ევროპის I თამაშები: ბილიკი და ტატამი – ქართველების ასპარეზი

ევროპის I თამაშები დასასრულს უახლოვდება. ოქროს გარეშე მყოფი ჩვენი გუნდი 10 მედლით 27-ე ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ რაოდენობა რომ გავითვალისწინოთ – მე-16.

ბაქოს სპორტულ არენებზე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას თუ გავიხსენებთ, 10 მედალი ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. კი, ერთ-ორ შემთხვევაში უკეთესი ხარისხის ჯილდო უნდა აგვეღო და ერთხელ მედალიც დავკარგეთ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაციას ვგულისხმობ, მაგრამ რაც არის, არის.

დღეს ევროპულ თამაშებში ძიუდოისტები ერთვებიან. რამდენიმე დღის წინ დავწერე, ოქრო აუცილებლად იქნება-მეთქი. ჩემი იმედები სწორედ ირაკლი უზნაძის გუნდს ემყარება – ქართველები ფავორიტები არიან და მჯერა, რომ 10 ვერცხლისა და ბრინჯაოს დამტევ გუნდურ კალათას ისინი ოქროთი მოავარაყებენ. სხვათა შორის, ძიუდოისტებს გულშემატკივართა დიდი ჯგუფიც ჩამოჰყვა, რაც, თქმა არ უნდა, ძალიან კარგია.

გუშინ ძიუდოისტებმა უკვე გაგვახარეს: ბაქოში გამართულ ევროპის ძიუდოს კავშირის გალა-დაჯილდოებაზე 2014 წლის საუკეთესო ძიუდოისტად და მწვრთნელად ქართველები აღიარეს! ვაჟთა შორის საუკეთესოს წოდება, მედალი და დიპლომი ავთანდილ ჭრიკიშვილს გადაეცა, ირაკლი უზნაძემ კი ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ნომინაციაში „ვაჟთა გუნდის მწვრთნელი“!

ძიუდოისტებს ჰეიდარ ალიევის სახელობის არენა შუადღიდან უმასპინძლებს. დღეს ტატამზე ერთადერთ ქართველს ვიხილავთ – 60კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი იასპარეზებს. ის 1/32-ფინალს ტოვებს, 1/16-ფინალში კი რუმინელ ლაზეას და ისრაელის გუნდის წევრს არშანსკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ვიმედოვნებ ნაკრების პირველი წევრის ასპარეზობა წარმატებით დასრულდება, ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ წლეულს ამირანი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრზე ვიხილეთ, თუმცა საპრიზო სამეულში ერთადერთხელ, რომში მოხვდა – თებერვლის დასაწყისში ევროპის ღია პირველობის ფინალი დათმო.

ამირან პაპინაშვილის გარდა დღეს ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, მოფარიკავე თეოდორა კახიანს ვუგულშემატკივრებთ. ის ხმლით იასპარეზებს C ჯგუფში. ფლეი-ოფის საგზურისთვის თეოდორა ფრანგ მარგო რიფკისს, გერმანელ ანა ლიმბახს, რუს იანა ობვინცევას, პოლონელ ანგელიკა ვატორს და უკრაინელ  ალინა კომაშჩუკს დაუპირისპირდება.

ბაქო 2015-ის პროგრამაში შესულ სპორტის რამდენიმე სახეობაში ასაკობრივი ზღვარია დაწესებული – უფროსები არ დაიშვებიან და ჩემპიონები ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ვლინდებიან. ფარიკაობაში ნაწილობრივი შეზღუდვა მოქმედებს – 2001 წელს და შემდეგ დაბადებულ სპორტსმენებს, ანუ იუნიორებს ასპარეზობა ეკრძალებათ.

გეცოდინებათ: თეოდორა კახიანის და გუშინ ჯგუფში დამარცხებული თეონა გოგლიძის გარდა (მან რაპირით 5-დან ერთი შეხვედრა მოიგო) ბაქოში მედლებისთვის 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონ სანდრო ბაზაძესაც უნდა ებრძოლა, მაგრამ ის აზერბაიჯანში საერთოდ არ ჩამოსულა. მიზეზი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე სანდრო მსაჯთან კამათისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს, გამოსატოვებელ შეჯიბრებათა შორის კი ევროპის თამაშებიც შევიდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ჩვენი გულისყური მოფარიკავეთა ბილიკებისკენ და ძიუდოისტთა ტატამისკენ იქნება მიპყრობილი.

სხვა მხრივ ბაქოში ყველაფერი ჩინებულადაა: აზერბაიჯანელები ევროპას დიდებულად მასპინძლობენ და თუ თამაშების გახსნის დღეს მომხდარ სავალალო ინციდენტს არ ჩავთვლით, ბაქო 2015-ს როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული კუთხით არაფერი დაეწუნება.

რაც შეეხება ავსტრიელ წყალში მხტომელებს, ათლეტთა სოფელთან ავტობუსის მძღოლის დაუდევრობით რომ დაშავდნენ, ისინი ვენაში მკურნალობენ. ავსტრიის ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის ვანესა საჰინოვიჩის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ვანესას არაერთი მოტეხილობა დაუდგინდა და რამდენიმე ოპერაცია უკვე გაუკეთდა, თუმცა კიდევ რამდენიმე ელის. მისი თანატოლი ლუნა პაიერი კი შედარებით უკეთაა, მაგრამ ჯერჯერობით ისიც ჰოსპიტალშია.

ათლეტთა სოფელთან მომხდარი ავარიის შემდეგ სპორტსმენები გუნდის მთავარი ექიმის, დოქტორ რობერტ კანდელჰარდის მეთვალყურეობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირადი თვითმფრინავით გადაიყვანეს ვენაში. ამ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ პირველ დღეს გამოხატული მწუხარების შემდეგ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ბაქო 2015-ის პრესსამსახური გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 25 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian