ევროპაში უბლოს დროა
საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია უბლო ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ნიონში გამართულ პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომ უბლო პროგრამა ნეშენალ საფორთერის კიდევ ერთი პროექტია. ხსენებული პროგრამა ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში – ავსტრიასა და შვეიცარიაში – კონტინენტის პირველობის პარტნიორთა მოძიებას ისახავს მიზნად. დაგეგმილი 8 პარტნიორიდან მხოლოდ ორიღა დარჩა მოსაძიებელი.
კომპანია უბლო პირველად გავიდა ასეთ დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დრო სწორედ ამ კომპანიის წარმოებული საათებით განისაზღვრება.
„ჩვენი ქვეყანა დიდ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს და ვფიქრობ, ყველა შვეიცარიელი ვალდებულია თავის წვლილი შეიტანოს შეჯიბრის სათანადოდ ორგანიზებაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია ასეთ დიდ ასპარეზზე გავიდა. მჯერა, მომხმარებლები კმაყოფილნი დარჩებიან უბლოს პოდუქციით“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-კლოდ ბივერმა.
მისივე თქმით, უბლო შეზღუდული რაოდენობის საფირმო საათებს დაამზადებს, რომელიც ევროპის მომავალ ჩემპიონატს მიეძღვნება.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 23 თებერვალი)