ევროპის I თამაშები: მძიმე ნაბიჯები ოქროს მედლებამდე

დღეს საქართველოს გუნდი ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში კიდევ 2 მედალს მოიპოვებს: ძიუდოისტთა ტურნირზე, 73კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი ფინალში ისრაელის გუნდის წარმომადგენელ საგი მუკის შეხვდება, 81კგ წონაში კი ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე ასევე ფინალში რუსი ივან ნიფონტოვი იქნება.

იმედს ვიტოვებთ, რომ საღამოს, თბილისის დროით 18 საათიდან, გულშემატკივრის ოცნება ახდება და ევროპის I, ისტორიულ თამაშებში აქამდე მოპოვებულ 11 მედალს დღეს 2 ოქრო დაემატება, ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ორჯერ აჟღერდება!

ნუგზარ ტატალაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი ურანი გახლდათ. ქართველმა ერთით ნაკლები გაფრთხილებით გაიმარჯვა. 1/8ფინალში ის სერბ კოვაჩევიჩს დაუპირისპირდა – ტატალაშვილმა დიდი ბრძოლით, მაგრამ მაინც სუფთად მოიგო.

ნახევარფინალის საგზური ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ძიუდოკამ (წლეულს მან სხვადასხვა ტურნირებზე ყველაზე მეტი, 4 მედალი აიღო – 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) სლოვენიელ დრაკშიჩთან გამარჯვებით მოიპოვა. ორთაბრძოლა ტატალაშვილის კარნახით წარიმართა, ნუგზარმა ერთხელ ეფექტურადაც დააგდო მეტოქე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოწინააღმდეგის 2 გაფრთხილებით გაიმარჯვა. გეცოდინებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ტატალაშვილს გუნდის ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის დახმარება დასჭირდა – მეტოქემ ღაწვი გაუხეთქა.

ბელგიელ ვან ტიშელტთან ნახევარფინალური დაპირისპირება ძალიან დაძაბული და რთული გამოდგა, თუმცა მთავარია, რომ პაექრობა ტატალაშვილის სასარგებლოდ დასრულდა. სტარტზე ბელგიელმა იაქტიურა, რის გამოც მსაჯმა ქართველი გააფრთხილა, თუმცა ორთაბრძოლის მიწურულს ნუგზარ ტატალაშვილმა მეტოქე ეფექტურად დააგდო, ვაზარიც მოიპოვა და ერთ წუთში ფინალის საგზურიც გაიფორმა!

რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, ნახევარფინალამდე მან დიდებულად იჭიდავა – საწყისი 2 ორთაბრძოლა სუფთად მოიგო, მესამე კი ნაადრევად, გაფრთხილებებით.

ჭრიკიშვილი, რომელიც ევროპის ძიუდოს ფედერაციამ ბაქოში გამართულ საზეიმო დაჯილდოებაზე 2014 წლის საუკეთესო ვაჟ ძიუდოკად აღიარა, 1/32ფინალში თავისუფალი იყო.

2014 და 2015 წლების საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 1/16ფინალში ბულგარელ ივანოვს დაუპირისპირდა. ქართველმა ტექნიკურად იჭიდავა და ეფექტური ილეთით სუფთად გაიმარჯვა. 1/8ფინალში ივანოვის ბედი „გაიზიარა“ ესტონელმა სალეიევმა – ჭრიკიშვილმა კვლავ იპონით მოიგო!

1/4ფინალში ავთოს მეტოქე ბელარუსი სტიაშენკა იყო. ქართველის აქტიურობის ფონზე, საწყის 2 წუთში მსაჯმა 3ჯერ გააფრთხილა ბელარუსი, მალე კი მეოთხეც მიაყოლა და გამარჯვებაც ჭრიკიშვილს დარჩა.

მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე ნახევარფინალში გერმანელი სვენ მარეში გახლდათ. მე4 ორთაბრძოლა და მე4 სუფთა მოგება – 20 წამით ადრე ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე შებოჭა და იპონით გაიმარჯვა!

იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელ კალენდარში ევროპის I თამაშები კონტინენტის ჩემპიონატის ნაცვლადაა, ავთოს დიდებული შანქი აქვს ოქროს მედლები გაასამოს: 2013 და 2014 წლებში ის ზედიზედ 2ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი!

ნუგზარ ტატალაშვილისგან და ავთანდილ ჭრიკიშვილისგან განსხვავებით, ლაშა შავდათუაშვილი და უშანგი მარგიანი ნაადრევად გამოეთიშნენ მედლისთვის ბრძოლას.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ჩვენი ბოლო ოლიმპიური ჩემპიონის, შავდათუაშვილის წაგება გამოდგა – პირველ წრეში, ორთაბრძოლის მიწურულს, ლაშამ ჩანს, დამატებით დროზე ფიქრი დაიწყო და ფრანგი მოწინააღმდეგის დუპრას ილეთი გამოეპარა – მეტოქემ იუკოთი გაიმარჯვა. არადა, ბაქოს თამაშებამდე შავდათუაშვილმა ზაგრებში და რომში გამართულ საერთაშორისო ტურნირებში გაიმარჯვა.

რაც შეეხება უშანგი მარგიანს, 1/32ფინალში ის თავისუფალი იყო, 1/16ფინალში სლოვაკ მილიჩოვსკის იპონით (შებოჭვით) აჯობა, 1/8ფინალში კი თავად წააგო იპონით გერმანელ ვიეშერზეკთან – მეტოქემ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მაისის დასაწყისში მარგიანმა აქვე, ბაქოში გამართულ ევროპის გრანდ-სლემზე II ადგილი დაიკავა.

დღეს ქალთა შორის 70კგ-მდე წონაში ჩვენი გუნდის 2 წევრიც ვიხილეთ. ესტერ სტამმა I წრეში იტალიელ ჯულია კანტონის გაფრთხილებით აჯობა, მაგრამ 1/8ფინალში ბრიტანელ სალი კონვეისთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა, ნინო ოძელაშვილს კი I წრეში ბელარუს მანსურთან მოეცარა ხელი.


ლაშა გოდუაძე ბაქოდან (
www.msy.gov.ge; 2015 წლის 26 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian