ევროპის I თამაშები: ბრინჯაო და პირველი ქართული რეკორდი

ბაქოს ევროპული თამაშების მე-10 დღეს საქართველო 7 მედლით და პირველი „ქართული“ რეკორდით ხვდება: მედლით სალომე ფაჟავამ (მხატვრული ტანვარჯიში) გაგვახარა, რეკორდით კი მძლეოსანმა ბაჩანა ხორავამ.

17 წლის სალომე ფაჟავამ ევროპის I თამაშების ბრინჯაო ბაფთით ვარჯიშში მოიგო. მსაჯებმა მისი გამოსვლა 17.950 ქულით შეაფასეს, ამაზე მაღალი შეფასება კი მხოლოდ რუსმა ანა კუდრიავცევამ (19.000) და აზერბაიჯანელმა მარინა დურუნდამ დაიმსახურეს – 18.200.

ფაჟავას სულ ცოტა დააკლდა კიდევ 3 ბრინჯაომდე – რგოლით, ბურთით და გურზებით ვარჯიშში IV ადგილზე გავიდა. დამეთანხმებით, 17 წლის გოგონასთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა! აქვე შეგახსენებთ: დიდ საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო სამეულს სალომე მაისის დასაწყისშიც მიუახლოვდა – ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ევროპის ჩემპიონატზე ბურთით ვარჯიშში ის მე-6 იყო.

ეს რაც შეეხებოდა მედალს, ევროპის I თამაშების რეკორდით კი სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ გაგვახარა! სანამ მის წარმატებაზე მოგიყვებით, აუცილებლად უნდა განვმარტო: ბაქო 2015-ზე მძლეოსანთა შორის მხოლოდ გუნდური პირველობა იმართება, ისიც III ლიგის ქვეყნებს შორის. სპორტსმენები სხვადასხვა დისციპლინებში ასპარეზობენ, დაკავებული ადგილის მიხედვით მედლები არა და მხოლოდ ქულები ენიჭებათ, შემდეგ კი მათი მონაგარი ითვლება და გუნდის ადგილიც ვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე დაფიქსირებული შედეგები სპორტის დედოფლის ფავორიტების მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება, მაინც სასიხარულოა, რომ პირველი ევროპული თამაშების ისტორიაში ქართული რეკორდიც ჩაიწერა – ბაჩანა ხორავა 7.64 მეტრზე გადახტა და პირველ ადგილზე გავიდა! მისმა წარმატებამ საქართველოს მძლეოსანთა გუნდს 14 ქულა მოუტანა.

მძლეოსანთა მასპინძელი ოლიმპიური სტადიონი ტანვარჯიშის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია. ზუსტად იმ წუთებში, როცა სალომე ფაჟავა მედლისთვის იბრძოდა, ოლიმპიურის სარბენ ბილიკებსა თუ სხვადასხვა მონაკვეთებზე ჩვენი გუნდის წევრები ასპარეზობდნენ. გეცოდინებათ: ბაქო 2015-ზე გამგზავრებულ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სწორედ მძლეოსანია და მათი ნახევარი გუშინ იქ იყო.

ბაჩანა ხორავას სარეკორდო ნახტომამდე ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრმა გამოიჩინა თავი. მაგალითად სპრინტერმა ნიკა კარტავცევმა: მან 100 მეტრი 10.79 წამში დაფარა და თავის ჯგუფში იმარჯვა, საერთო ჩათვლაში კი VII ადგილი დაიკავა და მძლეოსანთა გუნდს 8 ქულა შესძინა! ასევე სასიხარულო იყო 400 მეტრზე სირბილში ენდრიკ ზილბერშტეინის გამარჯვება – 48.67 წამი, I ადგილი და 8 ქულა გუნდს!

4X100-ზე ესტაფეტაში ვაჟებმა 41.35 წამით თავის გარბენში II ადგილი დაიკავეს. საერთო ჩათვლაში ეს მე-6 შედეგი იყო. ამის წყალობით ჩვენ გუნდს კიდევ 9 ქულა შეემატა. თავიანთ დისციპლინებში სამეულში მოხვდნენ ელენე ხუსკივაძე (400მ თარჯრბენი), მარიამ მარტინენკო (400მ) და მარიამ ბედუკაძე (100მ), სხვებმა კი მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზეს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ გოგონათა ნაკრებმა 4X100-ზე ესტაფეტაში შედეგი ვერ დააფიქსირა – ამანათი გაუვარდათ.

დღეს ქულები დარჩენილ დისციპლინებში გათამაშდება და მძლეოსანთა პირველობაც ამით დასრულდება. ამ წუთისთვის ჩვენი გუნდი 140 ქულით VIII ადგილზეა, ლიდერი კი ავსტრიაა 250 ქულით. ჩვენ წინ მყოფ ლუქსემბურგს 157 ქულა აქვს, მდევარი მალტა კი 9,5 ქულით ჩამოგვრჩება.

სალომე ფაჟავას და მძლეოსნების გარდა გუშინ, 21 ივნისს, ჩვენი გუნდის სხვა წევრებმაც იასპარზეს.

საგზატკეცილო ველორბოლის სტარტზე გიორგი ნარეკლიშვილი და დიმიტრი ხოსიაური გავიდნენ, თუმცა ფინიშს ერთმაც ვერ უწია. ცხადია, ეს ძალიან ცუდია, თუმცა იგივე დაემართა კიდევ 63 ველომრბოლს, ანუ, სტარტზე გასული 125-დან მხოლოდ 60-ის დრო დაფიქსირდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ სიცხეა – თითქმის 40 გრადუსი. და რამდენიმე ავარია.

ესპანელებმა ლუის ლეონ სანჩეს ხილმა და ხესუს ერადა ლოპესმა, უკრაინელმა ანდრეი გრივკომ და ჩეხმა პეტრ ვაკოცმა ბაქოს ახალ და ძველ უბნებში მოწყობილი ველო ტრასა 5:27.25 საათში დაფარეს, დაძაბული, საინტერესო და მოვლენებით სავსე რბოლის გამარჯვებული კი ფოტოფინიშმა გამოავლინა: პირველზე სანჩეს ხილი გავიდა, ვერცხლი და ბრინჯაო კი გრივკომ და ვაკოცმა ირგუნეს.

წყალში მხტომელი თამარ სიჭინავა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან 334.10 ქულით XXI იყო. ფინალში გასულ 14 სპორტსმენს შორის ის ვერ მოხვდა.

ბატუტზე მხტომელი თენგიზ კოშკაძე 23.390 ქულით V ადგილზე გავიდა. ფინალურ ექვსეულში მან მხოლოდ პორტუგალიის წარმომადგენელს დიოგო განჩინიოს აჯობა.

სამწუხაროდ, კიდევ ორი მოკრივე გამოეთიშა პირველ ევროპულ თამაშებს: ირაკლი მელიქიშვილისთვის (64კგ) და ლევან გულედანისთვის (91კგ) 1/16-ფინალი გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. პირველმა 0:3 წააგო გერმანელ კასტრიოტ სოპასთან, გულედანი კი იგივე სხვაობით რუს სადამ მაგომედოვთან დამარცხდა.

მოკრივეებისგან განსხვავებით, მშვილდოსანმა ქალებმა ერთი ეტაპით გვიან, 1/8-ფინალში დაასრულეს ასპარეზობა. ჩვენი გუნდის ლიდერმა ხათუნა ნარიმანიძემ 1/16-ფინალში 6:5 სძლია ესპანელ ადრიანა მარტინს, მაგრამ შემდეგ წრეში თურქ იასემინ ანაგიოზთან 4:6 დამარცხდა. იულია ლობჟანიძემ ჯერ სენსაცია მოახდინა – ტიტულიან იტალიელს, შერეულ წყვილში ამ თამაშების ოქროსმედალოსანს ნატალია ვალეევას არ დაუტოვა შანსი – 6:2, შემდეგ კი ზუსტად იგივე ანგარიშით წააგო ესპანელ ალისია მარინისთან.

3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – 22 ივნისისთვის საქართველოს აქტივში 7 მედალია.

დღეს, 22 ივნისს, ოლიმპიურ სტადიონზე მძლეოსნები გუშინ დაწყებულ გუნდურ შეჯიბრს გააგრძელებენ, მშვილდოსანი ლაშა ფხაკაძე დილიდანვე შეუტევს მედალს – 1/16-ფინალში ის პოლონელ მარეკ შაფრანს დაუპირისპირდება, აზერბაიჯანის დედაქალაქის ახალ და უმაღლესი დონის სასროლეთს კიდევ ერთხელ მიაშურებენ ჩვენი მსროლელები, თუმცა მთავარ იმედებს მაინც სამბისტებს ვუკავშირებთ – დელეგაციის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები და ჩვენც, ჟურნალისტები, მათგან მედლებს ველით.

ჩვენი სპორტსმენების მეტოქეები უკვე ცნობილია: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) 1/4-ფინალში ბულგარელ ბორისლავ იანაკოვს შეხვდება, კახა მამულაშვილი (74კგ) 1/8-ფინალში სლოვენიელ ტადეი ცუტუკს დაეჭიდება, დავით კარბელაშვილის (90კგ) მეტოქე 1/4-ფინალში რუსი ალსიმ ჩერნოსკულოვია, ნოდარ მეტრეველს (+100კგ) კი იმავე ეტაპზე ბელარუსი იური რიბაკი ელის. რაც შეეხებათ გოგონებს, შორენა შარაძე (60კგ) ტურნირს მერვედფინალში რუს იანა კოსტენკოსთან ჭიდილით იწყებს, თეა სუხიტაშვილი (68კგ) კი იმავე ეტაპზე ფრანგ სელინ კონდეს დაეჭიდება.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 22 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian