ევროისტორია: 2016 – საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრები D შესარჩევ ჯგუფში მოხვდა გერმანიის, პოლონეთის, ირლანდიის, შოტლანდიის და ოფიციალური ტურნირების დებიუტანტ გიბრალტარის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
პირველ ოთხ მატჩში ჯვაროსნებს თემურ ქეცბაიამ უხელმძღვანელა, მაგრამ 2014 წლის ბოლოს, თბილისში პოლონეთთან 0:4 განადგურების შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა. 2015 წელს გუნდი კახი ცხადაძის ხელში შეხვდა და შესარჩევი ტურნირიც მასთან ერთად ჩაამთავრა, მაგრამ წლის ბოლოს ცხადაძემაც დატოვა თანამდებობა.

ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად თემურ ქეცბაიამ გუნდი 2014 წლის მაის-ივნისის შესაყარზე ორი კვირით შეკრიბა და ორი ამხანაგური შეხვედრაც გამართა. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 2:0 სძლია საუდის არაბეთს, მომდევნო შეხვედრაში კი გვიანი გოლით დამარცხდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან.

7 სექტემბერს საქართველომ ირლანდიას უმასპინძლა და ტრადიციულად… დამარცხდა – 1:2. ტრადიციულადო, იმიტომ ვამბობ, რომ მანამდე გამართული ყველა, ხუთივე მატჩი ირლანდიას მოეგო და კუნძულელებმა არც მეექვსე ცდა გააფუჭეს – ეიდენ მაკგიდიმ ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი უკანასკნელ წუთზე გაიტანა გამარჯვების ბურთი. თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლი არ უნდა გამოგვრჩეს – 38ე წუთზე მან ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ბურთი შეაგდო.

„დავიღალე, მეც მაქვს ნერვები“! – განაცხადა ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და დასძინა – „ამდენი წაგება ყელში ამომივიდა. თუ მომდევნო ორ შეხვედრას ვერ მოვიგებთ, წავალ“!

მეორე ოფიციალური მატჩი გუნდმა 11 ოქტომბერს, გლაზგოში, აიბროქსზე ჩაატარა. შოტლანდიასთან მეორე სტუმრობაც მარცხით დასრულდა – 0:1. მასპინძლებმა ჩინებულად ითამაშეს, გუნდის თავკაცმა გორდონ სტრაჩანმა კი თქვა, რაც ნაკრებს ვხელმძღვანელობ, საუკეთესო 70 წუთი ჩავატარეთო, მაგრამ მაინც: გოლი მეტოქემ კი არა, ქართველებმა შეაგდეს საკუთარ კარში – აკაკი ხუბუტიასგან ასხლეტილი ბურთი გიორგი ლორიამ ვერ მოიგერია. ხუბუტიას, თავის მხრივ, შონ მელოუნის დარტყმის შემდეგ მოხვდა ბურთი.

სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ესტუმრა და ფარუში, ალგარვეს სტადიონზე დებიუტანტ გიბრალტარს გაეჯიბრა. ქართველების იოლ გამარჯვებას ყველა ელოდა და ასეც მოხდა: ნიკა გელაშვილის, თორნიკე ოქრიაშვილის და ჯაბა კანკავას გოლებით სტუმრებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. გელაშვილისთვის ეს პირველი ბურთი იყო ნაკრებში, ისევე როგორც ქეცბაიას გუნდისთვის ევრო 2016ის შესარჩევში.

14 ნოემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ქართველებმა პოლონეთს უმასპინძლეს და 0:4 დამარცხდნენ. ოთხივე გოლი გუნდმა შესვენების შემდეგ გაუშვა, თემურ ქეცბაიამ კი მატჩის დასრულებისთანავე დატოვა თანამდებობა.

პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ჯაბა კანკავასთან ერთად შეხვდა ჟურნალისტებს და განაცხადა: „გული მწყდება, რომ ნაკრებში ჩემი მოღვაწეობა ასე დამთავრდა. ერთი რამის თქმა შემიძლია – სადაც უნდა ვიყო, ამ გუნდის ერთი რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“.

ქეცბაია გუნდის კიდევ ერთმა ვეტერანმა კახი ცხადაძემ შეცვალა. 1994 წლის სექტემბერში, როცა საქართველომ პირველად ითამაშა ევროჩემპიონატის შესარჩევში, გუნდისთავი სწორედ ცხადაძე გახლდათ.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტის დებიუტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლის 25 მარტს, მალტის წინააღმდეგ შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სარბიელზე გამართული ამხანაგური პაექრობა ქართველებმა ორი გვიანი გოლით მოიგეს, 29 მარტს კი დინამო არენაზე მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დაუხვდნენ.

გერმანია გახდა მეორე გუნდი, რომელიც თბილისს მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ეწვია. პირველი 2006 წლის შემოდგომით ჩამოსული იტალია იყო…

გერმანიამ შესვენებამდე გაიტანა ორივე გოლი – ჯერ მარკო როისმა, შემდეგ კი თომას მიულერმა დაარტყეს ზუსტად. გიორგი ლორიას ბურთების მოგერიების შანსი არ ჰქონდა.

„ჩვენ სამი ქულა გვინდოდა და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მეტოქეზე არ ვისაუბრებ, ჩემი გუნდის თამაშით კი კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ბუნდესგუნდის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა.

13 ივნისს, ვარშავის ნაროდოვიზე ქართველები 0:4 დამარცხდნენ, არადა 90ე წუთისთვის პოლონეთი მხოლოდ ადამ მილიკის გოლით იგებდა. 82ე წუთზე გიორგი ნავალოვსკის შეეძლო ანგარიშის გათანაბრება – მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა. აი, მერე რა მოხდა, ამას ვერავინ ახსნის: 89ე, 92ე და 93ე წუთებზე რობერტ ლევანდოვსკიმ სამჯერ გაახარა ტრიბუნებზე შეკრებილი 60 ათასამდე გულშემატკივარი!

ნაკრების ისტორიაში უარესი 5 წუთი – ასე შეაფასეს ჟურნალისტებმა ცხადაძის გუნდის ფიასკო, მთავარმა მწვრთნელმა კი თქვა: „სამწუხაროდ, ბიჭებმა დაივიწყეს, რომ მატჩი 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. 88 წუთის მანძილზე ცუდად არ გვითამაშია, ქულის მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ მერე რაც მოხდა, თავად ნახეთ“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენას ბარსელონასა და სევილიას შორის აგვისტოში გათამაშებული ევროპის სუპერთასის შემდეგ (ბარსამ 5:4 მოიგო და მოგვიანებით ეს მატჩი უეფამ წლის შეხვედრად აღიარა), 4 სექტემბერს დაუბრუნდა. მეტოქე შოტლანდია იყო.

თბილისში შოტლანდიის მეორე სტუმრობაც მარცხით დასრულდა – კახი ცხადაძის გუნდმა ვაკო ყაზაიშვილის გოლით გაიმარჯვა (2007 წლის შემოდგომით ალექს მაკლიშის შოტლანდიამ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 0:2 წააგო). ამ სამი ქულის შემდეგ ყველა იმედოვნებდა, რომ ირლანდიასთან უსიამოვნო სერია ახლა მაინც შეწყდებოდა, მაგრამ 7 სექტემბერს, დუბლინის ავივაზე ქართველებმა კვლავ წააგეს – 0:1.

იმ დროს ჩვენ ფეხბურთში მთავარი თემა ეროვნული გუნდი და ჩაგდებული შესარჩევი ციკლი კი არა, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ზვიად სიჭინავას გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას დროებით ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა, თუმცა ის უმალ დათმობდა პრეზიდენტობას, როგორც კი სფფს ახალი ხელმძღვანელი გამოვლინდებოდა.

დელეგატებს პირველი პირი რევაზ არველაძესა და ლევან კობიაშვილს შორის უნდა აერჩიათ.

ბოლო ორ შესარჩევ მატჩს ნაკრები იგივე მწვრთნელით, ფეხბურთის ფედერაცია კი ახალი პრეზიდენტით შეხვდა: სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართული ხმაურიანი არჩევნები კობიაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

ცხადაძის გუნდმა კი გაიმარჯვა – 8 ოქტომბერს გიბრალტარს ოთხი უპასუხო ბურთი შეუგდო. იმხანად დანიის ორჰუსში მოთამაშე მათე ვაწაძემ ნაკრებში პირველი დუბლი შეასრულა, საქართველომ კი 2006 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა ოფიციალურ მატჩში 4 გოლი!

11 ოქტომბერს, ლაიპციგის რედ ბულ არენაზე ჯვაროსნები გერმანიასთან 1:2 დამარცხდნენ: 50ე წუთზე თომას მიულერმა დააწინაურა ბუნდესნაკრები, 53ე წუთზე ჯაბა კანკავამ დიდებული დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, თუმცა 79ე წუთზე მაქს კრუზემ გამარჯვებისა შეაგდო.

ლაიპციგური მატჩი უკანასკნელი, 92ე გამოდგა ზურაბ ხიზანიშვილისთვის. ნაკრებში ჩატარებული შეხვედრებით ხიზანიშვილი მესამეა და მხოლოდ კობიაშვილს და ჯაბა კანკავას ჩამორჩება.

„როცა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს კარგავ, მატჩები მომდევნო საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენო. ამ თამაშს სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავდი. მჯერა, რომ მომდევნო ოფიციალურ თამაშებში ჩვენი გუნდი გაცილებით ძლიერი და ბრძოლისუნარიანი იქნება“, – განაცხადა ცხადაძემ რედ ბულ არენის საკონფერენციო ოთახში.

ნოემბერში, ესტონეთთან და ალბანეთთან ამხანაგურ მატჩებში კვლავ მან გაიყვანა გუნდი, მაგრამ 2016 წლის დასაწყისში, ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

მორიგ შესარჩევ ტურნირს საქართველოს ნაკრები ახალი უცხოელი სპეციალისტის, სლოვაკი ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით შეხვდა…

(II ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: gettyimages; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian