზში, პარკ დე პრინსესზე უელსმა თავის სასარგებლოდ დაასრულა ჩრდილოირლანდიასთან ბრიტანული ჯახი; დღის ბოლო შეხვედრაში კი, ლანსში, პორტუგალიამ დიდი წვალებით სძლია ხორვატიას.

შვეიცარიასთან საფეხბურთო ლატარეაში გამარჯვების შემდეგ პოლონელთა მთავარი მწვრთნელი ადამ ნავალკა მხოლოდ ერთზე დარდობდა: როდის გაიტანდა გოლს გუნდის კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი. მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა შვეიცარიას პენალტების სერიაში კი შეუგდო, მაგრამ ძირითად და დამატებით დროში ვერ გაიხარა.

ლევანდოვსკისთვის ეს მეშვიდე უგოლო სანაკრებო თამაში იყო, არადა ის საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო გოლეადორი გახდა 13 ბურთით, ბაიერნის მაისურით კი იმ სეზონში 30 ბურთი შეაგდო!

პოლონეთის ნაკრები 1982 წლის შემდეგ პირველად გავიდა დიდი საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალში, რამდენიმე საათში კი, ჩრდილოირლანდიასთან 1:0ის შემდეგ, უელსმა იგივე 1958 წლის შემდეგ მოახერხა.

ბრიტანული ჯახის ბედი ავტოგოლმა გადაწყვიტა. გარეთ მაკოლიმ უელსელთა კაპიტნის და ლიდერის, სეხნია ბეილის ჩაწოდებული ბურთის მოგერიება სცადა, მაგრამ არ გაუმართლა – ბურთი საკუთარ კარში შეაგდო. ჩრდილოირლანდიელები ძალიან კი ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. უელსმა სვლა განაგრძო, ბეილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ხორვატიამ და პორტუგალიამ ლანსში ძალიან მძიმედ ითამაშეს. უცნაურია, მაგრამ რიკარდო კუარეშმას მიერ 116ე წუთზე გატანილი გოლი პირველი დარტყმა იყო ხორვატთა კარის ჩარჩოში. დაძაბული, მაგრამ უსახური თამაში გამოდგა. აღსანიშნავი მხოლოდ ისაა, რომ ნანი მხოლოდ მეოთხე პორტუგალიელი გახდა, ვინც ნაკრების მაისური მეასედ მოირგო.

26 ივნისის მერვედფინალები გაცილებით სანახაობრივი გამოდგა: საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, გერმანიამ და ბელგიამ კი იოლად გაიხარეს.

დიდიე დეშამის ბიჭებს თამაში გადასარჩენი გაუხდათ: რობი ბრეიდიმ მეორე წუთზე პენალტით დააწინაურა ირლანდია.

ფრანგებმა შესვენებამდე ვერაფერი შეძლეს, მეორე ტაიმში კი ორჯერ გაიხარეს: ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე ანტუან გრიზმანმა 58ე და 61ე წუთებზე დუბლი შეასრულა. მალე ირლანდია ათი ფეხბურთელით დარჩა – ნიკოლა რიცოლიმ შეინ დაფი გააძევა და თამაშიც, რეალურად, იქ დამთავრდა.

იოახიმ ლიოვის გაწვრთნილმა გერმანიამ სლოვაკეთთან უშეცდომოდ ითამაშა და 3:0 გაიმარჯვა: ჟერომ ბოატენგმა პირველი გოლი შეაგდო ნაკრებში ჩატარებულ 63ე მატჩში; მარიო გომესმა 43ე წუთზე გააორმაგა უპირატესობა და იურგენ კლინსმანს დაეწია ევროჩემპიონატებზე გატანილი გოლებით; 63ე წუთზე კი იულიან დრაქსლერმა შეაგდო, ვინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მესუტ იოზილმა პენალტი ვერ გაიტანა.

დღის ბოლოს, ტულუზაში, მარკ ვილმოტსის ბელგიამ შანსი არ დაუტოვა უნგრეთს – 4:0! უნგრელები 78ე წუთამდე გაუძალიანდნენ წითელ ეშმაკებს, მაგრამ ვეღარ გაძლეს – ბაჩუაიმ, აზარმა და კარასკომ ჩემპიონატის უდიდესი სხვაობა დააფიქსირეს.

დამარცხებულთა მეკარე გაბორ კირალი უგუნებოდ გახლდათ, თუმცა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მაინც ჩაეწერა – 40 წლის და 87 დღის ასაკში გახდა უხუცესი, ვინც ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

27 ივნისს სტად დე ფრანსმა ევრო 2012ის ტრიუმფატორს და ფინალისტს უმასპინძლა. ოთხი წლით ადრე, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა უშანსოდ, 4:0 აჯობა სკუადრა აძურას, მაგრამ სენ-დენიში ანტონიო კონტეს იტალიამ შესანიშნავად ითამაშა და ჯორჯო კიელინის და გრაციანო პელეს გოლებით 2:0 მოიგო.

იტალია ძალიან დიდხანს ელოდა ამ გამარჯვებას. უკრაინის დედაქალაქში წაგებული ფინალის გარდა, სწორედ ესპანეთმა გამოთიშა სკუადრა აძურა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატს – მეოთხედფინალში, პენალტების სერიაში.

გრანდების თამაშის შემდეგ ბოლო მეოთხედფინალისტი ინგლისისა და ისლანდიის დაპირისპირებაში უნდა გამოვლენილიყო. სპეციალისტების და გულშემატკივრების უმრავლესობა როი ჰოჯსონის ინგლისის მშვიდ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ნიცაში ევრო 2016ის მთავარი სენსაცია მოხდა – ისლანდიამ 2:1 გაიმარჯვა!

უეინ რუნიმ მეოთხე წუთზე პენალტით დააწინაურა ინგლისი, მაგრამ მე18 წუთისთვის ისლანდია უკვე იგებდა: რაგნარ სიგურდსონმა მეექვსე წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, მე18 წუთზე კი კოლბეინ სიგიორსონმა მეორე ბურთი გაუტანა ჯო ჰარტს.

დარჩენილ დროში ინგლისმა ვერაფერი შეძლო, ერთ-ერთმა მიმომხილველმა კი თამაშს შემდეგ თქვა, რომ ეს იყო გუნდის ყველაზე დამამცირებელი წაგება 1950 წელს, ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკასთან 0:1ის შემდეგ.

„ინგლისის ნაკრების ყველაზე საშინელი თამაში, რომელიც ოდესმე მინახავს! ეს კატასტროფაა“! – ასე შეაფასა პრემიერლიგის ყველა დროის გოლეადორმა და საფეხბურთო მიმომხილველმა ალან შირერმა თანამემამულეთა თამაში, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი მოსწრებულად იხუმრა – „ოთხ დღეში ინგლისმა მეორედ დატოვა ევროპა“. ეს იუმორი ახსნას საჭიროებს: ისლანდიასთან წაგებამდე ოთხი დღით ადრე ინგლისში რეფერენდუმი მოეწყო ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით. მოსახლეობა გასვლას მიემხრო…

პირველი ნახევარფინალისტი მარსელის სტად ველოდრომზე გამოვლინდა. ისევე, როგორც მერვედფინალში, ფერნანდუ სანტუშის პორტუგალიამ კვლავ მძიმედ ითამაშა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და პოლონეთი პენალტების სერიაში გატეხა – 5:3. რუი პატრისიუმ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის დარტყმა მოიგერია, რიკარდო კუარეშმა კი გუნდს ნახევარფინალში შეუძღვა.

ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. რობერტ ლევანდოვსკიმ შვიდმატჩიანი უგოლო სერია დაასრულა და მეორე წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა 18 წლის რენატუ სანჩესმა მალე საპასუხო ბურთი გაიტანა. მეტი გოლი აღარ გასულა, სანჩესს კი საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადაეცა. იმ დროს ყველამ იცოდა, რომ ლისაბონის ბენფიკის ნიჭიერი თინეიჯერი ნახევარმცველი ახალ სეზონში მიუნხენის ბაიერნში შეხვდებოდა…

1 ივლისს პორტუგალიის მეტოქე გამოვლინდა – კრის კოულმენის მშვენიერი უელსის ნაკრები. ბრიტანელთა მორიგი მსხვერპლი მარკ ვილმოტსის შთამბეჭდავი, მაგრამ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ბელგია გამოდგა. რაჯა ნაინგოლანის გოლს უელსელებმა კაპიტნის ეშლი უილიამსის, ჰალ რობსონ-კანუს და შეცვლაზე შესული სემ ვოუქსის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.

განსაკუთრებით ეფექტური რობსონ-კანუს გოლი გამოდგა, რომელმაც ბევრს რობერტო ფალკაოს მიერ 1982 წელს, იტალიის ნაკრების კარში შეგდებული ბურთი მოაგონა.

უელსის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში, ბელგიის სასტარტო შემადგენლობა კი, რომლის საშუალო ასაკი 24 წელი და 242 დღე იყო, 1968 წლის შემდეგ ევროჩემპიონატის მონაწილე ყველაზე ახალგაზრდული ძირითადი თერთმეტეული აღმოჩნდა…

2 ივლისს, ბორდოს ახალ სარბიელზე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა შედგა: გერმანიამ იტალიას ძალიან დაძაბული და დრამატული ბრძოლა პენალტების სერიაში მოუგო – 6:5. არადა მეტოქეებმა 18(!) თერთმეტმეტრიანი შეასრულეს!
ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა – მესუტ იოზილმა 65ე წუთზე დააწინაურა მსოფლიოს ჩემპიონები. 78ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ პენალტით გაათანაბრა – 1:1.

საფეხბურთო ლატარეაში კი იტალიამ… ოთხი(!) დარტყმა გააცუდა: სიმონე ძაძამ, გრაციანო პელემ, ლეონარდო ბონუჩიმ და სულ ბოლოს, 5:5ზე მატეო დარმიანიმ ვერ გაიხარეს. გერმანელები კი იონას ჰექტორმა გაახარა, რომელმაც გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა – 6:5.

ეს იყო მეტოქეთა მეცხრე პაექრობა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და გერმანიამ პირველად დაძლია იტალიის წინააღმდეგობა. მართალია პენალტების სერიაში, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი იყო – ნახევარფინალში ბუნდესგუნდი გავიდა.

ანტონიო კონტე ამ თამაშით დაემშვიდობა ნაკრებს – ლონდონის ჩელსი ჩაიბარა, ჯანლუიჯი ბუფონმა კი თქვა: „საშინელებაა! გერმანელებმა სამი პენალტი ვერ გაგვიტანეს, მაგრამ მაინც დავმარცხდით… ამას მოხერხება უნდა“! მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მისი გერმანელი კოლეგა მანუელ ნოიერი აღიარეს…

მეოთხე ნახევარფინალისტი საფრანგეთი გამოდგა, რომელმაც 3 ივლისს, გადაჭედილ სტად დე ფრანსზე შთამბეჭდავად აჯობა ისლანდიას – 5:2. ისლანდიური საგა მძიმე მარცხით დასრულდა, თუმცა ამ პატარა ქვეყნიდან საფრანგეთში ჩასული თითქმის 40 ათასამდე გულშემატკივარი უბედნიერესი იყო – ხუმრობა ხომ არაა, მათი საყვარელი ფეხბურთელები თითქმის ბოლომდე შერჩნენ წლის მთავარ ტურნირს!

ნახევარფინალისტი პირველ ტაიმში გამოვლინდა – ოლივიე ჟირუს, პოლ პოგბას, დმიტრი პაიეს და ანტუან გრიზმანის გოლებს კუნძულელებმა ვერაფრით უპასუხეს. ისლანდიამ მეორე ტაიმი კი მოიგო – 2:1, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო.

ტრიუმფით მოგებული ევრო 2000ის შემდეგ საფრანგეთი პირველად გავიდა ევროპირველობის ნახევარფინალში, ისლანდიელთა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა კი თამაშის შემდეგ განაცხადა: „ვარ თუ არა ბედნიერი? რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ევროჩემპიონატის მეოთხედფინალში ვითამაშეთ! იცით, რვა წლის წინ, ევრო 2008ის საკვალიფიკაციოში ჩვენ 0:3 წავაგეთ ლუქსემბურგთან. იმ დღეს ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ მალე ისლანდია ფინალურ ეტაპზე გავიდოდა და მეტიც, მეოთხედფინალში გააღწევდა. ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, სასწაულია და შეუძლებელია ეს არ მახარებდეს“!

რეიკიავიკში ჩასულ ფეხბურთელებს ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს, ხოლო ისლანდიის პრეზიდენტმა ნაკრების ყველა წევრს სახელმწიფო ჯილდო გადასცა. გუნდის წარმატება შემთხვევითი რომ არ იყო, ისლანდიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოშიც დაამტკიცეს და 2018 წელს პირველად ითამაშეს ფიფას ოქროს თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე. იმ დროს გუნდს ჰალგრიმსონი უკვე დამოუკიდებლად წვრთნიდა – ლარს ლაგერბეკმა ნორვეგია ჩაიბარა…

„ნახევარფინალის წაგება ყოველთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს თითოეული უელსელი მადლიერია ამ ბიჭების. უელსის ნაკრებმა ევრო 2016ზე ჩინებული ასპარეზობით უზომო სიხარული მიანიჭა ქვეყანას. მჯერა, რომ ეს გუნდი კიდევ ბევრჯერ გახარებს გულშემატკივრებს“, – უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა ასე დაასრულა ნახევარფინალის შემდგომი პრესკონფერენცია. ფინალში გასასვლელად მის გუნდს ძალა აღარ ეყო: 6 ივლისს, ლიონში, პორტუგალია უფრო ძლიერი გამოდგა – 2:0.

ამ თამაშს ბევრი რეალის სუპერვარსკვლავების კრიშტიანუ რონალდუს და გარეთ ბეილის დაპირისპირებად განიხილავდა, რაც, შესაძლოა, გადაჭარბებულიც იყო, თუმცა ყველას ახსოვდა, რომ ორივე თავის გუნდის ლიდერი გახლდათ.

ასე იყო თუ ისე, ნახევარფინალის გმირად მანამდე ჩრდილში მყოფი რონალდუ იქცა: 50ე წუთზე ანგარიში გახსნა, 53ე წუთზე კი საგოლე გადაცემა მიითვალა – ნანის გაატანინა.

და კრიშტიანუ გახდა პირველი, რომელმაც ევროპის მესამე ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა! ამავდროულად, რეალის სუპერფორვარდმა მეცხრე გოლი გაიტანა ფინალურ ეტაპზე და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ლეგენდარულ მიშელ პლატინის გაუთანაბრდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დიდმა ფრანგმა 9 გოლი მხოლოდ ერთ ტურნირზე, ევრო 84ზე გაიტანა, პორტუგალიელმა გოლეადორმა კი ოთხ ჩემპიონატზე.

„ოცნება გრძელდება! ძალიან ახლოს ვართ ტრიუმფთან და ვიცით, რომ ბოლო ნაბიჯის გადადგმა ურთულესია, მაგრამ როცა ასე ახლოს ხარ გამარჯვებასთან, საქმე მოთავებულად არ უნდა ჩათვალო“, – განაცხადა რონალდუმ მას შემდეგ, რაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ჩაიბარა.

პორტუგალიის ნაკრების მეტოქე 7 ივლისს, მარსელში გამოვლინდა: მასპინძლებმა მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ველოდრომზე შეაჩერეს – 2:0.

თამაშის გმირად მადრიდის ატლეტიკოს ლიდერი ანტუან გრიზმანი მოგვევლინა, რომელმაც ფლეი-ოფის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, თან ორჯერ: პირველ ტაიმს დამატებულ მეორე წუთზე პენალტი შეაგდო (ბასტიან შვაინშტაიგერმა ითამაშა ხელით), 72ე წუთზე კი კიდევ ერთხელ დაამწუხრა მანუელ ნოიერი.

„მოხიბლული ვარ გუნდის თამაშით! ტაიმის შუაში, როცა გერმანია ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, ვიფიქრე, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, დეშამმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა მისი გუნდი. ფინალი დიდებულია, იმედია ჩემპიონობით გავიხარებთ“, – განაცხადა ჩემპიონთა ლიგის მომგები რეალის თავკაცმა, ევრო 2000ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ზინედინ ზიდანმა.

„გულდასაწყვეტი მარცხია… როგორც ჩანს, მსოფლიოს ჩემპიონები ცვლილებებს საჭიროებენ – გუნდი უნდა გადახალისდეს“, – ასეთი იყო კიკერის დასკვნა.

მასპინძელი საფრანგეთი კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის წინააღმდეგ – ევრო 2016ის გადამწყვეტი მატჩის აფიშა უკეთესს ვერ ინატრებდა!

ფინალი
სტად დე ფრანსზე დაგეგმილი მატჩი საფრანგეთის მესამე, ხოლო პორტუგალიის ნაკრებისთვის მეორე ევროფინალი იყო.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებმა წინა გადამწყვეტი თამაშები მოიგეს: 1984 წელს ესპანეთთან და 2000 წელს იტალიასთან. პორტუგალიელთათვის კი ევროპის თასის აღმართვის პირველი ცდა კრახით დასრულდა: 2004 წელს, შინ, ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი ოტო რეჰაგელის გაწვრთნილ საბერძნეთთან 0:1 დამარცხდა.

ეს ფინალი მეტოქეთა ოცდამეხუთე დაპირისპირება იყო. ისინი პირველად 1926 წელს, ტულუზაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფრანგებმა 4:2 გაიმარჯვეს. მომდევნო ოცდასამი თამაშიდან საფრანგეთმა ჩვიდტმეტი მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა, ხუთჯერ კი პორტუგალიელებმა გაიხარეს. თუმცა ამ ფინალამდე მათი ბოლო წარმატება 1975 წლით თარიღდებოდა. მას შემდეგ საფრანგეთმა ათივე მატჩი მოუგო მეტოქეს, მათ შორის ორჯერ ევროჩემპიონატზე – 1984 და 2000 წლებში, ხოლო 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე…

დიდიე დეშამის გუნდი მხოლოდ მასპინძლობის და წარსული უპირატესობის გამო არ ითვლებოდა ფავორიტად. მისი გუნდი ფინალამდე გაცილებით შთამბეჭდავი იყო – ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო (პორტუგალიამ მხოლოდ ორი), მეტი გოლი გაიტანა – 13 (მეტოქემ – 8), და საერთოდ, ყველა რგოლი უკეთესი შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მაგრამ პორტუგალიას ჰყავდა კრიშტიანუ რონალდუ და ამის გამო ვერავინ ამბობდა, რომ მასპინძლებს თასამდე მაქსიმუმ ორი საათი აშორებდათ.

დაიწყო მატჩი და მალე პორტუგალიელთა კაპიტანი დაშავდა – დმიტრი პაიემ, განზრახ თუ უნებლიედ, ძალიან უხეშად სცადა რონალდუსთვის ბურთის ართმევა. პორტუგალიელი მოცელილივით დაეცა. მოედნიდან გასულს ექიმებმა მარცხენა მუხლი გადაუხვიეს, მაგრამ რამდენიმე წამში რონალდუმ კიდევ ერთხელ დაიხმარა ექიმები – მუხლი გაუყინეს. რამდენიმე წუთში რეალის ლიდერი მინდორზე დაწვა და აცრემლებულმა, საკაცით დატოვა მოედანი. რონალდუს ნაცვლად რიკარდო კუარეშმა ჩაერთო თამაშში, კაპიტანმა კი სათადარიგოთა სკამზე, სანტუშის გვერდით გადაინაცვლა…

ზოგადად, ფინალები რთული სანახავია, მაგრამ ეს ამ მატჩზე არ ითქმის: ჯერ ნანიმ შეუტია ლორისის კარს, შემდეგ რუი პატრისიუ ჩაერთო თამაშში – გრიზმანის, მოგვიანებით კი ჟირუს თავური დარტყმები მოიგერია… ლიდერის გარეშე დარჩენილი პორტუგალია მძიმედ უტევდა, მაგრამ ნახევარდაცვასა და დაცვაში ყურადღებით იყო.

შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა: საფრანგეთი დომინირებდა. პირველი საგოლე შანსი ისევ გრიზმანმა ვერ გამოიყენა – საჯარიმოში შეჭრილმა, დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ააცილა თავური… მალე სისოკომ დაარტყა ძალიან ძლიერად – რუი პატრისიუმ მოიგერია ბურთი…

ყველაზე რეალური საგოლე შანსი კი ანდრე-პიერ ჟინიაკს შეექმნა: კარიდან რამდენიმე მეტრში მდგომმა ეფექტურად, ბრუნით მოატყუა პეპე, მაგრამ პორტუგალია ძელმა იხსნა.

79ე წუთზე ფერნანდუ სანტუშმა თავდასხმა გააძლიერა – რენატუ სანჩესის ნაცვლად ტანმაღალი ედერი ჩართო თამაშში, ფორვარდი, რომელიც ფინალის გმირად იქცა.

დამატებით დროში პირველი სამი საგოლე მომენტი პორტუგალიელებმა შექმნეს: კუარეშმას თავური ლორისმა მოიგერია, ედერის დარტყმის შემდეგ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა ფრანგების კარს, რაფაელ გერეირომ კი საჯარიმოდან ხარიხა შეაზანზარა…

109ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ედერმა ჯერ ლორენ კოშელნი ჩამოიცილა, რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა. ლორისმა ვერაფერი იღონა, ბურთი მარჯვენა კუთხეში შევარდა – 1:0!

კრიშტიანუ რონალდუ იმ დროს უკვე ფერნანდუ სანტუშთან ერთად ხელმძღვანელობდა გუნდს, საფინალო სასტვენის შემდეგ კი, როგორც კაპიტანმა, უეფას პრეზიდენტისგან ჩაიბარა ანრი დელონეს სახელობის მოვერცხლილი თასი.

პორტუგალიამ პირველი დიდი ტიტული მოიგო და გახდა მეათე, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, საფრანგეთი კი 2004 წლის პორტუგალიის შემდეგ მეორე მასპინძელი შეიქნა, ფინალი რომ დათმო. აქვე გეტყვით, რომ ევრო 1960ის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ჩეხოსლოვაკიასთან წაგების შემდეგ, საფრანგეთმა პირველი მატჩი დათმო შინ გამართულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე…

საუკეთესო ბომბარდირი ექვსი გოლის გამტანი ანტუან გრიზმანი გახდა. ევროპირველობის გოლეადორმა ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა 1984 წლის შემდეგ, როცა მიშელ პლატინიმ 9 გოლით მოიგო ევრო ოქროს ბუცი…

ფინალის მეორე დღეს, 11 ივლისს, უეფას ტექნიკურმა კომისიამ საფრანგეთი 2016ის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. ეს პრესტიჟული ტიტულიც გრიზმანს ერგო.

რენატუ სანჩესი კი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს და ერთ-ერთი გენერალური სპონსორის სოკარის პრიზით დააჯილდოვეს.

18 წლის და 328 დღის სანჩესი ევროჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიც გახდა.

ევრო 2016
საფრანგეთი, 10 ივნისი – 10 ივლისი
A ჯგუფი: საფრანგეთი 2:1 რუმინეთი; ალბანეთი 0:1 შვეიცარია; რუმინეთი 1:1 შვეიცარია; საფრანგეთი 2:0 ალბანეთი; რუმინეთი 0:1 ალბანეთი; შვეიცარია 0:0 საფრანგეთი
B ჯგუფი: უელსი 2:1 სლოვაკეთი; ინგლისი 1:1 რუსეთი; რუსეთი 1:2 სლოვაკეთი; ინგლისი 2:1 უელსი; რუსეთი 0:3 უელსი; სლოვაკეთი 0:0 ინგლისი
C ჯგუფი: პოლონეთი 1:0 ჩრდილოეთ ირლანდია; გერმანია 2:0 უკრაინა; უკრაინა 0:2 ჩრდილოეთ ირლანდია; გერმანია 0:0 პოლონეთი; უკრაინა 0:1 პოლონეთი; ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 გერმანია
D ჯგუფი: თურქეთი 0:1 ხორვატია; ესპანეთი 1:0 ჩეხეთი; ჩეხეთი 2:2 ხორვატია; ესპანეთი 3:0 თურქეთი; ჩეხეთი 0:2 თურქეთი; ხორვატია 2:1 ესპანეთი
E ჯგუფი: ირლანდია 1:1 შვედეთი; ბელგია 0:2 იტალია; იტალია 1:0 შვედეთი; ბელგია 3:0 ირლანდია; იტალია 0:1 ირლანდია; შვედეთი 0:1 ბელგია
F ჯგუფი: ავსტრია 0:2 უნგრეთი; პორტუგალია 1:1 ისლანდია; ისლანდია 1:1 უნგრეთი; პორტუგალია 0:0 ავსტრია; ისლანდია 2:1 ავსტრია; უნგრეთი 3:3 პორტუგალია
1/8ფინალი: შვეიცარია 1:1 (პენ 4:5) პოლონეთი; უელსი 1:0 ჩრდილოეთ ირლანდია; ხორვატია 0:1 (დდ) პორტუგალია; საფრანგეთი 2:1 ირლანდია; გერმანია 3:0 სლოვაკეთი; უნგრეთი 0:4 ბელგია; იტალია 2:0 ესპანეთი; ინგლისი 1:2 ისლანდია
1/4ფინალი: პოლონეთი 1:1 (პენ 3:5) პორტუგალია; უელსი 3:1 ბელგია; გერმანია 1:1 (პენ 6:5) იტალია; საფრანგეთი 5:2 ისლანდია
1/2ფინალი: პორტუგალია 2:0 უელსი; გერმანია 0:2 საფრანგეთი

ფინალი
10 ივლისი, 2016. საფრანგეთი, სენ-დენი, სტად დე ფრანსი. 75 868
პორტუგალია 1:0 (დდ) საფრანგეთი
გოლი: 1:0 ედერი (109)
პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო, ვილიამ კარვალიუ, რენატო სანჩესი (ედერი 79), ადრიენ სილვა (ჟოაო მოუტინიუ 66), ჟოაუ მარიუ, ნანი, კრიშტიანუ რონალდუ (რიკარდო კუარეშმა 25)
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
საფრანგეთი: უგო ლორისი (კაპ), ბაკარი სანია, ლორენ კოშელნი, სამუელ უმტიტი, პატრის ევრა, მუსა სისოკო (ანტონი მარსიალი 110), პოლ პოგბა, ბლაიზე მატუიდი, დიმიტრი პაიე (კინგსლი კომანი 58), ანტუან გრიზმანი, ოლივიე ჟირუ (ანდრე-პიერ ჟინიაკი 78)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გაფრთხილება: სედრიკი, ჟოაუ მარიუ, სამუელ უმტიტი, რაფაელ გერეირო, ბლაიზე მატუიდი, ვილიამ კარვალიუ, ლორენ კოშელნი, პოლ პოგბა, ჟოზე ფონტე, რუი პატრისიუ
მსაჯი: პედრო პროენშა (პორტუგალია)
ფინალის საუკეთესო მოთამაშე: პეპე

ჩემპიონი: პორტუგალიის ნაკრები
მეკარეები: 1.რუი პატრისიუ (15.02.1988; ლისაბონის სპორტინგი), 12.ანტონი ლოპესი (01.10.1990; ლიონი, საფრანგეთი), 22.ედუარდო (19.09.1982; ზაგრების დინამო, ხორვატია)
მცველები: 2.ბრუნო ალვეში (27.11.1981; სტამბოლის ფენერბაჰჩე, თურქეთი), 3.პეპე (26.02.1983; მადრიდის რეალი), 4.ჟოზე ფონტე (22.12.1983; საუთჰემპტონი, ინგლისი), 5.რაფაელ გერეირო (22.12.1993; ლორიენი, საფრანგეთი), 6.რიკარდო კარვალიუ (18.05.1978; მონაკო, საფრანგეთი), 19.ელიზეუ (01.10.1983; ლისაბონის ბენფიკა), 21.სედრიკი (31.08.1991; საუთჰემპტონი, ინგლისი)
ნახევარმცველები: 8.ჟოაო მოუტინიუ (08.09.1986; მონაკო, საფრანგეთი), 10.ჟოაო მარიუ (19.01.1993; ლისაბონის სპორტინგი), 11.ვიეირინია (24.01.1986; ვოლფსბურგი, გერმანია), 13.დანილო (09.09.1991; პორტუ), 14.ვილიამ კარვალიუ (07.04.1992; ლისაბონის სპორტინგი), 15.ანდრე გომეში (30.07.1993; ვალენსია, ესპანეთი), 16.რენატო სანჩესი (18.08.1997; ლისაბონის ბენფიკა), 18.რაფა სილვა (17.05.1993; ბრაგა), 23.ადრიენ სილვა (15.03.1989; ლისაბონის სპორტინგი)
თავდამსხმელები: 7.კრიშტიანუ რონალდუ (05.02.1985; მადრიდის რეალი, ესპანეთი), 9.ედერი (22.12.1987; ლილი, საფრანგეთი), 17.ნანი (17.11.1986; სტამბოლის ფენერბაჰჩე, თურქეთი), 20.რიკარდო კუარეშმა (26.09.1983; სტამბოლის ბეშიქთაში, თურქეთი)
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

უეფას სიმბოლური ნაკრები
მეკარე: რუი პატრისიუ (პორტუგალია)
მცველები: რაფაელ გერეირო (პორტუგალია), პეპე (პორტუგალია), ჯერომ ბოატენგი (გერმანია), ჯოშუა კიმიხი (გერმანია)
ნახევარმცველები: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი), ტონი კროოსი (გერმანია), ჯოი ალენი (უელსი), აარონ რემსი (უელსი)
თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: რენატუ სანჩესი (პორტუგალია)
ოქროს ბუცი: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 6 გოლი (+2 პასი)
ვერცხლის ბუცი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 3 (+3)
ბრინაჯოს ბუცი: ოლივიე ჟირუ (საფრანგეთი) – 3 (+2)
*-ასევე 3 გოლი გაიტანეს დიმიტრი პაიემ (საფრანგეთი), ნანიმ (პორტუგალია), ალვარო მორატამ (ესპანეთი) და გარეთ ბეილმა (უელსი). ვერცხლის და ბრინჯაოს ბუცის მფლობელები საგოლე გადაცემების გათვალისწინებით გამოვლინდნენ.

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian