ევროპის I თამაშები: 6 მედალი!
ჩვენი გუნდისთვის 18 ივნისიც წარმატებული გამოდგა: ერთი დღით ადრე მოგებულ 3 მედალს გუშინ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ამდენივე დაუმატეს! მართალია ოქრო ჯერაც არაა საქართველოს გუნდის აქტივში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ევროპის I თამაშების ჩემპიონიც გვეყოლება.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში გუშინ ოთხმა ქართველმა იჭიდავა და ყველამ მედლისთვის იბრძოლა. 61კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე ვერცხლს დაეუფლა, სანდრო ამინაშვილმა (86კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მხოლოდ დავით ტლაშაძეს მოეცარა ხელი – III ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა.
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ვთქვი, ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიგეთ-მეთქი, მეგობარმა კი შემისწორა, ვერცხლი კი არ მოვიგეთ, ავიღეთ, რადგან ოქრო წავაგეთო.
არ დავეთანხმე. გუშინ ჩვენ ვერცხლის მედალი სწორედ რომ მოვიგეთ რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები აღარაა იმ სიმაღლეზე, სადაც წლების წინ იდგა (თუ რატომ, ეს ცალკე თემაა და სიღრმისეულ განხილვას ითხოვს). დღესდღეობით ჩვენი მოჭიდავეებისთვის ევროპული თამაშების ვერცხლი მართლაც რომ წარმატებაა.
ჭიდაობის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ: ჩვენი ფალავნები ლამის ყველა ტურნირის ფავორიტთა შორის იხსენიებოდნენ, დღეს კი საჭიდაო ხალიჩაზე სხვები გადიან ამ სტატუსით. იგივე აზერბაიჯანელები, რუსები, თურქები… ამათ რომ თავი დავანებოთ, ევროპულ თამაშებზე ძალიან კარგი ფალავნებით წარსდგნენ პოლონელები, რუმინელები და უნგრელები…
ბაქო 2015-ზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სრული ფიასკოს შემდეგ რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი თავისუფლების 5 მედალი მართლაც რომ წარმატებაა. და რომ არა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაცია და გენო პეტრიაშვილის მართლაც რომ დასანანი მარცხი ნახევარფინალში, მედლები, ხარისხობრივად და რაოდენობით, უკეთესიც იქნებოდა. თუმცა წარსულზე საუბარი ახლა უადგილო მგონია: რაც არის არის და დამეთანხმებით, 17-18 ივნისს მოგებული ვერცხლი და 4 ბრინჯაო წარუმატებლობა ნამდვილად არაა.
გუშინვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ათლეტთა სოფელში ევროპის თამაშების პირველ პრიზიორებს შეხვდა.
„გილოცავთ მედლებს და წარმატებულ გამოსვლას! თქვენი თავდადებული ასპარეზობა გასახარია და ვიმედოვნებ, ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც შეძლებენ მედლების მოპოვებას“, – განაცხადა ბატონმა ლერიმ, რომელმაც მედალოსნები სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა. თქვენის ნებართვით, შეგახსენებთ, რომ სეოკ-ის პრეზიდენტი ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოლიმპიურ სახეობაში 5-ჯერ მოიგო!
გუშინდელ შეხვედრას სეოკ-ის ხელმძღვანელები, ტყვიის მსროლელები, მშვილდოსნები და ჟურნალისტებიც დაესწრნენ. სტუმართა შორის იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც, რომელიც გახსნის დღიდანაა გუნდთან და აქტიურად მონაწილეობს საორგანიზაციო საკითხებში.
თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების გარდა, ბაქოს მართლაც რომ მშვენიერ სპორტულ არენებზე 18 ივნისს ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრმა იასპარეზა.
ქალ მშვილდოსანთა გუნდის დასანანი მარცხის შესახებ უკვე გითხარით, მოკრივეები ბადრი ხარძიანი (75კგ) და მიხეილ ბახტიძე (+91კგ) კი საღამოს გავიდნენ რინგზე – ორივემ 1/32 ფინალში იასპარეზა. ხარძიანი ბელარუს ვიტალი ბანდარენკასთან 0:3 დამარცხდა, ბახტიძემ კი იგივე ანგარიშით უკრაინელ ვლადისლავ სირენკოს სძლია. ქართველი მოკრივე დღეს საღამოს 1/16-ფინალურ პაექრობას გამართავს. მეტოქე აზერბაიჯანელი მაჯიდოვია, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა.
გუშინვე გათამაშდა მედლები ინდივიდუალურ საგზატკეცილო ველორბოლაში. გიორგი ნარეკლიშვილმა დისტანცია 1:11:35.06 საათში დაფარა და 38-ე ადგილზე გავიდა. ჩემპიონობა ბელარუსმა ვასილ კირიენკამ მოიპოვა, რომელიც 41 მრბოლს შორის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც დისტანცია საათზე ნაკლებ დროში გაიარა – გამარჯვებისთვის 59:36.03 წუთი ეყო.
საწყლოსნო სპორტის სახეობაში გუშინ გოგონათა შორის 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში გათამაშდა მედლები. თამარ სიჭინავამ საკვალიფიკაციო წრეში 295.40 ქულა მოაგროვა და XVII ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, ამ შედეგით ის ფინალში გასულ 12 საუკეთესოს მიღმა დარჩა. ბაქო 2015-ის ოქროს მედალი კი 15 წლის ბრიტანელმა ლუიზ ტულსონმა მოიგო, რომელმაც ერთი წლით უმცროსებს, 14 წლის რუს ანა ჩუინიშენას და გერმანელ ელენა ვასენს აჯობა.
დღეს, 19 ივნისს, ჩვენი გუნდის წევრთა განრიგი ასეთია: მშვილდოსნები – ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე – ინდივიდუალური 1/32-ფინალით იწყებენ; მოკრივის შესახებ უკვე გითხარით; მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა გამოვა, ჩვენი გუნდის ვეტერანს, ყველაზე ტიტულიან წევრს, ნინო სალუქვაძეს კი დილიდან ბაქოს თანამედროვე სასროლეთზე სპორტული პისტოლეტით (25მ) ასპარეზობაში ვიხილავთ.
ევროპის I თამაშების სპორტული მხარე ასეთია, კულტურულზე კი, რომელიც არანაკლებ მრავალფეროვანი, საინტერესო და ლამაზია, ვეცდები დროდადრო გიამბოთ.
დღეს ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში მონაკოს პრინცესა გრეის კელისადმი მიძღვნილი გამოფენის დათალიერებას ვგეგმავ. მითხრეს, რომ ორმაგად მოვიგებ – ერთი, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონის პირადი ნივთების გამოფენა, რომელიც მსოფლიო ტურის ფარგლებში ეწვია ბაქოს, ზღაპრულია, მეორეც: ალიევის ცენტრი ნამდვილი საოცრებაა და ამაში თავად დაწმუნდებიო.
ვნახოთ.
ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 19 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე