ევროპის I თამაშები: ამირანი მესამეა

ევროპის I თამაშებში გუშინ ძიუდოისტები ჩაერთვნენ. ირაკლი უზნაძის გუნდმა სტარტზევე მოიპოვა მედალი – 60კგ წონაში ამირან პაპინაშვილი III ადგილზე გავიდა და საქართველოს ბაქო 2015-ზე მე8 ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა წლის პირველი ნახევარი არცთუ დამაჯერებლად განვლო. მედალი ერთადერთხელ მოიგო – რომის საერთაშორისო ტურნირზე II ადგილი დაიკავა. ამის გათვალისწინებით, ჰეიდარ ალიევის სახელობის არენაზე გუშინ აღებული ბრინჯაო ქართველ ძიუდოისტს წარმატებად უნდა ჩაეთვალოს.

ამირანის III ადგილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის ევროპის ჩემპიონატის მედალს უტოლდება. გეცოდინებათ: წლეულს კონტინენტის პირველობა შოტლანდიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ევროპირველობა გაუქმდა და კალენდარში მისი ადგილი სწორედ ევროპის I თამაშებმა დაიკავა.

პაპინაშვილმა ასპარეზობა პირდაპირ 1/8ფინალიდან დაიწყო: ისრაელის გუნდის წევრი არტიომ არშანსკი დაამარცხა. მომდევნო წრეში ქართველი ჰოლანდიელ იორენ მოორენს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დასანანად დამარცხდა – მეტოქემ იპონით გაიმარჯვა. დამამშვიდებელ წრეში ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ჯერ გერმანელ ტობიას ენგლმაიერს აჯობა, ბრინჯაოს მედალი კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან სუფთა გამარჯვებით მოიპოვა.

ძიუდოისტთა ტურნირის გარდა ჩვენი გუნდის წევრი დღეს მხოლოდ მოფარიკავეთა ტურნირში მონაწილეობდა. ხმლით მოასპარეზე თეოდორა კახიანი ჯგუფიდან ვერ გავიდა – 5დან 4 შეხვედრა წააგო.

26 ივნისი ჩვენი გუნდისთვის გარდამტეხი უნდა გახდეს და დიდი შანსია ნანატრი ოქროს მედალიც მოვიგოთ.

ამავე დარბაზში საქართველოს ღირსებას 6 ძიუდოისტი დაიცავს: გოგონათა შორის 70კგმდე წონაში ესტერ სტამი და ნინო ოძელაშვილი იასპარეზებენ, ვაჟებში კი მართლაც რომ „ოქროს ბიჭები“: ნუგზარ ტატალაშვილი და ლონდონი 2012ის ტრიუმფატორი ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73კგ), ასევე მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81კგ).

ქართველები ბაქოში ფავორიტების რანგში ასპარეზობენ. დარწმუნებული ვარ, მათზე გაცემული ავანსები აუცილებლად გამართლდება!


ლაშა გოდუაძე ბაქოდან (
www.msy.gov.ge; 2015 წლის 26 ივნისი)

ka_GEGeorgian