ევროპის I თამაშები: ჩვენი ოქროს ავთანდილი

2015 წლის 26 ივნისი ჩვენი სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა: ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის I თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონია!

რა დროც უნდა გავიდეს, არასდროს დამავიწყდება ის წამები, როცა ავთანდილის წყალობით ჩვენმა გუნდმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა! ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში მყოფს, ჩვენიანის ტრიუმფში მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, როცა რუსი ივან ნიფონტოვი ფინალურ შეხვედრას იგებდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და სხვა არაერთი ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულმა ავთომ გუშინ ნათლად დაამტკიცა, რომ სადღეისოდ საქართველოს უძლიერესი სპორტსმენია.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ისტორიულ გამარჯვებამდე დიდებულად იარა: ბულგარელ ივანოვთან, ესტონელ სალეიევთან, ბელარუს სტიაშენკასთან, გერმანელ მარეშთან და რუს ნიფონტოვთან ჭიდილისას ის იყო საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებში ბოლომდე თავდაჯერებული, ტატამის ბატონ-პატრონი და გამოკვეთილი ფავორიტი. ახლა, როცა ოქროს მედალი მისი საკუთრებაა, ეგებ იფიქროთ, რომ აღმატებული საუბარი ადვილია, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არაა ყალბი და გაცვეთილი სადღეგრძელო – რაც ზემოთ ვთქვი, ავთოს გუშინდელი გამოსვლისას ვიგრძენი და დავინახე.

ივან ნიფონტოვი ჭრიკიშვილისთვის არაა უცხო და უხერხული მეტოქე – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თუ უამრავ საერთაშორისო ტურნირში ისინი არაერთხელ დამდგარან ერთმანეთის პირისპირ და საბედნიეროდ, ქართველმა, როგორც აქამდე ხშირად მომხდარა, მეტოქეს კვლავ აჯობა. აჯობა საოცარი ბრძოლით, ეფექტურად და ღირსეულად!

სიტყვა ღირსება შემთხვევით ამ მიხსენებია: ავთანდილ ჭრიკიშვილის ასპარეზობა უამრავი ლამაზი სიტყვით შეიძლება აღწერო, მაგრამ ბაქოში მის გამოსვლას, პირველ რიგში სწორედ რომ ღირსეული ეთქმის – საწყისი ორთაბრძოლიდან ფინალის ჩათვლით ქართველი ძიუდოკა იყო გამორჩეულად ეფექტური, სპორტულად მომხიბვლელი და ვაჟკაცური, საერთო ჯამში კი ღირსეული! სპორტის ამ სახეობაში მართლაც რომ იშვიათია ერთ ათლეტში ამდენი დადებითის მსგავსი იდეალური თანხვედრა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული! მიჯრით – მესამედ. 2013 წლიდან დაწყებული კონტინენტის საუკეთესო ძიუდოისტი ევროჩემპიონატებზე უძლეველია!

სიმბოლურია, რომ ევროპის I თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა. სიტყვამ მოიტანა და სეოკის პრეზიდენტის გარდა გუშინ ავთოს და ბაქო 2015ის ვერცხლის პრიზიორს ნუგზარ ტატალაშვილს დარბაზში მყოფი ათობით ქართველი გულშემატკივრობდა: ჩვენი გუნდის მესვეურები და სეოკის ხელმძღვანელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მისი მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტარები, ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, თბილისი 2015ის მოხალისეთა ჯგუფი…

ბაქო 2015ის ოქროს მედალთან ერთად ჭრიკიშვილს ევროპის 2015 წლის ჩემპიონის ჯილდოც გადაეცა. გახსოვთ ალბათ, წლეულს ევროპირველობა შოტლანდიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპის ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი შეჯიბრი გაუქმდა და მისი ადგილი სპორტულ კალენდარში ევროპის პირველმა თამაშებმა დაიკავა. მიუხედავად ამისა, ევროპის ძიუდოს ფედერაციამ კვარცხლბეკზე ასული ყველა სპორტსმენი ევროპირველობის მედლით დააჯილდოვა.

ჩვენი სპორტის ისტორიაში არაერთი გაუხუნარი თარიღია: 1952 წლის 23 ივლისი, როცა დავით ციმაკურიძემ ჰელსინკში ქართველთაგან პირველმა მოიგო ოლიმპიური თამაშების ოქრო; 1962 წლის 29 ივნისი – ამ დღეს თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალს სძლიეს; 1968 წლის 17 ოქტომბერი – სამმხტომელი ვიქტორ სანეევის ტრიუმფი მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიო რეკორდის თანხლებით; 1981 წლის 13 მაისი – თბილისის დინამოს ფეხბურთელების ისტორიული გამარჯვება უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში…

2015 წლის 26 ივნისი თამამად შეგვიძლია ასეთ თარიღთა შორის მოვიხსენიოთ: გუშინ საქართველომ ევროპის I თამაშებზე პირველი ოქროს მედალი იზეიმა!


ლაშა გოდუაძე ბაქოდან (
www.msy.gov.ge; 2015 წლის 27 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian