ევროისტორია: 2016 – ოცდაოთხი
XV ევროჩემპიონატის მასპინძლობის სურვილით უეფას ხუთმა ქვეყანამ მიმართა: საფრანგეთს, იტალიას და თურქეთს დამოუკიდებლად სურდათ ანრი დელონეს სახელობის თასის გათამაშების მიღება, ნორვეგიასა და შვედეთს – მხარდამხარ.
2009 წლის 9 მარტს, როცა განაცხადების მიღება დასრულდა, უეფას მაღალჩინოსნებმა ოთხი პროექტის განხილვა დაიწყეს, მაგრამ ახალ წლამდე ჩამონათვალი ერთით შემცირდა – სკანდინავიურმა წყვილმა განაცხადი გაიტანა, გადაწყვეტილება კი ფინანსური კრიზისით ახსნა.
იმ დროისთვის ცნობილი იყო, რომ ევრო 2016ის ფინალურ ეტაპზე, ისტორიაში პირველად, 24 გუნდი ითამაშებდა. შესაბამისად, უეფას მოთხოვნებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მასპინძლობის მსურველ ფედერაციას ოთხი მინიმუმ 30ათასიანი, სამი 40ათასიანი და ორი 50ათასიანი სტადიონი უნდა წარედგინა. ამას გარდა აპლიკანტს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კიდევ 19 მნიშვნელოვანი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა, საორგანიზაციო კომიტეტს კი 200 კითხვისთვის ამომწურავი პასუხი გაეცა.
სპეციალურმა კომისიამ 2010 წლის გაზაფხულზე საფრანგეთი, იტალია და თურქეთი საბოლოოდ შეამოწმა, 28 მაისს კი მასპინძელიც გამოვლინდა – საფრანგეთი.
ეს ქვეყანა გახდა პირველი, რომელსაც ევროჩემპიონატის მასპინძლობის პატივი მესამედ ერგო! ანრი დელონეს სახელობის თასი პირველად სწორედ საფრანგეთში გათამაშდა – 1960 წელს, მეორედ კი 1984ში.
ევრო 84ის გმირის და ახლო წარსულში უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის სამშობლომ მასპინძლობა ფარული კენჭისყრით, მეორე ტურში მოიპოვა. აღმასრულებელი კომიტეტის ცამეტმა წევრმა სამივე კანდიდატი სასურველი თანმიმდევრობით ჩამოწერა: პირველადგილოსანი ხუთ, მეორე ადგილზე დასახელებული ორ, ხოლო მესამეადგილოსანი ქულას იღებდა.
შედეგად საფრანგეთმა 43, თურქეთმა 38, იტალიამ კი 23 ქულა მიიღო. მეორე ტურში დელეგატებს მხოლოდ საფრანგეთსა და თურქეთს შორის უპირატესი უნდა დაესახელებინათ: პლატინის სამშობლომ 7:6 აჯობა თურქეთს.
ლეგენდარული ფეხბურთელი და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ძალიან გახარებული გახლდათ, მაგრამ ბევრი თვლიდა, რომ მისი მოღვაწეობის დროს უეფას მხრიდან ევროჩემპიონატის საფრანგეთისთვის გადაცემა შეცდომა იყო.
კენჭისყრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა თურქმა ჟურნალისტმა მიშელ პლატინის ასეთი კითხვა დაუსვა: „იოზეფ ბლატერის პრეზიდენტობის დროს შვეიცარიას ევროპის ჩემპიონატი ერგო და ახლა, თქვენი მოღვაწეობის პერიოდში, საფრანგეთს გადაეცა ევროპირველობა. ეს ახალი მოდაა“?
ფრანგი მაღალჩინოსანი კითხვამ გააღიზიანა და ჟურნალისტს არცთუ დიპლომატიურად უპასუხა: „როცა თურქი უხელმძღვანელებს უეფას, ევროპის ჩემპიონატსაც მაშინც მიიღებთ“.
აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების მეორე დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჟან-პიერ ესკალიტის და საფრანგეთის სპორტის მინისტრის ბერნარ ლაპორტის პრესკონფერენცია გაიმართა.
ესკალიტემ დაადასტურა, რომ საფრანგეთი უეფას მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, ლაპორტმა კი თქვა: „უმაღლესი დონის სპორტული შეჯიბრების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ტურნირის მისაღებად, საფრანგეთის მთავრობის სახელით კი ვაცხადებ, რომ ევრო 2016ს სრულად მხარს ვუჭერთ“.
იმავე შეხვედრაზე ითქვა, რომ სენ-დენის (სტად დე ფრანსი), მარსელის (ველოდრომი), ლანსის (ფელიქს ბოლერი), პარიზის (პარკ დე პრინსესი), სენტ-ეტიენის (ჟოფრუა გიშარი), ტულუზის (მუნისიპალი), სტრასბურის (მონო) და ნანსის (მარსელ პიკო) სტადიონებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდებოდა, ხოლო ლიონში (OL ლენდი), ლილში (ლილ მეტროპოლი), ბორდოსა (შაბან დელმა) და ნიცაში (დუ როი) მაქსიმუმ 2013 წლისთვის ახალი არენები აიგებოდა. ფინალური ეტაპის მატჩებს მათგან მხოლოდ ათი მიიღებდა…
საფრანგეთი, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, ფინალურ ეტაპზე პირდაპირ იყო დაშვებული, 23 საგზური კი უეფას დანარჩენმა 53მა წევრმა ქვეყანამ გაითამაშა. ევროპირველობის შესარჩევში პირველად მიიღო მონაწილეობა უეფას ბოლო, 54ე წევრმა გირბალტარმა.
2013 წლის 15 აპრილს უეფამ ევროპის შესარჩევი ტურნირის ახალი ემბლემა წარადგინა: გულში ჩახატული საფეხბურთო მაისური, რაც ორგანიზაციის პრესსამსახურის თქმით ევროპის, ღირსებისა და ამბიციის სიმბოლოა. ეს ლოგო ყველა ნაკრების მაისურს ამშვენებდა როგორც ევრო 2016ის, ასევე მსოფლიოს 2018 და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩებში.
საფრანგეთი 2016ის შესარჩევის წილისყრა 2014 წლის 23 თებერვალს შედგა ნიცაში, კონგრესის სასახლეში. იქვე ითქვა, რომ პირველი ტურის მატჩები 7 სექტემბერს გაიმართებოდა, 2015 წლის 17 ნოემბრისთვის კი ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილი იქნებოდა.
სიახლე იყო ისიც, რომ თამაშები ეგრეთ წოდებული სანაკრებო კვირეულის პრინციპით გაიმართებოდა – ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით. ხსენებულ მონაკვეთში გუნდები ორჯერ ითამაშებდნენ – ხუთშაბათს და კვირას; პარასკევსა და ორშაბათს და შაბათს, შემდეგ კი სამშაბათს. ეს იმის გამო, რომ უეფამ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი მატჩების ტელერეპორტაჟები ახალი პაკეტით, ცენტრალიზებულად გაყიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 53 ქვეყნის გუნდი ცხრა ჯგუფში განაწილდა, აქედან რვა 6 ნაკრებით დაკომპლექტდა, ბოლო, მეცხრე ჯგუფში კი 5 გუნდი მოხვდა. გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე საუკეთესო მესამეადგილოსანი (სულ 19 გუნდი), საფრანგეთის საგზურს იღებდა, დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ფლეი-ოფში გამოავლენდა ბოლო ოთხ იღბლიანს.
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება საკვალიფიკაციო ჯგუფებიდან ამ გუნდებმა მიიღეს: A – ჩეხეთი, ისლანდია, თურქეთი (საუკეთესო მესამეადგილოსანი); B – ბელგია, უელსი; C – ესპანეთი, სლოვაკეთი; D – გერმანია, პოლონეთი; E – ინგლისი, შვეიცარია; F – ჩრდილოეთი ირლანდია, რუმინეთი; G – ავსტრია, რუსეთი; H – იტალია, ხორვატია; I – პორტუგალია, ალბანეთი.
შესარჩევი ტურნირის ფლეი-ოფის შემდეგ ევრო 2016ის ბოლო მონაწილეებიც გამოვლინდნენ: უკრაინა, შვედეთი, ირლანდია და უნგრეთი.
კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირების ისტორიაში ინგლისი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეექვსე გუნდი, რომელმაც შესარჩევ ჯგუფში ყველა, ათივე მატჩი მოიგო.
მეორედ მოხვდა ფინალურ ეტაპზე ავსტრიის ნაკრები, თუმცა პირველად საკვალიფიკაციო ტურნირის გავლით. გემახსოვრებათ: ევრო 2008ზე ავსტრიელებმა თანამასპინძლის სტატუსით ითამაშეს. იგივე ითქმის უკრაინაზე, რომელიც 2012 წელს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი გახლდათ.
ბელგია, რომელმაც 2000 წელს ნიდერლანდებთან ერთად უმასპინძლა ევროჩემპიონატს, მას შემდეგ პირველად გავიდა ფინალურ ეტაპზე, ხოლო უნგრეთი რჩეულთა შორის 44წლიანი შესვენების შემდეგ მოხვდა! აქვე გეტყვით, რომ ბოლო 30 წელიწადში, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ეს უნგრეთის ნაკრებისთვის პირველი დიდი ტურნირი იყო.
რაც შეეხება დებიუტანტებს: ალბანეთმა, ისლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ, სლოვაკეთმა და უელსმა პირველად გაინაღდეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში.
ალბანეთისთვის და ისლანდიისთვის ეს სულაც პირველი დიდი შეჯიბრება იყო – ჩრდილოეთ ირლანდიამ, სლოვაკეთმა და უელსმა სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.
დიდი ბრიტანეთი-ირლანდიიდან შოტლანდია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ნიდერლანდები კი 1984 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ფინალისტებს შორის. ერთ უცნაურობას შენიშნავდით: 1984 წელს ევროპირველობას ასევე საფრანგეთმა უმასპინძლა…
ევრო 2016ს მიღმა დარჩა ანრი დელონეს თასის კიდევ ორი მფლობელი – საბერძნეთი (F ჯგუფში უკანასკნელი, VI ადგილი დაიკავა) და დანია (ფლეი-ოფში დამარცხდა მეზობელ შვედეთთან).
შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 13 გოლი გაიტანა. მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა 6 ბურთი გიბრალტარს გაუტანა, 2015 წლის 13 ივნისს, ვარშავაში საქართველოსთან 4:0 მოგებულ მატჩში კი 89ე, 92ე და 93ე წუთებზე… ჰეთ-თრიქი შეასრულა!
და ბოლოს: 268 შესარჩევ მატჩში 694 გოლი გავიდა, თამაშებს კი 5 735 330 მაყურებელი დაესწრო, საშუალოდ 21 ათასი თითო შეხვედრას.
(I ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი