ევროპის I თამაშები: ერთი ნაბიჯი ოქროს მედლამდე

ევროპის I თამაშებზე ქართველი სპორტსმენი მედალს მიუახლოვდა – თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ფინალშია და საღამოს აზერბაიჯანელ ხეთაგ გასიუმოვს დაეჭიდება.

ოდიკაძემ, რომელმაც შარშან პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, წელს კი ირანში გოლამრეზა ტახტის თასზე იმარჯვა, ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაშლილ ხალიჩაზე ზედიზედ 3 მოწინააღმდეგე დაამარცხა: 1/8-ფინალში ლიეტუველ მინდაუგას რუმბუტისს იოლად სძლია, 1/4-ფინალში სლოვაკი იოზეფ იალოვიარი ჩამოიშორა, ნახევარფინალში კი უკრაინელი ვალერი ანდრიიცევის წინააღმდეგობა დაძლია.

დღეს ჩვენი გუნდის კიდევ სამმა წევრმა იჭიდავა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, მსოფლიოს და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57კგ), რომელიც ბაქოში ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, ზედიზედ დაამარცხა მოლდოველი ანდრეი დუკოვი და ალბანელი ისლამ ისლამაი (ამ უკანასკნელს ძალიან დიდი უპირატესობით სძლია), თუმცა ნახევარფინალში ბელარუს ვლადისლავ ანდრეევთან ჩხუბის გამო შეჯიბრიდან მოხსნეს. იგივე ბედი ეწია მის მეტოქეს.

65კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე პირველივე წრეში დამარცხდა – იტალიელ ფრანკ ჩამიზო მარკესს ვერაფერი მოუხერხა. აპენინელი ფინალში გავიდა და ამის წყალობით, კენჭაძე სანუგეშო წრეში (რეპეშაჟი) გადაერთვება – მისი მეტოქე თურქი მუსტაფა კაიაა.

ჯუმბერ ყველაშვილმა (74კგ) საკვალიფიკაციო წრეში უკრაინელ რუსტამ დუდაევს მოუგო, 1/8-ფინალში გერმანელი გეორგ ჰართი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი პოლონელ კრიშტიან ბრზოზოვსკის სძლია. სამწუხაროდ, 1/2-ფინალი ჩვენი სპორტსმენისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა: 28 წლის რუს ანიუარ გედუევთან ჭიდილისას მცირე ტრავმა მიიღო და ბრძოლა შეწყვიტა. ყველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მეტოქე ბელარუსი ალი შაბანაუა.

დღესვე იასპარეზეს მშვილდოსნებმა: ქალთა ნაკრებმა გუნდური პირველობის 1/8-ფინალში დიდი ბრიტანეთის ნაკრები 5:3 დაამარცხა და ხვალ დილით უკრაინის ძლიერ გუნდს შეხვდება. ასევე გეტყვით, რომ მშვილდოსანთა შერეული გუნდი დღეს 1/8-ფინალში რუმინეთს დაუპირისპირდება.

მოიგო მოკრივემაც: 69კგ წონაში გელა აბაშიძემ რუმინელ კონსტანტინ ოლარუს აჯობა – 3:0.

სამწუხაროდ, ხელი მოეცარათ ტყვიის მსროლელებს. ნინო სალუქვაძემ და ლიზი კილაძემ პნევმატური პისტოლეტით 379-379 ქულა დააგროვეს, თუმცა ეს საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის, ანუ ფინალში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ კილაძე მე-15 იყო, სალუქვაძე კი მე-16.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალური ასპარეზობები საღამოს დაიწყება. ელიზბარ ოდიკაძე თბილისის დროით, სავარაუდოდ, 20 საათზე იჭიდავებს.

 

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 17 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian