ევროპის I თამაშები: ბრინჯაოს შანსი შანსადვე დარჩა
ევროპის I თამაშების საწყისი დღე საქართველოს გუნდისთვის წარუმატებლად დასრულდა. მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ მოჭიდავე მინდია წულუკიძეს ჰქონდა, თუმცა რეპეშაჟის ფინალი დათმო და ბრინჯაოს მედალიც გერმანელ ათლეტს ერგო.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენის (ბაქოს კიდევ ერთი უმაღლესი დონის სპორტული დარბაზი) ხალიჩებზე დღეს 4 ქართველი ფალავანი გავიდა, თუმცა სამმა დილის სესიაშივე დაკარგა მედლის მოპოვების შანსი.
59კგ წონით კატეგორიაში გიზო მელაძე აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან დამარცხდა – 3:5; ლაშა გობაძემ (80კგ) პირველ ეტაპზე შვეიცარიელ იონას ბოსერტს გაჭირვებით მოუგო – 3:2, თუმცა 1/4-ფინალში ბელარუს ვიქტორ სასუნოვსკისთან ვერაფერს გახდა – 0:9; მიხეილ ქაჯაიამ (98კგ) კი ძალზე უსახურად იასპარეზა და იტალიელ დიაგორო ტიმონჩინისთან უშანსოდ წააგო – 0:4.
71კგ წონაში მოასპარეზე მინდია წულუკიძე ერთადერთი იყო, რომელმაც 2-ჯერ გაიმარჯვა: 1/8-ფინალში ნორვეგიელი პეტერ კარლსენი დაამარცხა (7:3), 1/4-ფინალში კი რუს იური დენისოვს აჯობა. ამ უკანასკნელთან დაპირისპირება ფრედ 4:4 დასრულდა, მაგრამ, რადგან ქართველს მეტოქესთან შედარებით მაღალქულიანი ილეთი ჰქონდა შესრულებული, ნახევარფინალშიც ის გავიდა.
ჩვენი გუნდის ოცნება ისტორიული, ევროპის I თამაშების ოქროს მედალზე წულუკიძისა და უნგრელი ბალინტ კორპასის 1/2-ფინალური პაექრობის დაწყებისთანავე დასრულდა: კორპასმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა – 1:7. უნგრელთან მარცხის შემდეგ ქართველი ფალავანი გერმანელ ფრანკ სტაბლერთანაც დამარცხდა, არადა, 4-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილების შემდეგ გამარჯვების შესანიშნავი შანსი ჰქონდა. საბოლოოდ 4:6 და ხელიდან გაშვებული ბრინჯაოს მედალი.
დღის მშვენებად იქცა ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში აზერბაიჯანელთა ლიდერის ისლამ მაგომედოვის (98კგ) გამოსვლა. ფიზიკურად ძალიან ძლიერმა ათლეტმა მთელი შეჯიბრება უპრობლემოდ განვლო, ოქროს მედლისთვის კი დიდებულ სტილში აჯობა უკრაინელ დმიტრი ტიმჩენკოს. გეტყვით, რომ მაგომედოვის ტრიუმფს ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა დაესწრნენ. მათ გამიოჩენას ოვალურ დარბაზში გამაყრუებელი ყიჟინა მოჰყვა.
დღესვე კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა. კარატისტი ირაკლი ტყებუჩავა, რომლის საუკეთესო მიღწევად სტამბოლის თასი რჩება, ჯგუფში 3-ჯერ დამარცხდა: აზერბაიჯანელმა ნიაზი ალიევმა 2:0 აჯობა, ესპანელმა მანუელ რასერო ლუისმა 5:1 მოუგო, ფრანგმა სტივენ და კოსტამ კი 1:0. ცხადია, ტყებუჩავა მედლისთვის ბრძოლას სტარტზევე გამოეთიშა.
26 წლის სამთო ველომრბოლმა ბესიკ გავაშელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 267-ეა, 37-ე ადგილი დაიკავა. ველოსპორტის ამ დისციპლინაში ვაჟთა შორის სამივე სინჯის მედლები შვეიცარიელებმა მოიგეს და თუ ამას გოგონების ოქრო-ვერცხლს დავუმატებთ, არ გაგვიკვირდება, თუ რატომ ლიდერობს შვეიცარია პირველი დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლას.
ქალ სამთოველომრბოლთა შორის უპირობო ფავორიტი იყო წლეულს 8 საერთაშორისო შეჯიბრის მომგები იოლანდა ნეფი.
შვეიცარიელი სამუდამოდ ჩაეწერა ევროპის თამაშების ისტორიაში – სწორედ მან მოიგო ბაქო 2015-ის პირველი ოქროს მედალი! იოლანდა ნეფი პირადად დააჯილდოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა.
ხვალ, 14 ივნისს საქართველოს გუნდის 7 წევრი იასპარეზებს: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები საჩინო დავითაია (66კგ), ჩვენი გუნდის მედროშე ზურაბ დათუნაშვილი (75კგ), მათე სოფაძე (85კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) კვლავ ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში გაშლილ ხალიჩებზე გავლენ, პაატა ნოზაძე და ნატო ძიძიგური სპორტულ ტანვარჯიშში ეცდებიან თავის გამოჩენას, ვლადა კოსიცკა კი კანოეთი.
იმედია 14 ივნისს ევროპის თამაშების პირველ მედალს ვიზეიმებთ.
დროებით.
ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე