ევროპის I თამაშები: საქართველოს გუნდი სეოკ-დან გააცილეს

12 ივნისს ბაქოში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის I თამაშები. დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გუნდის გაცილების და ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

„ამ ისტორიულ თამაშებში საქართველო 104 სპორტსმენით წარსდგება. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე დიდი გუნდია მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებლად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში. მსურს წარმატება გისურვოთ ამ ისტორიულ დღეებში. ვიმედოვნებ, თქვენი კარგი გამოსვლით ქართული სპორტის გულშემატკივრები გაიხარებენ“! – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.

„მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და სპორტსმენებო. მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს თქვენთან ერთად ვარ და სიხარულის თანამონაწილე გახლავართ. ბაქო მზადაა ასეთი მაღალი დონის ტურნირის მისაღებად და ვიმედოვნებ თქვენ, ასევე ყველა სტუმარი ჩვენი მასპინძლობით კმაყოფილი დარჩება. შეგახსენებთ, რომ ბაქოში სპეციალურად ამ თამაშებისთვის 16 არენა აშენდა, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას აზერბაიჯანში და საშუალებას მისცემს ჩვენ ქვეყანას დიდ საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. გისურვებთ წარმატებებს და სამშობლოში მედლებით დაბრუნებას“! – განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში აზერ ჰუსეინიმ.

დღევანდელ საზეიმო ცერემონიას ქართული სპორტის ქომაგი და მსახიობი კახი კავსაძეც დაესწრო, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ 80 წელი შეუსრულდა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართველ სპორტსმენთა სახელით იუბილე მიულოცა ბატონ კახის, მან კი, თავის მხრივ, განაცხადა: „სპორტში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ეს თამაშები, რომელსაც ბაქო მასპინძლობს, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ქართველი სპორტსმენები, ამ თამაშებში ისე უნდა გამოხვიდეთ, ჩვენ ქვეყანას რომ ეკადრება! სულით და გულით გისურვებთ წარმატებას და აბა თქვენ იცით, გაახარეთ ქართველი ერი“!

სპორტსმენთა სახელით ფიცი საქართველოს გუნდის მედროშემ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა დადო.

სტუმრებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესცენტრის მიერ მომზადებული ორი ბროშურა გადაეცათ: ევროპის I თამაშების ცნობარი და საპრეზენტაციო ალბომი – ბაქო 2015-საქართველოს გუნდი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპორტსმენები ბაქოში 13 სახეობის 17 დისციპლინაში იასპარეზებენ. ყველაზე მეტი წარმომადგენელი – 37, მძლეოსნებს ჰყავთ, მხატვრულ ტანვარჯიშში, წყალში ხტომასა და კარატეში კი საქართველოს ღირსებას თითო სპორტსმენი დაიცავს.

ცნობისათვის: საქართველოს გუნდის 104 წევრიდან 71 ვაჟია, 33 – გოგონა, გუნდის საშუალო ასაკი კი 23,6 წელია.

საქართველოს გუნდის შემადგენლობა ევროპის I თამაშებზე:
ბატუტზე ხტომა: თენგიზ კოშკაძე, თამარ კაკაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: გიზო ლომიძე, საჩინო დავითაია, მინდია წულუკიძე, ზურაბ დათუნაშვილი, ლაშა გობაძე, მათე სოფაძე, მიხეილ ქაჯაია, იაკობ ქაჯაია
ველოსპორტი: გიორგი ნარეკლიშვილი, დიმიტრი ხოსიაური, ბესიკ გავაშელი
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე, ავთანდილ კენჭაძე, დავით ტლაშაძე, ჯუმბერ ყველაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი
კაიაკი და კანოე: ბადრი ყაველაშვილი, ზაზა ნადირაძე, ვლადა კოსიტსკა
კარატე: ირაკლი ტყებუჩავა
კრივი: სევერიანე ჭილაძე, გიორგი გოგატიშვილი, ირაკლი მელიქიშვილი, ოთარ ერანოსიანი, გელა აბაშიძე, ბადრი ხარძიანი, ნიკოლოზ სეხნიაშვილი, ლევან გულედანი, მიხეილ ბახტიძე
მშვილდოსნობა: ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე, ქრისტინე ესებუა, ლაშა ფხაკაძე
მძლეოსნობა: ბაჩანა ხორავა, იოსებ მარუქაშვილი, ნიკა კარტავცევი, თენგიზ ღვინჯილია, გიგლა ზილბერშტეინი, ჯეირან ხოფერია, დავით ხარაზიშვილი, თემურ ცირამუა, დენის ჟვანია, ზურაბ გოგოჭური, გიორგი გურეშიძე, გოგა ჭიხვარია, ილია მარტყოფლიშვილი, როსტომ ჭინჭარაული, ლაშა თორღვაიძე, ჯიმშერ მურადოვი, ენდრიკ ზილბერშტეინი, გიორგი აზარაშვილი, ლუდვიკ ზილბერშტეინი, სოსო გოგოძე, მარიამ ჩაკებერია, თეო მაჭარაშვილი, მარიამ ბედუკაძე, მარი მარტინენკო, თინათინ პაპუაშვილი, გიული დეკენაძე, მარი ჭეიძე, მაიკო გოგოლაძე, ვალენტინა ლიაშენკო, დიანა ზოლოტუხინა, ირინა მიკიტიუკი, სოფო შათირიშვილი, ლალი კალაძე, ნინო წიქვაძე, სოფო ჩალაშვილი, ალექსანდრა მშვიდობაძე, ნანი ცერცვაძე
მხატვრული ტანვარჯიში: სალომე ფაჟავა
სამბო: ვახტანგ ჩიდრაშვილი, კახა მამულაშვილი, დავით კარბელაშვილი, ნოდარ მეტრეველი, შორენა შარაძე, თეა სუხიტაშვილი
სპორტული ტანვარჯიში: პაატა ნოზაძე, ნატო ძიძიგური
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, ცოტნე მაჭავარიანი
ფარიკაობა: თეონა გოგლიძე, თეოდორა კახიანი
ცურვა: აკაკი ვაშაკიძე, გიორგი ბიგანიშვილი, ჯუდერ ბიჭიკაშვილი
ძიუდო: ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
წყალში ხტომა: თამარ სიჭინავა

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 8 ივნისი)

ka_GEGeorgian