ევრომატჩის ავსტრალიელი მსაჯი

გუშინ, სლოვაკეთში, დუნაისკა სტრედას DAC 1904ს და გორის დილას შორის გამართული კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის (2:1) მთავარი არბიტრი… ავსტრალიელი ჯარედ ჯილეტი გახლდათ.

ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩვენი კლუბები 1972 წლიდან თამაშობენ და ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავარი მსაჯი არაევროპელი იყო. ცნობისათვის: ჯილეტს ინგლისელი თანაშემწეები ეხმარებოდნენ – კონსტანტინ ჰაციდაკისი და დენ კუკი.

გუშინდელი მატჩი ევროთასის პირველი შეხვედრა იყო ავსტრალიაში, ქუინსლენდის მხარის ზღვისპირა ქალაქ გოალ ქოასთში დაბადებული 36 წლის ჯილეტისთვის.

მან მსაჯობა სამშობლოში დაიწყო, სადაც 2012, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში ავსტრალიის საუკეთესო არბიტრის პრიზითაც დაჯილდოვდა. როგორც ოკეანეთის ზონის მაღალი რანგის მსაჯი, ახლო წარსულში ის მიწვეული იყო ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, საუდის არაბეთის და ახალი ზელანდიის ჩემპიონატებში, 2015-2018 წლებში კი შვიდჯერ ანდეს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩები.

2018 წელს მან ლივერპულის ჯონ მურის სახელობის უნივერსიტეტში დაიწყო სადოქტორო კვლევა, პარალელურად კი ყველა საფეხურის გავლით ინგლისის სამსაჯო ელიტაში დაწინაურდა.

2021 წლის 25 სექტემბერს ის უოტფორდის და ნიუკასლ იუნაიტედის შეხვედრას მოემსახურა და ამით ბრიტანეთის კუნძულებს მიღმა დაბადებული პირველი მსაჯი გახდა, რომელიც პრემიერლიგის მატჩზე დანიშნა. ამ დრომდე მის აქტივში პრემიერლიგის 27 თამაშია.

16 ივნისს ჯარეტ ჯილეტმა პირველად იმსაჯა უეფას ეგიდით გამართულ შეხვედრაში – ევრო 2024-ის შესარჩევი ბელარუსსა და ისრაელს შორის, გუშინ კი ევროტურნირზეც გამოჩნდა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 14 ივლისი

ka_GEGeorgian