ევროპა ფოთში
ფეხბურთების გამო ეს ამბავი კინაღამ გადამავიწყდა: ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის აგვისტოში, ფოთმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა… წყალთხილამურობაში! ეს იყო პირველი არასაფეხბურთო და არასაკალათბურთო საერთაშორისო შეჯიბრება, რომელსაც დავესწარი.
ტურნირი შემთხვევით ვნახე: იმ დღეებში ბიძაჩემს რაღაც საქმე გამოუჩნდა ბათუმში, თან მიახლა და მერე ფოთშიც შევიარეთ, უფრო სწორად მალთაყვის ოქროს ტბაზე. რამდენიმე დღეში უკვე სპეციალურად წავედით ფოთში…
ევროჩემპიონატი ერთი კვირა გაგრძელდა, მე კი ორჯერ ვესტუმრე იქაურობას. არადა ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ერთ დღესაც არ გამოვტოვებდი! იმიტომ, რომ ნანახი სრულიად უცხო იყო ჩემთვის და ამდენად, ყველაფერს გაოცებული ვუყურებდი – წყალმოთხილამურეების ჯადოქრობას და ზოგადად, სიტუაციას. ამდენი უცხოელიც პირველად ვნახე – ფოთს ევროპის ოცამდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები!
კიდევ ის მახსოვს, რომ აგვისტოს ერთ დღეს, სოფელში, როცა ბავშვები სახლის წინ ვთამაშობდით, დაცარიელებულ ტრასაზე მილიციის რამდენიმე მანქანამ ჩაიქროლა, რამდენიმე წამში კი მათ ვერცხლისფერი მერსედესიც მიჰყვა. უფროსებმა გვითხრეს, რომ ზვიად გამსახურდიას მერსედესი იყო – პრეზიდენტი ფოთში, ევროჩემპიონატის გასახსნელად მიიჩქაროდა…
იმ დროს სპორტზე უკვე გადარეული ვიყავი და ამდენად, სარბიელსაც განსაკუთრებით ველოდი. ლელოც გამოწერილი გვქონდა, მაგრამ ფოთი 91ის ამბები სარბიელიდან უფრო მახსოვს, ორ გვერდზე დაბეჭდილი სპორტსმენების ფოტოები კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა!
აი მაგალითად, მარინა მოსტის შესახებ თუ გსმენიათ? რატომღაც მგონია, რომ არა. მე კი ეს იტალიელი გოგო მაშინდელი სარბიელიდან დამამახსოვრდა – საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო ვნახე და აი, ხომ ხედავთ, აქამდე მომყვა. გულახდილად რომ ვთქვა, ასეთი ფოტოები, უფრო სწორად კი პლაკატები, 80-90ების შესაყარზე მხოლოდ ვულკანიზაციებში და ავტოტექმომსახურების ცენტრებში თუ მინახავს.
მარინა მოსტის გარდა ანდრეა ალესი, ჯონ ბატლდეი და ბრიტა გრებე დამამახსოვრდა. ყველა მათგანი სპორტის ამ მართლა ლამაზი სახეობის ვარსკვლავი იყო (ეს მოგვიანებით გავიგე, როცა წყალმოთხილამურეთა მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატის შედეგებს ჩავხედე), ავსტრიელი ბრიტა გრებე კი ჩვენმა ჟურნალისტებმა სულაც ფოთი 91ის მშვენებად აღიარეს.
ქართველებსაც ვახსენებ: ჩვენი გუნდის მთავარი ვარსკვლავები ხათუნა კორკელია და გენადი გურალია იყვნენ. იმ ჩემპიონატის ბილეთზე ორივემ დამიტოვა ავტოგრაფი, მაგრამ მერე სადღაც დავკარგე… კორკელიაზე კაი ხანია არაფერი მსმენია, აი გურალიას ინტერვიუ კი რამდენიმე წლის წინ ერთ ჟურნალში წავიკითხე – 90ების მიწურულს წასულა საქართველოდან და იტალიაში დამკვიდრებულმა არაერთი შეჯიბრებაც მოიგო…
როგორი იქნებოდა საქართველო ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლება რომ არ დაემხოთ? რთული სათქმელია. ალბათ უკეთესი, ვიდრე ვნახეთ. აი ის კი, რაც 1992 წლის იანვრის ამბებს მოჰყვა, ჩემთვის ქვეყნის დაქცევაა და სხვა არაფერი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფოთი 91იდან ერთ წელიწადში საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება კი არა, ხალხს დენის მოსვლა გვიხაროდა…
წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატიდან შვიდი წლის შემდეგ უკვე სარბიელში ვმუშაობდი. საფრანგეთი 98 დასრულდა თუ არა, ფოთში წავედი: ფაზისზე კოლხეთი 1913ის და ცრვენა ზვეზდას თამაშს დავესწარი – პერიცა ოგნიენოვიჩის და მილინკო აჩიმოვიჩის მართლა მაგარი ფეხბურთით, იუგოსლავიელებმა 4:0 მოიგეს. მომდევნო ერთი კვირა კი ჩვენს ფოტოკორესპონდენტ ბადრი კეთილაძესთან და სარბიელის მაშინდელ რედაქტორ თაზო მიგრიაულთან ერთად მალთაყვაზე გავატარე – ოქროს ტბაზე წყალმოთხილამურეთა საერთაშორისო შეჯიბრება, გოლდენ ლეიქ მასტერსი გაიმართა.
უჰ, დიდებული იყო! ჟურნალისტის აკრედიტაცია მქონდა და ჩემთვის ყველა კარი იოლად იღებოდა. ისევ ბევრი უცხოელი, მშვენიერი ამინდი, დილიდან საღამომდე წყალზე მოსრიალე მშვენიერი გოგონები, ვაჟების საოცრებები, ღამით კი დისკოთეკა… 20 წლის რომ ხარ, ბედნიერებისთვის ეს სრულიად საკმარისია. ერთ საღამოს, მახსოვს, გერმანელებმა ფეხბურთის თამაში შემოგვთავაზეს. ბურთი ვერ ვიშოვეთ და ბოლოს რომან მელია დაგვეხმარა. ის, ისევე როგორც 1991 წელს, ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ…
იმ დროს საქართველო ჯერ კიდევ ნაცრისფერი იყო, თბილისური საძმოებიც ისევ დაუნდობლად ისროდნენ, მე კი მალთაყვაზე გატარებული ის დღეები ძალიან ფერადად დამამახსოვრდა…
2015 წლის თებერვალში, ბორის პაიჭაძის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, კვლავ ვესტუმრე ფოთს, მერე კი მალთაყვაშიც შევიარე. ის სპორტული კომპლექსი, რომელიც 90ებში უცხოელებს მასპინძლობდა, გავერანებული დამხვდა. ოქროს ტბაც უპატრონოს შთაბეჭდილებას ტოვებდა…
წყალთხილამურობა ულამაზესია და სპორტულის გარდა ბევრ თანამდევ ამბავსაც დაიტევს. ისიც ხშირად მიფიქრია, რომ საქართველოს მართლა ძალიან ლამაზ ტბებს ეს სპორტი მხოლოდ დაამშვენებდა.
თუმცა ვისთვის როგორ. ჩვენში ხომ სპორტის რამდენიმე სახეობის გარდა სხვებს ნაკლებად წყალობენ.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 აგვისტო)
ფოტო: გაზეთი სარბიელი