ევროპის I თამაშების წინ

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის მესვეურები სპორტული ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდნენ და მოახლოებულ ევროპულ თამაშებზე ისაუბრეს. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო.

„ევროპის თამაშები პირველად ტარდება და აქედან გამომდინარე, მსურს სპორტსმენებს წარმატება ვუსურვო. თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდი შემადგენლობით მიემგზავრება. მჯერა, რომ ჩვენი ათლეტები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ბაქოს სპორტულ არენებზე არაერთხელ მოვისმენთ“, – განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

I ევროპული თამაშები ბაქოში 12 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება და 28 ივნისამდე გაგრძელდება. ქართველი სპორტსმენები ამ სახეობებში იასპარეზებენ: ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ფარიკაობა,  კრივი, მშვილდოსნობა, კანოე, წყალში ხტომა, ცურვა, მხატვრული და სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, კარატე, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, მძლეოსნობა, ძიუდო.

100-ზე მეტი სპორტსმენის გარდა ოფიციალურ დელეგაციაში იქნებიან მწვრთნელები და სპორტული ფედერაციის მესვეურები. მისიის ხელმძღვანელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი იქნება. სპორტსმენთა საბოლოო სია უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

„ქართული სპორტისთვის წლევანდელი ზაფხული დატვირთულია, თუმცა ეს, დამეთანხმებით, სასიამოვნოცაა. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენ გუნდს. დარწმუნებული ვარ საქართველოს დელეგაცია ბაქოდან არაერთი მედლით დაბრუნდება“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

დღესვე ელგუჯა ბერიშვილმა I ევროპულ თამაშებზე მივლენილ სპორტულ ჟურნალისტებს ოფიციალური აკრედიტაციები საზეიმოდ გადასცა.

სეოკ-ის ხელმძღვანელობასა და სპორტული ფედერაციის მესვეურების შეხვედრის წინ ლერი ხაბელოვმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ დირექტორმა თამარ კაციტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 20 მაისი)

ka_GEGeorgian