ევროპა იწყება: ფორცა იტალია!
ჩემი პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი მექსიკა 86 იყო. მხოლოდ რამდენიმე თამაში ვნახე, მაგრამ რომელს სად ვუყურე და ვისთან ერთად – გუშინდელივით მახსოვს. იმ მსოფლიოს ფინალი კიდე, არგენტინა-გფრ, საერთო დაუვიწყარია – ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა, თან გამარჯვებულიც გამოვიცანი და ერთ ამბავში ვიყავი!
აი, ევრო 88 კი პირველი საფეხბურთო შეჯიბრება იყო, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ველოდი და რომლის ყველა თამაში ვნახე. ეგ კი არა, იმ გაზაფხულს გაზეთ თბილისის ბოლო გვერდზე გუნდების შესახებ იბეჭდებოდა წერილები და იმებსაც ვაგროვებდი. ევრო 88ის კედლის კალენდარიც, ბაჭია ბერნით დამშვენებული, დიდის ამბით გავიკარი საწოლთან და ყოველ საღამოს, თამაშების დასრულების შემდეგ, ანგარიშებით ვავსებდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ევრო 88 ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დღეს, მოგეხსენებათ, ევრო 2020 იწყება, რიგით მეთექვსმეტე, ჩემთვის კიდე მეცხრე ევროჩემპიონატი. და განწყობაც ძველებურია: გემრიელი, სიხარულით სავსე და რაღაცნაირად მაცოცხლებელი. ფეხბურთზე ჩემსავით გადარეულები ზუსტად გამიგებენ.
წლევანდელი ევროპა იტალიის თამაშით გაიხსნება – რომში, ოლიმპიკოზე, თურქეთთან. კალჩოს ჩემი პირველი ევროპიდან ვქომაგობ და ამ ჩემპიონატის წინ ხომ საერთოდ მშვენიერ განწყობაზე ვარ: მართლა არ მეგონა პირშავი ვენტურას საშინელ გუნდს რობერტო მანჩინი მოკლე პერიოდში ამ სიმაღლემდე თუ აიყვანდა.
რაც ევროპებს ვუყურებ, იტალია, მგონი, პირველად არაა მთავარ ფავორიტთა შორის. ეგ არაფერი. ოტო რეჰაგელის საბერძნეთიც მშვენივრად მახსოვს და ისიც კარგად ვიცი, რომ სპეციალისტების, მედიის და ფანების აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მიდიმოადე იტყოდა, თეთრი და შავი იქ, მწვანე მინდორზე გამოჩნდება, სადაც ეგრეთ წოდებული თასის პრეტენდენტები და აუტსაიდერები ტოლ-სწორად, თერთმეტი თერთმეტზე დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. ბურთი კიდე მრგვალია, ეს უკვე ბრძენი კინალოკოს სიტყვებია.
ისე, ჩვენში დარჩეს და მანჩინის დაუმარცხებელი სკუადრა აძურას გარდა სხვებიც მაინტერესებს.
რატომაც არა?
მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის შემდეგ სამი წელი გავიდა. ამდენი ხანი კიდე სანაკრებო ფეხბურთმა ბოლოს, პირი ქვისკენ მიქნია და, მეორე მსოფლიოს ომის გამო შეისვენა. სამი წელი ძალიან დიდი დროა – თაობები მიდიან და მოდიან.
მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფორცა იტალია!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ივნისი)
ფოტო: Uefa.com