ევროპის II თამაშების მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა

ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო! 30 მედალი და მედლების რაოდენობით 5 ადგილი მართლაც უნიკალური წარმატებაა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის II თამაშების მედალოსნებს, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს გულშემატკივრის სახელით მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

ქართველი ადამიანის გენში არის ჯანსაღი ცხოვრება და სწრაფვა პირველობისკენ. მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, კარგად ვიცი, რომ შედეგი მხოლოდ მძიმე შრომით მიიღწევა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ორჯერ გავზარდეთ მედლების რაოდენობა წინა თამაშებთან შედარებით, უნიკალური წარმატებაა და თითოეული თქვენგანი ნამდვილი გმირია!
სპორტი მხოლოდ საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება არ არის. ჩემთვის სპორტი არის საშუალება, რომ ჩვენ, როგორც ერმა, შევძლოთ ჩვენი ნიჭის წარმოჩინება და ვაჩვენოთ მომავალ თაობებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს!
თითოეული თქვენგანი არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, საქართველო თქვენით ამაყობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპის II თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა: სპორტსმენებმა 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 ივლისი)
ფოტო:
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian