ევროპა ინგლისისაა

29 მაისს ევროპალიგის ფინალია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, 1 ივნისს კი ჩემპიონთა თასის მფლობელი გამოვლინდება მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე.

აზერბაიჯანის და ესპანეთის დედაქალაქებში მხოლოდ ინგლისური კლუბები ჩავლენ: ევროპალიგის თასს ლონდონის არსენალი და ჩელსი გაითამაშებენ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი ჯილდოს 5-გზის მფლობელის ლივერპულის და ფინალში პირველად მოხვედრილი ტოტენჰემ ჰოთსფურის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

ევროპის საკლუბო ტურნირების ისტორიაში პირველადაა, რომ ორივე შეჯიბრის გადამწყვეტ მატჩებში ერთი ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ! მეტიც: ასევე პირველად გავიდა ევროფინალებში ერთი ქალაქის 3 კლუბი.

ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის სუპერთასს ყველა ვარიანტში ინგლისის კლუბი მოიგებს, პირველად 2005 წლის შემდეგ.

ევროთასების ფინალებში ერთი ქვეყნის 4 კლუბი აქამდე ერთადერთხელ გავიდა, თუმცა 1989-90 წლების სეზონში ბებერ კონტინენტზე ჩემპიონთა და უეფას თასის გარდა 1999 წელს გაუქმებული თასების მფლობელთა თასიც თამაშდებოდა. იმ სეზონში ჩემპიონთა თასი მილანმა მოიგო, თასების თასი – გენუის სამპდორიამ, უეფასი კი იუვენტუსმა.

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების – ჩემპიონთა თასი/ლიგა – ისტორიაში 6 ფინალია, რომელშიც ერთ ქვეყნის გუნდებმა ითამაშეს.

პირველად ასეთი რამ 1999-2000 წლების სეზონში მოხდა, როცა მადრიდის რეალმა 3:0 სძლია ვალენსიას. მომდევნო წლებში „იტალიური“, „ინგლისური“ და „გერმანული“ ფინალებიც ვნახეთ.

რაც შეეხება ევროპალიგას და მის წინამორბედ ტურნირებს, პირველად 1961-62 წლების სეზონში გაითამაშეს თასი ერთსა და იმავე ჩემპიონატში მონაწილე კლუბებმა – ვალენსია ბარსას დაუპირისპირდა.

რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრს ერთადერთი ინგლისური ფინალი ახსოვს: 1971-72 წლების სეზონში ბილ ნიკოლსონის გაწვრთნილმა ტოტენჰემ ჰოთსფურმა 2:1, 1:1 მოუგო ვულვერჰემპტონ უონდერერზს.

იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ევროჯილდოს ინგლისელი მფლობელი ეყოლება, სამართლიანია მსგავსი შემთხვევებიც გავიხსენოთ.

ერთი ქვეყნის კლუბები 2 ევროთასს პირველად 1974-75 წლების სეზონში დაეუფლნენ: მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა, მიონხენგლადბახის ბორუსიამ კი უეფას თასები მოიგეს.

1980-81 წლების სეზონში იგივე ტიტულები მოიგეს ლივერპულმა და ტოტენჰემ ჰოთსფურმა, 1988-89 წლებში მილანმა და ნაპოლიმ, 1993-94 – მილანმა და ინტერმა, 1996-97 – დორტმუნდის ბორუსიამ და შალკე 04-მა, 2005-06 და 2014-15 – ბარსელონამ და სევილიამ, 2013-14 და 2015-16 – რეალმა და სევილიამ, შარშანდელ სეზონში კი რეალმა და ატლეტიკომ.

ჩემპიონთა თასი / ჩემპიონთა ლიგა
1999-00: რეალი – ვალენსია 3:0
2002-03: მილანი – იუვენტუსი 0:0
2007-08: მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი 1:1
2012-13: ბაიერნი – ბორუსია (დორტმუნდი) 2:1
2013-14: რეალი – ატლეტიკო 4:1
2015-16: რეალი – ატლეტიკო 1:1

ბაზრობათა თასი / უეფას თასი / ევროპალიგა
1961-62: ვალენსია – ბარსელონა 6:2, 1:1
1964-65: ბარსელონა – სარაგოსა 0:1, 4:2
1971-72:
ტოტენჰემ ჰოთსფური – ვულვერჰემპტონ უონდერერზი 2:1, 1:1
1979-80: აინტრახტი – ბორუსია (მიონხენგლადბახი) 2:3, 1:0
1989-90: იუვენტუსი – ფიორენტინა 3:1, 0:0
1990-91: ინტერი-რომა 2:0, 0:1
1994-95: პარმა – იუვენტუსი 1:0, 1:1
1997-98: ინტერი – ლაციო 3:0
2006-07: სევილია – ესპანიოლი 2:2 (პენ 3:1)
2010-11: პორტუ – ბრაგა 1:0
2011-12: ატლეტიკო – ატლეტიკო 3:0

ევროპის სუპერთასი
1993:
პარმა – მილანი 0:1, 2:0
2006: სევილია – ბარსელონა 3:0
2014: რეალი – სევილია 2:0
2015: ბარსელონა – სევილია 5:4
2016: რეალი – სევილია 3:2

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 მაისი)

ka_GEGeorgian