ევროპის სუპერთასი რეალისაა

უელსში, კარდიფის კარდიფ სთედიუმზე სეზონის პირველი დიდი მატჩი გაიმართა: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მადრიდის რეალმა ევროპალიგის ტრიუმფატორი სევილია 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიგო კონტინენტის სუპერთასი.

ორივე გოლი მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა კრიშტიანუ რონლდუმ შეაგდო: 30-ე წუთზე გარეთ ბეილის ბრწყინვალე პასის შემდეგ გახსნა ანგარიში, 49-ე წუთზე კი დუბლი მიითვალა.

„სეზონის გამარჯვებით დაწყება შესანიშნავია. წელს დიდი მიზნები გვაქვს და ვიმედოვნებ, ყველაფერი რეალის სასიკეთოდ წარიმართება. თამაშით და ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვიცი, რომ გუნდს მეტი შეუძლია“, – განაცხადა რეალის იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც ევროპის სუპერთასი სამწვრთნელო კარიერაში მესამედ მოიგო. ამ გამარჯვებით ის ხოსეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა.

რეალი-სევილიის დაპირისპირებას 30 854 მაყურებელი დაესწრო. მას შემდეგ, რაც ევროპის სუპერთასის მფლობელი მხოლოდ ერთი მატჩით ირკვევა, ეს რეკორდია.

შეგახსენებთ: გაისად ევროპის სუპერთასი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გათამაშდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და დინამო არენის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით უელსში იმყოფებოდნენ და გუშინდელ მატჩსაც დაესწრნენ.

რეალი

მადრიდის რეალი 2014 წლის 12 აგვისტოს, კარდიფში, მილენიუმზე სევილიასთან ევროპის სუპერთასისთვის მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, პეპე, ტონი კროოსი, კარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ. პირველ რიგში: ფაბიო კოენტრაუ, ხამეს როდრიგესი, გარეთ ბეილი, დანი კარვახალი, ლუკა მოდრიჩი

ევროპის სუპერთასის მფლობელები
2014 – რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
2013 – ბაიერნი (მიუნხენი, გერმანია)
2012 – ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი)
2011 – ბარსელონა (ესპანეთი)
2010 – ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი)
2009 – ბარსელონა (ესპანეთი)
2008 – ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2007 – მილანი (იტალია)
2006 – სევილია (ესპანეთი)
2005 – ლივერპული (ინგლისი)
2004 – ვალენსია (ესპანეთი)
2003 – მილანი (იტალია)
2002 – რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
2001 – ლივერპული (ინგლისი)
2000 – გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი)
1999 – ლაციო (რომი, იტალია)
1998 – ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
1997 – ბარსელონა (ესპანეთი)
1996 – იუვენტუსი (ტურინი, იტალია)
1995 – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
1994 – მილანი (იტალია)
1993 – პარმა (იტალია)
1992 – ბარსელონა (ესპანეთი)
1991 – მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
1990 – მილანი (იტალია)
1989 – მილანი (იტალია)
1988 – მეხელენი (ბელგია)
1987 – პორტუ (პორტუგალია)
1986 – სტიაუა (ბუქარესტი, რუმინეთი)
1985 – არ გათამაშდა
1984 – იუვენტუსი (ტურინი, იტალია)
1983 – აბერდინი (შოტლანდია)
1982 – ასტონ ვილა (ბირმინგემი, ინგლისი)
1981 – არ გათამაშდა
1980 – ვალენსია (ესპანეთი)
1979 – ნოტინგემ ფორესტი (ინგლისი)
1978 – ანდერლეხტი (ბრიუსელი, ბელგია)
1977 – ლივერპული (ინგლისი)
1976 – ანდერლეხტი (ბრიუსელი, ბელგია)
1975 – დინამო (კიევი, სსრკ)
1974 – არ გათამაშდა
1973 – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
1972 – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 13 აგვისტო)

ka_GEGeorgian