ევროპის I თამაშები: ზღაპარი სახელად აზერბაიჯანი

ძალიან ამაყი ვარ, უზომოდ ბედნიერი ვარ!

12 ივნისის გვიან საღამოს, ოლიმპიური სტადიონიდან მედიასოფლისკენ მიმავალს, აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ შემთხვევით მხარი გამკრა, მომიბოდიშა და ეს სიტყვები მითხრა.

სიამაყისთვის და ბედნიერებისთვის მას იმ წუთებში ყველანაირი საბაბი ჰქონდა. და არამარტო მას, არამედ თითოეულ მის თანამემამულეს – ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ხომ მონაწილე და თანაავტორია იმ დიდი სპორტული ფორუმის, ევროპის I თამაშები რომ ჰქვია.

გუშინ, 12 ივნისს, ბებერი კონტინენტის ისტორიაში I თამაშები ბაქოს ულტრათანამედროვე და ულამაზეს ოლიმპიურ სტადიონზე დიდებულად, შესანიშნავად, ულამაზესად, საოცრად, ათასფრად… ზღაპრულად გაიხსნა!

ის აღმატებული სიტყვები, რომლითაც გახსნის ცერემონიალი მოვიხსენიე, შემთხვევით არ გამომიყენებია. ნურც „ზღაპრულს“ ჩამითვლით აღტკინებად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის სპორტული შეჯიბრის გახსნას პირველად დავესწარი, ბერძენი დიმიტრის პაპაიოანუს თაოსნობით და ასობით მისი თანამოაზრის მიერ დადგმული სანახაობის შეფასებისას ოდნავადაც არ გადამიჭარბებია.

რატომ? იმიტომ რომ ეს მართლაც ზღაპრული წარმოდგენა იყო! ეს იყო თითქმის 3-საათიანი თვალისმომჭრელი შოუ, რომელმაც ოლიმპიური თემატიკა, თანამედროვე პოპვარსკვლავი და ლეგენდარული მელოდია, ოფიციალური ნაწილი, მითოლოგია და ის ულამაზესი ისტორიები დაიტია, რითაც ასე ამაყობს ცეცხლის მიწა – ევროპის I თამაშების მასპინძელი აზერბაიჯანი!

ეგეც არ იყოს, აქ, ოლიმპიური სტადიონის მედიატრიბუნაზე ჩემ გვერდით არაერთი ისეთი ჟურნალისტი იყო, უამრავი ოლიმპიადის გახსნა და დახურვა რომ უნახავთ, ათას დიდებულ სანახაობას შესწრებიან და აღტაცებულან, მაგრამ ახლა, როცა ბაქო 2015 უკვე ოფიციალურად გახსნილია, ყველა თანხმდება, რომ ეს იყო სპორტული ღონისძიებების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საზეიმო გახსნა!

თქვენის ნებართვით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, ათენის ოლიმპიური თამაშები სწორედ დიმიტრის პაპაიოანუს დადგმული სანახაობით გაიხსნა. ვისაც ის შოუ გახსოვთ, დამეთანხმებით, რომ ბერძნებმა ზღაპრული წარმოდგენა შესთავაზეს მაყურებელს.

ბაქო 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, შეიძლება ითქვას, ათიანში მოარტყა – პაპაიოანუმ მაქსიმუმი მოახერხა, არანაკლებ შთამბეჭდავი წარმოდგენით აზერბაიჯანის ისტორია საუკეთესოდ წარმოაჩინა!

„ბაქო 2015-ის ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიალს ლეიდი გაგა დაამშვენებს“ – თანამედროვე პოპმუსიკის მეგავარსკვლავის შესახებ ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როცა თამაშების მონაწილე ქვეყნების გუნდები ოლიმპიური სტადიონის ტრიბუნებზე კუთვნილ ადგილს იკავებდნენ, მოედნის შუაგულში კი აზერბაიჯანის ისტორიას ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები აცოცხლებდნენ.

საზეიმო გახსნას წინ უძღოდა 24-წამიანი ათვლა: აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ზუსტად 24 წელია გასული და ბერძენმა რეჟისორმაც ამიტომ გამოიყენა ეს რიცხვი. ვერაფერს იტყვი, სიმბოლურია. ამას სახელდახელო სცენაზე კაბებით შემოსილი დასის წარმოდგენა მოჰყვა – ოლიმპიური სტადიონის ცენტრი საქვეყნოდ ცნობილი აზერბაიჯანული ხალიჩების ორნამენტებით აინთო.

მუღამების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის ალიმ ქასიმოვის იმპროვიზაციების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა აღიმართა – სტადიონის ეკრანზე საპატიო სტუმართა ლოჟაში მსხდომი აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის მეთაური ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე, აზერბაიჯანის პირველი ლედი და ბაქო 2015-ის თავმჯდომარე მეჰრიბან ალიევა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი გვიჩვენეს.

მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანში ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის შესახებ მომზადებული ლამაზი ვიდეორგოლი იხილეს, პარალელურად კი, იარუსებს შორის რკალისებურ ციფრულ ტაბლოზე ცეცხლის ალებით გამოისახა იმ ქალაქების თუ დაბების სახელწოდებები, სადაც აზერბაიჯანული სპორტის ვარსკვლავებმა ოლიმპიური ჩირაღდანი ჩააბრძანეს. აქვე დავძენ, რომ ათასმა სპორტსმენმა ჩირაღდნით 5 500 კილომეტრი გაიარა.

მერე ნიზამი განჯელის ზღაპრული პოეზიის დრო დადგა – XII საუკუნის უდიდესი აზერბაიჯანელი რომანტიკოსის პოეზია ულამაზესი კოსტიუმებით მორთულმა მსახიობებმა წარმოდგენად აქციეს!

მინიატურების ბაღი – ამ სახელწოდების თეატრალური წარმოდგენა ცერემონიალის მშვენებად იქცა და სტადიონის თავზე ქვეყნის სიმბოლოს, ბროწეულის გამოჩენა-გახლეჩით დასრულდა.

ნიზამი განჯელის პოეზიაში ჩაქსოვილი სიყვარულის ამოფრქვევას, რაც ბროწეულის გახლეჩასა და ათასობით ალისფერი ბუშტის სტადიონის თავზე გაფანტვით გამოიხატა, გახსნის ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი მოჰყვა: მედროშეები გუნდებს გამოუძღვნენ. პირველი, ცხადია, საბერძნეთი იყო – ანტიკური ოლიმპიური თამაშების სამშობლო.

საქართველოს დროშა საფრანგეთის გუნდის შემდეგ აფრიალდა: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გუნდს სპორტსმენთა ტრიბუნისკენ გაუძღვა. საქართელოს გერმანია მოჰყვა, გერმანიას დიდი ბრიტანეთი და ასე თამაშების უკანასკნელ, 50-ე მონაწილემდე.

სულ ბოლოს ოლიმპიურ სტადიონზე აზერბაიჯანის გუნდი შემოვიდა. რაც იმ წუთებში აქ ხდებოდა, ძნელი გადმოსაცემია – ეს იყო სიამაყით აღვსილი ათასობით აზერბაიჯანელის წარმოუდგენელი ყიჟინა!

Imagine – ჯონ ლენონის უკვდავი კომპოზიცია სპეციალურად ამ დღისთვის ბაქოში ჩამოსული ლეიდი გაგას შესრულებით ცერემონიალის მშვენება იყო. ულამაზესი სიმღერა, რომელიც ხალხთა ერთობას, მშვიდობას, სიყვარულს, თანასწორობას და მეგობრობას ეძღვნება, დღევანდელი დღის სიმბოლოდ იქცა.

ლეიდი გაგას და მონაწილეთა დროშების აფრიალების შემდეგ ოლიმპიური დროშა აღიმართა, შემდეგ კი ზღაპრული ცერემონიალის ყველაზე ეფექტური აკორდი, ევროპის მოტაცება ვიხილეთ.

როცა რეჟისორი ბერძენია, იქ მითოლოგიასთან ალავერდი რა გასაკვირია? აკრობატმა რობინ სიმპსონმა ფინიკიის მეფის აგენორის ულამაზესი ქალიშვილი ევროპა გააცოცხლა, ხარად ქცეულმა ზევსმა კი ევროპა მოიტაცა! ულამაზესი, თვალისმომჭრელი სანახაობა იყო! ალბათ, სწორედ ასე მოხდა ათასი წლის წინ, როცა ღმერთების ღმერთმა პრინცესა კუნძულ კრეტაზე გაიტაცა, მერე კი მისი სახელი მთელ კონტინენტს დაანათლა…

ნოვრუზი, ბაქოს სიმბოლო ქარი, ყანარ დაღი ამოფრქვეული ცეცხლით, ნავთობით მდიდარი კასპიის ზღვა, გობუსტანის თვალისმომჭრელი რელიეფი და იქვე, კლდეებზე აღმოჩენილი ანტიკური პეტროგლიფები – ადამიანის გამოსახულება, მფრინავი ხალიჩა და ტკბილი ეროვნული ჰანგები – ეს ყველაფერი ცერემონიალის რეჟისორმა საოცრად ლამაზად გამოიყენა და დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა. აზერბაიჯანის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას და ეოკ-ის პრეზიდენტის პატრიკის ჰიკის მისასალმებელი სიტყვების შემდეგ ოლიმპიური ცეცხლიც აინთო – პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თამაშები გახსნილად გამოაცხადა!

„გახსნის ცერემონიალის დადგმა ჩემთვის პატივიცაა და ტვირთიც. ვეცადე ამ საოცარი ქვეყნის წარსული მაქსიმალურად ლამაზად გამეცოცხლებინა. ალიმ ქასიმოვის ტკბილმა ხმამ, ნიზამის პოეზიამ და გობუსტანის მთებმა ჯადოსნური სამყაროს კარი გამიხსნა. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების შრომა ამ ლამაზ ქვეყანას თქვენც შეგაყვარებთ“, – ასე მიმართა დიმიტრის პაპაიოანუმ გახსნის ცერემონიალის წინ ბაქოში ათობით ქვეყნიდან ჩასულ გულშემატკივრებს.

იმ წარმოდგენის შემდეგ, რაც ჩვენ, სპორტის გულშემატკივრებმა ვნახეთ, დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი – ცეცხლის მიწა, ბევრს შეუყვარდა.

ხვალამდე!

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 ივნისი)
ფოტო:
ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian