ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: დიპლომები და ვერცხლის მედლები
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ფინალი წააგეს, რაც არნახული მოვლენაა სპორტის ამ სახეობის „ქართულ ისტორიაში“ – ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს, ილია სულამანიძეს და გურამ თუშიშვილს ერთი ნაბიჯი დააკლდათ ევროოქრომდე.
ევროპის ერთ ჩემპიონატზე ერთი სინჯის 4 მედალი ქართველებმა მეხუთედ მოიგეს, თუმცა ვერცხლი – პირველად. 2000 წელს ვროცლავში (პოლონეთი), 2001 წელს პარიზში (საფრანგეთი), 2019 წელს მინსკში (ბელარუსი) და 2020 წელს პრაღაში (ჩეხეთი) ჩვენი გუნდის ერთდროულად 4 წევრი გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.
არანაკლებ საინტერესოა, რომ ევროპის ერთ ჩემპიონატზე მინიმუმ 4 ფინალში ქართველებმა მეათედ იჭიდავეს.
პირველად ასეთი ფაქტი 1965 წელს, მადრიდში დაფიქსირდა. ესპანეთის დედაქალაქში ევროპის ორი ჩემპიონატი გაიმართა, მოყვარულებს და პროფესიონალებს შორის. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოყვარულთა ევროპირველობის გამარჯვებულები გახდნენ ანზორ ქიბროწაშვილი (93კგ) და ანზორ კიკნაძე (აბსოლუტური), ხოლო ფარნაოზ ჩიკვილაძემ (+93კგ) პროფესიონალებში დაიკავა პირველი ადგილი. მანვე, მოყვარულთა შორის, იმავე წონითი კატეგორიის ფინალშიც იჭიდავა და ვერცხლს დასჯერდა.
1968 წელს, ლოზანაში (შვეიცარია), 70კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა – როინ მაღალთაძემ ოთარ ნათელაშვილი დაამარცხა. ლოზანაშივე ფირუზ მარტყოფლიშვილი (63კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ანზორ კიკნაძემ (+93კგ) ფინალი დათმო.
მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1993 წელს, უკვე საქართველოს სახელით, ათენში ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს ვლადიმერ დგებუაძემ (71კგ) და დავით ხახალეიშვილმა (ორჯერ, +95კგ და აბსოლუტური), სოსო ლიპარტელიანი (78კგ) კი ფინალში დამარცხდა.
2014 წელს, მონპელიეში, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) დაეუფლნენ ოქროს მედალს, ხოლო ამირან პაპინაშვილი (60კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) ვერცხლს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ მონპელიეში ევროპის ჩემპიონი გახდა საქართველოს ვაჟთა ნაკრები.
2015 წელს, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში, ჩემპიონობა იზეიმეს ჭრიკიშვილმა (81კგ) და ოქრუაშვილმა (+100კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ) და ლიპარტელიანი (90კგ) კი ფინალში დამარცხდნენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მან ფინალი დათმო. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ბაქოში ევროპის პირველი თამაშები ჩატარდა, რომლის ეგიდით გამართული ძიუდოისტთა ტურნირი კონტინენტის პირველობის სტატუსსაც ატარებდა.
2016 წელს, ყაზანში (რუსეთი), საქართველოს ჰიმნი ვაჟა მარგველაშვილის (66კგ) და ლიპარტელიანის (90კგ) გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ჭრიკიშვილმა (81) კი ფინალები დათმეს. საქართველოს ნაკრებმა ყაზანში კიდევ ერთხელ იზეიმა ჩემპიონობა, როცა ფინალში მასპინძელ რუსეთს სძლია.
2021 წელს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ბექაური (90კგ), მარგველაშვილი (66კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ლიპარტელიანი (100კგ) კი ფინალში დამარცხდნენ.
1975 წელს, საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ლიონში, საქართველოს ერთბაშად ხუთმა(!) წარმომადგენელმა იბრძოლა ოქროს მედლისთვის, მათგან ორმა, გივი ონაშვილმა და შოთა ჩოჩიშვილმა, ერთ წონით კატეგორიაში. ჩემპიონები გახდნენ ჯიბილო ნიჟარაძე (+93კგ) და ონაშვილი (აბსოლუტური), შენგელი ფიცხელაური (63კგ), აბდულგაჯიდ ბარკალაევი (80კგ) და ჩოჩიშვილი (აბსოლუტური) ვერცხლს დასჯერდნენ. ცნობისათვის: საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ფიცხელაურმა, ბარკალაევმა და რამაზ ხარშილაძემ იჭიდავეს, ლიონში ევროპის გუნდური პირველობა მოიგო.
ქართული ძიუდოს რეკორდი 2013 წელს, ბუდაპეშტში დამყარდა, როცა ნაკრების ერთბაშად 6 წევრი გავიდა ევროპირველობის ფინალში. ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) გადამწყვეტი ორთაბრძოლები მოიგეს, ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) კი დამარცხდნენ. უნგრეთის დედაქალაქში გამართული ევროპის გუნდური პირველობა კვლავ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მაშინ ნაკრებს ირაკლი უზნაძე წვრთნიდა, რომელიც რამდენიმე წელიწადია თურქებს ავარჯიშებს. ვედატ ალბაირაქი, იგივე ვანო რევაზიშვილი, რომელმაც ორი დღის წინ ფინალში ტატო გრიგალაშვილს აჯობა, სწორედ მისი მომზადებული გახლდათ.
ბოლოს ევროპის ძიუდოს კავშირის ჯილდოებზე დავწერ. EJU-მ 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, ხოლო მწვრთნელად ლაშა გუჯეჯიანი დაასახელა. ეს ტატოს და ლაშას მეორე დიდი აღიარებაა – წლის დასაწყისში ისინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ – IJF – გამოარჩია და 2022 წლის შედეგებით მსოფლიოში საუკეთესოებად დაასახელა.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 6 ნოემბერი
ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია